"რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მაქვს საუბრის სურვილი და უფრო მეტად შემიყვარდა მოსმენა. ახლა კარგად მესმის ბერების" - კვირის პალიტრა

"რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მაქვს საუბრის სურვილი და უფრო მეტად შემიყვარდა მოსმენა. ახლა კარგად მესმის ბერების"

"ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სწავლობს ადამიანი, მთავარია, შეძლო გაცნობიერება და დანახვა იმ გაკვეთილისა, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს... რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მაქვს საუბრის სურვილი და უფრო მეტად შემიყვარდა მოსმენა. ახლა კარგად მესმის ბერების, რომლებიც დუმილში ატარებენ ცხოვრებას. მგონია, სიჩუმე და სიმარტოვე ძალიან მეხმარება, რომ სხვა სიმაღლეებზე ვიფიქრო, კიდევ უფრო პატარა დავინახო საკუთარი თავი ღმერთის წინაშე და მსახურებაში ვიყო - მსახურებაში ადამიანებისა და მუსიკის, ალბათ ამისთვის გავჩნდი კიდეც..."

კარანტინში გატარებულ დროს ნაყოფიერად იყენებს, თუმცა ამჯობინებს, აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდეს და მონატრებულ მსმენელს რაც შეიძლება მალე შეხვდეს საკონცერტო დარბაზში. რა ენატრება და რა დააფასა ყველაზე მეტად კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა, რატომ შეუყვარდა სიჩუმე და როგორც მორწმუნე, რომელი გადაწყვეტილებით არის კმაყოფილი, მისი საუბრიდან შეიტყობთ.

- როგორ შეეგუეთ კარანტინში ცხოვრებას? დროს, რომელიც თქვენთვის ძალიან ძვირფასია, დაკარგულად ხომ არ თვლით?

- ძალიან დატვირთული შემოდგომა და ზამთარი მქონდა. როდესაც პანდემია გამოცხადდა, იმ პერიოდში დავბრუნდი გერმანიიდან, ახალ ალბომზე ვმუშაობდი ბერლინის ორკესტრთან ერთად. სიმართლე გითხრათ, გადავიღალე და რამდენიმე დღით დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, მაგრამ ეს რამდენიმე დღე დაუსრულებელ პროცესად გადაიქცა, ამდენი ხნით დასვენებაც არ მინდოდა... შაბბატიცალ - ასე ეძახიან ევროპასა და ამერიკაში პერიოდს, როდესაც მუსიკოსი რამდენიმე წელიწადში ერთხელ 3-დან 6 თვემდე შემოქმედებითად ისვენებს და უარს აცხადებს საკონცერტო შეთავაზებებზე... ბოლო 20 წლის განმავლობაში არასდროს მისარგებლია დასვენებით და თავს ვიმშვიდებ, რომ სწორედ ახლა მაქვს შესაძლებლობა, სამომავლოდ ენერგია მოვიკრიბო და რამე ახალი შევქმნა.

- ალბათ, მაინც გიჭირთ მუსიკის, თქვენი საქმის, მეგობრების გარეშე... - მუსიკისგან მთლიანად იზოლირებული არ ვარ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ყოველ შაბათ-კვირას ვაქვეყნებ სხვადასხვა კონცერტის ჩანაწერს, მათ შორის, იმ კონცერტებისა, რომლებიც არ იძებნება Youtube-სა თუ სხვადასხვა არხის ტელეარქივებში. მანამდე არ მიყვარდა სოცქსელში აქტიურობა და ვიდეობის ატვირთვა, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ ბევრ ადამიანს ესიამოვნოს საარქივო მასალების მოსმენა-მეთქი და მართლაც ასე აღმოჩნდა... მევიოლინე ლიზა ბათიაშვილისა და ჩემი ერთობლივი ნამუშევრის პრეზენტაცია ბერლინშია დაგეგმილი, ივნისის თვეში, მაგრამ დღემდე არ ვიცით, შედგება თუ არა... ისეთი ტემპით ვმუშაობდით, რომ უეცრად შეჩერება გაგვიჭირდა და მუსიკალური ტელეხიდი გვქონდა. დისტანციური მუსიკალური დიალოგი შემდეგ უკვე ლონდონსა და მიუნხენს შორისაც შედგა ლიზას, ქეთი მელუასა და ჩემი მონაწილეობით...

მალე მოისმენთ კიდევ ერთ მუსიკალურ ტელეხიდს ჩემსა და ცნობილ იტალიელ აკორდეონისტს მარიო სტეფანო პიეტროსთან ერთად. მან მთხოვა, დამეწერა მუსიკა, რომელსაც იტალიელ ხალხს მივუძღვნიდი. როგორც ვიცი, იტალიური ტელევიზიებიც დიდი ინტერესით ელოდებიან ამ ნაწარმოებს... ასე რომ, მთლად მოწყვეტილი არ ვარ გარე სამყაროს, მეგობრებს და ამას სწორედ სოციალურ ქსელს ვუმადლი.

ინსტრუმენტი სახლშიც მაქვს. კომპოზიტორისთვის მარტო ყოფნა უკეთესია, თუმცა ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვი, რომ რამე სერიოზულს ვქმნი. ძალიან ვღელავ და არ გამომდის - მსოფლიო პანდემიაა, ყველაფერი გაჩერებულია, ვნერვიულობ ადამიანების ჯანმრთელობისა და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო. ვინ იცის, რამდენს არა აქვს ისეთი პირობები, როგორიც, ვთქვათ, მე და ჩემს კოლეგებს?

საზღვარგარეთ რომ მეცხოვრა, გაცილებით მეტი შესაძლებლობა მექნებოდა ქველმოქმედებისთვის. ჩემი შემოსავლის ნაწილს კვლავ ორკესტრის განვითარებას, ინსტრუმენტების შეძენას, გასტროლებს ვახმარ. ამიტომ ისეთი კაპიტალი ვერ დავაგროვე, რომ ყველას დახმარება შევძლო. შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ ადამიანებს გვერდში დავუდგე. ამას იმიტომ კი არა ვაკეთებ, რომ ყველამ გაიგოს და ამით ვიამაყო, ეს მე მსიამოვნებს. ჩვენს თანამოქალაქეებს არაერთ პრობლემასთან გამკლავება მოუწევთ და ვიმედოვნებ, სახელმწიფო და ბიზნესი შეუმსუბუქებენ ყოფას... სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ და ბიზნესელიტას რეალური შანსი აქვთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცონ, არიან თუ არა საქმის გამკეთებლები და იმსახურებენ თუ არა ხელისუფლებაში მოსვლას...

- ფეისბუკგვერდზე დაწერეთ: "ხშირად მეფიქრება სირიაზე, ზოგადად, ომებზე, ტერორისტულ აქტებზე, ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობაზე. თითქოს ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ჩვენი პასუხისგების ფორმაა მათ წინაშე" - ფიქრობთ, ის, რაც ხდება, ერთგვარი სასჯელია ჩვენთვის, მსოფლიოსთვის? - გრძნობებისა და აზრების გამოხატვისას ვცდილობ ფრთხილი ვიყო. უბრალოდ, განვიცდი უსამართლობას და სისასტიკეს, რომელიც მსოფლიოში საზღვრებისა და მიწების, ნავთობისა და ფინანსების, გავლენისა და ძალუფლების მოპოვების დაუოკებელმა სურვილმა გამოიწვია. კორონამ ცხადად დაგვანახა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლის წინაშეც თანაბარია აბსოლუტურად ყველა - მაღალი იერარქიის პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირი, მდიდარი თუ ღარიბი...

ამას წინათ ვკითხულობდი, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობს კლინიკები, სადაც მდიდარ პაციენტებს ცალკე ოთახები აქვთ, გვერდით ქუჩაზე, სხვა საავადმყოფოებში კი დერეფნებში უწევთ პაციენტები და იქ მკურნალობენ. ვიმედოვნებ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ბევრი რამის გადაფასება მოხდება...

თუმცა აქვე მახსენდება გია ყანჩელის ნათქვამი. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა: აღარ მჯერა, რომ სილამაზე და ხელოვნება შეცვლის ან გადაარჩენს სამყაროს. დარბაზში, სადაც ორკესტრი ბახის ან მოცარტის ღვთაებრივ ნაწარმოებს ასრულებს, ყველა აღტაცებულია, მაგრამ ვიღაც იქ მყოფმა შეიძლება მეორე დღეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინოსო... და რეალურად ხომ ხდება ასე?!

- პირადად თქვენთვის რა შეცვალა ამ მდგომარეობამ, რა აღმოაჩინეთ ახალი? - ძალიან მომენატრა რეპეტიციები ჩემს მუსიკოსებთან ერთად - მინიმუმ 80 შემსრულებელთან. დღის პირველ ნახევარს მათთან ერთად ვატარებდი, საღამოს კი, ძირითადად, მარტო ვიყავი. აი, ზუსტად ეს პერიოდი გამიხანგრძლივა კარანტინმა, მომაკლდა ადამიანებთან ურთიერთობა და ამით ტკბობა. ახლა კიდევ უფრო დავაფასე ნიჭიერი ადამიანები.

მგონია, რომ ამის შემდეგ უფრო დიდი სიყვარულით ჩავატარებ კონცერტებსა და რეპეტიციებს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები აპლოდისმენტების გამო. მსმენელისგან ნდობასა და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ეს უფრო მეტად დავაფასე.

- რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ გასწავლათ? - ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე სწავლობს ადამიანი, მთავარია, შეძლო გაცნობიერება და დანახვა იმ გაკვეთილისა, რომელსაც ცხოვრება გთავაზობს. თუმცა, რაც წლებმა მასწავლა, პირველ რიგში, ეს არის სიჩუმე და სიჩუმის სიყვარული. რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად მაქვს საუბრის სურვილი და უფრო მეტად შემიყვარდა მოსმენა. ახლა კარგად მესმის ბერების, რომლებიც დუმილში ატარებენ ცხოვრებას. მგონია, სიჩუმე და სიმარტოვე ძალიან მეხმარება, რომ სხვა სიმაღლეებზე ვიფიქრო, კიდევ უფრო პატარა დავინახო საკუთარი თავი ღმერთის წინაშე და მსახურებაში ვიყო - მსახურებაში ადამიანებისა და მუსიკის, ალბათ ამისთვის გავჩნდი კიდეც...

- სიცოცხლე იმით არ ფასდება, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქეთ, არამედ იმით, თუ რამდენჯერ შეგეკრათ სუნთქვაო, უთქვამთ. თქვენში სიცოცხლის წყურვილს რა აღვიძებს? - როდესაც ვუყურებ ისეთი დონის წარმოდგენას, როგორიცაა რობერტ სტურუას "კავკასიური ცარცის წრე", ვუყურებ ქორეოგრაფების, რეჟისორების, მხატვრების საოცარ ნამუშევრებს, ვუსმენ საოცარ შესრულებას, აი, მაშინ მეკვრება სუნთქვა და ბედნიერებით სავსეს, სურვილი მაქვს, რაღაც საინტერესო მეც გავაკეთო. ბედნიერი ვარ მაშინაც, როდესაც სცენაზე გავდივარ და ადამიანების ანთებულ თვალებს ვხედავ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემი ნაწარმოების პრემიერა მილანში, ლა სკალას თეატრში, 2016 წლის 19 დეკემბერს, რომელიც მიეძღვნა იმ ადამიანთა ხსოვნას, ვინც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტურ რეჟიმს ემსხვერპლა... მერე იყო პრემიერა საქართველოში, რომელიც ბავშვთა ჰოსპისს - "ციცინათელების ქვეყანას" მივუძღვენით. უცებ ყველა გაირინდა, მახსოვს სიჩუმე და დუმილი, წამები ტაშის დაკვრამდე... ამ დუმილით ჩემთან ერთად დაიტირეს უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლნი.

- საუბრის დასასრულს მინდა გკითხოთ აღდგომის დღესასწაულზე. ეს საკითხი დიდი ვნებათაღელვისა და დაპირისპირების მიზეზად იქცა... თქვენ როგორ აღნიშნეთ აღდგომა, დაესწარით თუ არა წირვა-ლოცვას და აპირებთ თუ არა მშობლების საფლავზე გასვლას... - გულწრფელად რომ გითხრათ, მომხრე ვარ, შევასრულოთ ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს რეკომენდაციები. იმავდროულად, ვარ ქრისტიანი, მრევლი და მიჭირს რამის თქმა... ბზობის მეორე დღეს ვიყავი ქაშუეთის ეკლესიაში, რამდენიმე ადამიანი იყო პირბადეებით. დავანთე სანთელი, წამოვიღე ბზა, მაგრამ არ წავედი ლიტონიობაზე. როგორც მორწმუნე, ჩემი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. საფლავზეც ყველა ერთ დღეს თუ არ გავალთ, ვფიქრობ, არ გვიწყენენ ჩვენი მიცვალებულების სულები. თუ მათთვის სახლიდან ვილოცებთ, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე, როგორიც აღდგომაა, არც ღმერთი გაგვიწყრება...

ნინო ჯავახიშვილი