ალექსანდრე ელერდაშვილი: "მე ამას კეკლუცი მეტყველება დავარქვი"
ალექსანდრე ელერდაშვილი: "მე ამას კეკლუცი მეტყველება დავარქვი"
"ჩაგეკითხები" და "განვმეორდები" მთლად საშინელებაა. ადამიანებს, რომლებიც ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, ყველა სიტყვა თითქმის რუსულიდან­ გადმოაქვთ. განვმეორდები, ანუ "პავტარიუს" - მე როგორ განვმეორდები, როცა ერთხელ ვარ შექმნილი? ტრენდი ინგლისურად წარმოითქმის "თრენდ", მაგრამ რუსული გზით შემოვიდა როგორც ტრენდი­. ამიტომ ვამბობ, ეს ადამიანები მიმბაძველები არიან, იმას გიქადაგებენ, ანტირუსული განწყობილების ვარო და ამ დროს სულით და ხორცით რუსული აზროვნებისანი არიან..."

"ამ მოვლენას თავისებური ხიბლიც აქვს... ალბათ, ბევრმა ძველი ალბომები, ძველი წიგნები, მიწერ-მოწერები ამოქექა, ასე
ვთქვათ, თავის ცხოვრებას ჩაუღრმავდა.­ მოხდა ჩვენი ცხოვრების გადახედვა-გადაფასება და შეიძლება ამან მომავალში ჩვენი დამოკიდებულებები უკეთესობისკენ შეცვალოს - ქართველების გაგების, შეხმატკბი­ლებისა და ურთიერთობების გამოსწორებისკენ წაიყვანოს. იმედია, ასეც იქნება... სოფელიც თუ აღორძინდა და ამის მიზეზი კორონა იქნება, ამას რა სჯობს", - გვეუბნება მწერალი და მთარგმნელი, ირანისტი ალექსანდრე
ელერდაშვილი:

- თვითიზოლაციაში ყველაფერზე დავფიქრდი, გარშემო მყოფებზე, ქვეყანაზე... უამრავი აზრი გამოითქმის, რომ კორონა შეცვლის სამყაროს, ცხოვრების წესს. რაღაცები შეიცვლება, მაგრამ მთლიანობაში ეს აგორებული ტალღაა... ფაქტია, მოულო­დნელი რამ დაგვატყდა თავს, გამოჩნდა­ ის, რამაც კაცობრიობის ცხოვრების წესი შეცვალა. ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიცვლება ის - უკეთესობისკენ­ თუ უარეს­ობისკენ. საქართველოს მაგალითზე­ თუ ვიმსჯელებთ, რომელიც ჩემთვის საოცრად კარგი აღმოჩნდა ერთსულოვნების თვალსაზრისით, შეიძლება ქართველებმა ერთმანეთს გავუგოთ და დაქუცმაცებული აზრებისა აღარ ვიყოთ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ ამბობენ, ასეა დღეს.

- რა გვარგო ჭირმა?
- ხალხმა სოფელზე დაიწყო ფიქრი. ბოლო 3 წლის განმავლობაში მაღალმთიანი­ რეგიონების სოფლების მონახულებამ მომიწია და ვნახე, რომ ზოგან 1-2 მოსახლეა. დღეს ისეთი ცხოვრების პირობებია, მაინცდამაინც თბილისში ცხოვრება არ არის საჭირო, რომ შენი ცხოვრება კომფორტული იყოს. იქაც არის ტელევიზია, ინტერნეტი და სხვა საშუალებ­ები, რითაც ადამიანებს­ შეუძლიათ გარე სამყაროს დაუკავშირდნენ. თუ პარალელურად ააღორძინებენ სოფლებს, ამას არაფერი სჯობია.

- ომი ყველაფერს ჩამოწერსო, ასეთი გამონათქვამიცაა. რას ჩამოწერს ეს მესამე მსოფლიო ომად წოდებული პანდემია?
- მეორე მსოფლიო ომამდე გავრცელდა­ დიდი ვირუსი, ე.წ. ისპანკა, ესპანური გრიპი, და მაშინაც ამბობდნენ, შეიცვლება სამ­ყაროო და შეიცვალა - მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ანუ მოვლენები ცუდად განვითარდა. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ცუდი წინასწარმეტყველება შეიძლება ის იყოს, რომ მსოფლიო მაგნატების დაპირისპირების გამო ეკონომიკურ საფუძველზე დაიწყოს დიდი დაპირისპირება, რასაც ამა თუ იმ სტრატეგიულ რესურსებზე ფასის დაცემა განაპირობებს. საყოველთაოდ აღიარებული არ არის, მაგრამ რეალობას შეესაბამება ის, რომ სსრკ-ის დაშლა იყო არა ხალხთა დაპირისპირებისა და ქვეყნის დაუძლურების, არამედ ნავთობზე ფასის დაცემის შედეგი (რაც რეიგანმა გაუკეთა სსრკ-ს და კონკრეტულად, გორბაჩოვს). კაცმა არ იცის, ახლა რა მოხდება. ამას წინათ ერთ ისრაელელ კაბალისტს მოვუსმინე. დამაჯერებლად ამტკიცებდა, ეს არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი და ვირუსი, რითიც მესამე მსოფლიო ომის დაწყება ჩაანაცვლესო. პირველი მსოფლიო ომი იმისთვის გაჩაღდა, რომ მარქსისტულ-ლენინისტური იდეები შეიჭრა ამა თუ იმ ქვეყანაში, რამაც ქვეყნების დაპირისპირება გამოიწვია. მეორე მსოფლიო ომში იგივე მოხდა - ორი დიდი იდეოლოგიის, საბჭოური და ფაშისტურის დაპირისპირება. ახლაც, ჩანს, იქით მიდიოდა საქმე. ხომ ვიცით, რაც ხდებოდა სირიაში, ერაყში, ახლო აღმოსავლეთში და არ არის გამორიცხული, ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იმის გასანეიტრალებელი იყოს, რომ დედამიწაზე ატომური ომი არ დაწყებულიყო. ომი ჩამოწერს ბევრ ცოდვას, ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკას, არასწორ დამოკიდებულებას თუნდაც­ ეკოლოგიისადმი. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს თბილისში ასეთი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... ისიც ითქვა, ვინც ეს მოიფიქრა და დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნა, ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონო...

- ყველაფერს შეცვლისო, ამბობთ, ცხოვრების, სოციალუ­რი ქცევის წესებს... საკომუნიკაციო ლექსიკაც ხომ შეგვიცვალა­ კორონამ...
- ამას კორონა სულ არ სჭირდება, ეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს აკვიატებული "კლასტერი" რომ არის, ერთმა მღვდელმსახურმა ამას წინათ მასში სოციალური ჯგუფი იგულისხმა, ახალგაზრდები "სასტავს" რომ ამბობენ, იმ გაგებით. სინამდვილეში, კლასტერი ინგლისური სიტყვაა და რომელიმე ფაქტის, მოსაზრების, მოვლენის გარშემო დაჯგუფებულ ადამიანებს­ აღნიშნავს. ამ სიტყვამ შეავსო ქართულ ენაში არარსებული ამის აღმნიშვნელი სიტყვა. "გუნდი"­ რომ თქვა, ის არაა ქართული, სპარსულიდან შემოტანილი სიტყვაა, "სასტავი" - რუსული, აი, ეს "ქეისი" კი ძალიან უხეში ჩარევაა ქართულ ენაში. ცუდად არ გამიგოთ, ვისაც ჰგონია, რომ უცხო სიტყვების ხმარებით გონიერი და ჭკვიანი გამოჩნდება, ცდება. მე ეს კეკლუცობა მგონია. როცა შენს ენას არ გააჩნია ამა თუ იმ ცნების აღმნიშვნელი სიტყვა, მაშინ გასაგებია. მაგალითად, "ფაილი" არაფრით არ შეიძლება გვქონოდა იმიტომ, რომ ეს ცნება კომპიუტერულ სამყაროს ახასიათებს, მაგრამ ერთმა ჭკვიანმა და ცნობილმა­ კაცმა "ლინკის" ნაცვლად "ბმული" შემოიღო და ძალიან კარგადაც დაკანონდა. აღარფერს ვამბობ "სენსიტიურზე", "ნარატივზე", "კრეატიულზე"...

- ბარბარიზმებს მიაქვთ ქართული მეტყვ­ელება და ამისგან თავს ვერასოდეს დავიხსნით...
- მე ამას პირობითად დავარქვი კეკლუცი მეტყველება. ბოლო დროს გაჩნდა სიტყვა "შემხებლობა". რატომ უნდა თქვა გართულებული სიტყვა, როცა გვაქვს "შეხება"? "ჩაგეკითხები" და "განვმეორდები" მთლად­ საშინელებაა. ადამიანებს, რომლებიც ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, ყველა სიტყვა თითქმის რუსულიდან­ გადმოაქვთ. განვმეორდები, ანუ "პავტარიუს" - მე როგორ განვმეორდები, როცა ერთხელ ვარ შექმნილი? ტრენდი ინგლისურად წარმოითქმის "თრენდ", მაგრამ რუსული გზით შემოვიდა როგორც ტრენდი­. ამიტომ ვამბობ, ეს ადამიანები მიმბაძველები არიან, იმას გიქადაგებენ, ანტირუსული განწყობილების ვარო და ამ დროს სულით და ხორცით რუსული აზროვნებისანი არიან. ადრე, თუ გახსო­ვთ,­ "რუსთავი-2"-ის წამყვანები "ვოშინგთონს" და "ქლინთონს" წარმოთქვამდნენ, მაგრამ ისინი ამ სახით ვერ დამკვიდრდა. რუსეთის დედაქალაქი მათ ენაზე "მასკვაა" და ჩვენ ასე უნდა ვთქვათ? მოსკოვი ჩვენთან თურქულიდან არის შემოსული. რაც დამკვიდრდება, მერე მისი შეცვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ირანელები თავიანთ დედაქალაქს თეჰრან-ს უწოდებენ, ჩვენთან ენამ როგორც მოიხდინა, ისე დამკვიდრდა - თეირანი, ამ შემთხვევაში არავისი გავლენა არ მიუღია. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ენას როგორც სჭირდება­, ისე უნდა დაამკვიდროს შემოსული სიტყვა. აღმოსავლეთიდან შემოსულ სიტყვებში ასო ჰ იკარგება. მაგალითად, ინდოეთის დედაქალაქი­ სპარსულად და ინდურად წარმოითქმის "დეჰლი", მაგრამ ჩვენთან ჰ დაიკარგა იმიტომ, რომ არ გვჭირდებოდა...

- საერთო ჭირს დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, მაინც რაშია იზოლაციისა და კორონას ხიბლი, ან რა გვერდითი მოვლენები აქვს?
- იმ ხუმრობისა არ იყოს, ოჯახში ინტერნეტი რომ გაითიშა და მერე წერდნენ, გავიცანი და ეს რა კარგი ოჯახის წევრები­ მყოლიაო, დაახლოებით ესაა ხიბლი. თანმდევსა და გვერდითს რაც ეხება, ამაზეც დაიწერა, ჩინეთში იზოლაციის შემდეგ ბევრმა განქორწინებაზე შეიტანა განცხადებაო. კორონას და იზოლაციას ორივე მოვლენა შეიძლება ახლდეს - კარგიც და ცუდიც. მე, მაგალითად, არსად გავდივარ და უფრო მეტი დრო მაქვს ძველი ფაილები ამოვქექო, ვნახო ის, რაც 1996 წლიდან მოყოლებული კომპიუტერში შემიტანია. ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე...

- ამბობენ, სიკვდილის შიში ადამიანს ლოიალურს ხდისო. აშკარაა, ამ ჟამიანობისას­ ხალხი ლოიალური გახდა ხელისუფლების მიმართაც. ხელისუფლებას ბოლომდე გაუმართლებს, თუ ომის დამთავრების შემდეგ მშვიდობის უნდა ეშინოდეს ამ საარჩევნო წელს?
- ფაქტია, დაავადებულთა ნაკლებობით საქართველო მსოფლიოში პროცენტულად პირველ ადგილზეა. ერთი ასეთი ანეკდოტი მახსენდება: მეგრელი დადის შუა ქალაქში, ტაშტი უჭირავს და აბრახუნებს. ეკითხებიან, რატომ აბრახუნებო და, ნიანგებს ვაფრთხობო. სად ხედავ ქალაქში ნიანგებსო და, რომ ვაფრთხობ, მიტომ არ არიანო. მთავრობაზე გამოდის ეს... ასეა თუ ისე, საქმე გაკეთდა, თუმცა ქვეყნის წარმატება მარტო ხელისუფლების კი არა, საზოგადოების დამსახურებაცაა. მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი დამრღვევიც დაიჭირეს და ჯარიმებიც გამოწერეს, ჩვენ მაინც კანონმორჩილები აღმოვჩნდით. იტალიის ქალაქის მერები ლამის ტიროდნენ და ემუდარებოდნენ ხალხს, წესები დაიცავითო. ჩვენ მეტი სამოქალაქო შეგნება გამოვიჩინეთ და ამაში მთავრობასაც თავისი დამსახურება აქვს, ოპოზიციასაც და ხალხსაც (ექიმებზე აღარაფერს ვამბობ). იმედია, სასულიერო პირებიც შეგნებულად მოეკიდებიან ამ საქმეს და არ დაუშვებენ, რომ ეპიდემიამ იფეთქოს. იმედია, ჩვენი ერთსულოვნება და მოწესრიგებულობა ბოლომდე შეგვრჩება და გავუმკლავდებით ვირუსს.

- იზოლაციაში ახალი რა შეიქმნა, რაზე მუშაობთ?
- ახლა "ვეფხისტყაოსნის" გეოგრაფიაზე ვმუშაობ. საოცარი პოემაა, ყოველ წაკითხვაზე ახალ-ახალი რაღაც აღმოჩნდება ხოლმე... როგორც ჩანს, ამ კორონამ ხელი შემიწყო ჩემი ჩანაწერებისთვის მომეყარა­ თავი - "ვეფხისტყაოსანში" ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გეოგრაფია-ასტრონომია-ასტროლოგიასთან - მინდა წიგნად გამოვცე. თავი მოვუყარე სპარსული პოეზიის თარგმანებსაც, 40 წლის განმავლობაში რაც მითარგმნია, ერთ ფაილში ავკინძე, დავაკაბადონე და 500-გვერდიანი წიგნი გამოვიდა. ესეც ოდესმე დაიბეჭდება.

- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება პოსტკორონული სამყარო?
- ალბათ, ადამიანი მიხვდება, რომ ჩვენი­ დედამიწა ამოუწურავი არ არის, რომ მას აქვს თავისი რესურსები. რაც უნდა ცუდი იყოს ამის თქმა, ვირტუალური სწავლება, რაც ახლა ინერგება, მთლი­ანად თუ არა, ნაწილობრივ ჩაანაცვლებს სკოლებს. დისტანციურ სწავლებას ბევრი დადებითი აქვს, მთავარი უარყოფითი კი ის არის, რომ ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა, თანაკლასელობის ხიბლი დაეკარგებათ. დაიკარგება ცნებები "გაცდენა", "შატალო" და სხვა... კორონამ ეს ყველაფერი დააჩქარა, თორემ მომავალში ეს მოხდებოდა, ცხოვრება ამას გააკეთებდა. ისიც გაირკვა, რომ სულაც არ იყო საჭირო, ოფისში მჯდ­არიყო ადამიანი, სახლიდან აკეთებენ საქმეს. რა მნიშვნელობა აქვს ბანკის თანამშრომელი სად იჯდება - ამბროლაურში თუ პატარძეულში - მთავარია, იქიდან გააკეთოს საქმე. ალბათ, დაიწყება სოფლის აღორძინება, დაცარიელებული სოფლები ისევ შეივსება. მე რომ სოფელი მქონდეს, ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი ქალაქში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა