"ადამიანი შესცქერის მასობრივ სიკვდილიანობას და ფიქრობს, რომ შესაძლოა დროებითი იყოს არა მარტო თავად, არამედ კაცობრიობა. რა ხდება ამ დროს?" - კვირის პალიტრა

"ადამიანი შესცქერის მასობრივ სიკვდილიანობას და ფიქრობს, რომ შესაძლოა დროებითი იყოს არა მარტო თავად, არამედ კაცობრიობა. რა ხდება ამ დროს?"

"ეს ბრძოლა განპირობებულია შეუგუებლობით. არ არის ადვილი იმის შეგუება, რომ სამყარო, რომელიც შენში ასე "დალაგებული" გქონდა, შენ თვალწინ ყირავდება"

დღეს თითქმის აღარ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს შეცვლის. როგორ, დანამდვილებით არავინ იცის. თუმცა ცხადია, უკვე შეცნობილის დათმობის აუცილებლობა და შეუცნობლის მოლოდინი ერთ-ერთი მტკივნეულია იმ განცდებს შორის, რომლებიც დღევანდელობაზე გვაქვს. არც იმაზე დავობს ვინმე, რომ ამიერიდან იმ განცდასთან მოგვიწევს ცხოვრება, როცა ყოველ წამს შეიძლება რაღაც მოხდეს და ჩვენი ყოფა წამში ამოატრიალოს. ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის თქმით, შეიძლება ეს ის განცდებიც იყოს, რომლებიც ყოველ ჩვენგანს აქამდეც უნდა ჰქონოდა და რომელმაც სინამდვილეში შესაძლოა ნამდვილ ფასეულობებთან დაგვაბრუნოს.

- ბატონო ზაზა, ადამიანი, რომელიც საკუთარი უძლეველობით ტკბებოდა, სიცოცხლის მართვასა და კოსმოსის ათვისებას იწყებდა, აღმოჩნდა, რომ უხილავმა "არსებამ" გამოკეტა და ახლა მხოლოდ იმასღა ელის, როდის ამოვა მზე, როდის დათბება, რომ იქნებ სითბომ მომაკვდინებელი მტერი დაამარცხოს...

- ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც აქამდეც იყვნენ დაჯილდოებული განსაკუთრებული ხედვით, მაგალითად, მწერლები, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ადამიანის მთავარი უბედურება არის არა მისი მოკვდავობა, არამედ ის, რომ არასოდეს იცის რა ელის. ბულგაკოვის ცნობილ რომანშიც სწორედ ამას ამბობს ვოლანდი, როგორ უნდა მართოს იმ ადამიანმა რაიმე, რომელმაც ისიც კი არ იცის, როდის მოკვდებაო! ცხადია, ეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, ეს ეხება იმ კაცობრიობას, რომელმაც ადამიანის უკვდავებისა და უძლეველობის მითი შექმნა, რომ ის მთელი სამყაროს მენეჯერია. იმ მდგომარეობით კი, რაშიც ჩვენ აღმოვჩნდით, თითქოს ყველაფერი ბიბლიურ ნოეს დაუბრუნდა - ადამიანი მაშინაც საკუთარი უძლეველობით იყო განმსჭვალული, არაფერზე ფიქრობდა ჭამა-სმისა და სიამოვნების გარდა, მაგრამ მოვიდა წარღვნა და ყველაფერი დაიღუპა. რა დაიღუპა? დაიღუპა მითი ადამიანის უძლეველობაზე, დაიღუპა მისი წარმოსახვითი სამყარო, რომ თურმე ყველაფრის მბრძანებელი და ბატონ-პატრონია. ადამიანი წარღვნამ აიძულა დაფიქრებულიყო, ვინ იყო სინამდვილეში, რისთვის მოვიდა ამქვეყნად. დაახლოებით ასეა ახლაც - ის ადამიანი, რომელსაც თავი უძლეველი ეგონა, რაღაც ძალამ დააფიქრა და კვლავ დაუსვა საკუთარ თავს ის მარადიული შეკითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ დრომოჭმული ეგონა - ვინ ვართ ან რატომ ვართ, საიდან მოვდივართ? ანუ შინ გამოკეტვამ დედამიწა ერთგვარ "დიდ მონასტრად" გადააქცია, სადაც დრო გაჩერდა და ადამიანმა მოიცალა საფიქრალად. და მიხვდა, რომ სინამდვილეში ქვიშაზე აშენებულ სახლში უცხოვრია, სადაც ფუჭი ღირებულებებისთვის ბრძოლაში იყო ჩაბმული.

- დღეს მართლაც ბევრი ლაპარაკობს ამაზე. ბევრს ვეღარ გაუგია, რაში სჭირდებოდა ზოგიერთი ნივთი, რომლის შესაძენად ცოტა ხნის წინ თავს იკლავდა. - ამიტომაც შესაძლოა ეს მოცალეობა საჩუქრადაც შევაფასოთ. ადამიანი შესცქერის მასობრივ სიკვდილიანობას და ფიქრობს, რომ თავადაც არ არის მარადიული. მეტიც, ის ფიქრობს იმაზეც, რომ შესაძლოა დროებითი იყოს არა მარტო თავად, არამედ კაცობრიობა. რა ხდება ამ დროს?

როგორც გენიალური მათემატიკოსი, ალბათობის ერთ-ერთი თეორიის ავტორი, პასკალი ამბობდა, ამ დროს უმჯობესია ფსონი დავდოთ იმაზე, რომ ღმერთი არსებობს და სიცოცხლეც მან მოგვცა. თუ ასეა, ჩვენი სიცოცხლე შემთხვევითი არ არის, მას აქვს საზრისი და ის უნდა გავიაზროთ - ანუ ეს ბოძებული სიცოცხლე ისეთ ღირებულებებში კი არ დავხარჯოთ, რაც დროებითია და წაგვერთმევა, არამედ იმაზე, რაც მარადიულია და სანამ ვცოცხლობთ, ყოველთვის ჩვენი იქნება. თუ სწორად გავიაზრებთ, ორიენტაცია უნდა გვქონდეს სულიერი სამყაროს მშვენიერებაზე. აქედან გამომდინარე, ადამიანი სხვანაირად დაინახავს სიცოცხლის ფასს, რომელიც მას მიეცა როგორც საჩუქარი.

- ადამიანის მსგავსად, ის ქვეყნებიც კი, რომლებიც საკუთარ ძლიერებაში დარწმუნებული იყვნენ, ამ უხილავმა მტერმა დააბნია. სამაგიეროდ, სიტუაციას თითქოს უფრო კარგად აუღეს ალღო შედარებით სუსტმა ქვეყნებმა, მათ შორს ჩვენ. - რუსთაველი ამბობს: "დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი", ანუ დგება ჟამი, როდესაც ძლიერი სუსტი ხდება და პირიქით. ასეა სახარებაშიც - "წინანი უკან და უკანანი წინ". როდესაც კაცობრიობა ისე არ იქცევა, როგორც საჭიროა, მსგავსი რყევები იწყება, უკანანი მოდიან წინ და პირიქით.

უფრო მარტივად ეს ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელშია" გადმოცემული, სადაც სამყარო სწორედ სუსტმა არსებებმა გადაარჩინეს. შესაძლოა ამ სახარებისეული ჭეშმარიტების გაცხადება ჩვენ თვალწინ შედარებით სწრაფად ხდება, ვიდრე ოდესმე. არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა ორი ეპოქალური ძალა - ფაშიზმი და კომუნიზმი, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიმსხვრა. მათგან ორივე უტოპიურ, დედამიწისეული სამოთხის აშენებას ითვალისწინებდა, ახლა კი ჩვენ თვალწინ იმსხვრევა მესამე - დასავლური ლიბერალიზმი, ხელში გვადნება სამყარო, რომელიც ასევე მიწიერ სამოთხეს გვპირდებოდა ადამიანის პიროვნული თავისუფლების თვალსაზრისით. ლიბერალიზმი ხომ სწორედ იმას ამბობს, რომ ადამიანი და მისი თავისუფლებაა ყოვლისშემძლე ღმერთი. ჩვენ ეს სამყაროც გავაფეტიშეთ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ თურმე ესეც არ ყოფილა ის, რაც გვინდოდა - ადამიანი, რომელსაც თავი ღმერთი ეგონა და, ალბათ, შეუძლია ვირუსსაც გაუმკლავდეს, სულაც ვერ უმკლავდება თავისივე ფსიქიკას, საკუთარ მარტოობას, ის მოწყვლადი აღმოჩნდა.

- როგორც გალაკტიონი ამბობს, "გრაალის კოშკები, ლიდიის კოშკები შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და მსხვრევა მომესმა"... მაგრამ ლიბერალურ სამყაროსაც აქვს ღირებულებები... - სწორედ ამას ვამბობ. იმ რეალობაში არის ფასეული ღირებულებები, რომლებიც ფუჭი ღირებულებებით შეპყრობილებს გვავიწყდება, მაგალითად, ადამიანური თანადგომა, სულიერება, კულტურაც კი.

თუ ლიბერალური სამყაროს მსხვრევის ჟამი მოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაიმსხვრეს დასავლეთის დიდი ფასეულობები! როგორ შეიძლება რომაული კულტურა ან შექსპირი ცუდი იყოს?! და ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა ლიბერალურად მოაზროვნეებმა სწორედ ეს ფასეულობები გამორიცხეს დასავლეთიდან და გადამრჩენლის თვალი მხოლოდ ლიბერალ ისთებლიშმენტს მიაპყრეს. თავის დროზე, ბევრი სხვა ღირებულებებიც გამოირიცხა და ეს შეეხო საბჭოთა ღირებულ ფასეულობებსაც, რაც ტრაგედიაა ჩვენთვის, იმ თაობებისთვის, რომლებმაც დასავლეთს თვალი როგორც გადამრჩენელს ისე მივაპყარით და ამ დროს უარვყავით "საბჭოთა მამები", რომლებიც ახლა ჩვენი გადამრჩენლები აღმოჩნდნენ. იმ ქართველ საბჭოთა მედიკოსებს ვგულისხმობ, რომელთაც დაამტკიცეს, რომ საბჭოთა მედიცინის ცოდნა ამ სიტუაციაში ლიბერალური ქვეყნების მედიცინაზე უფრო სანდო აღმოჩნდა.

- წლების წინ ტრამპის მოსვლა პოლიტიკაშიც ლიბერალიზმის დასასრულად შეაფასეთ. - აქ მთავარია არა თავად ტრამპი, როგორც ფიგურა, არამედ მისი გამარჯვება არჩევნებში, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ქვეყანაში, სადაც თითქოს ყველაფერი დალაგებული იყო, "ქვეშ" რაღაც ბუყბუყებდა. კორონავირუსი სწორედ ამ "ბუყბუყის" გაგრძელებაა. სწორედ მან დაგვანახა, რა იყო ის, რაც "ბუყბუყებდა" - ის, რომ ადამიანი ცხოვრობდა ლიბერალური ფასეულობებით და არა სულიერი ფასეულობებით.

ახლა ყველანი ვგრძნობთ იმ "მიწისძვრის ბიძგებს", რომელმაც ლამის თავზე წამოგვაქციოს ის სამყარო, რომელიც ავაშენეთ, და რაც მთავარია, ამ ნგრევის შედეგებისგან არავინ ვართ დაზღვეული.

- ამის მიუხედავად, ლიბერალური სამყარო კვლავ იბრძვის თავისი ღირებულებების დასაცავად. მაგალითად, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ორი მთავარი საკაცობრიო ფორმულის ჭიდილი: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" თუ "ადამიანი, სამშობლო, ღმერთი". - ეს ბრძოლა განპირობებულია შეუგუებლობით. არ არის ადვილი იმის შეგუება, რომ სამყარო, რომელიც შენში ასე "დალაგებული" გქონდა, შენ თვალწინ ყირავდება. აქამდე ფიქრობდი, რომ ზეკაცი იყავი და უცებ მიხვდი, რომ უბრალო მოკვდავი ყოფილხარ. მე ეს არ მიკვირს და მათ თანავუგრძნობ როგორც ქრისტიანი.

ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთაც ზეუკვდავი ეგონათ თავი და მერე მიხვდნენ, რომ ასე არ არის, მაგალითად, საბჭოთა ლიდერები. როდესაც მათ მეორე მსოფლიო ომისას დაინახეს, რომ ნაციზმი განადგურებით ემუქრებოდათ, ეკლესიებიც გახსნეს და მოსკოვის თავზე ღვთისმშობლის ხატიც შემოატარეს.

- როგორ გგონიათ, რა ეპოქა მოდის? - ამის თქმა ძნელია. თუმცა, როდესაც ლაპარაკია დემოკრატიაზე, ხშირად ვიხსენებ პლატონის შეხედულებას, რომელიც თითქოს ახლა დაიწერა - რომ დემოკრატიის დროს ყველა თანაბრდება, ემიგრანტი უთანაბრდება ადგილობრივ მოქალაქეს, ცხოველი - ადამიანს, მშობლები - შვილებს. მშობლებს რცხვენიათ საკუთარი შვილების და ცდილობენ მათ დაემსგავსონ, რათა არ იყვნენ მოსაწყენები, მასწავლებლებს ეშინიათ მოსწავლეების და მათთან გათანაბრებას ცდილობენ, და ასეთი უტიფარი ახალგაზრდული წყობიდან, როგორიც არის დემოკრატია, ტირანია იბადება...

როცა ეს პერიოდი ჩაივლის, არ უნდა დავივიწყოთ ეს ვირუსი და უნდა გვახსოვდეს, რა მოგვცა. როგორც პლატონი ამბობდა, კაცობრიობაში გაცილებით მეტი წარღვნა იყო, ვიდრე გვახსოვს, მაგრამ კაცობრიობამ ისინი დაივიწყა - ანუ ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა წამიერი, ფუჭი ღირებულებებისკენ, არამედ ფასეული, მარადიული ღირებულებების შენარჩუნებისკენ. მათ ეკუთვნის ქართული კულტურაც, რომელსაც სწორედ იმ შინაგანი მტერი ემუქრება, როგორიც არის დავიწყება, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ჩვენზე უფრო მაღალი ძალა და არა მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს, არამედ ამ ძალისაც.