"ამ პანდემიის დროს არ ველი, რომ დაავადებას მოსახლეობის 80% გადაიტანს" - კვირის პალიტრა

"ამ პანდემიის დროს არ ველი, რომ დაავადებას მოსახლეობის 80% გადაიტანს"

კორონავირუსთან დაკავშირებით "კვირის პალიტრის" კითხვებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა უპასუხებს:

- მართალია, რომ ეს ვირუსი ქალსა და კაცზე განსხვავებულად მოქმედებს?

- მცირედი განსხვავებაა დაავადებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის, თუმცა ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის. ეს შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მაგალითად, იტალიაში უფრო მეტი ასაკოვანი მამაკაცი დაიღუპა და დაინფიცირდა, ვიდრე - ქალი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის მეცნიერული ახსნა არ არსებობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მამაკაცებს მეტი ქრონიკული, ან, ვთქვათ, გულ-სისხლძარღვთა დაავადება აქვთ. მოგეხსენებათ, ეს დაავადებები ხელს უწყობს კოვიდ 19-ის ინფექციის მძიმედ მიმდინარეობას. ეს ჯერჯერობით ჰიპოთეზაა, მაგრამ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად ადასტურებს, რომ მამაკაცები უფრო ადვილად ავადდებიან.

- მართალია, რომ ჭარბწონიანებსა და ენდოკრინულ პაციენტებთან ეს დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს? - დიახ და ესეც არ არის ახალი. სხვა რესპირაციული ინფექციებიც, რომლებიც სასუნთქ გზებს აზიანებს - მაგალითად, გრიპი - ჭარბწონიან და ენდოკრინულ პაციენტებთან უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ჭარბი წონა და მეტაბოლური პრობლემები ითვლება თანდართულ დაავადებად და ესეც ახდენს გავლენას დაავადების მიმდინარეობასა და მის სიმძიმეზე.

- იბუპროფენი აუარესებს დაავადებულის მდგომარეობას?

- სხვადასხვა სანდო სამეცნიერო სამედიცინო ჟურნალში სერიოზულ კვლევებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა დასკვნა, რომ იბუპროფენი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს, რადგან ხელს უწყობ ვირუსის გამრავლებას, მაგრამ არის ამის საპირისპირო კვლევებიც, რომლებიც ამ მოსაზრებას უგულებელყოფს, ამიტომ ამის დადასტურებული მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა ჩვენ ქართულ პროტოკოლში მაინც გვიწერია, რომ სიცხის დამწევ საშუალებად, თუ უკუჩვენება არ არის, უმჯობესია პარაცეტამოლი. იბუპროფენს პირველი რიგის პრეპარატად არ ვიყენებთ, თუმცა ის იურიდიულად ხმარებიდან ამოღებული არ არის. ეს ჩვენი რეკომენდაცია უფროა...

- კორონავირუსის დასამარცხებელი მედიკამენტების ძებნაში ითქვა, რომ სხვადასხვა გენოტიპზე სხვადასხვა წამალი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ასეა? - არის კვლევები, რომელთა მიხედვით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს და მედიკამენტების მოქმედებაც სხვადასხვანაირია, მაგრამ ესეც ჯერჯერობით მხოლოდ კვლევებია. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ სტატისტიკას. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში - ძირითადად, იტალიასა და ესპანეთში - უფრო აგრესიულად მიმდინარეობს ეს დაავადება, ვიდრე ჩრდილოეთში, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში და ამის ზუსტი ახსნა არ არსებობს. შეიძლება ეს ხდება ჯანდაცვის სისტემების განსხვავებულობისა და მიდგომის, ან განსხვავებული კვების რაციონის თუ ცხოვრების სტილის გამო... ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გენეტიკური განსხვავებებიც იყოს, რის გამოც შეიძლება ეს დაავადება სხვადასხვა ეთნოსში სხვადასხვა სიმძიმით მიმდინარეობდეს, მაგრამ ესეც თეორიული მსჯელობაა.

- თქვენი აზრით, როდის გაუმჯობესდება სიტუაცია, როდემდე მოგვიწევს ამ რეჟიმით ცხოვრება? - ამის თქმა რთულია. სპეციალისტები ჩვენი ქვეყნისთვის პიკს სხვადასხვა დროს ვარაუდობენ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლო და მაისის პირველი ათი დღე იქნება ყველაზე რთული. პიკის გადავლის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყება ახალი შემთხვევების კლება, რასაც მოჰყვება ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა და ჩვენი ცხოვრების ჩვეული სტილი ეტაპობრივად აღდგება. ეს პროცესი, ალბათ, ზაფხულის მეორე ნახევარში დასრულდება. უნდა ითქვას, რომ პიკის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ინფიცირებულთა რაოდენობაზე, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე, მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე, იმაზე, როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები, მაგრამ მაინც, პიკური მდგომარეობა, ალბათ, დაახლოებით ორი-სამი კვირა გაგრძელდება და შემდეგ დაიწყება დაღმასვლა.

- პიკის დროს რამდენს შეიძლება მიაღწიოს ინფიცირებულთა რაოდენობამ? - ძნელი სათქმელია. ასეთი დინამიკით, როგორიც ახლა გვაქვს, პიკის დროს დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატოს 1500-ს, მაგრამ ვიმეორებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დინამიკას შევინარჩუნებთ.

- ზოგი ამბობს, რომ შესაძლოა კორონავირუსი მოსახლეობის 100%-ს დაემართოს, ანუ კოვიდ 19-ს ყველა მოიხდის; ზოგი ამბობს, მხოლოდ 80%-ს დაემართებაო... - არ არსებობს ინფექციური დაავადება, რომელიც მოსახლეობის 100%-ს ან თუნდაც 80%-ს ჰქონდეს გადატანილი. კორონავირუსი არის წვეთოვანი და კონტაქტური გზით გადამდები ინფექცია. დაავადება გადადის, ძირითადად, დაინფიცირებული და დაბინძურებული ზედაპირიდან, ამიტომ არ მგონია, რომ მოსახლეობის 80% ან მით უფრო - 100% დაინფიცირდეს, თუმცა შეიძლება დარჩეს, როგორც სეზონური დაავადება, რომელსაც ექნება პერიოდული აფეთქებები და მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ეტაპობრივად გადაიტანს, ამ პანდემიის დროს კი არ ველი, რომ დაავადებას მოსახლეობის 80% გადაიტანს. რა თქმა უნდა, ყველა პანდემიას ახასიათებს მეორე ტალღა. მსოფლიო პანდემიებს თუ გავიხსენებთ - როგორიც იყო შავი ჭირის, წითელას პანდემია - მათ ციკლურობა ახასიათებს, მაგალითად, 100 წელიწადში, 200 წელიწადში ერთხელ. თუ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვაქცინა შეიქმნება, ჩვენ შეგვეძლება, ეპიდემიებისა და პანდემიებისგან საყოველთაო ვაქცინაციით დავიცვათ თავი.