"ბავშვები არიან სუპერგამავრცელებლები და ამიტომაც - საშიშნი" - კვირის პალიტრა

"ბავშვები არიან სუპერგამავრცელებლები და ამიტომაც - საშიშნი"

ხშირად პატარები ვერ ამბობენ, რა აწუხებთ და მშობლებსაც შესაძლოა, ბევრი რამ გამორჩეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება უსიმპტომოდ, ტემპერატურის გარეშეც კი მიმდინარეობს. "კვირის პალიტრის" კითხვებს ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე უპასუხებს.

- ახლა საქართველოში ცირკულირებს თითქმის ყველა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციები - გრიპი, პარაგრიპი, რესპირაციული ვირუსი და ასევე კორონავირუსი. თითქმის ყველას იდენტური სიმპტომატიკა აქვს. როცა ეჭვი კორონავირუსზე გვიჩნდება, უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი, ანუ ბავშვს ჰქონდა თუ არა კონტაქტი დაინფიცირებულთან, რადგან ბავშვების პირველადი დაინფიცირება იშვიათია. თუ მას აქვს ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, ზოგჯერ - დიარეაც და თუ ჰქონდა ვინმესთან კონტაქტი, შეიძლება ვიფიქროთ კორონავირუსზე.

ასეთ ბავშვებს ჩვენ სპეციალიზებულ კლინიკებში ვგზავნით... კორონავირუსით დაავადებული ბავშვები ბევრ ქვეყანაში შინ მკურნალობენ, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება დაავადება, რადგან ვირუსს ჯერ სამი თვის ისტორია აქვს და მისი მიმდინარეობა ბავშვებში, მოზრდილებსა თუ ხანდაზმულებში შეუსწავლელია. იმ ბავშვებს, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ეს ინფექცია აქვთ მსუბუქი ფორმით. მაგრამ არის ერთი საყურადღებო რამ - ბავშვები არიან სუპერგამავრცელებლები და ამიტომაც - საშიშნი. საჭიროა მათი მაქსიმალური იზოლირება, რომ რისკჯგუფში მყოფები არ დააინფიცირონ. ცხადია, მათი იზოლირება ძნელია, რადგან მათთან ერთად ცხოვრობენ მშობლები, და-ძმები, ბებია-ბაბუა, მაგრამ აუცილებელია...

- ბავშვი ეზოშიც არ გავიყვანოთ? - არა, რადგან ვერ გავაკონტროლებთ. სამსახურში რომ მივდივარ, ავტოფარეხამდე ორი ეზოს გავლა მიწევს და ვხედავ, მშობლები ცალკე საუბრობენ, ბავშვები ერთად თამაშობენ. ეს იზოლირებაა?! ზოგს იზოლირება ჰგონია, სოფელში რომ წაიყვანს ბავშვებს და იქ მეზობლის ბავშვებთან გაუშვებს სათამაშოდ. სუფთა ჰაერისთვის გაიყვანეთ აივანზე ან ფანჯარაში გაახედეთ. ახლა ასეა საჭირო. მკურნალობა არ არსებობს, არც ვაქცინა, მითითებების დაცვაღა დაგვრჩენია. ჩემი აზრით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ არასწორად შეაფასა პანდემიის გამოწვევა. ქვეყნები დაბალ, მაღალ და საშუალო რისკის ქვეყნებად დაჰყო. ამასთან, ალბათ, ჩინეთმაც დამალა სტატისტიკური მონაცემები და სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში. დღეს უკვე ყველა ქვეყანა მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენთანაც დაიწყო შიდა გავრცელება და ახლა რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. მანქანებით არის სავსე ქალაქი, ყველაფერი დაკეტილია და სად მიდიან, ან რისთვის - კაცმა არ იცის! ბინებში იმართება თავყრილობები, თამაშები და ა.შ. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, გადავრჩებით მინიმალური დანაკარგით, თუ არადა...