რატომ დნება მყინვარები - კვირის პალიტრა

რატომ დნება მყინვარები

"იმოქმედა თუ არა დადებითად პანდემიით განპირობებულმა "ჩაჩუმებამ" ეკოლოგიურ გარემოზე"

ყველაფერს ამქვეყნად, ძალიან ცუდსაც კი, დადებითი ან უარყოფითი შედეგი მოჰყვება, მათ შორის, ალბათ, კორონავირუსის ეპიდემიასაც ახლავს რაღაც "შვების მომგვრელი" - მან თითქოს ადამიანური ურთიერთობები შეცვალა, სხვადასხვა გამონაბოლქვით "შეწუხებული" დედამიწა კი ოდნავ ამოასუნთქა! ამას, ალბათ, ჩვენზე კარგად მეცნიერები ხედავენ. იმოქმედა თუ არა დადებითად პანდემიით განპირობებულმა "ჩაჩუმებამ" თუნდაც მყინვარების დნობასა და ეკოლოგიურ გარემოზე, ამის შესახებ სასაუბროდ დავუკავშირდით ახალ ზელანდიაში ცნობილ გლაციოლოგს ლევან ტიელიძეს, ის არა მარტო დღევანდელ ყინულის საფარს იკვლევს, არამედ ათასწლოვანი გამყინვარებების ძველ კვალსაც. თუმცა პირველად ის ვკითხეთ, მიაღწია თუ არა კორონავირუსმა დედამიწის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ამ მოწესრიგებულ ქვეყანას.

- ახალი ზელანდია დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და მისი ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება გეოგრაფიული იზოლირებაა (ქვეყნის უახლოესი მეზობელი დასავლეთი ავსტრალია დაახლოებით 1700 კილომეტრში მდებარეობს). ამის გამო აქ თითქოს ყველაფერი გვიან აღწევს და კორონავირუსმაც ასე შემოაღწია, თუმცა ამჟამად უკვე 1200-ზე მეტი ინფიცირებულია. ახალი ზელანდია უკიდურესი სიფრთხილით ებრძვის პანდემიას.

- თქვენ კი ამასობაში კოსმოსიდან გადაღებული კავკასიონის მყინვართა ნაშალი მასალის რუკები გამოგიქვეყნებიათ, რომლის ფართობიც ბოლო ათწლეულებში ძალიან გაზრდილა. ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მყინვარები უფრო დაჩქარებულად დნება და გზად ისეთ ნაკადებს წარმოქმნის, რომელთაც ნაშალი და ქვა-ღორღი დაბლა მიაქვთ. ნუთუ მყინვარების დნობა ნახევარი დედამიწის შინ გამოკეტვამ მაინც არ შეანელა, სათბური აირების რაოდენობა ხომ შემცირდა? - მყინვარების დნობის ტემპის შესამცირებლად ბევრად მასშტაბური კლიმატური ცვლილებებია საჭირო, ვიდრე პანდემიისას სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირება.

კარგი იქნება, ამ საყოველთაო განსაცდელის დასრულების შემდგომ თუ დიდი ქვეყნები დაფიქრდებიან, თუ როგორ შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.

რაც შეეხება უშუალოდ მყინვარების დნობას, არსებობს ამის მეორე ბუნებრივი მიზეზიც - დედამიწაზე აცივებისა და დათბობის პერიოდების მონაცვლეობა. ამჟამად ჩვენ დათბობის პერიოდში ვიმყოფებით. ნებისმიერ შემთხვევაში (იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი) მყინვართა დნობის პროცესის შესწავლა უცილებელია. ამან შეიძლება მნიშვნელოვანწილად აგვარიდოს მყინვარული სტიქიებით გამოწვეული ზარალი. უნდა ვაკვირდებოდეთ არა მარტო მყინვართა უკან დახევას, არამედ მყინვარულ ჩამონადენსა და ნაშალ მასალასაც. მაგალითად, იალბუზის აღმოსავლეთ ფერდობებზე გეოფიზიკური რადარით გადაღებისას აღმოვაჩინეთ, რომ ნაშალი მასალის ქვეშ რამდენიმე ათეული მეტრი სისქის განმარხებული ყინულოვანი მასაა. ნაშალი მასალა დიდ გავლენას ახდენს მყინვართა დნობაზე.

- მყინვარების დნობის პარალელურად ნაშალი მასალის ფართობიც იზრდება?

- დიახ, თუმცა სქელი ნაშალი მყინვარს დნობისგან იცავს. ამის კარგი მაგალითია ზემო სვანეთში მყინვარი ხალდე - მისი "ენა" სქელი ნაშალით არის დაფარული, რის გამოც ყურადღებით ვაკვირდებით ამ მყინვარს. ხალდეს უკან დახევის ტემპი ბევრად ნაკლებია (დაახლოებით 7-8 მ წელიწადში) მეზობელ, მაგალითად, ადიშის ან ჭალაათის მყინვარებთან (დაახლოებით 15-20 მ წელიწადში) შედარებით.

- რას იტყვით მესტიაჭალის ჰესის შესახებ, რომლის აშენებას მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. - ვფიქრობ, ასეთი ჰესები არ უნდა აშენდეს, მით უფრო მყინვარულ აუზებში და განსაკუთრებით დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილების გამო მყინვარული სტიქიები ძალზე მომატებულია და დიდი ალბათობით უფრო გააქტიურდება. მხოლოდ 2014 წლიდან დღემდე საქართველოში არაერთი მყინვარული სტიქია დაფიქსირდა და ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ უარი ვთქვათ მსგავსი ჰესების მშენებლობაზე. სხვათა შორის, ჰესის მშენებლობისთვის ადგილი არასწორად შეარჩიეს. ვგულისხმობ წყალმიმღებს, რომელიც ორი მდინარის - ჭალაათისა და ლეხზირის შესართავთან შენდება.

- როდესაც რუკებს ვუყურებ, სადაც მყინვარები ჯერ კიდევ ყინულით არის დაფარული, სულ იმის იმედი მაქვს, რომ მათი დნობა შეწყდება და ყინულის სისქე ისევ გაიზრდება. - საინტერესო მოსაზრებაა და ამ თვალსაზრისით ჩვენც საინტერესო კვლევები გვაქვს. მაგალითად, ვაკვირდებით ჭალაათის მყინვარს, სადაც კოსმოგენური ნაფენებით პირველად მოხერხდა ძველი გამყინვარების დათარიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიკვლევთ საუკუნეების წინანდელი გამყინვარების კვალს.

როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით 1250 წლისთვის ჭალაათის მყინვარი სწორედ იმ ადგილს აღწევდა, სადაც ახლა ჰესია. ამის შემდეგ დაიწყო დათბობის პერიოდი და მყინვარმა დაახლოებით 2 კილომეტრით უკან დაიხია. შემდეგ ისევ მცირე გამყინვარება დაიწყო და ჭალაათმა ისევ წინ წამოიწია. XIX საუკუნიდან მან ისევ უკან დაიწყო დახევა, რაც დღესაც გრძელდება.

- სხვათა შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება სანთლები და სისხლით დაფარული ხის ჯვარი, რომელიც დაახლოებით 80-იან წლებში აღმოაჩინეს მყინვარწვერის მახლობლად მდებარე ხის გადამწვარ ტაძარში. დადგინდა, რომ ტაძარი იმ დროს აშენდა, როდესაც ევროპა-აზია ხანმოკლე დათბობის პერიოდმა მოიცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სიმაღლეზე მუდმივი ღვთისმსახურება დაბალი ტემპერატურის გამო ძალიან რთული იქნებოდა. - გეთანხმებით. უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ყინულით დაფარულ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი აღმოუჩენიათ. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ნორვეგიაში ერთ-ერთ მყინვარზე აღმოაჩინეს ვიკინგების ისრის პირები. დღესდღეობით დედამიწაზე დათბობის პერიოდია, ყინული კვლავ უკან იხევს და ამ პროცესში ადამიანი აქტიურად ერევა. უპირველესად ეს გამოიხატება გარემოს დაბინძურებაში, მათ შორის, სათბური აირების გამოფრქვევით, რომელიც ატმოსფეროში ვრცელდება და დედამიწას "გაგრილების", ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ყველამ ვნახეთ კარანტინის დროს კოსმოსიდან გადაღებული აღმოსავლეთ ჩინეთის ცა, რომელიც საოცრად სუფთა ჩანდა, ვიდრე პანდემიამდე იყო. ასეა დღეს თითქმის მთელ დედამიწაზე...

- ეს, ალბათ, უფრო დიდი ქვეყნების სამრეწველო საქმიანობაზეა დამოკიდებული? - მნიშვნელოვანწილად, დიახ. მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი მთელი სერიოზულობით ამბობდა, რომ ამაზონის ტყეების გაჩეხა ბევრად დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანდა ბრაზილიას, ვიდრე შენარჩუნება. საბოლოოდ კი ვნახეთ, რომ ამაზონის ტყის დიდი ნაწილი გადაიწვა. აღმოსავლეთ ავსტრალიაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა კი, გარდა იმისა, რომ ძალზე დააზარალა ადგილობრივი ფლორა და ფაუნა, წარმოქმნილი ფერფლი ახალი ზელანდიის მყინვარებზე დაილექა. შედეგად მყინვარების შეფერილობა შეიცვალა (გამუქდა) და მათი დნობა დაჩქარდა.

ამგვარ მიზეზშედეგობრივ კავშირშია ეს პროცესები და თუ დიდი ქვეყნები გლობალური დათბობის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას არ შეცვლიან, მსგავსი სტიქიების უფრო გააქტიურებაა მოსალოდნელი.

- რას თვლიან მეცნიერები, შეძლებს დედამიწა საკუთარ თვითგანადგურებაზე ხელი აიღოს? - ამას ვერავინ გეტყვით. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ეკოლოგიური გარემოს მაქსიმალურად შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ამის მაგალითად ისევ ახალი ზელანდია შეიძლება დავასახელოთ. ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ქვეყნის მთავრობამ ბირთვული ხომალდების შემოსვლაც კი აკრძალა ქვეყნის საზღვაო აკვატორიაში. გამაოცა ერთმა საინტერესო შემთხვევამაც - როდესაც აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი, საზღვარზე საქართველოდან წამოღებული რამდენიმე ვაშლიც არ შემოგვატანინეს იმ მიზეზით, რომ შიგნით შეიძლება ჭია ყოფილიყო. ახალი ზელანდია ასევე ზრუნავს ანტარქტიდის კვლევით სადგურებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში ელექტროენერგიით მხოლოდ მზის პანელებითY მოამარაგებენ და არა საწვავით. დასანანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მისაღებად მზისა და ქარის რესურსებს სათანადოდ არ იყენებენ და მაინც ჯიუტად ვცდილობთ მთის მდინარეებზე ჰესების აგებას!

რაც შეეხება მყინვარების დნობას, არავინ იცის, დნობის პროცესი როგორ წარიმართება. ამიტომაც საფრთხის თავიდან ასაშორებლად მყინვარებზე მიმდინარე პროცესების ძირეული შესწავლაა საჭირო.