"ადრე სიკვდილა მიტუა მერქვა, ახლა კიდევა კოვიდა მიტუად გადამაკეთეს" - კვირის პალიტრა

"ადრე სიკვდილა მიტუა მერქვა, ახლა კიდევა კოვიდა მიტუად გადამაკეთეს"

"კახელები ხუმრობენ, კორონამ კახეთი ჩააჩუმა, გურჯაანში გიორგი მახარაშვილი რომ დააცემინებს, თელავიდან მეფე ერეკლე ეხმაურება - ჯანი, გიორგიო, ჯანიო!"

კორონავირუსმა ყველას აგვირია ცხოვრება, თუმცა ვიცით, რომ ყველაფრის საუკეთესო წამალი მაინც ოპტიმიზმი და იუმორია, რაც ჩვენს კახელებს მშვენივრად გამოსდით. მართალია, ზოგი ამბობს, კორონამ კახეთი ჩააჩუმა, გურჯაანში გიორგი მახარაშვილი რომ დააცემინებს, თელავიდან მეფე ერეკლე ეხმაურება - ჯანი, გიორგიო, ჯანიო, მაგრამ არც ასეა საქმე. კორონავირუსი საქართველოში ხეირიანად ფეხშემოდგმულიც არ იყო, რომ კახეთში კორონამეტსახელებიც მოიგონეს და დეფიციტად ქცეული ნიღბებიც შეკერეს. ჰოდა, დადიან ახლა პირბადიანი თუ უპირბადო კორონაანთ გივია, კლასტერა თამაზა, უარყოფითა მიხო, კოვიდა მიტუა, კარანტინა მაყვალა და ხუმრობენ! ჰო, ნუ დაგავიწყდებათ, რომ კახეთი ჯერ ისევ "მწვანე ზონად" ითვლება.

ჩვენ კარდანახში კოვიდა მიტუას, იგივე მიტო პარწანკანაშვილს დავუკავშირდით და ცხელ-ცხელი კორონაამბები გამოვკითხეთ.

- ხო გეუბნებოდით, თქვე კაი ხალხო, ხაშლამა, ჩაქაფული, წალამზე შემწვარი მწვადი, კაი ტანინიანი ღვინო, პური და ზედ ჭაჭის არაყი დედაი ტირობს-მეთქი ვირუსებსა! ენდე თუ არა - კახეთში კორონა ჯერ არ შემოსულა!

- ძალიანაც ნუ გაუთამამდებით კახელები ამ ვირუსს. ისე, თქვენისთანა ხალხს მართლაც არ უნდა შეეშინდეს. იმუნიტეტიც გაქვთ და კარგი განწყობაც, ეს კი ვირუსს წარმატებით ებრძვის. ამას ისიც დავუმატოთ, რომ კახელები წესებს იცავთ და ვენახებში სამუშაოდაც კი ნიღბებით დადიხართ. - მა რას ვიზამთ, როცა პატრული მაგ პირბადითვინა ვენახებში დასდევს ხალხსა! ჰოდა, ზოგმა სტოლსაფარი დახია, ზოგმა კიდევ - ფარდა. ალალი იყოს, არ გვენანება! ზოგსაც პატრული იმიტომ გამაეკიდა, მანქანაში სამზე მეტი რითვინა სხედხართო! ჩვენი მეზობელი კარანტინა გელა სწორედ მაგითვინ დააჯარიმეს 3.000 ლარითა, რო დედაკაცი და ორ ბალღი მიჰყავდა ვენახში სამუშაოდა! ცოდვა გამხელილი ჯობს და კარანტინა გელამა ცოტა მეტიცა ქნა - 20-ლიტრიანი შტოფიც წაიღო ვენახში და უკანა კიდევა ცარიელა წამაიღო. ახლა ამბობს, მა რა უნდა მექნა, საცა ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია თოფი, აი, იმ დღიდან მიყვარს 20-ლიტრიანი შტოფიო. ისე, ხალხი იმასაც ამბობს, არჩევნები რომ მოვა, მთავრობა კორონაჯარიმებს ყველას მოუხსნის ხმები გულითვინაო! მაგაზე არაფერი გაგიგიათ?

- არა, არაფერი... კარანტინა მაგ გელას იმიტომ შეარქვეს, რომ კარანტინის დროს ჯარიმა "აიკიდა"? - ასეა. მეც გამამიცვალეს "კლიჩკა". ადრე სიკვდილა მიტუა მერქვა. ვითომ ვინც გვერდით მედგა შრომაში, მეზობელი იქნებოდა თუ ოჯახის წევრი, მუშაობაში ვხოცამდი! ახლა კიდევა კოვიდა მიტუად გადამაკეთეს. რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მამკლავ თუ კოვიდითა, ჩემთვინ სულერთი არ არის?

- არც არაფერი!.. რა მოგყავთ? - მაიონეზი არ მამყამ მარტო, სხვა კი ყველაფერიცა - კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, მარწყვი! მაგრამ ახლა, ცოტა არ იყოს, გულგრილად მამყამ... ეგ უნდა ვთქვა - რას აპირებს მთავრობა? აი, ეს ჩვენი მოსავალი ქალაქში თუ არ ჩავიტანეთ და გავყიდეთ, მერე თითები უნდა ვილოკოთ შიმშილისას? მარწყვს უკვე თავი აქ შეწითლებული. ერთი კვირის მერე რო დამწიფდება, სადღა გავყიდოთ კარანტინში? ლამის არი ე მაგ კორონას გულითვინა გურჯაანმა თელავს ჩაუკეტოს საზღვარი...

- ნუ გეშინიათ, მალე ბაზარიც გაიხსნება და ქალაქიც. თუმცა, ალბათ, ზარალიც იქნება. მართლია, კახეთში ცხვრის ხორცი ისე ჭირს და იმხელა ფასი აქვს, მაგიდაზე დახატულ ჩაქაფულს დგამენ კახელებიო?!

- იგრე რა უთხარ მაგი მთქმელსა! აქ ჩამოვიდეს და ნახოს, ცხვირზე რასაც დავახატამთ! კახეთში ვინცა შრომობს და ცოცხლობს, იმაი ცხვარიცა ჰყავს, ძროხაცა და ჯვარი სწერია, მკვდარიცა, ოღონდაც - 100 წელს რო გადასცილდება, ის ხალხი! აი, მაგაში კი გავიჭედეთ ყველაზე ძაან.

- სად გაიჭედეთ?! - ახლა ხო ქელეხები გაუქმებული გვაქ და უკვე იმის ბჭობაში ვართ, ჯვარი გვწერია და, რო რამე იყოს, ორმა კაცმა სასახლე როგორ ვატაროთ. მესამე ხო შიგა წევს, სასახლეშია და... ოთხის ერთად სიარული კიდევა არ შეიძლებაო! ჩვენა, კაცო, ქრისტიანები ვართ, "პროსტინაში" შეხვეულს ხომ არ წავიღებთ მიცვალებულსა?!