"სამწუხაროდ, დიდი "დასვენება" გამოგვივიდა" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, დიდი "დასვენება" გამოგვივიდა"

"ჩვენ ახლა ვირუსის ნარჩენებს ვებრძვით, იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და ამას აღარასოდეს გავიხსენებთ"

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ინგლისური ენის მასწავლებელი ჯუნ ფუ, ქალაქ შენჯენში ცხოვრობს და ქართველების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილია. მან სიამოვნებით გვიამბო იმ დღეებზე, როდესაც ჩინეთში ეპიდემია დაიწყო, იმავდროულად, იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც თავის ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მიიღო.

- ჩემთვის დიდი პატივია, რესპონდენტად რომ შემარჩიეთ, რადგან საქართველო ყოველთვის ჩემს გულშია. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა, მყავს ქართველი მეგობრები, რომლებმაც რამდენიმე ქართული სიტყვაც მასწავლეს, იმედია, ტურისტული მოგზაურობით გეწვევით კიდეც. მე ქალაქ შენჯენში ვცხოვრობ. შენჯენი დიდი ქალაქია ჩინეთის სამხრეთით, გუანჯოუსა და ჰონკონგთან ახლოს. ჩემი ქალაქი ამდენ ხანს ინდუსტრიული და ბიზნესზონა იყო, იმედია, ასეც იქნება მომავალში. ოჯახში ხუთნი ვართ. კორონავირუსის გამოჩენამდე ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი სკოლაში. სამწუხაროდ, დიდი "დასვენება" გამოგვივიდა.

- როდის გაიგეთ ვირუსის შესახებ და როგორი იყო პირველი მითითებები ან შეზღუდვები?

- ნათლად მახსოვს ის დღე. ჩინურ ახალ წლამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ახალი წელი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, ოჯახის წევრები ერთად ვზეიმობთ, წელს კი ძალიან სევდიანი ახალი წელი გვქონდა.

ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან სახელმწიფოს რეკომენდაციებს ვიცავდით. მთავარი იყო დავრჩენილიყავით სახლში და ყველაფერი ონლაინაპლიკაციებით შეგვეძინა. ბევრი, ვინც შენჯენში ჩამოსული იყო სამუშაოდ სხვა ქალაქებიდან თუ პროვინციებიდან, უკვე ისედაც გამგზავრებული იყო თავის ოჯახის წევრებთან ერთად ახალი წლის შესახვედრად. სახელმწიფომ პირველი დღეებიდანვე დაკეტა სკოლები, გაჩერდნენ ქარხნები, დაიკეტა რესტორნები... შენჯენის ქუჩები დაცარიელდა.

ეპიდემიის დროს რამდენიმე მკაცრი რეგულაცია დაწესდა: მაგალითად, თუ მეტროთი სარგებლობა დაგჭირდებოდა, აუცილებლად უნდა გაგევლო რეგისტრაცია და ნიღბით ჩასულიყავი. უნიღბოდ მეტროში ჩასვლის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებოდით, ამიტომ მეტროში უნიღბოდ ჩასული ადამიანი არავის უნახავს. რეგისტრაციას გადიოდა სატრანსპორტო საშუალებების ყველა მგზავრი, რომლებიც ქალაქში შემოდიოდნენ თუ გადიოდნენ. ვფიქრობ, რეგისტრაციამ მისცა საშუალება ქვეყანას, რომ თავიდან აეცილებინა ახალი გავრცელების კერები, რადგან ვინ, სად და რა მიმართულებით გადაადგილდებოდა, იოლად მოსაძებნი იყო.

ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში სახელმწიფომ მოგვიწოდა ქალაქგარეთ, მცირედ დასახლებულ ადგილებში წავსულიყავით და იქ იმდენ ხანს დავრჩენილიყავით, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნებოდა. სწორედ ეს რჩევა გავითვალისწინეთ მე და ჩემმა ცოლმა და პროვინცია ჰაინანში წავედით. იქ ძალიან ცოტა ხალხია, მეტი სივრცეა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობაც. ჰაინანში მთელი ერთი თვე დავყავით. როდესაც შენჯენში დავბრუნდით, ქალაქის შესასვლელში დაგვხვდა პოლიცია, რომელმაც შეგვიმოწმა საბუთები, გაგვატარა რეგისტრაციაში, გაგვიზომა სიცხე და რაკი არ გვქონდა დაავადების ნიშნები, დაუბრკოლებლად შეგვიშვეს ქალაქში, თუმცა შემდეგი ათი დღე თვითიზოლაციაში გავატარეთ.

- ეპიდემიის დროს საკვების გარდა, სხვა პროდუქტების ონლაინშეძენა შეგეძლოთ? - არა, საკვების გარდა ვერაფერს იყიდდი, მაგრამ ეს შეზღუდვა მალე მოიხსნა. ეპიდემიის დაწყებიდან დაახლოებით ორ კვირაში ნებისმიერი საჭირო ნივთის ყიდვა შეგეძლო, ასევე მისცეს უფლება რესტორნებსაც მზა კერძები ონლაინ ან გატანით გაეყიდათ. თავისუფლება ჩვენც მოგვეცა და ბიზნესმაც ამოისუნთქა.

- ჩვენს აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების შოვნა დიდი პრობლემაა, თქვენთან რა ხდებოდა? - დიდ ქალაქებში ეს პრობლემა არ იდგა, უფრო პროვინციებს გაუჭირდათ, მაგრამ ეპიდემიის დაწყებიდან, დაახლოებით ორ კვირაში, სამედიცინო ნიღბების ყიდვა ყველგან შეიძლებოდა. გარდა ამისა, არც ერთი პროდუქტი, რომლებიც თავდაცვის მიზნით გვჭირდებოდა და დღემდე გვჭირდება, არ გაუძვირებიათ მთავრობის მკაცრი დადგენილების გამო, რომლის თანახმადაც, ამ წესის დამრღვევებს პატიმრობა ემუქრებათ.

- ანუ ფასებმა მაინც მოიმატა? - დიახ, საკვებ პროდუქტებზე დაახლოებით 15-20%-ით, მაგრამ ახლა ფასები იმ ნიშნულს უბრუნდება, რომელიც ვირუსამდე გვქონდა.

- ეპიდემიის დროს ტელევიზიით რას გადმოსცემდნენ? - ტელევიზიები საეთერო დროის დაახლოებით 60%-ს კორონას უთმობენ, გვიყვებიან, რამდენად საშინელია ეს ვირუსი, გვიამბობენ ადამიანურ ისტორიებს.

ამდენი ჩემს ცხოვრებაში არ მიტირია, რადგან ეს ისტორიები, თუ როგორ დათმეს ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლისთვის და ნებაყოფლობით თქვეს უარი სასუნთქ აპარატზე, სულისშემძვრელია. ძალიან ბევრი სიუჟეტი გაკეთდა ექიმებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც წარმოუდგენელი შრომა გასწიეს ჩვენს გადასარჩენად. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დაიღუპა.

თუმცა მხოლოდ მძიმე ამბებით არ შემოიფარგლება ჩვენი ტელევიზია, გადაცემების დაახლოებით 40% იმედისმომცემია, თუმცა ვიცით სიმართლეც.

- ჩინეთი უკვე უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს? - ბიზნესის უმეტესი ნაწილი უკვე ოპერირებს, ოღონდ სკოლების გახსნის ფუფუნება ჯერ არა გვაქვს, ამიტომ ონლაინგაკვეთილებზე გადავედით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშობლების ძალიან დიდი ნაწილი არც ისე დიდ ენთუზიაზმს იჩენს ამ მხრივ, ამიტომ ჩემი შემოსავლის 80% დავკარგე. ახლა ჩემს სიმამრს ვეხმარები ფერმაში - ეს ორმხრივად სასარგებლოა, მასაც სჭირდება დახმარება და თან მე შევავსებ ოჯახის ბიუჯეტის დარღვეულ ბალანსს.

ადამიანები ახლა გაცილებით თამამად გამოდიან გარეთ, მუშაობა დაიწყეს კვების ობიექტებმაც, რაც სიცოცხლით ავსებს ქალაქს.

ამას წინათ ცოლთან ერთად რესტორანში ვიყავი, დარბაზში უამრავი ცარიელი მაგიდა იდგა, გარეთ კი ადამიანები მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს.

- არ შემიძლია არ გკითხოთ შინაურ ცხოველებზე, ძირითადად, ძაღლებზე, რადგან კატებს არ უჭირთ დახურულ სივრცესთან შეგუება. ნებადართული იყო მათი ქუჩაში გაყვანა? - ჩემს მეგობარს ჰყავს დიდი ძაღლი და კარანტინის დროს სახლიდან არა გაჰყავდა. ონლაინ გამოიწერა ძაღლის მოვლის საშუალებები, ათასნაირი საფენები, საწმენდები. ძაღლისთვის ვარჯიშების კურსიც შეისწავლა. ქუჩაში არც ერთი ძაღლი არ დამინახავს კარანტინის დროს.

- რა შეცვალა კორონა ვირუსმა თქვენს ცხოვრებაში? - ვირუსმა ბევრი რამ გვასწავლა, უმთავრესად ის, რომ სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვირუსის გამო ჩემი შემოსავლის უდიდესი ნაწილი დავკარგე, მაგრამ უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელია და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

ჩვენ ახლა ვირუსის ნარჩენებს ვებრძვით, იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და ამას აღარასოდეს გავიხსენებთ.

ჩინური "კოვიდომი"

ჩინეთი, რომელიც ბოლო ათწლეულში მსოფლიო სასაქონლო ბაზრის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა და ამით წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გადანაწილების რიგითობა შეცვალა, მეოთხე თვეა აღარავის აინტერესებდა როგორც კონკურენტი მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველაზე დიდი მედიასაშუალებები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ ბოლო დღეებისა და კვირების ჩინურ "კოვიდომზე", მაგალითად, სი-ენ-ენი წერს, რომ "ჩინეთმა აკრძალა კორონავირუსზე კვლევების საჯაროდ გამოქვეყნება იმ კვლევების გარდა, რომლებიც გაივლის ცენზურას, რადგან ეს თემა ჩინეთისთვის ტოპუშიშროების საკითხია".

უფრო ვრცლად აშუქებს ჩინურ "კორონაეპოპეას" "ალ-ჯაზირა", რომელიც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "ჩინეთმა ბოლო დღეებში 90%-ით შეამცირა საზღვრების გადაკვეთა მეზობელ ქვეყნებთან. ამის მიზეზად პეკინი მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ცდილობს შეამციროს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევები, ეს მაინც დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მთიან რეგიონებში ადამიანები საცალფეხო ბილიკებით მიმოდიან. ამის პარალელურად ჩინეთში კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევები მატულობს".

"ნიუ-იორკ თაიმსი" კი გვატყობინებს, რომ "ბოლო თვის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის ახალ ტალღას სამშობლოში სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული ჩინელები იწვევენ". მისი ინფორმაციით, "13 აპრილის მონაცემებით, აქ მხოლოდ 100 დადასტურებული შემთხვევა იყო, რაზეც პეკინი აცხადებს, რომ აქედან 98 ჩინეთში ახალჩამოსულ პირებს უკავშირდება, რომელთა უდიდესი ნაწილიც მათივე მოქალაქეა".

"ნიუ-იორკ თაიმსი" ასევე გვაწვდის ინფორმაციას 10 აპრილს რუსული აეროფლოტის რეისზე მოსკოვი-შანხაი, რომლის "სამოცი მგზავრიდან სამოცივე ინფიცირებული იყო" და იქვე აგრძელებს განსჯას "მედლის ორი მხარის" შესახებ. საქმე ის არის, რომ "რუსეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, იანვარში, სასწრაფოდ ჩაკეტა ჩინეთთან საზღვარი, მაგრამ მედლის მეორე მხარეს ახლა თავადაა, რადგან ახლა პეკინს პრიმორსკის რაიონიდან ჩინეთში გადასვლა მაქსიმალურად შეზღუდული აქვს, ჩინელ მოსახლეობას, რომელიც ახლა რუსეთიდან ცდილობს გადასვლას თავის ქვეყანაში, დარჩა ერთი გზა - ვლადივოსტოკიდან საზღვრის ფეხით გადაკვეთა". ამის შესახებ განცხადებას ჩინეთის საკონსულო ვლადივოსტოკშიც ავრცელებს. როგორც ოფიციალურ განაცხადში ნათქვამია, ამ დროისთვის 240 ინფიცირებული ჩინელი უკვე გადაყვანილია ვლადივოსტოკის გავლით სამშობლოში. ამ ინფორმაციას უკავშირდება ცნობაც საზღვრის ამ მონაკვეთთან ახლოს ჩინელების მიერ სასწრაფოდ აშენებული საავადმყოფოს შესახებ. როგორც "თაიმსი" წერს, ეს პეკინის ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსეთში მხოლოდ 12 აპრილის მონაცემებით კორონავირუსის 16 000 შემთხვევა და მინიმუმ 130 გარდაცვალება დადასტურდა, მიუხედავად ამისა, მოსკოვი საკუთარ მოსახლეობას დიდად არ ამოწმებს".

რუსულ პრობლემაზე ლაპარაკობს "გარდიანიც", რომელიც წერს, რომ "ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღა სწორედ რუსეთს და ვირუსთან ბრძოლის მის მეთოდებს უკავშირდება. ამის გამოა, რომ რუსეთის საზღვართან, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, ხუბეის პროვინციაში, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის სუიფენი და ხარბინი, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. სწორედ ხუბეის პროვინციაა ახლა ჩინეთში კორონავირუსის განმეორებითი ტალღის ახალი წერტილი.