ერთი ფოტოს 6 გმირი - კვირის პალიტრა

ერთი ფოტოს 6 გმირი

ყველამ ნახა სოციალური ქსელით გავრცელებული თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დერეფანში გადაღებული ფოტო, რომელზეც კორონავირუსთან მებრძოლი მედიკოსები არიან აღბეჭდილი. ლევან რატიანის მეთაურობით ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლები დღეს ჩვენთვის ყველაზე საიმედო და საამაყო ადამიანები არიან. გადავწყვიტე, ფოტოზე აღბეჭდილები მომეძებნა და თქვენთვის გამეცნო. ამისთვის თავდაპირველად ფოტოს ავტორი ვიპოვე, ამავე კლინიკის ექთანი, 21 წლის ხატია ხოხობაშვილი - ფუსფუსა, გულისხმიერი და თავმდაბალი, ხატიას დახმარებით კი ყველა ფოტოგმირი გავიცანი.

ჯანო ონიანი, ექიმი-რეზიდენტი: - იმ დღეს განყოფილებაში ჩვეულზე მეტი ავადმყოფი გვყავდა. შემოვლა დავამთავრეთ. ყველა პაციენტი სტაბილურად იყო, უკვე ეძინათ და ჩვენც, დაღლილები, დერეფანში შევგროვდით. ჯერ ერთი დაჯდა, მერე - მეორე... ვსაუბრობდით, როგორ შეცვალა კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება. ჩვენიც... ყველაფერის გადაფასებას ვიწყებთ... სწორედ ამ დროს გადაიღო ეს ფოტო ჩვენმა კოლეგამ; მეორემ ატვირთა, მოგვნიშნა და ასე გავრცელდა. ვერც გავაცნობიერეთ, რა მოხდა, არადა, სადაც შევდიოდით ყველგან ეს ფოტო გვხვდებოდა. ცოტა დავიბენით კიდეც. რატომღაც ეს ფოტო გახდა პოპულარული, არადა, ჩვენც ისევე ვმუშაობთ და ვცხოვრობთ, როგორც სხვა მედიკოსები, არაფრით გამოვირჩევით...

26 წლის ვარ, რეზიდენტურას ლევან რატიანის ხელმძღვანელობით გავდივარ. ბატონ ლევანს უნდა, მისი სტუდენტები ყველაზე კარგები ვიყოთ ჩვენს საქმიანობაში, ამიტომ რეზიდენტების მიმართ ძალიან მომთხოვნი და მკაცრია. ყველაზე მეტად ცოდნას აფასებს. განსაკუთრებულად უყვარს პაციენტები, გამორჩეულია მათდამი დამოკიდებულებით, ასევე - თავისი ცოდნითა და პროფესიონალიზმით... ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ექიმის პროფესია ავირჩიე, პირიქით, ვამაყობ. დედა და ბებიაც ექიმები არიან, ბაბუა კი გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის მთავარი ექიმი გახლდათ. ისეა უკვე ჩემი გონება და ცხოვრება მოწყობილი, რომ კლინიკის გარეშე არ შემიძლია.

ნანა ლაზარაშვილი: - სამედიცინო ინსტიტუტის მე-6 კურსზე ვარ და ექთნად ვმუშაობ. იმ რეგიონიდან გახლავართ, რომელიც პირველი მოხვდა კარანტინში - ბოლნისელი ვარ. თითქმის ორი თვეა, ოჯახის წევრები არ მინახავს. ეს ფოტო მათაც ნახეს. სრულიად შემთხვევით გადავიღეთ - ჩვენმა ცვლამ მუშაობა დაამთავრა, მერე დერეფანი დავასუფთავეთ, დამცავი სამოსი გავიხადეთ, გამოვედით ნეიტრალურ ზონაში და ძალაგამოცლილები დავსხედით. სწორედ მაშინ გადაგვიღეს.

- ფოტოზე რომ ფორმები გაცვიათ?

- რაც ამ ფოტოზე გვაცვია, მაგის ზემოთ კიდევ ვიცვამთ დამცავ სამოსს და ისე შევდივართ პაციენტებთან. ამ ფორმით მხოლოდ ნეიტრალურ ზონაში შეგვიძლია ყოფნა. ჩვენი ფოტო რომ ასეთი პოპულარული გახდა, გაგვიკვირდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა კიდეც. მთავარი ის არ არის, გვიცნობენ თუ ვერა, სასიამოვნოა, რომ ადამიანებმა დაინახეს - ძალ-ღონეს არ ვიშურებთ და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. მხოლოდ ოჯახის წევრებმა მიცნეს. უხარიათ და ამაყობენ ჩემით.

საბა ობოლაძე, ექიმი-რეზიდენტი: - ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ფოტო მთელ საქართველოს მოივლიდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვის. უცხო ადამიანები გვწერენ, პატივისცემას გამოხატავენ, გვამხნევებენ...

- ასე აღჭურვილები ვინმემ გიცნოთ, რომელი რომელი ხართ? - მხოლოდ ჩემმა დამ მიცნო. დამირეკა, ფოტო ვნახე და ჯდომის მანერით გიცანიო. ისე ვართ ჩაცმული, ზოგს ეგონა, მხოლოდ მამაკაცები ვისხედით.

ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. მამაც ექიმი მყავს, ბაბუაც ექიმი იყო... ამ დღეებში ვრწმუნდები, რომ პროფესია სწორად ავირჩიე. რეზიდენტი ვარ. ჩემი ხელმძღვანელი ლევან რატიანი უფრო მაქსიმალისტია, ვიდრე - მკაცრი. მიზანდასახულია. როცა ის პაციენტზე ლაპარაკობს, ხვდები, რომ მის შემთხვევას აღიქვამს, როგორც პირად ბრძოლას და ამ ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს. ძალიან კეთილია. ყველა პაციენტთან უშუალოა, ამხნევებს. სულ კითხულობს და სამედიცინო სიახლეების ავანგარდშია. პირველი ცნობები რომ გაჩნდა ახალი კორონავირუსის შესახებ, სანდო სამედიცინო წყაროებში ამ თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს გვიგზავნიდა. ალბათ, ამის გამოა, რომ ჩვენი კლინიკა მომზადებული შეხვდა დაავადებას, კარგი შედეგებიც გვაქვს და იმედია, ასე გაგრძელდება. ჩემთვის ბატონ ლევანთან ორწუთიანი საუბარიც კი საკმარისია, რომ თვეები გავატარო მუდმივ კითხვაში, სწავლაში, ძიებაში, კვლევაში...

- მარტო ცხოვრობთ თუ ოჯახთან ერთად? - მარტო, რადგან არსებობს რისკი, რომ სამედიცინო პერსონალი ამ დაავადების გამავრცელებელი გახდეს. თანამშრომლების ნაწილი საკუთარი მანქანით დადის სამსახურში, ნაწილს კი სპეციალურად გამოყოფილი მანქანები ემსახურება. ურთიერთობა არავისთან გვაქვს - არც ოჯახის წევრებთან, არც მეზობლებთან... ვისაც არ აქვს საშუალება, რომ მარტომ იცხოვროს, თანამშრომლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა...

ჯენი ჯანხოთელი: - მომავალი ექიმი ვარ. წელს დავამთავრე მედიცინის ფაკულტეტი და ვემზადები რეზიდენტურისთვის. ამ ბრძოლაში მეც მინდოდა შემეტანა წვლილი. რას ვიფიქრებდით, ასე თუ გავრცელდებოდა ჩვენი ფოტო... ყველამ ნახა...

- ლევან რატიანმა რომ ნახა, რა თქვა? - გვითხრა, გასაგებია, რომ იღლებით, მაგრამ ექიმები ხართ და თქვენი დაღლილობა პაციენტებს არ უნდა დაანახოთო. თან მკაცრია, თან - მეგობრული, თან - სამართლიანი. არც ერთი დეტალი არასდროს გამორჩება, აუცილებლად დაგიფასებს შრომას. ხშირად გვამხნევებს და მოტივაციას გვიმაღლებს. მართლაც დღესა და ღამეს კლინიკაში ატარებს. მას არ ეხება არც დღესასწაული, არც დასვენების დღეები. დიდ გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. ისე ენერგიულად შემოდის, მუშაობას გვანდომებს. მართლაც მოტივატორია.

შორენა ცაავა, ექთანი: - ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც დასთანხმდა კორონაინფიცირებულებთან მუშაობას. დარწმუნებული ვარ, მედიცინის მუშაკი რომ არ ვყოფილიყავი, მაინც ამ ადამიანებზე მზრუნველთა რიგებში ვიდგებოდი, რათა ჩემი წვლილი შემეტანა უხილავ მტერთან ბრძოლაში. პირველი შემთხვევის შემდეგ შვილები აღარ მინახავს. მენატრებიან, მაგრამ დაზღვეული არავინ ვართ, ამიტომ მხოლოდ ვირტუალურად ურთიერთობას ვახერხებთ. მიყვარს ჩემი პაციენტები. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. ამ ბრძოლამ ჩემი პროფესია უფრო შემაყვარა.

ლანა ბჟალავა, ექთანი: - მეორე პროფესიით ბიოლოგი ვარ. ვინც რისკჯგუფში შედიოდნენ, ის თანამშრომლები თავიდანვე გაათავისუფლეს, ხოლო ვისაც სურვილი გვქონდა, ნებაყოფლობით ჩავერთეთ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. დედაჩემმა დიდხანს არ იცოდა, რომ ასეთ ავადმყოფებთან ვმუშაობდი - არ მინდოდა, ენერვიულა. ახლა ნელ-ნელა შევაგუე. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. მედპერსონალი ყველა მათგანის ჯანმრთელობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. არც ურთიერთობა გვიჭირს.

- ძირითადად რას გეკითხებიან? - "როდის წავალთ"? "რა პასუხი მოვიდა"? "როგორ ვიქნები"? ჩვენ ვარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან საიმედო ხელში არიან. მართლაც ასეა.

...იმ დღეს ბევრი პაციენტი გვაკითხავდა. ვისაც სიცხე ჰქონდა ან ყელი სტკიოდა, ყველას კორონავირუსი ეგონა. ამიტომ ვართ ფოტოზე ასეთი დაღლილები. ბევრი ვერ გვცნობს, თუმცა პაციენტები გვცნობენ. ისე შრომობთ, იმსახურებთ სიყვარულს, ამიტომაც აიტაცა თქვენი ფოტოები ხალხმა და დაგაფასათო, გვეუბნებიან.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლა ჩვენთვის გამოწვევაა. ამ ბრძოლაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ბატონი ლევანი ყოველთვის გვამხნევებს, ერთად ყველაფერს შევძლებთო და მოგვიწოდებს, თავს გავუფრთხილდეთ.