"18 წელია ომში ვართ, მაგრამ მშვიდობაც გვაშინებს" - კვირის პალიტრა

"18 წელია ომში ვართ, მაგრამ მშვიდობაც გვაშინებს"

"შრომა არ გვეზარება და თითო ძროხა მაინც რომ გვიყიდოს მთავრობამ, თავს როგორმე გავიტანთ"

იმ დღეს თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. დიდი ხანია მინდოდა ომგამოვლილ ლიახვის ხეობაში ჩასვლა, ამიტომ უამინდობამაც ვერ შემიშალა ხელი და კონფლიქტის ზონაში დილაადრიანად გავემგზავრე. გორის შემდეგ, ვიდრე ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებს მივადგებოდით, კარალეთი, ტირძნისი, ტყვიავი და ბროწლეთი გავიარეთ. ახალმოსულ თოვლს იქაურობა გადაეთეთრებინა, მაგრამ ომის კვალი მაინც ვერ წაეშალა - გზადაგზა დაბომბილი, გადამწვარი სახლები გვხვდებოდა, დევნილების რამდენიმე კომპაქტური დასახლებაც გავიარეთ.

ქართული ბლოკსაგუშაგოს გავლის შემდეგ სოფელ მეღვრეკისში შევედით. აქედან დე ფაქტო საზღვრამდე მხოლოდ ორიოდე კილომეტრია, ბილიკებით კი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლა რამდენიმე წუთში შეიძლება. რამდენიმესაუკუნოვანი სოფლის ციხე-კოშკიდან ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს. თურმე, სოფლის მოსახლეობა ამ ციხესიმაგრეში ჯერ ოსიანობის დროს იმალებოდა, მერე გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს აფარებდნენ თავს, ბოლოს კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყენებდნენ თავშესაფრად.

ომის დროს სოფელი მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაიცალა და რუსი ოკუპანტების სათარეშოდ იყო ქცეული. რამდენიმე სახლის ჭიშკარს მათი ხელწერა დღემდე აჩნია, აქა-იქ დამწვარი და ჭურვებისგან დანგრეული სახლებიც გვხვდება. ომი დამთავრდა, მაგრამ ნაომარ სოფელში სიმშვიდემ მაინც ვერ დაისადგურა: დროდადრო ცხინვალიდან სროლა ისმის და ყოფითი პრობლემებიც უმძიმებთ ცხოვრებას.

KvirisPalitra.Geთამარ ქებაძე, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი: "ომის დროს სოფელი 10 აგვისტოს დავტოვე. მაშინაც არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მეუღლე მყავდა ავად, ინსულტი ახალი გადატანილი ჰქონდა და იძულებული გავხდი, გავცლოდით აქაურობას. თანაც, რუსები შემოდიოდნენ. მამაკაცები მაინც არ ტოვებდნენ სოფელს, მაგრამ როდესაც სოფელში რუსული ტანკები გამოჩნდნენ, ძარცვა, მაროდიორობა და კაცის კვლა დაიწყეს. დაბომბვის დროს ჩვენი თანასოფლელები ოთარ და ჰამლეტ მაისურაძეები დაიღუპნენ.

მოხუცი ქალი, რომელმაც სოფელი არ დატოვა, ოსი იყო და სოფელში შემოსულ მძარცველებში ცხინვალელი ოსი ამოიცნო. ამის გამო ის ქალი თავისი სახლის ეზოში კასრში დაახრჩვეს.

დევნილობიდან რომ დავბრუნდით, აღარც პირუტყვი დაგვხვდა და აღარც ფრინველი. პირწმინდად წაუსხამთ ოკუპანტებს. არადა, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო. წელს მოსავალიც არ მოვიდა და გასაყიდიც არაფერი გვაქვს. ალბათ, ძალიან მძიმე გაზაფხული გველოდება. შრომა არ გვეზარება და თითო ძროხა მაინც რომ გვიყიდოს მთავრობამ, თავს როგორმე გავიტანთ. არადა, დაცარიელდება ისედაც სანახევროდ ცარიელი სოფელი და უფრო იოლი ლუკმა გახდება დამპყრობლისთვის, რომელიც აგერ ყურის ძირშია. ცხინვალის სამხედრო ბაზაში ტანკებს რომ ქოქავენ, ხმა ჩვენამდე აღწევს. ხშირად - აფეთქებების ხმაც. ამბობენ, წვრთნები აქვთო.

დე ფაქტო საზღვარს მიღმა ნათესავებიც გვყავს. გვინდა მოვიკითხოთ, მაგრამ ვერ ვბედავთ, რადგან ვიცით, რომ ოკუპანტები სატელეფონო საუბრებს უსმენენ".

გია ქებაძე, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი: "მას შემდეგ, რაც ოსებმა ტირიფონის სარწყავი არხი გადაგვიკეტეს, გაეროს დაფინანსებით სოფელ ნიქოზის მახლობლად, მდინარე ლიახვზე კაშხალი აშენდა, მაგრამ იმის გამო, რომ სოფლის მოსახლეობა ელექტროენერგიის ფულს ვერ იხდის, სარწყავ წყალს არც ჩვენები გვაძლევენ. არადა, რა დღეები გადავიტანეთ ომის დროს, გახსენებაც კი მზარავს.

რუსული ბეტეერები რომ შემოვიდნენ სოფელში, ჯერ კიდევ აქ ვიყავი. ერთ-ერთიდან თავი ამოყო რუსმა სამხედრომ და გადმომძახა, ნარკოტიკი და ქალები გვინდა და სად ვიშოვითო. გავბრაზდი და ვუპასუხე, ქალები თქვენკენ მოიკითხეთ-მეთქი.

სანამ რუსები სოფელს დატოვებდნენ, ჭალებში ვათევდით ღამეს, ხანაც ამ ციხე-კოშკს ვაფარებდით თავს.

დაბომბვის შემდეგ ჩემს სახლს ერთი მინაც არ შერჩა, მაგრამ არც ეს ზარალი ამინაზღაურეს. სახურავიც საცერივით დაცხრილა კასეტურმა ბომბმა და სამი ტომარა გაქვავებული ცემენტის გარდა არაფერი მოუციათ, ამიტომ თავად შევაკეთე".

KvirisPalitra.Geგელა მაისურაძე, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი: "ოკუპანტებმა სახლში არაფერი დამიტოვეს, ავტომობილი "ურალი" მყავდა, დატვირთეს ჩემი ავლადიდებით და გაიტაცეს. ომი რომ დამთავრდა, ტირძნისის პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს და განცხადება დამაწერინეს, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას დღემდე ველოდები. ამბობენ, რომ ჩვენი ამბავი სტრასბურგში უნდა გადაწყდეს. კომპენსაცია მხოლოდ მათ მისცეს, ვისაც ომის დროს სახლი დაენგრა ან დაეწვა. ერთი კოლოფი საღებავი მაინც გაემეტებინათ, რომ ჭიშკარი გადამეღება და ოკუპანტების თარეშის კვალი წამეშალა. ჩემნაირად სოფელში არავინ დაზარალებულა, მაგრამ შაურიც კი არავის მოუცია".

მეღვრეკისის შემდეგ, დე ფაქტო საზღვრამდე კიდევ ერთი ქართული სოფელი - ერგნეთია. რამდენიმე სახლი თითქმის ოკუპანტების ბლოკსაგუშაგოს ესაზღვრება. ხშირად ოჯახები იძულებული არიან, იქაურობას გაერიდონ და ქირით იცხოვრონ. ერგნეთი მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია. გამუდმებულ შიშსა და დაძაბულობაში ცხოვრებას ბევრმა კონფლიქტის ზონიდან მოშორებით დასახლება არჩია და მთავრობისგან მიღებული კომპენსაციით ომის დროს დანგრეული კერა აღარ შეაკეთა. ზოგმაც შვილები გაარიდა იქაურობას და სიბერის გატარება საკუთარ კარ-მიდამოში, გადამწვარი სახლის გვერდით აშენებულ ერთოთახიან კოტეჯში გადაწყვიტა.

გლეხის მარჩენალი პირუტყვი ოკუპანტებს ერგნეთიდანაც პირწმინდად წაუსხამთ. სოფელში უმრავლესობა მოხუცია. ვინც სოფელი არ მიატოვა, ამბობენ, რომ ყოველ დილით ცხინვალიდან სროლის ხმა აღვიძებთ, მაგრამ წასვლას მაინც არსად აპირებენ. სოფლის ბირჟაზე მამაკაცებმა ისიც კი თქვეს, რომ ცოტა ხნის წინ სოფელ ნიქოზის მიმართულებითაც ისროლეს, რის შემდეგაც ქართული სპეცრაზმი ნიქოზის მინდვრებში განლაგდა. ისე კი თურმე მთელ პერიმეტრს 4-5 ქართველი სამართალდამცავი აკონტროლებს.

"ფაქტობრივად, სოფელი დაუცველია, საიდანაც და როცა უნდათ, მაშინ შემოვლენ ოსები სოფელში. შემოდიან კიდეც მინდორ-მინდორ, სოფლიდან ცენტრალურ საავტომობილო ტრასაზე გადიან სოფელ ტირძნისთან, იქიდან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გორში ჩადიან.

ცხინვალიდან გადმოსული რამდენიმე ქალი დააკავეს კიდეც, მაგრამ ყველას გადაადგილებას ვერ აკონტროლებენ. დიდსის მინდვრების 10-15-კილომეტრიანი გზა ფაქტობრივად მთლიანად დაუცველია. ცოტა ხნის წინ ბეტონის ბოძებით დე ფაქტო საზღვარი კიდევ უფრო გააფართოეს და ვანათის სარწყავი არხი თავის საზღვრებში მოაქციეს, რომ წყლით ვეღარ ვისარგებლოთ. ისე ეპატრონებიან ჩვენს მიწებს, რომ ხელის შემშლელიც არავინ ჰყავთ", - ამბობს მოსახლეობა.

KvirisPalitra.Geალექსი მამისაშვილი, სოფელ ერგნეთის მკვიდრი: "მთელი სახლი დაგვეწვა. ყველაზე მეტად გული წიგნებზე მწყდება, "ვეფხისტყაოსნის" თითქმის ყველა გამოცემა მქონდა. კომპენსაცია მომცეს, მაგრამ 15.000 დოლარი ამ სახლის აღდგენას არ ეყოფა. თანაც, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ-ზეგ ისევ არ გავხდებით საჰაერო იერიშის მსხვერპლი, რადგან კონფლიქტის ზონაში ნელი მოქმედების ნაღმზე ვცხოვრობთ. ამიტომ იმ ფულით შვილები გავარიდეთ აქაურობას, მე და ჩემი მეუღლე კი ამ ქოხში ვცხოვრობთ, რომელსაც ხელისუფლება კოტეჯს ეძახის. ერთოთახიანი ფარდულია, სადაც ისე ცივა, როგორც გარეთ. პენსიის ანაბარა ვართ და თვიდან თვემდე თავი ძლივს გაგვაქვს. ახლაც პენსიას ველოდები, ფქვილი რომ ვიყიდო, რადგან უკვე დიდი ხანია აღარც ფულადი და არც სურსათით დახმარება აღარ მიგვიღია. რამდენიმე ქათამი ძლივს მოვაშენე და ამათ შევყურებთ მოხუცები.

ამ ქოხის ფანჯრიდან ჩემს გადამწვარ კარ-მიდამოს რომ ვუყურებ, გული მეთუთქება. 18 წელია ომში ვართ, მაგრამ მშვიდობაც გვაშინებს, რადგან არსებობა ხომ გვინდა? საწყალი ხალხის საშველი არც ომში იქნება და არც მშვიდობიანობის ჟამს".

წამოსვლისას ისეთი რამეც მიამბეს, რასაც ახლა უკვე ხალისით იხსენებენ. რუს ოკუპანტებს ტარიელ კაცაძისთვის ძროხა მოუპარავთ და დაუკლავთ, პატრონს კი ქურდი დამპყრობლებისთვის ცხელ კვალზე მიუსწრია, არა ხართ თქვენ კარგი ხალხიო, - უთქვამს ბრაზმორეულ მოხუცს და გასცლია იქაურობას. "უნამუსიათ" ოკუპანტებს და ძროხის ერთი ბარკალი ჭიშკართან დაუტოვეს ბატონ ტარიელს.