გვეწეოდეს წმინდა დიდმოწამე, უვერცხლო მკურნალი პანტელეიმონი! - კვირის პალიტრა

გვეწეოდეს წმინდა დიდმოწამე, უვერცხლო მკურნალი პანტელეიმონი!

"ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდმა მოწამემ და დიდმა მკურნალმა, უანგარო მკურნალმა, გადაარჩინოს და მშვიდობით გადაატანინოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ყველა მესვეურსა და გულშემატკივარს ამ ჩვენი ხალხისას, ეს რთული პერიოდი"

სრულად მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს - დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია!

"კვირის პალიტრა" მსოფლიო განსაცდელის ჟამსაც არ არღვევს ტრადიციას და თავის მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

სანთლები საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. რაც შეეხება ხატს - ამჯერად მკითხველი საჩუქრად უვერცხლო მკურნალის, წმინდა პანტელეიმონის მე-13 საუკუნის ხატის ასლს მიიღებს. ამ ხატის ორიგინალი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.

წმინდა პანტელეიმონი სნეულთა მკურნალი და დავრდომილთა მანუგეშებელია, მასთან უამრავი სასწაულებრივი კურნებაა დაკავშირებული.

ტრადიციულად, გაზეთის გამოსვლამდე ხატებიცა და სანთლებიც სტამბა "კოლორში" კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა: "სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვულოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, 2020 წლის აღდგომას. დღესასწაულს, რომელიც აღნიშნავს სიცოცხლის მიერ სიკვდილის დამარცხებას და დათრგუნვას.

ღმერთმა ინებოს, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს მშვიდობით, წესრიგით, სულით და ხორცით ჯანმრთელად გადაევლოს ეს განსაცდელებით სავსე პერიოდი.

გაგრძელდა ის არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში არ ღალატობს ჰოლდინგი "პალიტრამედია" გაზეთ "კვირის პალიტრის" მეშვეობით - სააღდგომო დღესასწაულზე გაზეთთან ერთად მორწმუნეთათვის და არა მარტო მორწმუნეთათვის ხდება საჩუქრის მირთმევა. წლევანდელი "კვირის პალიტრის" თანმხლები იქნება კვლავაც სააღდგომო მისალოცი სანთელი და ხატი წმინდა დიდმოწამე მკურნალი პანტელეიმონისა. ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდმა მოწამემ და დიდმა მკურნალმა, უანგარო მკურნალმა, გადაარჩინოს და მშვიდობით გადაატანინოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ყველა მესვეურსა და გულშემატკივარს ამ ჩვენი ხალხისას, ეს რთული პერიოდი. ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ მოფრთხილებითა და ზრუნვით, სიამაყით და სიხარულით ვიდღესასწაულოთ ყოველი მომდევნო დღესასწაული".

P.S. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გამომცემლობა "პალიტრა L"-მა, განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა მკითხველს და პავლე მოციქულის ეპისტოლენი გამოსცა, რომლის შეძენაც სპეციალურ ფასად - 11.50 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო "კვირის პალიტრასთან" ერთად - 13 ლარად.

პავლე მოციქულის ეპისტოლენი ახალი აღთქმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ქრისტეს მოძღვრების სიღრმისეული განმარტება - 14 წერილი ქრისტიანობის უკეთ გასაგებად. წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ ქაღალდზე, გაფორმებულია ოქროს გრავირებით და ჩასმულია ელვაშესაკრავიან თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში.

გამოცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.