ჭირვეულთა შემწე და განწირულთა მხსნელი - კვირის პალიტრა

ჭირვეულთა შემწე და განწირულთა მხსნელი

მადრიდში, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სიწმინდე - სისხლი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონისა, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.

სისხლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მყარია, ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე თხევადდება ამ დღეს. ეს სასწაული მადრიდში ხდება წმინდა პანტელეიმონის მოწამეობრივი აღსასრულის წინა საღამოს, 26 ივლისს (გრიგორიანული კალენდრით).

უსჯულო მაქსიმიანეს მეფობის წლებში (305-311), რომელიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, რომის იმპერიაში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი.

პანტელეიმონის ბავშვობა

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. ახალშობილს პანტელეონი - "ყოვლად ლომი" დაარქვეს. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, ასწავლიდა სიბრძნესა და მწიგნობრობას, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს - მკურნალთა მთავარს.

გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ შენიშნა იგი და ეფროსინეს უბრძანა სწრაფად განესწავლა პანტელეონი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ. ერთ დღეს ერმოლაოსმა შინ შეიპატიჟა პანტელეიმონი. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა, ხუცესმა ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.

პირველი სასწაული

ერთხელაც, როცა იგი სასწავლებლიდან ბრუნდებოდა, წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. ჭაბუკმა იფიქრა, რომ დადგა დრო გამოეცადა საკუთარი თავი და დარწმუნებულიყო, მართალი იყო თუ არა ის, რასაც მოხუცი ერმოლაოსი ეუბნებოდა. მან თვალები ზეცისაკენ აღაპყრო და წარმოთქვა: "უფალო იესო ქრისტე, თუმცა უღირსი ვარ იმისათვის, რომ შენ მოგიწოდო, მაგრამ უკეთუ გსურს შენი მონა გავხდე, გამოაჩინე ძალა შენი და შენი სახელისათვის ეს ბავშვი გააცოცხლე, ხოლო ასპიტი მოკალი". მყისვე, თითქოს ძილისაგან გამოფხიზლდაო, ბავშვი ფეხზე წამოდგა, ხოლო ასპიტი შუაზე გაწყდა. პანტელეონი მაშინვე წმიდა ერმოლაოსთან გაემართა, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა მოენათლა.

წმინდანის მარტვილობა

მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეიმონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. სხვა მკურნალებს შეშურდათ პანტელეონის წარმატება და დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს, შენი რჩეული კურნავს და ეხმარება მათ, ვინც ღვთისგან განდგომილიაო. მეფემ პანტელეონს ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმინდანმა კი ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობლის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით დამბლადაცემული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნმა ვერ მოდრიკა წმინდანი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაკიდეს, რკინის სამთითებით დაუგლიჯეს ხორცი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველებიდან.

წმინდანის აღსასრული გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ ტანჯა იგი მრავალი სატანჯველით, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვლა და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან გაიყვანეს პანტელეონი, მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც უფალმა მისი აღსრულება ინება და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო, "ამიერიდან შენი სახელი იყოს პანტელეიმონი - რაც ნიშნავს ყოველთა მოწყალეს, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და კვლავაც იქნები შენდამი შემოვედრებულთა მყუდრო ნავსაყუდელი, ჭირვეულთა შემწე, განწირულთა მხსნელი და ბოროტ სულთა განმდევნელი".

ჯალათებმა უარი განაცხადეს სასჯელის აღსრულებაზე, ქრისტეს მარტვილმა კი მიუგო: "თუ ამ საქმეს არ აღასრულებთ, ჩემთან წილი არ გექნებათო". მაშინ მხედრებმა კრძალვით ამბორს-უყვეს ნეტარს და ისე მოკვეთეს თავი. წმინდანის ცხედარი თოვლივით გასპეტაკდა, ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, ზეთისხილის ხეები კი ნაყოფით დაიხუნძლა. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305).

უფლის რჩეულის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ მისი მსახურები: ლავრენტი, ვასო და პროვიანე. სწორედ მათ შემოგვინახეს ცნობები პანტელეიმონის ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ.

დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროშია მიმოფანტული. მისი პატიოსანი თავი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში ინახება.

წმინდა პანტელეიმონი დღესაც ისევე შეეწევა ადამიანებს, რომლებიც რწმენით მიმართავენ დახმარებისთვის.

გვეწეოდეს წმინდა დიდმოწამე, უვერცხლო მკურნალი პანტელეიმონი! დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო და მთელი მსოფლიოს მოსახლეობა პანდემიის ჟამს.