"ანტივირუსული მოქმედებით ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატი "რემდესივირია", რომელსაც ყველა ელოდება" - კვირის პალიტრა

"ანტივირუსული მოქმედებით ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატი "რემდესივირია", რომელსაც ყველა ელოდება"

"60-65 წლის ზემოთ პნევმოკოკის აცრა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი. ჩვენ უკვე ხუთ წელზე მეტია, ბავშვებს ამ აცრას უფასოდ ვუკეთებთ. მოხუცებს აქამდე არ ვცრიდით და კარგია, რომ ესეც დაინერგა..."

"კვირის პალიტრის" კითხვებს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი უპასუხებს.

- ბატონო ბიძინა, თუ არის საიმედო ცვლილება კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრეპარატის შექმნის პროცესში?

- ჯერჯერობით ისევ კვლევა-ძიება მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე დევს ინფორმაცია, რომ შექმნილია 40-მდე ვაქცინა, რომელთაგან ზოგის კლინიკური კვლევა ადამიანებზე ჯერ დაწყებულიც არ არის, ზოგიერთის გამოცდა კი ჩინეთში დაიწყეს... ეს პროცესი, ალბათ, წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომ დამტკიცდეს, ნამდვილად მოქმედებს თუ არა ადამიანზე. ბილ გეითსმა განაცხადა, რომ შვიდი ვაქცინის შექმნისთვის გაიღებს 7 მილიარდს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შვიდიდან შეიძლება მხოლოდ ერთმა ან ორმა გაამართლოს და 5 ან 6 მილიარდი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს, თუმცა ის ამისთვის მზადაა, რადგან მსოფლიო ეკონომიკა კარგავს ტრილიონებსო, ამბობს. ნახევარ აფრიკასაც წითელას, წითურას, ყბაყურას ვაქცინით ბილ გეითსი ამარაგებს.

დღეისათვის კორონავირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა წამლის ეფექტიანობის შეფასების 400-მდე კვლევა მიმდინარეობს. ანტივირუსული მოქმედებით ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატი "რემდესივირია", რომელსაც ყველა ელოდება.

"რემდესივირი" ვირუსის გამრავლების შესაძლებლობას თრგუნავს. ვირუსის თვისებაა, შეიჭრას უჯრედში, მოაქციოს თავის ჭკუაზე მასპინძლის ანუ ადამიანის უჯრედი, ქსეროქსის აპარატივით მილიონობით მისი მსგავსი "დაამზადოს" და სხვა ათასობით უჯრედი დაასნებოვნოს. "რემდესივირი" არის ერთ-ერთი პრეპარატი, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ერთადერთიც კი, რომელმაც ამ ვირუსს სწორედ გამრავლების მექანიზმი უნდა შეუჩეროს, ამიტომ ყველაზე დიდი იმედი კომპანია "გილიადის" ამ წამლის გვაქვს. ალბათ, აპრილის ბოლოს იქნება მისი კლინიკური კვლევის პასუხები. მართალია, ზოგიერთი კვლევა დასრულდა, მაგრამ თუ კვლევაში უნდა ჩაერთოთ 500 ადამიანი, ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტმა კვლევა უკვე 2000 ადამიანზე დაიწყო, რომ დრო მოიგონ.

- პნევმოკოკის აცრა 60 წელს გადაცილებულთათვის სავალდებულო ხდება. დაიცავს ის კოვიდინფიცირებისაგან? ითქვა, რომ ამ ვაქცინით ანგელა მერკელიც აცრილა. - დიახ, ასეა. 22 მარტს "გარდიანმა" ანგელა მერკელის პირადი ექიმის შეტყობინების საფუძველზე მსოფლიოს ამცნო, რომ გერმანიის კანცლერი პროფილაქტიკის მიზნით აცრეს პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინით. 60-65 წლის ზემოთ პნევმოკოკის აცრა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი. ჩვენ უკვე ხუთ წელზე მეტია, ბავშვებს ამ აცრას უფასოდ ვუკეთებთ. სამჯერადი ვაქცინა კეთდება. მოხუცებს აქამდე არ ვცრიდით და კარგია, რომ ესეც დაინერგა. ფილტვის ანთება არის ვირუსული და ბაქტერიული. კორონავირუსი იწვევს ვირუსულ ანთებას. ეს აცრა კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ როცა კორონავირუსული დაავადება ასაკოვან ადამიანს ემართება, ხშირად დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო შეიძლება განვითარდეს მეორადი ანთებაც, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით ან პნევმოკოკით. აი, ამ ვაქცინით (ვაქცინაში შედის 23 პნევმოკოკის შტამი) თუ აიცრება ადამიანი, მეორადი ბაქტერიული ფილტვის ანთებისგან დაცული იქნება. შედეგად ორგანიზმს ორი ანთების წინააღმდეგ ბრძოლა აღარ მოუწევს, მას მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დამარცხება დასჭირდება. ამ ეტაპისთვის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად რჩება იმუნიტეტი. მის ამაღლებას კი ხელს უწყობს სტრესისგან თავისუფალი გარემო, ფიზიკური აქტივობა, სწორად კვება და ძილის მოწესრიგება. გვახსოვდეს, რომ ბედნიერი ადამიანები ნაკლებად ავადმყოფობენ. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა - დადგენილი პოსტულატია.