"იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება" - რას ჰყვება ინფექციონისტი Covid 19-ის მკურნალობის მეთოდებზე? - კვირის პალიტრა

"იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება" - რას ჰყვება ინფექციონისტი Covid 19-ის მკურნალობის მეთოდებზე?

"რაც დღეში საშუალოდ 30 პაციენტის ინფიცირება დაიწყო, კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ"

Covid 19-თან დაკავშირებულ "კვირის პალიტრის" კითხვებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი უპასუხებს.

- ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ისევ და ისევ ყველაზე კარგი გამოსავალია Covid 19-თან ბრძოლაში, რადგან არ გვაქვს ვაქცინა, არ გვაქვს მედიკამენტების ჯგუფი. ცნობილია მსოფლიო სიახლეებიც, რომ დღეს უკვე საეჭვოა ზოგიერთი იმ მედიკამენტის ეფექტიანობა, რომელთაც სიმპტომურად მკურნალობისას იყენებენ. ამ მედიკამენტებს შორის "პლაქვენილი" და "რემდესივირიც" არის?

- ამჟამად "პლაქვენილის" ანუ "ჰიდროქსიქლოროქინის" ეფექტიანობა საეჭვო ხდება, თუმცა მაინც გამოიყენება ამერიკაშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ჩვენთანაც... მას აქვს ეფექტი, თუმცა რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, ეფექტიც მეტია. თუ განვითარებულ დაავადებაზე ვიწყებთ მკურნალობას, ეფექტი მცირდება. ამიტომ არის საჭირო, მსუბუქი შემთხვევის დროს, სიმპტომის გამოვლენისთანავე ამ პრეპარატით მკურნალობა და ასეც ვიქცევით. რაც შეეხება "რემდესივირს", ის კვლავ კლინიკური კვლევების დონეზეა და მასშტაბურად არ იყენებენ, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ პრეპარატმა იმედი გაგვიცრუა ან, პირიქით, მისი იმედი გვაქვს, თუმცა ველით, რომ ჩვენთანაც მალე იქნება და გამოვიყენებთ.

- კიდევ რომელი პრეპარატი მიემატა იმ ჩამონათვალს, რომელსაც ახლა ვიყენებთ?

- ახალი პრეპარატები არ გამოჩენილა, თუმცა გამოვცადეთ ის პრეპარატები, რომელთა იმედიც თავიდან გვქონდა, მაგალითად, "ტოცილიზუმაბი" - მონოკლონური ანტისხეული, რომელიც გამოიყენება ინტერლეიკინ 6-ის რეცეპტორის წინააღმდეგ. ინტერლეიკინ 6 ის ციტოკინია, რომელიც მონაწილეობს ციტოკინურ შტორმში, რაც, სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს ხშირია და იწვევს პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას. "ტოცილიზუმაბი" გამოიყენება სწორედ ამ შტორმის თავიდან ასაცილებლად, ან უკვე დაწყებული შტორმის შესამსუბუქებლად.

ეს პრეპარატი ჩვენს კლინიკაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ გამოვიყენეთ, როცა მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა, პაციენტს სჭირდებოდა არაინვაზიური ვენტილაცია, იყო მკვეთრად ჟანგბადდამოკიდებული და სხვა პრეპარატები, რომლებიც მანამდე გამოვიყენეთ, არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა "ტოცილიზუმაბი", რამაც ავადმყოფის მდგომარეობა გააუმჯობესა. რამდენიმე დღის წინ გავწერეთ კლინიკიდან, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან "ტოცილიზუმაბის" გამოყენება დაკავშირებულია დიდ რისკთან - თუ პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს არა Covid 19, არამედ რომელიმე სხვა ინფექციური ან ქრონიკული დაავადება და თუ ექიმმა ეს ზუსტად ვერ განსაზღვრა, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს და გარდაცვალებითაც კი დასრულდეს, თუმცა ჩვენთან სწორად შეფასდა ეს რისკი და კარგი შედეგიც მივიღეთ. "ტოცილიზუმაბს" იყენებენ იტალიაში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

- ვიცით, რომ "პლაქვენილი" მალარიის სამკურნალოდ შეიქმნა. "ტოცილიზუმაბი" რისთვის არის შექმნილი? - ეს პრეპარატი რევმატიული და სიმსივნური დაავადებების დროს გამოიყენება.

- კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი 14 დღე გრძელდება. დაავადების ხანგრძლივობაც ვიცით? - მართალია, ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდეა, მაგრამ დაავადება ხშირად მე-5-მე-6 დღეს უკვე ვლინდება, ანუ, ძირითადად, ინკუბაციური პერიოდი 5-6 დღეა. რაც შეეხება დაავადებას, ძალიან გახანგრძლივდა - გამოჯანმრთელების დრო მსუბუქ შემთხვევებში დაახლოებით 20 დღეა, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი ავადმყოფობა შეიძლება ექვს კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს. ჩვენ ახლაც გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც 5 მარტს შემოვიდა და ტესტზე გუშინაც კი დადებითი პასუხი ჰქონდა. დაავადების გახანგრძლივება ართულებს ახალი პაციენტების მიღებას, ინფიცირების შემთხვევები კი იმატებს, ამიტომ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

- რამდენიმე დღეა, სამ ათეულს აღწევს ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა. ამ ფონზე ექიმების ტონი გამკაცრდა. გვაქვს განგაშის საფუძველი? - რა თქმა უნდა, გვაქვს! ჩვენთან პიკის პერიოდი უკვე დაწყებულია, რასაც დაემთხვა აღდგომის დღესასწაული და შეიძლება დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. თუ ყველა მითითებას ზედმიწევნით არ შევასრულებთ, დღეში გვექნება ინფიცირების არა 30-40, არამედ - ასეულობით შემთხვევა, ექიმები კი ასეულობით შემთხვევის გასამკლავებლად მზად არ ვართ. რაც დღეში საშუალოდ 30 პაციენტის ინფიცირება დაიწყო, კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასეული თუ გახდა, ავადმყოფთა სახლებში მკურნალობა მოგვიწევს. ყოველდღე გვიკავშირდებიან ქართველი ემიგრანტები ესპანეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ინგლისიდან... გვიყვებიან იქ შექმნილ მდგომარეობაზე, გვეუბნებიან, რომ მიდიან ექიმთან, რომელიც უდასტურებს, რომ ინფიცირებულები არიან, თუმცა, ვერც კლინიკაში აწვენს, ვერც გამოკვლევებს უტარებს, მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია... თუ არ გვინდა, ჩვენთანაც ეს მოხდეს, უნდა გავფრთხილდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თორემ მერე ყველაფერი შეიცვლება...

- ლაპარაკობენ კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე. ეს მითია თუ რეალობა? გამონაყარი ან ქვედა კიდურებზე ლურჯი ლაქები არის ამ დაავადების სიმპტომი? - არა. კვლევები, რომლებიც მცირე ჯგუფს უტარდება, განსაზოგადებელი არ არის. ასეთი ნიშნები დაავადებულთა 1%-ს მაინც უნდა აღმოაჩნდეს, რომ სიმპტომად ჩავთალოთ. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა.

- დათბობასთან ერთად მწერები რომ გამრავლდებიან, შესაძლებელია, ისინი ამ დაავადების გამავრცელებლებად იქცნენ? - არ მგონია, რომ ამ დაავადებას გადამტანი გამოუჩნდება. იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება.