რეზო ესაძე: "აჰა, უკვე დროც მოვიდა, დე, აღსრულდეს ბარემ" - კვირის პალიტრა

რეზო ესაძე: "აჰა, უკვე დროც მოვიდა, დე, აღსრულდეს ბარემ"

"ხელოვნებაში არსებობს ერთი ენა - გულის ენა, რა ენითაც უნდა ლაპარაკობდეს ხელოვანი. ფილმს მე სიტყვის ენით არ აღვიქვამ, აღვიქვამ გულის ენით... არ ვიცი, ეს როგორ გამოდის, მაგრამ მგონი, სწორია"

ქართულ კინოხელოვნებას ცნობილი ხელოვანი გამოაკლდა - 86 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ესაძე. ამ ქვეყნიდან წავიდა ადამიანი, რომლის შემოქმედება აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მომავალში, სადაც შთამომავლობას კვლავ და კვლავ შეახსენებს იმ სულიერ ღირებულებებს, რომელთა დაკარგვით მატერიალური კეთილდღეობაც ფასს კარგავს, რადგან თავად სულიერების დამკარგავი ადამიანი "ინგრევა" და რაზე მანამდე უნდა დავფიქრდეთ, სანამ გვიან არ იქნება.

ეს ყველაფერი არა მარტო რეზო ესაძის იმ 11 ფილმშია ასახული, რომლებიც მან გადაიღო, არამედ იმ 122 ეპიზოდურ როლშიც, რომლებიც კინორეჟისორმა ბრწყინვალედ შეასრულა.

ბატონი რეზო ისეთი მოსაუბრე იყო, თვალს ვერ მოაშორებდით. პირველივე ნახვიდან ვერ ამოიგდებდით თავიდან. კარგად მახსოვს ჩემს სამსახურში არც ისე მაღალი "უცნაური" სტუმრის შემოსვლა, რომელმაც კეპიანი ქუდი მოიხადა, მერე საქაღალდესთან ერთად ჩაბღუჯა და დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ბაბუაზე დაიწყო საუბარი: "ბაბუაჩემი მშიერი მოკვდებოდა, მაგრამ ბაზარშიც არ წაიღებდა გასაყიდად რამეს, გოდორში ლამაზად ჩაწყობილი რომ არ ყოფილიყო. თუ ჩაწყობის წესი არ მოეწონებოდა, ამოიღებდა, ისევ თავიდან ჩააწყობდა და ისე მიჰქონდა, ესენი კი მე კინოს გაკეთებას მთხოვენ ულამაზოდო". მოკლედ, თუ არ ვცდები, რომელიღაც სპონსორზე იყო გაბრაზებული. ეს უკვე ის წლები იყო, როდესაც თავად რეზო ესაძისთვისაც აღარ იყო ფული ფილმის გადასაღებად ან დასამთავრებლად. თუმცა მანამდე მან თავისი სათქმელის თქმა ისე მოასწრო, როგორც სურდა, იმ ღირსებით, რომელიც გენეტიკურად მოსდგამდა და რომელიც ქართველი კაცის მართლაც დასაფასებელი ღირსება ერქვა. ფასეული ისე ხომ არაფერი იქმნება, თუ საყრდენი არ გააჩნია, რეზო ესაძის საყრდენი კი აი, ასეთი მომენტები იყო მისი ბავშვობიდან:

"ომის პერიოდში ტანზე დაკემსილი ტანსაცმელი მეცვა, ბებია ბაბუას ტანსაცმელს ნაჭერს აჭრიდა და ჩემსას აკერებდა. ერთ დღეს გადაწყვიტეს მსხალი წაეღოთ გასაყიდად. ბაბუამ ჩემი წაყვანა გადაწყვიტა. გოდორი შეაკეთა, დიდი თავრუჯულა მსხალი დაკრიფა, გულმოდგინედ გაწმინდა, გოდორში ოქროსფერი თივა ჩააფინა და ხილი ფენა-ფენა ჩაალაგა. ბებიამ გოდორს ყველაზე თეთრი, გახამებული ტილო შემოაკრა. მერე, ბაბუასთან დავწექი იმ ღამეს, დილით რომ არ გადაეფიქრებინა ჩემი წაყვანა. გათენდა... ბაბუა ლოგინში არ დამხვდა, წამოვხტი, ჭის ცივი წყლით პირი დავიბანე, ერთბაშად გამოვფხიზლდი და წასასვლელად მოვემზადე. ბებიამ პირჯვარი გადაგვწერა და დაბნელებულზე შარას გავუყევით. ვუყურებდი ბაბუას, დიდმხრებიანს, დიდი ტორებით, მიწას უხმაუროდ რომ ეხებოდა და ვგრძნობდი, როგორ ძლიერ მიყვარდა, როგორც დიდი, გამჭვირვალე სიკეთე, ღმერთის გამოცხადებას რომ ჰგავდა...

გზაზე უსაშველო ტალახი იყო. იმ ადგილას სამხედრო გარნიზონი იდგა, ჯარისკაცები მოგვესალმნენ და ბაბუას ჰკითხეს, რა მიგაქვსო, შემდეგ კი ხელი გაუწოდეს და სთხოვეს მოგვეციო. ბაბუას სახე გაუნათდა, გოდორი ჩამოიღო, თეთრი ტილო გაარღვია და იქიდან თავისი დიდი ტორებით რამდენიმე მსხალი გამოაძვრინა. ბოლოს მთლად დაცალა გოდორი. ჯარისკაცებმა ფული შესთავაზეს, არ აიღო. ბოლოს ერთმა მათგანმა ვერცხლის პორტსიგარი გამოუწოდა, რომელზეც რაღაც ეწერა, ჩვენ რუსული არ ვიცოდით და ვერ წავიკითხეთ. სახლში რომ დავბრუნდით, წარწერა ჩემმა მშობლებმა წაიკითხეს, იდარდეს და დილაადრიან ჩემი ძმა გაუშვეს ქალაქში, ეს პორტსიგარი ისევ მის პატრონს დაუბრუნეო. ჩემი ძმა გულმომკვდარი მოვიდა - ჯარისკაცები უკვე ფრონტზე ჰყავდათ წაყვანილიო. ეს პორტსიგარი ახლაც სახლში გვაქვს და მასზე აწერია: "ძვირფას კოლიას საყვარელი ცოლისგან".

აი, ასეთი უბრალო, მაგრამ დიდი ადამიანური სინდისიერებისგან მოდიოდა რეზო ესაძე - ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო ფესტივალების პრიზების, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი. რომელმაც ერთხელაც, როცა ისევ შევხვდი, აი, რა მითხრა: "მახსენდება მამარდაშვილის დამოკიდებულება ქართული სიხარულისადმი, ქართული სიხალისისადმი... მასო, ქართულ სიხალისესო, არა აქვსო თითქოს საფუძველი, თითქოს კანონიერიც არ არისო, მაგრამ ის არსებობსო და არსებობს იმიტომ, რომ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არის მიმართულიო. ეს აუხსნელი სიხარულია ქართულ გენში. ამ აუხსნელ სიჯანსაღეს ვხედავ მე ქართულ ხელოვნებაში, ქართულ კინოში.... მე იმაზე არ ვლაპარაკობ ახლა, რა დღეშია ქართველი კაცი... ეს ქართველი კაცის ბრალი არ არის"...

თითქოს არც ის არის ქართველი კაცის ბრალი, რაც რეზო ესაძის ფილმებში ხდება: "წკიპურტების", "ნეილონის ნაძვის ხის", "წამზომის" და ა.შ., სადაც ადამიანები გაცხარდებიან, გაბრაზდებიან, შეიძლება ძალიან ცუდი რამეებიც "წამოყარონ", მაგრამ მალევე თავის თავს უბრუნდებიან და ხვდებიან, რომ ყველაზე დიდი მშვენიერება ამქვეყნად თურმე სიყვარულია.

შესაძლოა ამიტომაც ამბობენ რეზო ესაძის ფილმებზე, თავისი ფილმებით თითქოს კრიმანჭულს მღერისო, რასაც თავად ასე გამოხატავდა: "ხელოვნებაში არსებობს ერთი ენა - გულის ენა, რა ენითაც უნდა ლაპარაკობდეს ხელოვანი. ფილმს მე სიტყვის ენით არ აღვიქვამ, აღვიქვამ გულის ენით... არ ვიცი, ეს როგორ გამოდის, მაგრამ მგონი, სწორია. ერთხელ ჩემი ფილმი "ნეილონის ნაძვის ხე" ბერლინში იყო მიწვეული ფესტივალზე. ფილმი რომ დამთავრდა, ერთი ამერიკელი მოვიდა და მითხრა, თქვენ, ყველა, ასეთი ლამაზები ხართ? ეს მხოლოდ თქვენი ავტობუსი კი არაა, ჩვენც ამ ავტობუსში ვსხედვართ, მაგრამ სადღაც ჯანდაბაში მივექანებითო! ასე რომ, ჩემი ავტობუსი საქართველოსაც გასცდა. როგორც მერე აღმოჩნდა, მართლაც რთულმა ცხოვრებამ კინორეჟისორის ჩაძირვა ვერ მოახერხა. ის მუდამ იბრძოდა, რადგან ასეთი დაიბადა - ჰარმონიისთვის მებრძოლი. ისეთი ხელოვანი, რომელიც თავისი, ერთი შეხედვით ყველაზე პესიმისტურ ფილმშიც კი, "ნეილონის ნაძვის ხეში" ფანტასტიკურ ფინალს გვთავაზობს - ავტობუსის მგზავრები სიცივეში დაეძებენ მგზავრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ავტობუსიდან გააძევეს, გასამხნევებლად კი "ჩაკრულოს" მღერიან...

და ბოლოს: ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვანი მაინც ფიქრობდა, რომ თავისი ქვეყნისთვის ბევრი ვერაფერი გააკეთა - მისი ერთ-ერთი ბოლო ლექსის სტრიქონები ასეთია: "აჰა, უკვე დროც მოვიდა,/ დე, აღსრულდეს ბარემ./ მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით/ვეღარ დაგეხმარე..." თუმცა მან გაცილებით ნამდვილად მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია.