ბაგრატიონთა შერიგება - კვირის პალიტრა

ბაგრატიონთა შერიგება

საქართველოში არც ერთ ქორწინებას არ მოჰყოლია იმდენი მითქმა-მოთქმა, რამდენიც ბაგრატიონთა სამეფო წყვილის შეუღლებას. სკანდალური იყო დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინებაც და განშორებაც.

თბილისში გავრცელდა ჭორი, რომ მათი განშორების მიზეზი ასევე სკანდალურად ცნობილი ქალბატონი შორენა ბეგაშვილი იყო. ასეა თუ ისე, ახალშექმნილი სამეფო ოჯახი ყველასათვის მოულოდნელად დაიშალა. ახლახან კი პრესაში გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ დავითი და ანა შერიგდნენ და კვლავ ერთად არიან, ისინი ერთად ნახეს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და, როგორც ჩანს, სამეფო წყვილის შერიგებას წინ ვეღარავინ დაუდგება. ჩვენ დავუკავშირდით ია ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა:

- დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერი ქორწინება არის ორი ადამიანის პირადი გადაწყვეტილება. თავის დროზე ვთქვი, რომ დავითისა და ანას შეუღლება ისტორიული მოვლენა იყო, ჯვრისწერა ხომ ისედაც დიდი საიდუმლოა, მით უმეტეს, როდესაც სამეფო ოჯახი იქმნება. სამწუხაროდ, მათ ურთიერთობაში უამრავი ადამიანი ჩაერია, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. ჟურნალისტებმაც იმდენი სიბინძურე დაწერეს და იმდენად უარყოფითი როლი ითამაშეს ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ მინდა.

- ქალბატონო ია, ბევრი ფიქრობდა, რომ სამეფო წყვილის ქორწინებას პოლიტიკური მოტივი დაედო საფუძვლად.

- ეს იყო ორი ადამიანის გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, რომელსაც არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონია. რა შუაშია აქ პოლიტიკური მოტივები?

- მართალია, რომ ისინი შერიგდნენ და ერთად არიან?

- როგორც შევიტყვე, ისინი ახლა ერთად არიან. ღმერთმა ინებოს, რომ მათი ურთიერთობა სასიკეთოდ განვითარდეს. რასაკვირველია, მათ შერიგებას იმედით შეხვდება ნებისმიერი მორწმუნე ქრისტიანი, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია. მონარქია ქვეყნის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი წყაროა და, ალბათ, ყველა ქართველის სურვილია, რომ ამ ქვეყანას მომავალში ღვთისგან კურთხეული მეფე მართავდეს.

KvirisPalitra.Geცნობისათვის

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელია. ის ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა. მისი მამა - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი 2006 წელს გარდაიცვალა. დავითი ესპანეთის მეფის, ხუან-კარლოსის შთამომავალიცაა. ხორხე და დავითი საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდნენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი - რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსი ქალიშვილი და ცნობილი პოეტის - პეტრე გრუზინსკის შვილიშვილია. ის უკანასკნელი ქართველი მეფის - გიორგი XII-ის შთამომავალია. დავითი და ანა ბაგრატიონთა ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან. მათი ჯვრისწერა 2009 წლის თებერვალში, წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ამ ცერემონიას გაფაციცებით ადევნებდა თვალს მთელი საქართველო. ჯვრისწერა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის კურთხევით ჩატარდა.

ხათუნა ჩიგოგიძე

"ყველა სიახლე"