საბჭოთა არმია თუ სკოლა? - კვირის პალიტრა

საბჭოთა არმია თუ სკოლა?

როგორც შევიტყვეთ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის #53 საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ:

"მანდატურებს - რა?!" ეს მოსწავლეები მანდატურებმა დასაჯეს, სკოლის საპირფარეშო გაახეხვინეს და აიძულეს, ეყვირათ: "მანდატურებს გაუმარჯოს!" სხვათა შორის, სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ვაჟიც, ვიდრე წყნეთის სკოლაში გადაიყვანდნენ. ამ სკოლის მანდატურებს ხშირად აქებდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

გია კაშია, #53 საჯარო სკოლის დირექტორი: "ასეთი რამ მოხდა, თუმცა ბავშვებსა და მანდატურებს შორის კონფლიქტი არ მოჰყოლია, მანდატურები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ".

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი: "იმ მოსწავლის მშობელი რომ ვიყო, მივიდოდი და ცხვირით მოვახეხვინებდი ტუალეტს იმ მანდატურებს და დირექტორსაც, რომელიც მათ ამართლებს, ზედ მივაყოლებდი. რას ჰქვია ახეხვინეს, საბჭოთა არმიაა თუ სკოლა? საინტერესოა, რომელიმე მოსწავლემ თუ თქვა უარი ტუალეტის გახეხვაზე. თუ არავინ გამოხატა უკმაყოფილება, ძალიან ცუდია, - ამ ასაკში თავმოყვარეობის შელახვა ყველაზე დიდი ტრავმაა, მაგას სჯობს გცემონ ან გაგაგდონ სკოლიდან. თუმცა მე რა პრეტენზია მაქვს, როცა მშობლებს არ გაუპროტესტებიათ. ამ ხალხს საბჭოთა არმია და სტალინური წესრიგი ენატრება".

სოფო ყარალაშვილი

”ყველა სიახლე”