ის დაჟინებით იცავდა მთავარს - ქართულ სულს - კვირის პალიტრა

ის დაჟინებით იცავდა მთავარს - ქართულ სულს

გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება საზრდოობდა იმ რეალობით, რომელშიც ის, ძალიან საინტერესო ადამიანების შთამომავალი,  ტრიალებდა. მამამისი - ივანე შატბერაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი იყო, დედა - თამარ გოგიბედაშვილი გიორგი სააკაძეს ენათესავებოდა.

ბევრი რომ არაფერი ვთქვათ მათი მრწამსის შესახებ, მკითხველისათვის ისეც ნათელი იქნება: მათ ოჯახში ეროვნული სული ტრიალებდა და განათლების კულტი იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ მომავალი მწერალი დახვეწილი და საქართველოს სიყვარულით ანთებული გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე, ის ქართული ენაც კი, რომელიც ოჯახში ესმოდა - დარბაისლური, ტკბილხმოვანი (დაწერა კიდეც, "თავადური ლექსიკონი") ოჯახის გარეთ იშვიათობად ქცეული დახვდა. ხედავდა, რომ მის სულიერებასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის ნაპრალი იყო გაჩენილი და დაჟინებით იცავდა მთავარს - ზნეობასა და კეთილშობილებას.

მისი ლექსების პირველი კრებული 1932 წელს გამოქვეყნდა. მალე დაწერა პიესა "დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და 1934 წელს რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე.

1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი "წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა "დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და ყაზახეთში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი 1936 წლის მაისში გაათავისუფლეს, თუმცა ჩამოართვეს თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

გიორგი შატბერაშვილი კასპის რაიონში წავიდა. რვა წელი ცხოვრობდა კავთისხევში. მხოლოდ 1944 წელს მიიღო თბილისში დაბრუნების უფლება...

გთავაზობთ ამონარიდს მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიდან "მკვდრის მზე", რომელიც ქართული პროზის საგანძურშიც შედის:

"ხიზამბარელის ამბავი თენგოს ადრე, ბავშვობაშივე ჰქონდა გაგონილი... ზამთრის გრძელ და გაუთავებელ ღამეებში, როცა თბილი ბოსლის აგუზგუზებული ბუხრის წინ მსხდარნი ზღაპრების მოსმენით მოიქანცებოდნენ და ახლა სავაჟკაცო ამბების მოყოლას დაიწყებდნენ, ხიზამბარელსაც უსათუოდ ახსენებდნენ ხოლმე. ბერიკაცები ხიზამბარელთან ერთად ახსენებდნენ "სამთა ძმათ ღოლონაჭამთა", რომელთაც ხევიდან მაღალ მთაზე აათრიეს უზარმაზარი ლოდი და ზედ თავად-აზნაურთა გამოსაჯავრებლად ამოკვეთეს: ეს ლოდი ამოვიტანეთ სამთა ძმათ ღოლონაჭამთა. აბა, მოდით და დასძარით შვიდთა ძმათ ქადანაჭამთა!

ბერიკაცები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, ეს წარწერიანი ლოდი ახლაც დევს მდინარე ბერდუჯის თუ მაშავერის ხეობის ერთ-ერთ ქედზეო.

შემდეგ, როდესაც წამოიზარდა და ზღაპარი ნამდვილისაგან გაარჩია, არაერთხელ უფიქრია უსახელო ღოლოჭამიებზე და ნოსტელ ფალავანზე, არაერთხელ მჯდარა შუბათის ეკლესიის გალავანში მიგდებულ ლურჯ ლოდზე, ხუმრობით წასტანებია კიდეც, მაგრამ ამაოდ მიუჩნევია მისი დაძვრა...

ახლა კი, იმ საღამოს შემდეგ, რაც შავდათუამ და გიორგიმ შუბათელ ახალგაზრდებს ვაჟკაცობა გაუტრიზავეს და მასხრადაც აიგდეს, "ხიზამბარელის ქვა" მოსვენებას არ აძლევდა. თანდათან უფრო ხშირად ახსენდებოდა მამის სიტყვები: "თუ ღონე გერჩით, აი ეს საჯილდაო ქვა ასწიეთო".

ხანდახან ფიქრსა და ოცნებაში ისე წავიდოდა, რომ ხიზამბარელს მკვდრად არც კი თვლიდა. თვალს დახუჭავდა და წარმოიდგენდა... ახოვანი მხარ-ბეჭი ჰქონდა ნოსტელ კალატოზს, მარგილივით გრძელი, ძვალმსხვილა მკლავები, თავთუხის ფქვილის სამტკიცისოდენა ბრიალა თვალები, გრძელი, დაბლა დაშვებული წაბლისფერი ულვაშები... გამომწვევი, კეთილი ღიმილით იდგა მის წინ და შეჯიბრში გულღიად იწვევდა.

არა, ხიზამბარელი მკვდარი არ იყო. ვინც ხალხის ხსოვნაში ცოცხლობს, ის მკვდრად არ ჩაითვლება. მასთან შერკინებაც უცნაური და სამარცხვინო არ უნდა იყოს!

თენგო თვალებს მოხუჭავდა და "თავის" ხიზამბარელს“უღიმოდა. სიყვარულით უღიმოდა. მოსწონდა ბალღური ოცნებით დახატული უბადლო ვაჟკაცი, რომელიც თავის საუკუნეში ვერავის დაემარცხებინა. უყვარდა, მაგრამ უნდა შერკინებოდა, უნდა შებმოდა და გაელახა, რომ მათთვის ნიშნი მოეგო, ვინც ამ გოლიათის განიერ მხარ-ბეჭს და განთქმულ სახელს მოფარებოდა...

თენგო კარგად იცნობდა შუბათელ გლეხებს... "ასჯერ რომ ავწიო ამ ლოდზე მძიმე რკინა და მთელი საქართველოს გაზეთები ავალაპარაკო, ჩვენებური პეიტრები ამას ვაჟკაცობად არ ჩამითვლიან, ჩაიცინებენ და იტყვიან, თუ ბიჭია, მოვიდეს და ხიზამბარელის ლოდი ასწიოსო... ისინი ცხოვრებას იმით ზომავენ, რასაც თვალით უყურებენ, იჯერებენ მხოლოდ იმას, რასაც ხელს შეახებენ... ჰოო, ამბობენ ისინი, აი, ეს მესმისო, თორემა ცხრა მთას იქით, აბა, რა ვიცი, რა მოხდაო... ჩვენი სკოლის ახალი შენობა მოსწონთ და თითქოს სჯერათ კიდეც, თან ცალი თვალი უკან უჭირავთ - აბა, ისეთი ააშენეთო და თითს ქვათახევის ან სამთავისის ტაძრებისკენ გაიშვერენ", -  ფიქრობდა თენგო"...