აფთიაქების კონტროლი "ლაივ" რეჟიმში განხორციელდება? - კვირის პალიტრა

აფთიაქების კონტროლი "ლაივ" რეჟიმში განხორციელდება?

1 თებერვლიდან თბილისში მოქმედ აფთიაქებს ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟება ევალებათ, რაც მწვავედ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდის და იძულებულია, თვითმკურნალობას მიმართოს, ვიდეოთვალის დამონტაჟება არასწორი გადაწყვეტილებაა. თანაც, ვიდეომეთვალყურეობის სიტემის დამონტაჟება წამლების გაძვირებასაც გამოიწვევსო - გვარწმუნებენ ისინი.

ჩვენ დავინტერესდით, რას ეფუძნება მათი მოსაზრებები და ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარეს, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატ ზურაბ ფუტკარაძეს მივმართეთ:

- საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ, 2010 წლის 7 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს ყველა აფთიაქის შენობაში, როგორც შიდა, ასევე გარე ფასადზეც. მთავარი კი ის არის, რომ ეს სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქნება დაკავშირებული. მგონი, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში საერთოდ არ არსებობს. ამავე ბრძანების თანახმად, აფთიაქს გარეთ უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 ვიდეოკამერა მაინც, ხოლო შიგნით - მთელი დარბაზი უნდა გაკონტროლდეს. ვიდეოთვალი უნდა დამონტაჟდეს სათადარიგო გასასვლელშიც.

- ბატონო ზურაბ, რატომ ფიქრობთ, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა?

- ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებები ირღვევა: ქვეყანაში არსებული კანონმდებლობით, პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა კონფიდენციალური უნდა იყოს, ეს ვრცელდება ფარმაცევტისა და კლიენტის ურთიერთობაზეც. ბუნებრივაია, ვიდეოკამერით ჩაწერილი მათი საუბარი ფარული ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს ვიდეოკამერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს. დავუშვათ, მე ვარ პაციენტი და ისეთი დაავადება მჭირს, რომ არ მინდა გახმაურება, ფარმაცევტთან საუბრის შემდეგ კი, ეს ინფორმაცია საჯარო გახდება, რაც ჩემი უფლებების დარღვევაა და სხვა არაფერი. ეს ხომ იგივე თვალთვალია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია "ლაივ" რეჟიმში მოუსმინოს პაციენტისა და ფარმაცევტის დიალოგს და ჩანაწერიც მოითხოვოს. ეს - ერთი, ახლა მეორე -  ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ მედიკამენტების ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

- საინტერესოა, რატომ?

- ვიდეოკამერების დადგმა თითოეულ აფთიაქს, სულ მცირე, 7 ათასი ლარი დაუჯდება. აქ არ იგულისხმება მათი მომსახურება და ყოველდღიური ხარჯები, მხოლოდ დამონტაჟებაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით ბრძანება მხოლოდ თბილისში მოქმედებს, მაგრამ თანდათან მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. მარტო თბილისში 1227 აფთიაქია. აქედან გამომდინარე, თბილისის სააფთიაქო ქსელმა ამ პროექტში 9 მილიონ ლარზე მეტი უნდა ჩადოს. ბუნებრივია, ბიზნესმენი ამხელა თანხას არ იზარალებს და წამლებზე ფასის მომატებით შეეცდება დახარჯული ფულის ანაზღაურებას. ის იძულებული იქნება ვიდეოკამერების დამონტაჟებაზე დახარჯული თანხა ნელ-ნელა ამოიღოს, რაც მედიკამენტების გაძვირებას გამოიწვევს.

მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდებიან პატარა აფთიაქების მფლობელებიც. რატომ? - 7 ათასი ლარი მათთვის ხშირად 5-6 თვის მოგებაა. ეს აფთიაქები შეიძლება საერთოდ დაიხუროს, მათი მფლობელები კი გაკოტრდნენ.

- ბევრი ფიქრობს, რომ სულაც არ არის ცუდი, თუ აფთიაქებს გააკონტროლებენ. იქ ხომ ნარკოტიკების მომხმარებლებიც შედიან…

- თბილისში სულ რამდენიმე ფსიქოტროპული აფთიაქია, სადაც ასეთი წამლების შეძენა შეიძლება, ჩვეულებრივ აფთიაქებში კი, ნარკოტიკულ ნივთიერებებთან გათანაბრებული მედიკამენტები არ იყიდება. სხვათა შორის, სასურველია,  ფსიქოტროპულ აფთიაქებშიც კი, ვიდეოკამერების დამონტაჟება სახელმწიფომ იკისროს.

- ბატონო ზურაბ, უნდა ითქვას, რომ მედიკამენტები საქართველოში ისედაც ძვირია…

- გეთანხმებით. ერევანში მაგალითად, მედიკამენტები გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე თბილისში. "ავერსის" მიერ გამოშვებული წამალიც კი, ერევანში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენთან. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. დაზარალებული ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობა რჩება. მედიკამენტები 10-20 თეთრითაც რომ გაძვირდეს, ხალხის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)