"შიში ვჭამე, თიკამ დამირეკა, თვალები ჩამიწითლდა მახველებსო, ზაზა იძულებული გახდა, NBA-ის ექიმს დაურეკა " - რას ჰყვება თვითიზოლაციაში მყოფი მსახიობი
"პალიტრანიუსის" სპეცპროექტ COVID-19 - ში მსახიობმა ზეინაბ დვალიშვილმა საკუთარი ოჯახის თვითიზოლაცის შესახებ ისაუბრა:
"რომ გითხრათ, რომ კარგად ვარ, ასე ნამდვილად არ არის. მადლობა უფალს, ჯანმრთელობის კუთხით არ გვაქვს პრობლემები, მაგრამ თითო გარდაცვლილი ადამიანიც კი ამ პატარა საქართველოსთვის ძალიან ძნელია და ასე რომ. ყველაფერს განვიცდი. 65 წლის ვარ, მე და ჩემი მეუღლე სახლში მარტო ვცხოვრობთ. კერძო სახლი მაქვს და გამიმართლა. ნაძალადევში ვარ დაბადებული და გაზრდილი, მეც და ჩემი მეუღლეც და აი აქ ძირძველი მეზობლები გვყავს ნაძალადევის კერძო დასახლებაში, შევწყვიტეთ ერთმანეთთან სიარული, მაგრამ გვაქვს გადაძახილი - როგორ ხარ? - ამას მაინც ვახერხებთ. ეზოში ვმუშაობ, სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი და ასე ვატერებ დროს. ძალიან აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული, სულ ვმუშაობ, სკოლა, თეატრალური ინსტიტუტი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი უკვე 25 წელია, დილით ძალიან ადრე ვდგებოდი, რომ ყველაფერი მომესწრო და გაკვეთილები ჩამეტარებინა და უცებ ასეთი რაღაც მოხდა, პირველად ვზივარ სახლში. რაც შეეხება შვილს და სიძეს, ისინიც ჩაკეტილები არიან, ზაზაც სახლიდან მუშაობს და თან შვილებს ავარჯიშებს, საბა და დათი კალათბურთელები არიან, ამავე დროს ბავშვებს ონლაინგაკვეთილები აქვთ. ამას წინათ ცოტა შიში ვჭამე, თიკამ დამირეკა, თვალები ჩამიწითლდა, მახველებს და სიცხე მაქვსო და წარმოვიდგინეთ, ამ პერიოდში კარგს ვერანაირად იფიქრებ, თიკამ ექიმს დაურეკა, სანფ რანცისკოში ხდება მოქმედება, ექიმმა უთხრა: აქ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, სანამ სუნთქვა არ გაგიჭირდება ვერაფერს გიზამთო, გადით თვითიზოლაციაშიო, ტესტი არ გვქვსო, ჰოდა, ზაზა იძულებული გახდა, მისი გუნდის NBA-ის ექიმს დაურეკა და იმ ექიმმაც უთხრა, მეც რომ დამჭირდეს ტესტი ჩემთვისაც არ მაქვსო.
დიდი ცდის მერე სადღაც ძლივს იშოვეს ტესტი და მადლობა უფალს, რომ არაფერი არ დადასტურდა. ალერგიული ფონის ბრალი ყოფილა და ასე გადავრჩით. მეორე შვილი ნიუ იორკში მყავს და იქაც ძალიან დიდი პრობლემაა ტესტების... ჩვენ აუცილებლად, აუცილებად უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფერი უნდა შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან ჩვენი გმირი ექიმები", - განაცხადა ზეინაბ დვალიშვილმა.