ქართული სკოლა - დაუსრულებელი ექსპერიმენტების პოლიგონი? - კვირის პალიტრა

ქართული სკოლა - დაუსრულებელი ექსპერიმენტების პოლიგონი?

ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა დაუსრულებელი ექსპერიმენტების პოლიგონად რომ იქცა, ეს ამბავი "არ ახალია, ძველია". ალბათ ყველას გვახსოვს ავადსახსენებელი "ლოტოტრონი", რომლის გამოც იმდროინდელი მინისტრი კახა ლომაია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. კრიტიკა არც დიმიტრი შაშკინს და მის გუნდს მოჰკლებია, რადგან ექსპერიმენტები დღესაც გრძელდება - ჩვენს სკოლებში ამაყად დააბიჯებენ მანდატურები და უცხოეთიდან ჩამოყვანილი პედაგოგები, ჩვენი მასწავლებლების "გადახალისება" და სახლში გაშვება კი უკვე აღარავის უკვირს. ქართველი პედაგოგების სატკივარსა და პრობლემებზე გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილს ვესაუბრეთ:

- ბატონო ირაკლი, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კლასი, სადაც 35 ბავშვზე მეტი არ არის, აღარ გაიყოფა. ეს ბევრ მასწავლებელს დატოვებს უმუშევარს. რას გვეტყოდით ამ საკითხის შესახებ?

- თუ ასე მოხდება, ძალიან სამწუხაროა. როდესაც კლასში 35 ბავშვი ზის, პედაგოგსაც უჭირს თითოეულ მათგანთან მუშაობა და ბავშვიც ვერ იძენს სათანადო ცოდნას. თანაც, კლასების გაყოფა დიდი შეღავათი იყო ჩვენი მასწავლებლებისათვის. თუ რეფორმა იმ მიზნით ტარდება, რომ საბიუჯეტო თანხები დაიზოგოს, ეს დიდი შეცდომაა. რეფორმა უნდა ჩატარდეს მხოლოდ განათლების სისტემის სრულყოფის მიზნით. ეს ჩვენი შვილების მომავალს ეხება და ამ სფეროში ეკონომიის გაწევა კარგს არაფერს მოგვიტანს. რასაკვირველია, სკოლაში არ უნდა იყონ ცუდი მასწავლებელები, არც პოლიტიკური ნიშნით შერჩეულნი, რომლებიც ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიების დროს გაწეული დახმარებისათვის შეუშვა სკოლებში. ამ მასწავლებლებმა თავის დროზე მხარი დაუჭირეს ხელისუფლებას და მადლიერების ნიშნად სერიოზული პრივილეგიებიც მოიპოვეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი სკოლაში არ უნდა მუშაობდნენ, მაგრამ კარგ მასწავლებელს ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. განაწყენებულ პედაგოგებს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებისათვის არ მოუმართავთ, მაგრამ თუ მოგვმართავენ, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად დავიცვათ მათი უფლებები, სამართლებრივი გზაც გამოვიყენოთ და თუ საჭირო იქნება, სხვა გზებიც გამოვძენოთ.

KvirisPalitra.Ge- უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2011 წელს ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს ჩაუტარდება გამოცდა და თუ ისინი ინგლისურ ენისა და კომპიუტერის ცოდნას გამოავლენენ, ხელფასზე 200 ლარი დაემატებათ. დავუშვათ, მასწავლებელმა ბრწყინვალედ იცის თავისი საგანი, მაგრამ არ იცის ინგლისური, რა დააშავა მან?

- ამ ინიციატივის განხორციელდებით თავისუფალი შრომის პრინციპი დაირღვევა. პედაგოგს იმ საგანში უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია და უნარი, რომელსაც ასწავლის. მათემატიკის, ან ქიმიის მასწავლებელს ვერავინ უნდა სთხოვდეს, რომ ინგლისური აუცილებლად იცოდეს. გაუგებარია, ნაკლები კომპეტენციის მქონე მასწავლებელს ინგლისურის ან კომპიუტერის ცოდნის გამო რატომ უნდა მოუმატონ ხელფასი?

- ძალიან დიდი კამათი გამოიწვია მანდატურის ინსტიტუტის შემოღებამაც. წელს მანდატურები ყველა სკოლაში უნდა შევიდნენ. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას?

- მანდატურების შესახებ ჩემი მოსაზრება ასეთია: ორი აზრი არ არსებობს, რომ სკოლაში წესრიგი აუცილებელია. ჩემი, როგორც მშობლის, შეშფოთებას ყოველთვის იწვევდა ის ფაქტი, რომ სკოლა ლამის კრიმინალური გარჩევების ადგილად იყო ქცეული, ბავშვების უმეტესობა ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფიზიკურ ტრავმასაც იღებდა. მანდატური დაამყარებს სკოლაში წესრიგს თუ სხვა ვინმე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს.

- ბატონო ირაკლი, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ წელს რამდენიმე მასწავლებელი გაათავისუფლეს სკოლიდან მანდატურების მიერ დაწერილი საჩივრის გამო.

- როდესაც მანდატურები იმიჯს ულახავენ პედაგოგებს, წიწილებივით ითვლიან ბავშვებს და აკნინებენ მათ თვალში პედაგოგს, ამას ბუნებრივია ვერ მივესალმები. ნამდვილად არ მინდა მანდატურმა აღზარდოს ჩემი შვილი, მაგრამ არც ის მსურს, სკოლაში ბავშვები დანებითა და ხელკეტებით არკვევდნენ სიტუაციას. მოწესრიგებული, უსაფრთხო სკოლა ჩემთვის, როგორც მშობლისათვის, ძალზე მნიშვნელოვანია. თუ სკოლიდან ქუჩური მენტალიტეტი გამოიდევნება, ამას რა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ თუ მანდატური უსაფუძვლოდ დააკნინებს პედაგოგის ავტორიტეტს, ასეთ ინსტიტუციას ვერ მოვიწონებ. მსგავსი რამ არც ერთ

სკოლაში არ უნდა ხდებოდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალიურად საიტისთვის)