"პირადად ვმონაწილეობდი ადამიანზე ელექტრომაგნიტური ველების დასხივების გამოკვლევაში" - ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი განმარტავს რა არის 5 G და უკავშირდება თუ არა კორონავირუსს?
26-04-2020
"პირადად ვმონაწილეობდი ადამიანზე ელექტრომაგნიტური ველების დასხივების გამოკვლევაში" - ამერიკაში მოღვაწე მეცნიერი განმარტავს რა არის 5 G და უკავშირდება თუ არა კორონავირუსს?
ბოლო ხანს ქართულ მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კერძოდ - 5 G-ის ინტერნეტის წინააღმდეგედ, ვრცელდება ათასგვარი სტატია, სიუჟეტი, ინტერვიუ და მიმართვაც კი საზოგადოების წარმომადგენელთა ხელმოწერებით (თუმცა ხელმომწერთაგან ერთიც არ გახლავთ ტექნიკური განათლების მეცნიერი, ფიზიკოსი!). თუმცა მათ, ვინც თუნდაც სოციალურ ქსელებში აზიარებს ამგვარ შეხედულებას და სხვებსაც მოუწოდებს, გააპროტესტოს "ეს მავნებელი, ადამიანის ჯანმრთელობის საზიანო" ახალი ტექნოლოგია, არც სამედიცინო და არც სამეცნიერო თვალსაზრისით არ განუმარტავთ, რატომ შეიძლება მოგვიტანოს მან ზიანი.

5
G-ის შესახებ პროფესიული და სრულყოფილი განმარტებისთვის მივმართეთ ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, Covid 19 -ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე kvirisplaitra.ge ხშირ სტუმარს, აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დორთმოუთის კოლეჯის პროფესორსა და ფიზიკის დოქტორს ფრიდონ შუბითიძეს.

- ბატონო ფრიდონ, მოდი, 5 G-ის შესახებ საუბარი უსადენო კომუნიკაციების
არცთუ ღრმად მცოდნე, ქართველი საზოგადოების სხვადასხვა ასაკისა და განათლების წარმომადგენლებისთვის განმარტებით დავიწყოთ - რას ნიშნავს 5 G და რატომ ან როგორ უნდა დაგვაზიანოს?

- რადგან ქართულ მედიაში ახალი კორონავირუსის შესახებ ხშირად მიწევს ლაპარაკი, მკითხველიც ბუნებრივად დაინტერესდება, რა მაკავშირებს სხვადასხვა თაობის უსადენო კომუნიკაციების კვლევებთან. ამიტომ განვმარტავ, რომ მე თვითონ ვმონაწილეობდი ადამიანზე ელექტრომაგნიტური ველების დასხივების გამოკვლევაში.

გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში საქართველოში "მოტოროლას" დაკვეთით, ჩემი დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელს, პროფესორ ზარიძეს და მის ჯგუფს ჰქონდა პროექტი, რომელიც სწავლობდა ელექტრომაგნიტური ველების დასხივებას და მისგან გამოწვეულ შედეგებს.
1990-იან წლებში ამავე სახის კვლევებს ვატარებდი მეც, ჯერ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ათენში, ევროკავშირის დაფინანსებით, ევროპელ კოლეგებთან ერთად. იმხანად შევისწავლეთ, იწვევდა თუ არა ადამიანის სხეულზე, კონკრეტულად კი - თავზე დასხივებას იმ პერიოდის პირველი და მეორე თაობის ტელეფონები. სხვათა შორის, ეს ამბავი საზოგადოებისთვის 1990-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში საკმაოდ აქტუალური და შემაშფოთებელი იყო. ამ საკითხებზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული მაღალი რეიტინგის ჟურნალებში.

თუ გახსოვთ, 2004 წელს საბერძნეთში ტარდებოდა ოლიმპიადა, მაშინ საბერძნეთში ვცხოვრობდი და ათენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი. ერთ-ერთ სტადიონთან იდგა ძალიან დიდი სიმძლავრის დაბალ-სიხშირული გადამცემი ანტენა, რომელიც გამოიყენება წყალქვეშა ნავების კომუნიკაციისთვის. რადგანაც იმ პერიოდში ელექტრომაგნიტური ველები ჯერ კიდევ განიხილებოდა ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა დაგვედგინა, როგორ შეიძლებოდა ველების სიმძლავრის შემცირება ისე, რომ რაიმე ზეგავლენა არ მოეხდინა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩემ მიერ ჩატარებული კვლევებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე, ანტენა კი არ ავიღეთ, არამედ - შევცვალეთ მისი ზომები, რითაც, ერთი მხრივ, ანტენის მუშაობა შევინარჩუნეთ და, მეორე მხრივ, სტადიონზე ელექტრომაგნიტური ველის სიმძლავრის შემცირებას მივაღწიეთ. ასე დაწვრილებით იმიტომ გიამბობთ, მინდა, მკითხველებმაც იცოდნენ, რომ ამ კუთხით ბევრი კვლევა მაქვს ჩატარებული, მათ შორის, როგორ მკითხველების ნაწილმა იცის, მე ვმუშაობ ნანონაწილაკების ჰიპერთერმიით სიმსივნის განკურნებაზე, რომელიც, აგრეთვე, ელექტრომაგნიტური ველების დასხივების მეთოდია.

ახლა, რაც შეეხება 5 G-ის (G -Generation ნიშნავს თაობას) - იგი არის მე-5 თაობის უსადენო საკომუნიკაციო სისტემა. მას წინ უსწრებდა 1, 2, 3, 4 G-ის ტექნოლოგიის მხარდამჭერი მოწყობილობები, მაგალითად, მე-4 თაობის მობილური ტელეფონები დღესაც ბევრს აქვს. ასევე, ბევრს უკვე შინ მე-5 თაობის ინტერნეტიც აქვს.

რას ნიშნავს ამ ტელეფონების თაობების შეცვლა?
ტელეფონისთვის და, ზოგადად, კავშირგაბმულობისთვის მთავარი არის სიხშირე და ერთი ადგილიდან მეორეში ინფორმაციის გადატანა. თვითონ ელექტრომაგნიტური ველი უხილავია და მას ტალღებით გადააქვს ინფორმაცია და ენერგია. გადაცემის სისწრაფე დამოკიდებულია სიხშირეზე.

რა არის ტალღა და რა არის სიხშირე? თვალსაჩინოებისთვის ხილულ მაგალითებს მოვიყვან. ყველას უნახავს ზღვის ტალღა. ტალღის სიმძლავრე განისაზღვრება ტალღის პიკის სიდიდით: რაც უფრო დიდია პიკი, მით უფრო მძლავრია ტალღა. ორ უახლოეს პიკს შორის მანძილი არის ტალღის სიგრძე, ხოლო ტალღის სიხშირეს განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად ადი-ჩამოდის, ანუ ოსცილირებს ეს პიკი 1 წამში. ტალღა გადაადგილდება სივრცეში და პიკების მოძრაობით გადააქვს ინფორმაცია. წარმოვიდგინოთ, რომ თითოეულ პიკს მიაქვს ინფორმაცია და თუკი ამ პიკებს შორის მანძილი შემცირდება (ე. ი. ტალღის სიგრძე მცირდება და, შესაბამისად, იზრდება სიხშირე), მაშინ 1 წამში ერთი ადგილიდან მეორეს უფრო მეტ ინფორმაციას გადავცემთ, რადგან უფრო მეტია სიხშირე (პიკების რიცხვი). თანამედროვე ცხოვრება მოითხოვს სისწრაფეს – ვეღარ ვითმენთ და უკვე ინტერნეტში შესვლისთანავე გვსურს ყველა ინფორმაციის მიღება. იმდენი ინფორმაცია მოდის, რომ მის სისწრაფეს აუცილებლად ტექნოლოგიებით უნდა დავეწიოთ, ანუ უნდა გავზარდოთ სიხშირე.

- მიკვირს, ნუთუ ასეთი დიდი სხვაობაა 4 G-ისა და 5 G-ის შორის, რომ წინა ვარიანტს, რომელსაც ახლაც აქტიურად ვიყენებთ, ხმაური არ გამოუწვევია? ან როგორ მოქმედებდა, ვთქვათ, 1, 2, 3, 4 G ადამიანის, თუნდაც, თავზე?
- პირველ რიგში, შევადაროთ ისინი - 4 G-ის სიხშირეების დიაპაზონი არის 600 მეგაჰერციდან 4-5.2 გიგაჰერცამდე (გიგაჰერცი - მილიარდი ჰერცი) და ამ დროს ტალღის სიგრძე მოთავსებულია 500-სა და 57 მილიმეტრს შორის. 5 G-ის შემთხვევაში განსაზღვრავენ სიხშირის ორ დიაპაზონს - 600 მეგაჰერციდან 6 გიგაჰერცამდე (ტალღის სიგრძე 500-სა და 50 მილიმეტრს შორის) და 24 გიგაჰერციდან 84 გიგაჰერცამდე (ტალღის სიგრძე 12.5-სა და 3.5 მილიმეტრს შორის). პირველი ვარიანტი თითქმის იგივეა, რაც 4 G-ის სიხშირე, მაგრამ მე-5 თაობაში განახლებული ტექნოლოგიების შედეგად, მეორე ვარიანტში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარემ თეორიულად შეიძლება მიაღწიოს 10 გიგაბაიტს/წამში, რაც, დაახლოებით, 100-ჯერ მეტია, ვიდრე 4 G-ის შემთხვევაში. შედარებისთვის: მაგალითად, ასეთი სიჩქარისას, 5 G-ით შეგვეძლება, 2-საათიანი ფილმის ჩამოტვირთვა 3.6 წამში მაშინ, როდესაც იმავე ფილმის ჩამოტვირთვისთვის 4 G-ის დასჭირდება 6 წუთი ან 3 G-ის - 26 საათი.

მოდი, ახლა გავაანალიზოთ ადამიანზე ზემოქმედება. ზოგადად, ელექტრომაგნიტურ ტალღებს აქვს ძალიან დიდი სიხშირის დიაპაზონი,
ნულოვანი სიხშირიდან (უსასრულო ტალღის სიგრძიდან) დაწყებული, გამა (ტალღის სიგრძე - პიკომეტრი, ატომის რადიუსზე 100-ჯერ ნაკლები) გამოსხივებით დამთავრებული. ელექტრომაგნიტური სპექტრი იყოფა ორ ნაწილად - იონიზირებული/რადიაციული, რომელშიც შედის ულტრაიისფერი, რენტგენის და გამა-გამოსხივება და არაიონიზირებული, როგორიცაა რადიოტალღები (მოიცავს რადიო-ტელევიზიას), მიკროტალღები (მიკროღუმელი, 4 G, 5 G), ინფრაწითელი (ტემპერატურის გასაზომი) და ხილვადი სინათლე. რადგანაც ელექტრომაგნიტური სპექტრი მოიცავს იონიზირებულ გამოსხივებასაც, ამიტომ შეიძლება სწორედ მისგანაც მომდინარეობს ვირუსზე ლაპარაკი, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი დააბნიონ. ცნობილია, რომ იონიზირებული გამოსხივება (ულტრაიისფერი, რენტგენის და გამა-გამოსხივება) შედის ადამიანის ორგანიზმში და ახდენს მასზე ზემოქმედებას - აზიანებს მას. მაგალითად, ვიცით, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს კანის სიმსივნეს, გამა-გამოსხივება თან ახლავს რადიაციულ გამოსხივებას და იწვევს ცოცხალი უჯრედების განადგურებას, კერძოდ, ხდება დნმ-ის გახლეჩა. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომაგნიტური ველები, რომელიც გამოიყენება 5 G ტექნოლოგიებში, არ გახლავთ იონიზირებული/რადიაციული გამოსხივება. ეს ველები უნდა განვიხილოთ, როგორც ტალღები.

კვლავ თვალსაჩინოებას მივმართავ. მკითხველმა წარმოიდგინოს, რომ დგას ზღვასთან და მას ურტყამს ტალღა. თუ ტალღის პიკი დაბალია, იგი ადამიანს ძვრასაც ვერ უზამს, ხოლო თუ იგი ძალიან მაღალია და დიდი სიმძლავრის, შეუძლია ადამიანი წააბორძიკოს და წააქციოს კიდეც. ახლა, ტალღის მაგივრად წარმოიდგინეთ ძალიან დიდი სისწრაფით მომავალი წყლის ჭავლი/ნაწილაკები. თუ წყლის ნაწილაკების ენერგია მაღალია, მაშინ მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში შეღწევა და შეიძლება მოკლას კიდეც იგი. ცნობისთვის: დიდი სისწრაფის წყლის ჭავლი/ნაწილაკები გამოიყენება რკინის, ქვის და ა.შ. სხეულების გასაჭრელად.

ორივეგან გვაქვს წყალი, ოღონდ ერთგან მას ტალღად განვიხილავთ, მეორეგან ნაწილაკებად, რომელიც ბომბავს ადამიანს. ზუსტად ამგვარი რამ ხდება ელექტრომაგნიტურ ტალღებში - როდესაც ლაპარაკია იონიზირებულ/რადიაციულ გამოსხივებაზე, ანუ ძალიან, ძალიან მაღალ სიხშირეზე, მაშინ საქმე გვაქვს ჭავლთან - ძალიან სწრაფად მომავალ წყლის ნაწილაკებთან, რომელიც იწვევს დაზიანებას. ხოლო როდესაც ვლაპარაკობთ ხილვად (მიკროზომის ტალღა), 5 G-ის (მილიმეტრის ზომის ტალღა) ან მასზე ნაკლებ სიხშირეებზე, აქ იგულისხმება ტალღა, რომელიც დაარტყამს ადამიანს და მისი ზემოქმედების ეფექტი დაკავშირებულია ტალღის სიმძლავრესთან (პიკის სიდიდესთან). ელექტრომაგნიტურ ტალღებს შეუძლია შეაღწიოს ადამიანის ორგანიზმის შიგნით და გამოიწვიოს ტემპერატურის გაზრდა. ადამიანის ორგანიზმში 43 გრადუსზე მაღალი ტემპერატურე იწვევს უჯრედების სიკვდილს, რაც არასასურველია. ტემპერატურის ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული ორგანიზმში შეღწეული ელექტრომაგნიტური ველის სიმძლავრეზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად ახლოსაა ადამიანი გადამცემ საშუალებასთან. ტემპერატურის 43 გრადუსამდე აწევა სრულიად გამორიცხულია თანამედროვე ელექტროსაშუალებებით (ტელევიზორი, ანტენები, Wi -Fi) და ტელეფონებით (4 G, 5 G და ა.შ.).

ეგ კი არა, "მოტოროლას" პირველი და მე-2 თაობის ტელეფონების ზემოქმედებას რომ ვსწავლობდით, მას გაცილებით მეტი გამოსხივება ჰქონდა, თუნდაც თავისი ანტენებიდან გამომდინარე, ვიდრე - თანამედროვე ტელეფონებს. ცნობისთვის: თანამედროვე ტელეფონები, უშუალო სიახლოვისასაც კი, დასაშვებზე (საშუალოდ, 1.6 ვატი ყოველ კილოგრამზე) ნაკლებ სიმძლავრეს იძლევა. ყოველ კილოგრამზე საშუალოდ 1.6 ვატის სიმძლავრის ველებსაც კი არ შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურის 1 გრადუსამდეც აწევა.

- თქვენი ვარაუდით, მაინცდამაინც ახალი კორონავირუსის პანდემიის პარალელურად რატომ გახდა ასე აქტუალური 5 G-ის თემა: რაიმე კონკრეტულ შემთხვევას მოჰყვა, ვინმეს აწყობდა ამ მოსაზრების გავრცელება თუნდაც პანიკისთვის თუ ვიღაცამ, უბრალოდ, იხუმრა?
- ჩემთვის წარმოუდგენელია, გამორიცხულია სამეცნიერო კუთხით ვირუსის 5 G-ისთან ან რომელიმე თაობის უსადენო საკომუნიკაციო სისტემასთან დაკავშირება. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია გაავრცელეს ჭორის დონეზე და, რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოში. ამერიკაშიც ვრცელდება და, მგონი, ცნობილ ამერიკელ მეცნიერს, ანტონიო ფაუჩისაც კი ჰკითხეს, მართალია თუ არა, რასაც 5 G-ზე ამბობენო? რაზეც მან კატეგორიულად - "არა" უპასუხა. არის კიდევ ერთი ვერსია: მსოფლიოში არსებობს სახელმწიფოები და კომპანიები, რომელსაც ეს ტექნოლოგიები ჯერ არ აქვს და ახლა აპირებენ შექმნას, თუმცა უკვე პანდემიაც დაბრკოლებად ექცათ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და დრო რომ მოიგონ, ავრცელებენ ათასგვარ ინფორმაციას, რაც უკვე შექმნილი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებას დროებით მაინც შეაფერხებს. მსოფლიოში ისე გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ "გუგლი" და "ფეისბუკიც" კი, ნახავენ თუ არა მსგავს სტატიებს, მაშინვე იღებენ, იმიტომ, რომ იციან, ეს "ფეიკნიუსია".

იხილეთ ასევე: რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - რას ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი?

არა 5G
28 აპრილი 2020 16:17
თუ თქვენი სიტყვების თავად გჯერათ,შეუსაბამობაში მოდიხართ თქვენივე რეგალიებთან...
გოგა
27 აპრილი 2020 12:38
მადლობა სტატიისთვის, იქნებ პანიკა შეამციროს. ერთს დავაზუსტებდი, იონიზირებული არ არის სწორი - არის მაიონიზირბელი, ანუ გამოსხივება იწვევს მოლეკულის გახლეჩას იონებად ანუ დამუხტულ ნაწილაკებად. ამიტომ არის საშიში. თვითონ ტალღას მუხტი არ აქვს და იონიზირებული არ არის. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმათთვის ვინც პანიკაშია.
აკაკი
27 აპრილი 2020 11:47
მოგესალმებით. პირველი პრობლემა რაც უსადენო მოწყობილობას მოაქვს კაცობრიობისთვის და ჩვენ ამას უკვე ვხედავთ ეს არის სიმსივნე რომელიც ახალგაზრდებში ძალიან ხშირია, ასევე წელს ქვევით მოწყვეტა 5 წლამდე ბავშვებში, ყველაფეტი ეს და კი დე ბევრი სხვა არის სწორედ დასხივების ბრალი.ადამიანები რომლებიც დინებას მივყვებით უძლურნი ვართ რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოთ. ამას სწორედაც რომ მასონები განაგებენ. ნეცნიერებმა უნდა გაბედონ და ფართოდ ისაუბრინ ამ პრობლემებზე .

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?