"არც ომი, არც მშვიდობა, სხვა რაღაც. სულ სხვა..." - კვირის პალიტრა

"არც ომი, არც მშვიდობა, სხვა რაღაც. სულ სხვა..."

"ის, რაც კორონამდე იყო, ვგრძნობ, აღარასოდეს იქნება, სულ სხვა სამყაროში შევაბიჯებთ"

"მრავალენოვანმა სიჩუმემ დაისადგურა პლანეტაზე, ყველა ხმაზე დადუმდა ომი და დადუმდა მშვიდობაც... და მხოლოდ შორეული ჭრიალიღა მოისმის ჩაჟანგული ანჯამების. ნელ-ნელა-ნელა იღება უცხოუცხოუცხო კარიბჭე და იწყება რაღაც სხვა, სულ სხვა, სულ... არც ომი, არც მშვიდობა, სხვა რაღაც. სულ სხვა... რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი კარგად გასრულდება. ნუ ღელავთ, ამაზე უარესიც გვინახავს, თუმცა ასეთი საოცარი მოვლენა - არასდროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიცვათ დისტანცია გულებს შორის!" - ასე ეხმიანება იზოლაციიდან საუკუნის მოვლენას თავის ესეიში მწერალი გურამ ოდიშარია.

- ბატონო გურამ, რთულია სამყაროსგან მოწყვეტა თუ მწერლისთვის ეს ერთგვარი კომფორტიცაა?

- ამ საქმეში მწერლები მაინც გავარჯიშებული ვართ, თუ გვაქვს ამის საშუალება, ხშირად მიველტვით ხოლმე განდეგილობა-განმარტოებას. თვითიზოლაცია არ არის რთული ჩვენთვის.

- რომ არა ცუდის მოლოდინი და სიკვდილის შიში, ასეთ ყოფა-ცხოვრებას არა უჭირს რა...

- შედევრი ფილმია "შერეკილები", ქვევრში რომ სხედან ერთაოზი და ბიძია-ბაბუა და ცათმფრენის აგებაზე ბჭობენ. ახლა ჩვენც მათსავით ქვევრში ვსხედვართნ იზოლირებული და ჩვენ ჩვენს ცათმფრენებზე ვფიქრობთ - რას ავაგებთ, როდის და როგორ გაფრინდება ის.

- ერთ თქვენს ნაწარმოებში ("დევნილთა უღელტეხილი") წერთ, თითქოს ბიბლიის რომელიღაცა გვერდზე მოვხვდიო. ახლაც ასეა? - ამას ბიბლიას ვერ აკადრებ, რაღაც რომანს ჰგავს ჩვენი ცხოვრება... ჩვენ პატარა ნაწილები ვართ, მაგრამ რაც თქვენ მაგალითად მოიყვანეთ, ეს მე განვიცადე უღელტეხილზე, ჭუბერზე რომ გადავდიოდით. მერე, სულს რომ მოითქვამ, რომ გახედავ, როგორ მოდის მწკრივი - მოდიან მოხუცები, მეძუძური დედები, ნაომარი ბიჭები, ზოგი პროთეზით, ზოგი ბარგით...…ეს იყო დევნა, თანაც ღამით გადმოვდიოდით, ამიტომაც მოვხვდით ბიბლიაში, რომელიც ოდესღაც საუკუნეების წინ დაწერა ვიღაცამ და რომელშიც თურმე ჩემზეც დაწერა... ამ ბიბლიაში მე 1993 წლის დასაწყისში უნდა მოვხვედრილიყავი.

- ახლა სად მოხვდით და ვის როლში წარმოგიდგენიათ თავი? - ახლა მგონია, მეუდაბნოე ბერი ვარ, რომელიც ან წიგნს წერდა, ან წიგნების გადამწერი იყო. ინფორმაციის სიმრავლე ყველაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ აქ დრო გვაქვს საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, სინდისთან სალაპარაკოდ... ეს ყველაფერი იესოს აღდგომას დაემთხვა, აღდგომის მისტერია კი სულ სხვა სიცოცხლეა. გაჩერებულია პლანეტა, გაჩერებული არიან უზარმაზარი სახელმწიფოები, ვის რაში სჭირდება ატომური ბომბები... ამ დროს კორონავირუსია და ამ დიდი სახელმწიფოების ლიდერების მკაცრ სახეებზე შიშის ჩრდილია, არ იციან, რა გააკეთონ, რას იზამენ მათი უძლეველი არმიები...

დედამიწა, ალბათ, პირველად მოხვდა ასეთ ვითარებაში. ის, რაც კორონამდე იყო, ვგრძნობ, აღარასოდეს იქნება, სულ სხვა სამყაროში შევაბიჯებთ.

- როგორი იქნება ეს სამყარო? მაინც რა ქმნა კორონამ? - კორონამ სხვა რაღაცებზე ჩაგვაფიქრა. ერთი რამ გამახსენდა: აფრიკაში არის ევკალიპტის ტიპის ხეები, მის ფოთლებს ჟირაფი და სპილო ჭამენ და მაშინვე ცუდად ხდებიან. მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რატომ ხდება ამ ხის ფოთლები შხამიანი, როცა ტყეები მცირდება და ხეები გახმობას იწყებენ. გადის ასე 10 წელი, ტყე მოძლიერდება, ხეები გამრავლდება და ეს ფოთლები შხამს კარგავენ. რატომ გახდნენ ხეები მომწამვლელები, ამას ვერ ხსნიან, აქ სხვა ძალაა. მჯერა, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ სანამ შეიძლება დედამიწის ამხელა რესურსი დაიხარჯოს შეიარაღებაზე, წყალქვეშა ნავებზე, ატომურ ბომბებზე, სამხედრო მანევრებზე მაშინ, როცა პლანეტის დიდი ნაწილი შიმშილობს? ვინაიდან კაცობრიობამ ვერ მოახერხა თავისი რესურსების გადანაწილება,

თითქოს რაღაც ძალამ შექმნა კორონა. არ ვგულისხმობ რაღაც მისტიკურ ძალებს, მაგრამ ის დროა, ყველამ ვიფიქროთ, რომ ნახევარი დედამიწა სხვანაირი, უკეთესი გახდეს და დაიწყოს ლაპარაკი, დიალოგი, ამის გარეშე არც არაფერი გამოვა.

- დიალოგი ახსენეთ და, თქვენს ყველა ნაწარმოებში აფხაზეთში დაბრუნების იმედია ჩადებული. როგორ ფიქრობთ, ეს პერიოდი მოგვცემს დიალოგისა და იმ ზღვის სურნელის ჩასუნთქვა-შეგრძნების საშუალებას, "რომელიც შორია"? - რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიწყება კარგი პერიოდი. კორონას შემდეგ ადამიანმა აზროვნებაც უნდა შეიცვალოს, უნდა გადავხედოთ, დღემდე რა ფასეულობებით ვცხოვრობდით. კაცობრიობამ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ დედამიწაზე იყოს თანასწორობა, არ უნდა იყოს ერთი ძალიან მდიდარი და სხვაგან ბავშვები შიმშილით იხოცებოდნენ.

დიდძალი ფული იხარჯება შეიარაღებაზე, ერთმა ქვეყანამ დაიპყრო მეორე და ამით კაცობრიობამ რა მოიგო? - დახოცილი ხალხი, გაუბედურებული ადამიანები.

ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდეც ასე იყო. იესოს სიტყვები დღესაც მარადიულია. დღესაც ის ღირებულებებია, რაზეც იესო თავის მოწაფეებს ესაუბრება. კაცობრიობა მოუბრუნდება ამ ღირებულებებს. ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს, ყველაზე დიდი მცნებაა გიყვარდეს ღმერთი, ხოლო მეორე მცნება - გიყვარდეს ადამიანი. ამბობს, ადამიანის სიყვარულსა და ღვთის სიყვარულს შორის სხვაობა არ არსებობსო. აი, აქამდე თუ მივიდა კაცობრიობა, მართლა გადავრჩებით და მადლობასაც ვეტყვი კორონას გაფრთხილებისთვის. ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რაღაც დაგვემართებოდა?

როგორც მე ვერ წარმოვიდგენდი ომს ჩემს ქალაქში, ცხედრებს მოტივტივეს ზღვაში, გადამწვარ პალმებსა და შესანიშნავ შენობებს. ვერც კორონას წარმოიდგენდა კაცობრიობა, მაგრამ იმავე მოულოდნელობით 5-6 წლის შემდეგ ხომ შეიძლება გვესტუმროს სხვა ვირუსი, მაგალითად, კოვიდ-366, ბევრად აგრესიული და მკვლელი, რომლის წამალიც კაცობრიობამ 5-7 წლის განმავლობაში ვერ გამოიგონოს? ხომ ამოხოცავს ყველას თავის ტანკებიან-თვითმფრინავებიანად? ხომ ყველაფერი ოხრად დარჩება? მე ამას ვხედავდი უღელტეხილზეც, როდესაც სოხუმიდან ჭუბერში მოვდიოდით - ვუყურებდი ხალხს, რომელმაც 5 წუთში დაკარგა ყველაფერი - მილიონერმა ღარიბ კაცთან ერთად დაკარგა ქონება, სახლ-კარი და ყველანი ერთად, გათანაბრებულები მოდიოდნენ. ყველანი გათანაბრდებიან...

- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშიც მთავარი ნაწილი პანდემიას დაეთმო. "აღმოჩნდა ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა იმან, რაც გუშინ მნიშვნელოვნად მოჩანდა, სამაგიეროდ, წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა", - გვეუბნება პატრიარქი. თქვენთვის რამ დაკარგა აზრი და რამ წამოიწია წინა პლანზე? - ჩვენ ვცხოვრობთ ველური კონკურენციის სამყაროში. მყავს ნაცნობები, რომელთაც 15 კოსტიუმი აქვთ, რომლებიც არ სჭირდებათ და არც დასჭირდებათ. უმეტესობა ისეთ რაღაცებზე ვხარჯავთ ფულს, რაც არ გვჭირდება. 15 არა, მაგრამ 3 კოსტიუმი მაქვს და იმასაც ვერ ვიყენებ, ახლა ვზივარ სახლში და მაცვია სპორტული პიჟამა, რომლითაც ქალაქში არ გავალ. ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავუნაწილოთ ვიღაცას ჩვენი ნივთები, ვიყიდოთ 3 კოსტიუმი, რომელიც საკმარისია.

წლები რომ გავიდა, ადამიანი, რომელიც მდიდარი იყო, ამაყად ეჭირა თავი და უღელტეხილზე უკვე მოკრძალებული ადამიანი მოდიოდა, მან ისევ იშოვა ქონება, ისევ გახდა ძველებური - ამაყი და შეძლებული. ის ენა, რაც მაშინ, უღელტეხილზე ესმოდა, დღეს აღარ ესმის. ერთი რამის მეშინია - კაცობრიობას ის 366-ად მონათლული კორონა არ დასჭირდეს გონს მოსაგებად. სულიერების ამაღლებაა ჩვენთვის მთავარი. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ - გვინდა ვიყოთ მდიდარი სახელმწიფო და გვყავდეს ძლევამოსილი არმია, თუ ვიყოთ ბედნიერები, მოკრძალებულად ვცხოვრობდეთ და ვიყოთ მაღალი სულიერების? მარტო საქართველოს კი არა, მთელ სამყაროს ეტყობა, რომ სულიერება აკლია. ჩვენ იმის მიხედვით ვიზომებით, როგორ ვუვლით მიწას, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა.

- ჩავიკეტეთ, მაგრამ არსებობს კომუნიკაციის საშუალებები, მაგალითად, ინტერნეტსივრცე... რა გამოჩნდა ამასობაში კარანტინიდან "ნიღბებს მიღმა"?

- ნიღბებს მიღმა შეცბუნებულ სახეებს ვხედავ. ჩვენ მარტოობის დრო არასდროს გვქონია, განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების პერიოდში, არაფრისმთქმელმა ინფორმაციამ ჩამოგვაშორა მთავარ ფასეულობებს... იმ ნიღბებს მიღმა შეცბუნებული სახეები უფრო სულიერებით და გონიერებით უნდა აივსოს და დაიწყოს დიალოგი. რომ ჩაივლის კორონა, ადამიანმა ისევ ძველებურად არ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, ამას ბუნება არ გვაპატიებს.

- რა გამოძახილს პოვებს პანდემია ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში? ალბათ, აპოკალიფსური ლიტერატურა წამოიწევს წინ... - მინდა მეტი გავაკეთო იმისათვის, რომ ჯერ მე გავხდე უკეთესი. მინდა ამასობაში ახალი რომანი დავწერო და იმედია, მოვასწრებ. მეორე მსოფლიო ომი ჩემთვის ცნობილი იმით იყო, რომ სხვის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მერე ამ ომმა მომაკითხა ჩემს ქალაქში - სოხუმში, მომაკითხა ჩემს ქუჩაზე. მერე ამ ომის გამო უღელტეხილზე გადავდიოდით, მერე ჩამოვედი თბილისში და სხვა ომში - სამოქალაქო ომში მოვხვდი. ბევრი ომი იყო და ამ ყველაფერს დაემატა კორონა... ბევრი საფიქრალი გვაქვს - რა დაგვატყდა თავს დამოუკიდებლობის დროს, სამოქალაქო ომის დროს, როცა ერთმანეთს ვესროლეთ. არა გვაქვს გაანალიზებული ჩვენი უახლესი ისტორია იმისთვის, რომ ქვეყანა წელში გასწორდეს, და წინ იაროს. ხანდახან მგონია, ისევ გრძელდება ის უღელტეხილი და, ფაქტობრივად, ბევრი რამ არის, რაც ქართველებმა ვერ განვსაზღვრეთ და გავაკეთეთ. ორი ძმა ერთმანეთს ესროდა... მერე სუფრაზე თქვეს, აი, რუსეთმა რა გვიქნა, ერთმანეთს გვასროლინაო. რუსეთს იმდენი ცოდვა აქვს, ერთ პატარა პლანეტას ეყოფა, მაგრამ ყველაფერი სხვას არ უნდა აჰკიდო, შენ თავსაც უნდა ჰკითხო, ვინ ხარ ასეთი, რომ რუსეთმა ძმისთვის გასროლინა. ეს პერიოდი ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ თვითგანწმენდა, კათარზისი ჩავიტაროთ.

გენიალური ფრაზა აქვს დოსტოევსკის: "ეშმაკი და ღმერთი ებრძვის ერთმანეთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულია". ჩვენი გული მართლა ბრძოლის ველია. ჩვენ დედამიწაზე შევქმენით მილიონობით წესი, განკარგულება, გადაწყვეტილება, რომ ადამიანი დავიცვათ ადამიანისაგან. ვხოცავთ ერთმანეთს და უპირველესად ამისაგან უნდა განვიკურნოთ. ვერც ერთმა წესმა და კანონმა ეს ვერ შეაჩერა, ეს დღესაც გრძელდება. ძალიან გვძულს ერთმანეთი, სიძულვილი გადმოდის ყველაფრიდან...

ჩვენი ცხოვრება ეფემერულია, რამდენიმე წელშია მოთავსებული და არ ღირს მისი ხარჯვა სიძულვილსა და სიბრიყვეზე. ჩვენი ვალია ლამაზად ვიცხოვროთ და არა ერთმანეთი მოვშხამოთ. ძალიან დამზაფრა, აღდგომის ღამეს ბრმა ტყვიამ რომ იმსხვერპლა ქალი. როგორ უნდა გაბედო და აღდგომას სროლით შეხვდე. ღვინომ სიყვარულით უნდა აგავსოს, კი არ უნდა გაგახელოს. ასეთი ხალხის უპირატესობა არ მინდა ვნახო ახალ საქართველოში. ან კიდევ ის რა ვნახე, ბიბლიოთეკას რომ წვავს კაცი. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი საკუთრებაა? ჰიტლერმაც გადაწვა ბიბლიოთეკა. დავდივარ გერმანიაში, წიგნის ბაზრობებზე და ასე მგონია, გერმანიამ ერთხელ რომ დაწვა წიგნები, მას მერე თითქოს წიგნის ბაზრობებით კაცობრიობას უხდის ბოდიშს.

როგორც დასაწყისში ვთქვი, ახლა ის დრო მოდის, უნდა ვიფრინოთ. "შერეკილების" გმირებივით ვართ, ჩვენც ქვევრში ვსხედვართ. მე ჩემს ცათმფრენს დავაპროექტებ... ამ გასაჭირის დროს უფრო სხვანაირი ენერგიით ვარ ანთებული, ბევრად მეტი უნდა გავაკეთო...