"ემიგრანტები ვხედავთ, რომ ჩვენს სამშობლოში ნამდვილი სასწაულები ხდება" - რას ყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - კვირის პალიტრა

"ემიგრანტები ვხედავთ, რომ ჩვენს სამშობლოში ნამდვილი სასწაულები ხდება" - რას ყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ინტერვიუ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ნინო გ.-ძე ნიუ-იორკში ცხოვრობს. ვიდრე ამ ინტერვიუს ჩავწერდით, მთხოვა: საქართველოში ასაკოვანი დედა მყავს, რომელსაც გული აწუხებს. არ მინდა გაიგოს, რომ კორონავირუსი შემხვდა, ამიტომ, ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთო... მიუხედავად იმისა, რომ ნამდვლ სახელს და გვარს არ ვამხელთ, მის ნაამბობს უცვლელად გთავაზობთ:

- ნინო, სად დაინფიცირდით კორონავირუსით?

- ალბათ, სამსახურში. სკოლის ექთანი ვარ, ჩემი ორი თანამშრომელი საავადმყოფოში მუშაობს - ღამით კლინიკაში იყვნენ და მერე სკოლაში მოდიოდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი თანამშრომელი ჩინელია და ვიცოდით, რომ მისი მეუღლე ორი კვირა ავად იყო. შეიძლება მისგან გადამედო, ან სულაც ბავშვებისგან. მოკლედ, ზუსტად არც კი ვიცი, სად და როგორ დავინფიცირდი.

- რამდენ ხანს იყავით ცუდად?

- უკვე ერთი თვე გავიდა და ამ დაავადების სიმპტომები დღემდე ვერ მოვიშორე. ბევრს 3-დღიანი თავის ტკივილით ეწყება, რომელსაც წამალი ვერ აჩერებს. ოთხი კვირის წინ, მეც სწორედ ასე დამეწყო. ზოგს ყელის ტკივილიც აწუხებს, მაგრამ მე ეს სიმპტომი საერთოდ არ მქონია, სამაგიეროდ, ისე მახველებდა, ვიხრჩობოდი. მერე სიცხეებიც დამეწყო: ათი დღის განმავლობაში ტემპერატურა 38,5 გრადუსი მქონდა. წამალს რომ ვსვამდი, 37,7-ზე ჩამოდიოდა. თანდათან ყნოსვის და გემოს შეგრძნებაც დავკარგე. თურმე ზოგიერთს სმენაც ეკარგება...

მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი და კიდევ კარგი, ჩემი და მივლიდა - ჩემს ოთახში ყოველთვის ნიღბით და ხელთათმანებით შემოდიოდა, მაგრამ ვირუსი მაინც გადაედო. საბედნიეროდ, მას იოლი ფორმა ჰქონდა და ადვილად დაძლია, მაგრამ გემოს და სუნს დღემდე ვერ გრძნობს.

- ახლა როგორ ხართ? - ახლა გაცილებით უკეთესად ვარ, მაგრამ ისევ მახველებს. ძალიან გამიმართლა, რადგან სუნთქვის პრობლემა არ მქონია, ფილტვებიც სუფთა მაქვს, სხვა ყველა სიმპტომი მქონდა, რაც Covid-19-ით დაავადებულ ხალხს აქვს.

- რა ხდება ამერიკაში?

- ჩემი აზრით, აქ ინფიცირებული იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აცხადებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საკმარისი რაოდენობით ტესტები არა აქვთ და ტესტირებას ყველას ვერ უტარებენ. ჩემი მეგობარი მოხუცებულთა სახლში მუშაობს და ძალიან წუხს, რომ მოხუცები ყოველდღიურად იხოცებიან. თავიანთ სახლებში უპატრონოდ გაგუდულიც ბევრი ნახეს. ჩემი მეგობარი ექიმია, მანჰეტენზე ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ამბობს, დღე-ღამეში 7-10 კაცი გვეღუპება, მომაკვდავები ექიმებს ტელეფონებს გვთხოვენ, რომ ოჯახის წევრებს უკანასკნელი სიტყვები უთხრან და დაემშვიდობონო.

- ვისაც რთული ფორმა არა აქვს, როგორ მკურნალობენ? - ვისაც უფრო მსუბუქი ფორმა აქვს, ექიმები შინ დარჩენას ურჩევენ. მეც ერთი თვე სახლში ვიყავი, მაგრამ ჩემი და რომ არ მყოლოდა, ალბათ, მოვკვდებოდი. ფეხზეც ვერ ვდგებოდი, რომ მეჭამა, ან წამალი დამელია. კიდევ კარგი, მას უფრო მსუბუქი ფორმა შეხვდა. ჩემი დაკვირვებით, ოჯახში პირველწყაროს ეს ვირუსი ყველაზე რთული ფორმით ხვდება, სხვებს კი - შედარებით იოლად გადააქვთ. ჩემს მეგობარ ბიჭსაც ჰქონდა და ძალიან რთულად გადაიტანა, მის ცოლს - შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა, შვილებმა კი ჩვეულებრივი სურდოსავით მოიხადეს. ჩემმა შვილმაც, რომელიც 14 წლისაა, სურდოსავით გადაიტანა.

მართალია, ამბობენ, რომ ეს ვირუსი ძირითადად, მოხუცებს კლავსო, მაგრამ არ ვეთანხმები - ასაკიანსაც შეიძლება მოერიოს და ახალგაზრდასაც. აქ ბევრი ახალგაზრდაც დაიღუპა, განსაკუთრებით, შავკანიანი. ცოტა ხნის წინ, ჩემი თანამშრომელი, უსაყვარლესი ახალგაზრდა ქალიც გარდაიცვალა კოვიდინფექციით. იცით, რა მიკვირს? ქართველების უმრავლესობას ეს ვირუსი შედარებით იოლად გადააქვს. ისეთი ხალხი გადარჩა, რომელსაც არაერთი ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა და აპარატზე იყო შეერთებული. ამერიკელები იღუპებიან, ქართველები კი მდგომარეობიდან გამოდიან. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი შესაძლოა, ე.წ. ბეცეჟე და სხვა აცრებია, რომელიც საქართველოში ყველას უტარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ, ეს საშინელი ვირუსი არ შეგვხვდეს.

- ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი გაზვიადებულია და კორონავირუსი დიდი აფიორაა.

- ალბათ, ეს უფრო რუსული პროპაგანდაა. აბა, ეს როგორ დავიჯერო, როცა მთელ ჩემს ოჯახს შეხვდა? მე იშვიათად ვცივდები და გრიპიც იშვიათად მხვდება, ამ ვირუსმა კი ერთი თვით საწოლს მიმაჯაჭვა. ახლაც ცუდად ვარ.

- სახელმწიფო როგორ ეხმარება იმ ხალხს, ვინც ამ ვირუსის გამო სამსახური დაკარგა, ან დროებით შეუჩერეს ხელფასი? - იმ ოჯახებს, ვისაც განსაკუთრებით უჭირს, სახელმწიფომ 1.700 დოლარი დაურიგა. სხვა დახმარებებზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა კარანტინით და სახლში გამოკეტვით. უკვე მიტინგები ტარდება მოთხოვნით, რომ საგანგებო მდგომარეობა გააუქმონ. ზოგჯერ მეც ვფიქრობ, მართლა როდემდე უნდა იჯდეს ეს ხალხი სახლში? ალბათ, ბოლოს მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, როგორც ადრე ვცხოვრობდით სხვა საშიშ ვირუსებთან ერთად, თუმცა, ის დაავადებები ასე სწრაფად და მასობრივად ადამიანებს არ ხოცავდა!

- რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია? - მე უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპი არ არის და ვინც ამას არ იჯერებს, თვითონ უნდა შეხვდეს, რომ გაჩუმდეს და დაიჯეროს. არც ის არის მართალი, რომ კორონავირუსი მხოლოდ ასაკოვან და დაავადებულ ადამიანებს კლავს, ჯანმრთელებიც კვდებიან...

- როგორც ვიცი, ნიუ-იორკის ქართულ ეკლესიაში გალობთ. - დიახ, უკვე 14 წელია ნიუ-იორკის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ვგალობ. ეკლესიაში არ წავსულვარ, წითელ პარასკევს ვიტირე, ისე მინდოდა იქ ყოფნა, მაგრამ... გარდა ღვთისმსახურებისა, ეკლესიაში არავინ იყო. ვწუხვარ, რომ იმ დღეებში სასულიერო პირებისგან ბევრი საშინელება მოვისმინე. ამ ვირუსით ისეთი ხალხი იღუპება, ვინც მაინც უნდა მომკვდარიყოო - შეიძლება ეკლესიის მსახურმა ასეთი რამ თქვას?! რას ამბობ, ხომ უნდა დაფიქრდე, რომ ადამიანი სიტყვით არ მოკლა?! დედაჩემს მოუსმენია ეს და ორი დღე დამამშვიდებელ წამლებს ვსვამდიო, შემომჩივლა. შეიძლება გამკიცხონ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა: იქნებ ვინმემ გაწმინდოს ეკლესია ასეთი ხალხისგან! ვინც ნამდვილი მეუფეა, თავისი მრევლი გააფრთხილა, რომ საშიშროებას მორიდებოდნენ.

- როგორ ჩანს შორეული ამერიკიდან პატარა საქართველო? როგორ შეაფასებთ აქ არსებულ სიტუაციას? - საქართველოში იმდენად უკეთესი სიტუაციაა, ამერიკაში არც კი დაგვესიზმრება. ემიგრანტები ვხედავთ, რომ ჩვენს სამშობლოში ნამდვილი სასწაულები ხდება, ეს იმიტომ, რომ ღვთისმშობელიც გვიფარავს და უფალიც ჩვენი გულშემატკივარია.

ხათუნა ჩიგოგიძე