არ იდარდოთ! - კვირის პალიტრა

არ იდარდოთ!

რეზო გაბრიაძის ოცნების სამყარო

ლიანდაგებზე მორახრახე გრძელი მატარებელი შეიძლება ერთ პატარა ვედროში ჩაეტიოს... ფანჯრები აინთება და ეს ემალის ჭურჭელი, ასე ახლობელი რომ არის სოფლის მცხოვრებისათვის, დატრიალდება... ლიანდაგზე რიტმულ რყევას შენც აჰყვები. უცებ სამყარო დაიძვრება მატარებლის ირგვლივ. წამოიშლებიან თვალუწვდენელი მინდვრები და გორაკები, მიქოხილ-მოქოხილი სახლები, საყვარელი ცხოველები და დაღლილი ფრინველები... ამოვარდება ქარიც. მარიონეტების თეატრში "სტალინგრადის ბრძოლას" თამაშობენ, სპექტაკლს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. უამრავი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული! სულ ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, "ნიუ იორკერმა" 2010 წლის საუკეთესო სპექტაკლად დაასახელა...

თბილისში არის ადგილი, სადაც სამყარო გიყვარს - რეზო გაბრიაძის სამყარო გაყვარებს. სად იწყება, ზუსტად ვერ გეტყვით... არც ის ვიცი, სად მთავრდება. ამ სამყაროს გულის გულში - მარიონეტების თეატრში კი ისევ თამაშობენ სპექტაკლებს, რომლებმაც მსოფლიო შეძრეს.

ანჩისხატის ახლოს კაფე "არ იდარდოა". ესეც რეზო გაბრიაძის ფანტაზიისა და სამყაროს ნაწილია. კაფეს ახალი მეზობელი ჰყავს - კოშკი... თითქოს ჰაიჰარად აუშენებია ქართველ კაცს, გვერდზეც კი გადახრილა და რომ არ წაიქცეს, რკინის საყრდენი აქვს შეყენებული... კოშკის თავზე არხეინად ხარობს ხე... ეს კოშკი რეზო გაბრიაძის ახალი ქმნილებაა და მისი ნახვა ნამდვილად ღირს.

- კოშკის დაბადება რამდენიმე ეტაპად მოხდა, - ამბობს რეზო გაბრიაძე, რომელიც ყველაფერია ერთად: რეჟისორიც, სცენარისტიც, მწერალიც, მხატვარიც, ახლა უკვე ხუროთმოძღვარიც, - ჩემს შვილთან საუბარში უცებ დაიბადა კოშკის იდეა.

"იდეები" და "ერთდღიანი პეპლები" ხშირია ჩემს ცხოვრებაში, ასეთი "პეპლებისაგან" შედგება დღეები, თვეები, წლები... ალბათ ამას ჰქვია შრომის პროცესი. ამაში არაამქვეყნიური და მისტიკური არაფერია...

პეპელა რა არის? - პეპელა მოფარფატე ფიქრია, ხან ზედაპირული, იშვიათად ღრმა და ყურადღების ღირსი. ზოგი ხორციელდება, ზოგიც მიდის თავისთვის...

"არ იდარდოში" ვსხედვართ მაგიდასთან, სადაც რეზო გაბრიაძის მოხატული კერამიკული ფილები აწყვია... ზოგი გამოსაწვავი, ზოგიც - გამომწვარი, - აი, ისეთი, კოშკის კედელზე მთელი ფერწერული პანო რომ შეუქმნია...

კოშკი მოფარფატე პეპელა აღარაა, კოშკია. დგას თავისთვის და ყოველ სრულ საათზე მის ყველაზე მაღალ ფანჯარაში ოქროსფრთიანი ანგელოზი გადმოდგება და ზარს რეკავს.

ცოტა უფრო დაბლა - ოქროს საათი მუშაობს, ძველებურ  სვეტს ეყრდნობა თითქოს. ასეთი სვეტები ჩვენს ტაძრებს ჰქონდათ... კიდევ უფრო ქვემოთ - ფერადი თეატრია პატარა სცენით...

- კოშკი მოკრძალებული ზომის უნდა იყოს, არ უნდა აწვებოდეს მაყურებელს - ამბობს რეზო გაბრიაძე, - ჩვენ ხშირად ვხედავთ ჩვეულებრივ შენობებში ეკლესიიდან შიშვლად ამოღებულ ციტატებს. საეკლესიო არქიტექტურა იმდენად არაჩვეულებრივია, ძნელია, გვერდი აუარო. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მას, მაგრამ ციტატები არ უნდა ჩანდეს უცხო სხეულად...

მშენებლობის საქმე ნელ-ნელა მიდიოდა წინ. სამ წელიწადში დამთავრდა და - მეც  დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტიო, - ამბობს ბატონი რეზო. დამთავრებით დაამთავრა, თუმცა არც დიპლომი სჭირდება და არც სხვა მოწმობა, რაც ააშენა, ისეც მეტყველებს ყველაფერზე.

დადიოდა ქვის კარიერიდან კარიერზე ბოლნისში, ნიჩბისში, საკუთარი ხელით არჩევდა მასალას, მასთან მუშაობდა ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ნახატები გადაჰქონდა სამშენებლო ენაზე. სამუშაოებს დროდადრო  ამოწმებდნენ პროფესიონალი კონსტრუქტორები - არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი...  "ქართუ ჯგუფმა" შეაძლებინა კოშკის აშენება.

- არავინ გვაჩქარებდა, არავინ გვიყიჟინებდა, თითქოს დროის მანქანით მიგვავლინეს XII საუკუნეში. შევეცადე, აღმედგინა ყველაფერი...

კოშკის ერთი მხარე 2 მეტრი და 80 სანტიმეტრია. მუშაობდა ორი კაცი: ერთი ზესტაფონელი, მეორე - რაჭველი. განუმეორებელი სანახაობაა მათი ხელები, როცა მუშაობენ... რომ შემძლებოდა, ამ სანახაობას ბილეთებით ვაჩვენებდი ყველას, ბილეთებს გავყიდდი... ეს შენობა ორსამჯერაა აწყობილი და დაშლილი მათ მიერ.

თვალი ისევ კერამიკისაკენ გამირბის. დაუსრულებლად შეიძლება უყურო... ნეტავ, როგორ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს...

რეზო გაბრიაძეს ეღიმება: - 30 წლის წინ შემთხვევით მოვხვდი შვედეთში, აკადემიაში. მაჩუქეს 10-კილოგრამიანი თიხის ბრიკეტი. ეს ბრიკეტი დიდხანს ცხოვრობდა ჩემთან, ვიდრე არ გახმა. მერე მეგობართან დავტოვე... გავიდა დრო და მომენატრა... შვეიცარიაში  დავიწყე ძერწვა...

კარგი იქნებოდა, ვინმეს კრამიტის ქარხანა აემუშავებინა... როგორ გაალამაზებდა ჩვენს ქალაქებს, დაბებს, სოფლებს კრამიტი! შიფერი  ევროპაში აკრძალულია. მხოლოდ ჩვენთან ხურავენ სახლებს ისევ შიფერით.

ძალიან მომინდა თვალები დამეხუჭა და წარმომედგინა კრამიტით დახურული ლამაზი სახლები... ლაჟვარდოვანი კერამიკით გადახურული ეკლესია... განუმეორებელი კოშკი, თავისი დიდი საათით... მოკირწყლული ქუჩები პატარა ქალაქებში: ხაშურში, ბორჯომში, გორში... დიდ ქალაქებში: ქუთაისში, თელავში, თბილისში. ყველა სხვადასხვანაირია და ამავდროულად, ერთნაირად ქართული.

"მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები, რეზო გაბრიაძე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია მსოფლიოში", - ამბობს ტონინო გუერა.

და კიდევ წარმოვიდგინე ამ ქალაქებში, პატარა სცენებზე გათამაშებული რეზო გაბრიაძის სპექტაკლები...

ამ სპექტაკლებზე წერდნენ გაზეთები "ფიგარო", "ლიბერასიონი", "ლე კომედიენ დე პარი" და ბევრი სხვა...

"გაბრიაძის სპექტაკლები გასაგებია ყველა ქვეყნის ადამიანებისათვის, იმიტომ რომ ისინი დიდი კულტურის ენაზე ლაპარაკობენ"... ("ლიბერასიონი").

- ახალ სპექტაკლს არ დგამთ? - ვეკითხები.

-  ვმუშაობ, - მპასუხობს, მერე თითქოს დაფიქრდება და: - ჩვენისთანა თეატრში მგონი, დადგმა კი არა, უფრო მშენებლობაა,  ჩვენ ხომ მსახიობებსაც ვაშენებთ...

А вот резо-король марионеток

чей тонок вкус и каждый палец меток

Марионетки из его ребра

и нами много и насмешек и добра

И нами управяетПровиденье

хоть ниточек и скрыта череда

Но как похожы мы! Вот совпаденье!

Не обольщайтесь волей господа - წერდა ბულატ ოკუჯავა.

ვზივარ ადამიანის პირისპირ, რომელიც თავისი ნიჭიერებით მართლაც გასცდა ყველანაირ საზღვარს, რომელმაც "დიდი კულტურის ენაზე მეტყველი" სამყარო შექმნა და გააცოცხლა... ის კი, საქმეებისაგან დაღლილი და საქმეში ჩართული, წყნარად მეუბნება:

- ეს ჩემი სამუშაოა, ჩემი ნერვიულობა... ჩემი ნერვიულობა კი არაფრით განსხვავდება თქვენი ან ზეინკლის ნერვიულობისაგან...

P.S. რეზო გაბრიაძის კაფე "არ იდარდოსთან" ბევრი ღიმილი და სითბოა ჩასაფრებული. ამას ყურადღება მაშინ მივაქციე, როცა დავინახე, უცხოელთა ჯგუფი ღიმილით დაჰყურებდა ქვაფენილს. მეც დავხედე: სულ პატარა, კენჭისოდენა კერამიკული ფილები თავის ენაზე ელაპარაკებოდნენ მნახველებს.

ნამცეცა კერამიკები კაფეს კედლებიდანაც "გვეხმიანებოდნენ".

ჩვენი ქალაქის სტუმრები ჯერ კიდევ მხოლოდ გარედან იჭყიტებოდნენ კაფეში, რომელიც დღე-დღეზე გაიხსნება და ისევ გაუღიმებს თბილისს თავისი განუმეორებელი ღიმილით: არ იდარდოთ!

KvirisPalitra.Geძაფზე ჩამოკიდებული ღიმილი

ტერმინი "მარიონეტი" წარმოიშვა იტალიაში, კერძოდ, ვენეციაში ყოველწლიური საეკლესიო დღესასწაულების დროს, როდესაც წარმოდგენებს ხის მექანიკური თოჯინებით, "ხის მარიამებით" ანუ "მარიონებით" მართავდნენ. ამ დღესასწაულზე იყიდებოდა აგრეთვე ხისგან დამზადებული მომცრო "მარიონებიც", პატარა მარიამები, სწორედ მათ ეწოდათ მარიონეტები. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ძაფებით სამართავ თოჯინებს სახელი მათი იტალიელი გამომგონებლის - ვინმე მარიონის გამო ეწოდა.

მარიონეტი, ამჟამად ძირითადად ქსოვილისა და თიხისგან მზადდება,  იმართება ხელებზე, ფეხებზე, ტანსა და თავზე გამობმული ძაფებით, რომლებიც ჯვარედინი ჯოხის ბოლოებზეა დამაგრებული.