"არ შეიძლება იწუწუნო, საქართველოში ექიმები არასწორად იქცევიანო" - რას ჰყვება ამერიკაში მცხოვრები, Covid-19-ით დაინფიცირებული ქართველი ექთანი - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება იწუწუნო, საქართველოში ექიმები არასწორად იქცევიანო" - რას ჰყვება ამერიკაში მცხოვრები, Covid-19-ით დაინფიცირებული ქართველი ექთანი

"იმ დილას იზოლაციის პალატაში შევედი სრული დამცავი აღჭურვილობით. 83 წლის პაციენტი უჰაერობით იხრჩობოდა. ამასობაში, 15 ლიტრი მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი შრიალებდა, სისინებდა ნიღაბში. მერე ტალღები დატყდა კარდიომონიტორზე და დაიწყო... ვისაც ერთხელ მაინც ჩაუტარებია კარდიო-პულმონალური რესუსიტაცია, იცის, რამხელა ფიზიკურ დატვირთვას ითხოვს ნორმალურ გარემოში მკერდის პრესები. ახლა წარმოიდგინეთ, N95 ნომერი ნიღაბი, ზევიდან მეორე, ქირურგიული ნიღბით დაფარული, სათვალე, სახის ფარი, თავზე ჯერ თხელი თავსაფარი, მერე ქირურგიული, მერე კომბინეზონის კაპიუშონი. კომბინეზონის ზემოდან ქირურგიული ხალათი და სამი ფენა ხელთათმანი... 10 წუთს გრძელდებოდა ეს პროცესი, მაინც ვერ გადავარჩინეთ. ამ 10 წუთის განმავლობაში ოფლიან სახეზე ნიღბები იმდენჯერ აცურდა, თვლას ვეღარ ავუდიოდი. რეზიდენტი და ანესთეზიოლოგიც ჩემს დღეში იყვნენ. სიკვდილის დრო დაფიქსირდა და ყველამ დავტოვეთ ოთახი... მერე ვიდექი ხელისგულის სიფართე აბაზანაში, ფენა-ფენა ვიფცქვნიდი ოფლით, სიკვდილის სუნით გაჟღენთილ სამოსს და სულის გამყინავ შიშს ვებრძოდი, ვაითუ... 3 დღის მერე სიცხემ ამიწია, 5 დღის მერე ტესტმა დაადასტურა... 11 დღეა სახლში ვარ, თვითიზოლაციაში, მარკიც, ჩვენი რეზიდენტი. მას 9 თვის ჩვილი ჰყავს სახლში... რამდენიმე ღამე სუნთქვა მიჭირდა, მეგონა, ვიხჩობოდი, ეს პანიკაში გაგდებს. მე არ ვარ გმირი, ნუ დამაბრალებთ სხვისთვის თავგანწირვას, ნუ მომთხოვთ თქვენთან ერთად სიკვდილს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, როგორც შემიძლია და სანამდეც შევძლებ... დარჩი სახლში, გეხვეწები!"

ეს პოსტი ამერიკაში მცხოვრებ ნანა ბერიშვილს ეკუთვნის. ქალბატონი ნანა ნიუ-იორკის შტატში, ვესჩესტერის საგრაფოში ცხოვრობს და უკვე 17 წელია, ექთნად მუშაობს. ძალიან რთული და ემოციური აღმოჩნდა იმის მოსმენა, რაც მან მოგვიყვა.

- ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში თავი შეუძლოდ რომ ვიგრძენი, ტესტი გავიკეთე. ეს იყო შაბათ დღეს, ოთხშაბათს დილით კი დამირეკეს და მითხრეს, დაგიდასტურდათო.

იმ 4-5 დღეში 42 მქონდა სიცხე, სიცხის დამწევებს და ვიტამინებს ვიღებდი, სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი. იცით, რა საშინელი შეგრძნებაა, სუნთქვის პრობლემები რომ გეწყება? გგონია, იხრჩობი, ამოსუნთქვა გიჭირს, გაუსაძლის ტკივილს გრძნობ, თითქოს ძვლები გჭამს, ისე სუსტად ხარ, ფეხზე დგომის თავიც კი არ გაქვს. სუნთქვა დღესაც მიჭირს, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ დავიწუწუნებ - სხვებმა კიდევ უფრო რთულად გადაიტანეს, ან ვერ გადაიტანეს... დამიჯერეთ, ეს არ იყო ჩვეულებრივი ვირუსი. ზოგი ღორისა და ქათმის გრიპს ადარებს კორონას, რაც არასწორია. მაშინ გაცილებით ნაკლები მსხვერპლი იყო - თვე-ნახევარში 42 000 კაცი არ კვდებოდა. ახლა ბოლო 7 კვირაში გარდაცვლილების რაოდენობამ 2 000-დან 42 000-ს მიაღწია.

- საქართველოში კარანტინი 22 მაისამდე გაგრძელდა, რამაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. საინტერესოა, ამერიკელების განწყობა როგორია? - შიში, პანიკა, მღელვარება აქაც არის. რელიგიურ თემაზე აქაც იყო აზრთა სხვადასხვაობა... რა თქმა უნდა, აქაც არიან ადამიანები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ - ზოგს გართობა უნდა, ზოგს თმა აქვს შესაღებ-შესაჭრელი და მოითხოვს, სალონები გახსენითო. არ ესმით, რომ შეიძლება ვირუსის მატარებლები გახდნენ, სხვები დააინფიცირონ და სიკვდილისთვის გაწირონ.

რაც შეეხება საქართველოს, კარგია, რომ ბევრად უფრო ადრე დაიწყეს ღონისძიებების გატარება, ვიდრე ამერიკაში (ჩვენთან შეზღუდვები გამოცხადდა 13 მარტს, როცა 22 თებერვალს მივიღეთ პირველი პაციენტი, ანუ მთელი 5 კვირის დაგვიანებით), მაგრამ სწრაფად გადავიდნენ რადიკალურ შეზღუდვებზე, ვგულისხმობ, მანქანებით გადაადგილების შეზღუდვას, კომენდანტის საათის გამოცხადებას, რაც, ჩემი აზრით, პროტესტს გამოიწვევს. ამერიკაში არ არის მსგავსი შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ჩვენს საგრაფოში დადასტურდა პირველი შემთხვევა - იტალიიდან ჩამოსულმა იურისტმა ერთ დღეში 100 კაცი დააინფიცირა.

- ამ დაუმორჩილებლობის მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ ბევრს ჰგონია, ეს ყველაფერი გაზვიადებულია.

- სწორედ ასეთი აზროვნება განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს. ასე შეთქმულების თეორიის მიმდევრები ფიქრობენ, რადგან არ მოსწონთ შეზღუდვები. ამას წინათ "ტვიტერზე" ერთმა ცნობილმა ადამიანმა დაწერა, ამ ვირუსით დაინფიცირებულს მხოლოდ ერთს ვიცნობო. მივწერე, ასეთი მე ვარ-მეთქი. კომენტარებს რომ წერ, ესე იგი, ცუდად არ ყოფილხარო... არ გამიკვირდება, თუ მალე მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების შემსწრენიც გავხდებთ.

იცით, რატომ არ სჯერათ? თვითონ არ უნახავთ, არ გამოუცდიათ, არ შესწრებიან, როგორ კვდებიან ადამიანები... კვდებიან მარტო, ხელის ჩამჭიდებელიც არავინ ჰყავთ სიცოცხლის ბოლო წუთებში. ამის დრო ექთნებს სად გვაქვს? ჯერ კიდევ გონზე მყოფ პაციენტებს გამოსამშვიდობებლად ტელეფონით აკავშირებენ ახლობლებს. ცხედრის გაპატიოსნების საშუალებაც არ გაქვს, პირდაპირ ახვევ და მორგში აგზავნი, რადგან 6-9 საათის განმავლობაში კვლავ ინფექციის გადამტანად ითვლება. საავადმყოფოს პროზექტურა 24 ცხედარზეა გათვლილი. რადგან ოჯახის წევრები ვერ მოდიან და თავიანთ მიცვალებულს ვერ პატრონობენ, ცხედრები მაცივრებში კი არა, მთელ პროზექტურაში, პირდაპირ თაროებზე ასვენია და მაცივრის კარი გაღებულია, რათა ტემპერატურა კერძო ბოქსიდან გარეთაც გამოვიდეს. ეს ჩემთვის უმძიმესი სანახავი იყო. ჩვენი ექთანი, სრულიად ჯანმრთელი, 42 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით და ყველა ჩავედით მორგში გამოსამშვიდობებლად. იქ უამრავი ცხედარი იყო, ირგვლივ ორთქლი, რადგან სხეულს გაციებასაც არ ვაცლით, ისე ვახვევთ. არც ერთი არ ვიღებდით ხმას და უცებ ასეთ სამარისებურ სიჩუმეში მობილურის ზარი გაისმა... ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი, როგორ დამიდგა თმა ყალყზე... აი, ასეთ ადამიანს, ვისაც ეს ყველაფერი ნანახი და გამოცდილი აქვს, მეუბნებიან, ჩვეულებრივი ვირუსიაო.

ჩვენს საავადმყოფოში უამრავი განყოფილებაა, სამშობიაროდან დაწყებული, ინფექციურით დამთავრებული და წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური პაციენტიც კი არ მიგვიღია. კარდიორეანიმაციის განყოფილებასაც, სადაც ვმუშაობ, 3 მარტის შემდეგ არ მიუღია არავინ, რადგან დაინფიცირებულებს ვეღარ ავუდივართ.

- თქვენი დაკვირვებით, კოვიდ-19-ს აქვს ასაკობრივი ზღვარი? - ტყუილია, რომ მხოლოდ მოხუცებს ამარცხებს ეს ვირუსი. 31 წლის პაციენტი მყავდა, შავკანიანი იყო, ათლეტი. ურთულუსი ფონი ჰქონდა, დასჭირდა დიალიზი, 2 კვირის განმავლობაში ინტუბირებული იყო. როგორც იქნა, მდგომარეობიდან გამოიყვანეს და გაეწერა, მაგრამ მალევე შემოვიდა სუნთქვის უკმარისობით და რამდენიმე დღეში ინფარქტით გარდაიცვალა. არ იცი, ვერ განსაზღვრავ, რა იქნება და როგორ. ამიტომაც სამკურნალო პროტოკოლებს ყოველდღე ანახლებენ. ინფექცია ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ ფართომასშტაბიან დიაგნოსტიკურ სწავლებასაც ვერ ასწრებ, ვერც კვლევებს აწარმოებ და ვერც მონაცემების ბაზას ქმნი.

აქაც იყო პირბადეებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი. 95 ნომერი პირბადე, წესით, გათვლილი უნდა იყოს ერთ პაციენტზე, მაგრამ მეორე კვირასვე დეფიციტი გაჩნდა. რამდენიმე პაციენტთან ვმუშობდი და ყველასთან ერთი და იგივე ნიღაბი მეკეთა. ზოგჯერ ზედ ქირურგიულ პირბადეს ვამატებდი. ნიღაბი იჟღინთებოდა ორთქლითა და ნერწყვით და წარმოიდგინეთ, როგორი სატარებელია მეორე დღესაც... ბახილებიც კი არ გვქონდა, მის ნაცვლად ნაგვისთვის განკუთვნილ პარკებს ვისკოჩავდით ფეხსაცმელზე. ჭკუა ვიხმარე და თებერვალში "ამაზონზე" კომბინეზონები ვიყიდე. მგონი, პირველი მე ვიყავი, ვისაც საავადმოყოფოში კომბინეზონი ეცვა. ახლა ცოტა გაუმჯობესდა მდგომარეობა. მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში მართლაც საშინელება ხდებოდა.

- ანუ, ერთი და იმავე პირბადით მუშაობდით მეორე დღესაც? - მეორე დღეს კი არა, 3-4 დღე ვმუშაობდით ერთი პირბადით, რომელიც უკვე აღარ გვიცავდა. ამიტომაც დავინფიცირდი მეც და ჩემი რეზიდენტიც. საბედნიეროდ, მანაც გადაიტანა. ექთნების დასნებოვნების სხვა ბევრი შემთხვევაც იყო ჩვენს საავადმყოფოში.

მე ვიცი, როგორია ამერიკული რეალობა და ამიტომ ვამბობ, არ შეიძლება იწუწუნო, საქართველოში ექიმები არასწორად იქცევიანო! შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს, ეს არავინ იცის დაზუსტებით, ამიტომაც სოციალური დისტანცია და სხვა ყველა რეკომენდაცია უნდა დაიცვათ.

- თვითიზოლაციის შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით სამსახურს? - ეს არის ჩემი პროფესია. ჯერ განმეორებით ტესტს ჩავიტარებ, მერე მეორე ტესტს - ანტისხეულებზე და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, დავბრუნდები.

როგორც არ უნდა წავიდეს საქმე, ერთი რამ ცხადია - დედამიწა და დედამიწელები არასდროს იქნებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, ფუნდამენტალურად შეიცვლება ადამიანების აზროვნება და ცხოვრების წესი.

ნინო ჯავახიშვილი