"მამა ციხეში მომიკლეს" - კვირის პალიტრა

"მამა ციხეში მომიკლეს"

"პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაა ციხეში. იქნებ გადაარჩინოს და არ გაწიროს სხვა პატიმრები"

"მკვდარს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს მატერიალურ და მორალურ კომპენსაციას აუცილებლად მოვთხოვ"

"ისინი შეცდნენ და დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სიცოცხლისა და ცხოვრების გაგრძელების უფლება ხომ ყველას აქვს?!"

"მე ვარ ნიკოლოზ ბეჟანიძე, 8 წლის... მამა ციხეში მომიკლეს", - ეს წინადადება  პატარა ნიკოლოზმა ფურცელზე სახელდახელოდ დაწერა.

ნიკოლოზი მესამე შვილია ოჯახში და თანაც  პატრიარქის ნათლული. ოჯახის უსახსრობის გამო ორ ძმასთან ერთად ბათუმის ბავშვთა სახლში იზრდება. Dდედას ბავშვები ორ კვირაში ერთხელ გაჰყავს და ყოველთვის ეკლესიაში მიდიან. იმ დღესაც ნიკოლოზი დედასა და ორ ძმასთან ერთად ტაძარში მამის სულის საცხონებლად სანთელს ანთებდა, რომ კარი გაიღო და პატრიარქთან ერთად მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა.

პრეზიდენტი ბავშვთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა, ბიჭმა კი ფურცელი გაუწოდა. ბეჟანიძეების ოჯახს ბევრჯერ უნატრია პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა, რაც თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ იმ დღეს პატრიარქის ნათლულს ნატვრა აუხდა, თანაც წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. გაჩნდა იმედი, რომ პატარა ნიკოლოზის დანთებული სანთელ-საკმეველი გზას არ დაკარგავს და ობლის კვერი, ადრე თუ გვიან, გამოცხვება.

მარინე თურმანიძე, ნიკოლოზ ბეჟანიძის დედა: "იძულებული გავხდი ბავშვები ბათუმის ბავშვთა სახლში მიმეყვანა. რა თქმა უნდა, მირჩევნია შვილები ჩემთან იზრდებოდნენ, მაგრამ საამისო პირობები არა მაქვს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ქმარს საფრთხე დაემუქრებოდა. ჩემი ოჯახის უბედურება არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ბევრი პატიმარია  ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე. ისინი შეცდნენ და დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სიცოცხლისა და ცხოვრების გაგრძელების უფლება ხომ ყველას აქვს?!

ჩემმა ბავშვებმა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი დაკარგეს. კახა უკეთილშობილესი კაცი იყო, საუბედუროდ, ცუდ გარემოცვაში მოხვდა და ნარკოტიკების მომხმარებელი გახდა. მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 7 წელი მიუსაჯეს. რადგან შვილების რჩენას ვერ ვახერხებდი, თანაც კახაბერს ავადმყოფი მშობლები  ჰყავდა, რამდენჯერმე მისი შეწყალება ვთხოვე როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: აჭარის მესამე საპყრობილიდან მეუღლის წერილი მივიღე, სადაც იგი მატყობინებდა, ძალიან ცუდ პირობებში ვარ, დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ  2 საათი მძინავს, გადატვირთულ საკანში პატიმრები რიგრიგობით ვწვებით. ნესტისა და ცუდი კვების გამო სხვადასხვა დაავადება მძვინვარებს, მაგრამ პატიმრები ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაჰყავთო. ყველა ღონე ვიხმარე, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა მომეხერხებინა, მაგრამ არაფერმა გაჭრა, მეუბნებოდნენ, თქვენი მეუღლე ჯანმრთელიაო. კახა მაშინ მართლაც კარგად იყო, ამას ადასტურებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბარათი, რომელიც იმხანად საქმეში იდო.

პატიმრობის ორი წლის შემდეგ კახაბერი   გადაიყვანეს გეგუთის კოლონიაში, სადაც მას  კისრის ქვედა არეში ცხიმგროვა გამოეზარდა და  ექიმს სთხოვა ამოკვეთა, შესაძლოა,  სამედიცინო დაწესებულებაში გადასვლის მიზნით, რადგან წამონაზარდი არ აწუხებდა. ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება არ მოვუწონეთ, მაგრამ თავისი არ დაიშალა და ერთი სიტყვით, გარისკა. ონკოლოგიური საავადმყოფოს ქირურგმა, რომელიც ციხეში იყო მივლინებული, პატიმარს უყოყმანოდ აუსრულა სურვილი, თანაც ისე, რომ წინასწარი გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ოპერაციის მერე კახაბერმა მითხრა, მგონი, ის არ აღმოჩნდა, რაზეც ექიმი ეჭვობდა  და საქმე უფრო რთულად არისო. მართლაც, ჩემს მეუღლეს ნაოპერაციევი ადგილი გაუმაგრდა, ხრტილისებური გაუხდა.

დროთა განმავლობაში სიმაგრე გაიზარდა და კისერზე სარტყელივით შემოეკრა, კუჭ-ნაწლავიდან  ფარულმა სისხლდენამაც  იმატა. ვფიქრობ, ჩემს ქმარს ციხეში მძიმე პირობების გამო განუვითარდა კუჭ-ნაწლავის დაავადება, რამაც დროთა განმავლობაში მეტასტაზები წარმოქმნა. კისერზე ამობურცული ლიმფური კვანძიც ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. რა თქმა უნდა, გამოკვლევის გარეშე გაკეთებულმა ოპერაციამ კახაბერის სიკვდილი დააჩქარა, თორემ  ასეთი ავადმყოფებისათვის შეიძლება სიცოცხლის გახანგრძლივება. კახაბერს არასწორმა მკურნალობამ, გულგრილობამ და უყურადღებობამ სიცოცხლე მოუსწრაფა.

თურმე დაუშვებელი იყო იმ პრეპარატების დანიშვნა, რასაც მას სისტემატურად აძლევდნენ, რამაც კუჭი გაუხეთქა. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იქამდე არ გადაიყვანეს, ვიდრე სისხლისგან არ დაიცალა. როცა ვნახე, სიკვდილის პირას იყო. მითხრა, ხომ ხედავ, რა დღეში ჩამაგდეს, როცა მოვკვდები, აუცილებლად ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეო.

მისი მკურნალი ექიმი ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, კახაბერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია და მალე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენო. ჩემმა მეუღლემ ეს რომ გაიგო, სასოწარკვეთილმა მითხრა, თუ გადამიყვანეს, ე.ი. ვეღარასოდეს გნახავთ და აქვე დაგემშვიდობებითო. მართლაც, გადაიყვანეს თუ არა, ნახევარ საათში ჩავარდა კომაში, რის გამოც ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში დააბრუნეს. მაგრამ აღარაფერი ეშველა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზის ჩატარებას ძლივს მივაღწიე. შედეგად ის  მივიღე, რომ ყველა ექიმს, რომელთა დამსახურებითაც ჩემმა მეუღლემ სიცოცხლე დაასრულა, 6 თვით შეუჩერეს საექიმო ლიცენზია. რა თქმა უნდა, მკვდარს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ბავშვებისთვის სახელმწიფოს მატერიალურ და მორალურ კომპენსაციას აუცილებლად მოვთხოვ. მათ სხვების დანაშაულებრივი ქმედების გამო დაკარგეს მამა და დედასთან ყოფნის შესაძლებლობაც. პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაა ციხეში. იქნებ გადაარჩინოს და არ გაწიროს სხვა პატიმრები. ბოროტება მხოლოდ სიკეთითა და გულმოწყალებით მარცხდება. ჩვენ გვინდა ისევ გვჯეროდეს სიკეთის გამარჯვების, როგორც ერთ დროს, როცა ბედნიერები ვიყავით".

P.S. სხვათა შორის, ქალბატონმა მარინემ იმის დასტურად, რომ მის მეუღლეს ციხეში ცუდი პირობებისა და არასწორი მკურნალობის გამო შეერყა ჯანმრთელობა, არაერთი დოკუმენტი წარმოადგინა, მაგრამ ჩვენ მათ განხილვას არ მოვყვებით. მთავარია შედეგი, ის, რომ ბოლო წლებში პატიმრების სიკვდილიანობამ ძალიან მოიმატა.