ეტაპები, რომლითაც გერმანიაში COVID 19-ს ებრძვიან
ეტაპები, რომლითაც გერმანიაში COVID 19-ს ებრძვიან
"თავად თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ექიმები გვყავს, ბევრი მათგანი მსოფლიო დონის სპეციალისტია"

ილიას ტერსენიდისი გერმანიაში სარეაბილიტაციო კლინიკების ერთ-ერთ უდიდეს ქსელში, Median Kliniken-ში მუშაობს, სადაც რეაბილიტაციას ფსიქოსომატური პრობლემებისა და დამოკიდებულების (ალკოჰოლი, კაზინო, ნარკოტიკები) მქონე პირები გადიან. ამჟამად გერმანიის სამედიცინო დაწესებულებები COVID 19-თან ბრძოლაში არიან ჩართული და განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობენ.

თუ როგორ მკურნალობს კორონავირუსს გერმანელი სამედიცინო პერსონალი, როგორი ვითარებაა გერმანიაში შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, "კვირის პალიტრას" ილიას ტერსენიდისი უამბობს:

- ფსიქოსომატიკა მედიცინის ერთ-ერთი ახალგაზრდა დარგია. ეს არის მეცნიერება ადამიანის სულისა (ფსიქო) და სხეულის (სომა) შესახებ. შინაგანი კონფლიქტები, სტრესი, დეპრესია, პიროვნული აშლილობები, პოსტრავმული სტრესული აშლილობები.
რასაც ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ორგანული სიმპტომებით გამოიხატება - ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით;
შესაძლოა ჩაითრიოს ენდოკრინული სისტემა, დაირღვეს ნივთიერებათა ცვლა, დაიწყოს ქრონიკული ტკივილი... ხშირად გამოკვლევები და ანალიზები თვალით ხილულ მიზეზებს ვერ ავლენენ, ანუ პრობლემის მიზეზი არ ჩანს... ფსიქოსომატიკა ამ და სხვა მსგავს პათოლოგიებს შეისწავლის.

კლინიკაში, რომელშიც 2016 წლიდან ვმუშაობ, ხანგრძლივ რეაბილიტაციის გადიან ალკოჰოლდამოკიდებული, წამალდამოკიდებული პირები, გემბლერები, იგივე აზარტომანები, ასევე ფსიქოსომატური აშლილობის მქონე პირები. თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ თერაპიისა სტრუქტურა რადიკალურად შეცვალა - პაციენტები ჯგუფებად დაიყვნენ, რათა როგორც თერაპიის ოთახებში, ასევე სასადილოსა და სხვა ადგილებში დისტანცია დაცული იყოს. სამუშაო ჯგუფები ყოველდღიურ ვიდეოკონფერენციებს მართავენ ჯანდაცვის სისტემის შესაბამის რეგიონზე პასუხისმგებელ განყოფილებასთან, რომელიც თანამშრომლობს რობერტ კოხის ინსტიტუტთან.

პირველი და ყველაზე მთავარი, რაც გაკეთდა, პანიკის არიდებაა - მოსახლეობამ თავიდანვე იცოდა, რომ გერმანიას დიდი ფინანსური რესურსი აქვს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებდა. ჩვენს კლინიკაში საგანგებოდ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველივე კვირას მოგვაწოდა აღჭურვილობა - ნიღბები, ხელთათმანები, სათვალეები და ხალათები. კლინიკის ერთი სართული პოტენციური COVID-19-ის დადებითი პაციენტებისთვის გამოყვეს. ყოველი ახალი პაციენტის სრულყოფილი ანამნეზი იკრიბება, მიმდინარეობს ვიტალური პარამეტრების მონიტორინგი, კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ვიღებთ ნაცხს და პასუხის მოსვლამდე პაციენტი იზოლირებულია. თუმცა ასეთი ზუსტი პრინციპით მუშაობის მიუხედავად, ადამიანური ფაქტორის გამო მაინც არის ხარვეზები, რადგან მსოფლიოში ამისთვის არავინ იყო მზად.

- ქართველი პაციენტები გყავდათ?
- პირდაპირი კონტაქტი ერთ ქართულ ოჯახთან მქონდა, ლტოლვილთა ბანაკიდან, სხვა შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო საუბრები... უფრო პანიკის გამო იყვნენ ცუდად, ვიდრე სიმპტომები ჰქონდათ. განსაკუთრებით სტუდენტები იყვნენ გაურკვევლობაში, სწავლა შეჩერდა, სამსახურები დაიკეტა, თითქოს ჰაერში დარჩნენ. პირველ დღეებში ხშირად რეკავდნენ, ზოგს დაზღვევა არ ჰქონდა ან თავად ვერ მიდიოდა ექიმთან... შემდეგ თანდათან ყველაფერი მოგვარდა.
გერმანელი მეცნიერი, პროფესორი კრისტიან დროსტენი, რომელიც ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ კლინიკა "შარიტეში" მუშაობს, რეკომენდაციებს ყოველკვირეულად აახლებს და ვირუსთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს გვიზიარებს. სიახლეებს სისტემატურად ვიღებთ მეილზეც ამა თუ იმ ქალაქის ექიმთა პალატისგან. ვირუსის გავრცელების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებაზე იყო ლაპარაკი, უმეტესად ანტივირუსულ მედიკამენტებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აივ-ის, ებოლას, ჰეპატიტებისა და გრიპის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენებოდა; ასევე პრეპარატები, რომლებითაც ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიას, მაგალითად, ფილტვის ფიბროზსა და სხვა შემთხვევებს მკურნალობენ; ასევე, მოიხმარენ იმუნომოდულატორებს, რომლებიც რევმატოიდული ართრიტისა და ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს გამოიყენება. თეორიულად ამ მედიკამენტებს უნდა შეემცირებინა ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ვირუსით განპირობებული ფილტვების ორგანული დაზიანების დროს.

- რა ინფორმაცია გაქვთ გერმანელი მეცნიერების მუშაობის შესახებ?.. ცნობილია, რომ მსოფლიოში 15-16 დასახელების მედიკამენტს ცდიან, თუმცა საუკეთესოს ვერ მიაგნეს. ქართველი ექიმების თქმით, "პლაქვენილი" ჯერჯერობით შეუცვლელია.
- ახლახან გაირკვა, რომ გერმანიაში ოფიციალურად გაიცა ნებართვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებაზე. ქალაქ მაინცში ჩინური Phosun Pharma-სა და ამერიკული Pfizer-ის მხარდაჭერით ვაქცინის ტესტირებას დაიწყება, თუმცა არ ველით, რომ ეს მალე დასრულდება. ვაქცინის შექმნის შესახებ სხვა საიმედო ოფიციალური ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, მე, არ მომეპოვება.
აქ ჯანდაცვის პირველადი რგოლი, თუნდაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, ასევე, ექიმთან რეგულარულად სიარულის კულტურა არსებობს. შესაბამისად, ქრონიკული პათოლოგიებიც უკეთესად არის მართული და ხანდაზმული პაციენტების ჯანმრთელობაც სტაბილურია. ალბათ, ამიტომაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი გერმანიაში დაბალია.

მედიკამენტებს რაც შეეხება, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც წესი, ახალი პრეპარატის ეფექტიანობის დასამტკიცებლად წლობით მიმდინარეობს პრეკლინიკური და კლინიკურ კვლევები. "პლაქველინი", რომლის გამოყენებაც საქართველომ კვირების წინ დაიწყო, ამერიკასა და ევროპაში კი არც ისე დიდი ხნის წინ დაუშვეს ექსპერიმენტულად COVID-19-ის სამკურნალოდ კარგი მედიკამენტია განსაკუთრებით მალარიის სამკურნალოდ. თუმცა გასათვალისწინებელია მისი გვერდითი მოვლენები, ამიტომ რუტინულად დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის. სტანდარტი ასეთია - ის რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ და რისკჯგუფებშიც არ შედიან, შესაბამისი რეკომენდაციით თვითიზოლაციის პირობებში ბინაზე ეწერებიან. საშუალო და მძიმე ფორმები სტაციონარულად მიმდინარეობს. ბილატერალური პნევმონიის დროს დიდი არჩევანი არც არის, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაჰყავთ. დანარჩენი იმუნურ სისტემასა და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზეა დამოკიდებული.

- გერმანიაში 20 აპრილიდან თანდათან მოიხსნა შეზღუდვები. როგორ ფიქრობთ, ეს გაამართლებს?
- საქმე ის არის, რომ გერმანიაში ძალიან ბევრი ადამიანი თვითდასაქმებულია და ისინი მეორე თვეა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან. მართალია, გამოიყო დიდი ოდენობით კრედიტები, ალბათ, იქნება შეღავათიანი პროცენტები და ფინანსური წახალისებაც, თუმცა გაჩერებული ეკონომიკის გამო ვალები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

პირველ ეტაპზე იხსნება ავტოსალონები და წიგნის მაღაზიები, საწარმოები, რომელთა ფართობი არანაკლებ 800 კვმეტრია. ეტაპობრივად იგეგმება დამამთავრებელ კლასებში სასწავლო პროცესის განახლება. ყველაფერი შესაბამისი ნორმების დაცვით, 1,5-მეტრიანი დისტანციის დაცვით მოხდება, ნიღბებით. ამის შემდეგ ვითარებას დააკვირდებიან - თუ შეზღუდვების შემსუბუქება ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდას არ გამოიწვევს, ოპტიმიზმის საფუძველი გვექნება.

- თქვენ აზრით, რამდენად ახერხებენ ქართველი მედიკოსები კორონავირუსთან გამკლავებას?
- თუ როგორ ეფექტიანად მუშაობენ საქართველოში ექიმები, შეგვიძლია შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ. თავად თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ექიმები გვყავს, ბევრი მათგანი მსოფლიო დონის სპეციალისტია. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ჯანდაცვის პირველად რგოლსა და ელემენტარულ საკითხებში ბევრი ხარვეზია. რაღაცებში ძალიან მოვიკოჭლებთ, თუმცა კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტიანობის მხრივ შესაძლოა ათეულშიც კი ვიყოთ. ამ რეალობამ დაგვანახა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუ მოსახლეობაც შეუწყობს ხელს და სახლში დარჩება.

- მსოფლიოს მეცნიერები მსჯელობენ იმ გაკვეთილებზე, რაც ამ ვირუსმა გვასწავლა.
- ჯერ იმაზე საუბარი, რა გვასწავლა კორონავირუსმა, ნაადრევია, რადგან საფრთხეს ჯერ არ ჩაუვლია და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. თუმცა ბევრი რამ დაგვანახა - უპირველესად ხარვეზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სისტემებში. განვითარებული ქვეყნებს დაანახა, რომ არც ისეთ სტაბილურ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ, როგორც წარმოედგინათ. განვითარებადი ქვეყნებისთვის კი პანდემიასთან ბრძოლა, ალბათ, დამატებითი სტიმული და მოტივაციაა დისციპლინისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად. კიდევ ერთხელ დავინახეთ ადამიანთა თანასწორობის ფასი, ის, რომ არ არსებობენ "ხელშეუხებელი პირები". ამის მაგალითი იყო თუნდაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინფიცირება... ასე რომ, დროთა განმავლობაში, ალბათ, შეხედულებები გადაფასდება. ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, იზოლაცია და კარანტინი გამოიარეს, ბევრ რამეს სხვანაირად დაინახავენ, ჯანმრთელობასა და თავისუფლებას დააფასებენ.

- როგორც სპეციალისტს გკითხავთ, როგორ აისახება პანდემია თაობებზე, როგორც მოზარდებზე, ასევე სხვა ასაკის ადამიანებზე?
- ჯერ ადრეა პროგნოზირება, ვირუსს ჯერ კიდევ ვებრძვით. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვადით შეზღუდვები და როგორი იქნება ეკონომიკური ზარალი. ეს ყოველივე აუცილებლად დაატყობს ფსიქოლოგიურ კვალს განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებმაც თავად დაამარცხეს კორონავირუსი; სამედიცინო პერსონალს, რომელიც ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობდა უიმედო პაციენტებს. მიღებულმა სტრესმა შესაძლოა თვეების ან კვირების მერე იჩინოს თავი ე.წ. ფლეშბეკების სახით და პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა დაგვიტოვოს. კარანტინსა და მკაცრ იზოლაციაში მყოფ პირებს ხშირად შფოთვითი აშლილობები უმწვავდებათ. შესაბამისად, იმატებს დეპრესიული ფონი და ძილის დარღვევები. მაგალითად, გერმანიაში ჩვენი კლინიკების ქსელი უკვე ფიქრობს, ე.წ. სარეაბილიტაციო პროგრამებზე იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც უკვე თვეებია დღედაღამ მუშაობენ. თუმცა პოზიტიური ცვლილებებიც იქნება - ღირებულებები გადაფასდება. ახლა ყველამ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, ვგულისხმობ, ვირუსთან ბრძოლაში საკუთარ წვლილს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?