"ემიგრანტების სახელით, ლონდონიდან მადლობას ვუხდით საქართველოს საამაყო ექიმებს" - კვირის პალიტრა

"ემიგრანტების სახელით, ლონდონიდან მადლობას ვუხდით საქართველოს საამაყო ექიმებს"

"მოსაწონია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კომენდანტის საათთან დაკავშირებით. მთავარია, ხალხმა დაიცვას წესები, მთავრობამ კი უმუშევარ ხალხზე იზრუნოს"

ჩვენი რესპონდენტი ეკა უშარიძე 16 წელია, ლონდონში ცხოვრობს. "ახლა ლონდონი მძიმე სანახავია - დაცარიელებული, დაკეტილი სასტუმროებით, კაფე-ბარებით, კინოთეატრებით... კორონავირუსმა თავდაყირა დააყენა ლონდონის 24-საათიანი აქტიური ცხოვრება", - ამბობს ეკა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

- პირველი პანიკის დროს ხალხი მართლაც შეშინებული იყო. დაიწყო სურსათის დამარაგება, ლონდონისთვის უჩვეულო რიგები, მერე - დისტანციური რიგები... ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. ხალხი შეშინებულია მოსალოდნელი ეკონომიური კრიზისით, თუმცა რა გასაკვირია - ბევრს არ აქვს დანაზოგი, ზოგმა სამსახური დაკარგა, ოფიციალურად დასაქმებულებს კი ხელფასის 80%-ს მთავრობა უხდის, 20 %-ს - დამსაქმებელი კომპანია.

- რამდენ ხანს გადაუხდიან? - არავინ იცის... ხალხი ცდილობს შეეგუოს აზრს, რომ მოუწევთ ვირუსთან ერთად ცხოვრება დაწესებული შეზღუდვების დაცვით. სანქციებია დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობაზე, რაც კანონის დარღვევაა და ცუდად აისახება დამრღვევის პირად დახასიათებაზე, ეს კი უარყოფითად იმოქმედებს მომავალში მათ საქმიანობაზე.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს?

- რამდენიმე დღის წინ ავტობუსების მომსახურება უფასო გახდა, მეტროს ზოგიერთი სადგური დაკეტილია. მსუბუქი ავტომანქანები ჩვეულებრივად დადიან. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, ასევე - ტვირთის გადამზიდი კომპანიები. მთავრობა ხალხს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და ამით გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. უმრავლესობა სამედიცინო პერსონალს უჯერებს და რჩევებს ითვალისწინებს. დედოფალ ელისაბედის 94 წლის იუბილე იყო, მაგრამ მონარქის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო ეს დღე ზარზეიმით არ აღუნიშნავთ.

- რამდენი ხანია, იზოლაციაში ხართ? - მე უკვე ხუთი კვირაა, სახლში ვარ. ერთმანეთს ვეკითხებით, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ასე, მაგრამ პასუხი არავინ იცის... მედია მუდმივად გვაწვდის სიახლეებს. იმედი გვაქვს, 3 მაისისთვის შეგვატყობინებენ, როდემდე გაგრძელდება ასეთი რიტმი. რამდენიმე დღის წინ მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, საავადმყოფოს მიმღებში ტელეფონზე მოპასუხედ მემუშავა.

- დასთანხმდით?

- არა, სურდო მქონდა და თავი შევიკავე.

- ქართველი ემიგრანტები როგორ უკავშირდებით ერთმანეთს? - ტელეფონით და სოციალური ქსელით. ვამხნევებთ, ვაძლებინებთ ერთმანეთს. მთელი ჩვენი ყურადღება, სული და გული საქართველოსკენ არის მოპყრობილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ემიგრანტების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საამაყო ექიმებს, მთელ მედპერსონალს ასეთი შედეგებისთვის. მოსაწონია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კომენდანტის საათის დანიშვნასთან დაკავშირებით. მთავარია, ხალხმა დაიცვას წესები, მთავრობამ კი უმუშევარ ხალხზე იზრუნოს.

მსოფლიომ დაინახა, როგორ ჩატარდა სააღდგომო რიტუალი - დისტანციის დაცვით, მოთხოვნათა შესაბამისად. ძალიან ვამაყობ ჩემი ერით.

"მე უიმედო პაციენტებს სასუნთქ აპარატს ვუთიშავ და მშვიდად სიკვდილის საშუალებას ვაძლევ"

ბი-ბი-სი აქვეყნებს ემოციურ სტატიას, რომელშიც აღწერილია ლონდონის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექთნის, ხუანიტა ნიტლას ერთი ჯოჯოხეთური დღე კოვიდინფიცირებულებთან.

"კოვიდ 19-ის მწვავე ფორმით ინფიცირებული ბევრი პაციენტისთვის ფილტვების ხელოვნურ სავენტილაციო აპარატთან დროული ჩართვა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თუმცა ეს მოწყობილობაც კი არ არის ხსნის გარანტია და მთელ მსოფლიოში ექიმებს უწევთ რთული გადაწყვეტილების მიღება - სასუნთქი აპარატის გამორთვა, როცა იმედი აღარ არის. აპარატის გამორთვა ძალიან მძიმე და მტკივნეულია. გგონია, ვიღაცის სიკვდილზე პირადად ხარ პასუხისმგებელი" - აღიარებს ხუანიტა ნიტლა.

სამხრეთ ინდოეთში დაბადებული ხუანიტა უკვე 16 წელია, ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს. ის ლონდონში "როიალ ფრი ჰოსპიტალის" რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექთანია.

პაციენტის შვილი, რომელმაც არ იცოდა, რა ხდებოდა პალატაში, ტელეფონით ისევ ელაპარაკებოდა დედას...

ერთ დღეს, აპრილის დასაწყისში, როდესაც ხუანიტა დილის ცვლაში სამუშაოდ მივიდა, განყოფილების უფროსმა უთხრა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობის შეწყვეტა მოუწევდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული ექთანი აღმოჩნდა. ხუანიტას მოუწია, მისი ქალიშვილისთვის აეხსნა, რას ითვალისწინებდა ეს პროცედურა.

"ვცადე, პაციენტის შვილი დამერწმუნებინა, რომ ეს პროცედურა უმტკივნეულო იქნებოდა. ისიც ვიკითხე, ჰქონდა თუ არა მომაკვდავს უკანასკნელი სურვილი, მათ შორის - რელიგიური ხასიათის... ის რვასაწოლიან ბოქსში იწვა, სადაც ყველა მძიმე ავადმყოფი იყო. მე ფარდა ჩამოვაფარე და პაციენტს მიერთებულ მოწყობილობებს ხმა გავუთიშე"...

პალატაში მყოფი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა... ხუანიტამ მომაკვდავ დედას ტელეფონი ყურთან მიუტანა და შვილთან გამომშვიდობების შესაძლებლობა მისცა.

"მე გვერდით ვიჯექი და მისი ხელი ხელში მეჭირა, სანამ სული არ დალია" - იხსენებს ექთანი.

მკურნალობის შეწყვეტისა და სასუნთქი აპარატის გათიშვის გადაწყვეტილებას მედიკოსთა ჯგუფი პაციენტის მდგომარეობის, ასაკის, სამედიცინო ისტორიის, მკურნალობის კურსზე რეაქციისა და მისი გამოჯანმრთელების შანსის შეფასების შემდეგ იღებს. ხუანიტას პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატის გათიშვიდან ხუთ წუთში გარდაიცვალა.

"მე ვხედავდი, როგორ აციმციმდა მონიტორზე განგაშის ნიშნები, მერე კი კარდიოგრამაზე აბსოლუტურად სწორი ხაზი გამოჩნდა - ეს გულის გაჩერებას ნიშნავდა..."

პაციენტის შვილი, რომელმაც არ იცოდა, რა ხდებოდა პალატაში, ტელეფონით ისევ ელაპარაკებოდა დედას, ლოცვებს უკითხავდა... ხუანიტა იძულებული იყო, მისთვის ემცნო, რომ ყველაფერი დამთავრდა.

პაციენტის სიკვდილის შემდეგ ხუანიტას ვალდებულებები არ დამთავრებულა. მან კოლეგების დახმარებით გარდაცვლილი განბანა, თეთრ ზეწარში გაახვია და სპეციალურ ტომარაში მოთავსებამდე პირჯვარი გადასწერა. "შემაძრწუნებელია უყურო, როგორ იხოცებიან მარტოობაში..." - ამბობს ექთანი.

"ღამით კოშმარები მაწუხებს, ვერ ვიძინებ და მეჩვენება, რომ ავად ვხდები"

"პაციენტების სიმრავლის გამო რეანიმაციის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა 34-დან 60-მდე გავზარდეთ. ახლა ყველა საწოლი დაკავებულია. რეანიმაციაში 175 ექთანი მუშაობს. ჩვეულებრივ, განყოფილებაში თითო ავადმყოფზე თითო ექთანი მოდიოდა, მაგრამ ახლა ერთი ექთანი სამ პაციენტს უვლის და თუ სიტუაცია უფრო დამძიმდა, ექვსი პაციენტის მოვლა მოუწევს. ზოგიერთ ექთანს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში არიან, ამიტომ მოგვიხდა სხვა სპეციალობის ექთნების რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობისთვის მომზადება. ყოველი ცვლის დაწყების წინ ხელს ჩავკიდებთ ხოლმე ერთმანეთს და ვიმეორებთ, როგორც მანტრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება..." - ამბობს ხუანიტა.

საავადმყოფოში სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის ბალონებისა და აუცილებელი მედიკამენტების სიმცირეა. საბედნიეროდ, "როიალ ფრის" მთელი პერსონალისთვის ჰყოფნის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ხუანიტა: "რეანიმაციის განყოფილებაში დღეში საშუალოდ ერთი სიკვდილის შემთხვევის რეგისტრაცია გვიწევს, რაც მეტია, ვიდრე პანდემიამდე საშუალო მაჩვენებელი. ეს ძალიან დამთრგუნველია. ღამით კოშმარები მაწუხებს, ვერ ვიძინებ და მეჩვენება, რომ ავად ვხდები. ჩემს კოლეგებსაც ეშინიათ".

შარშან ხუანიტა რამდენიმე თვის განმავლობაში ტუბერკულოზით იყო ავად და კარგად იცის, რომ მისი ფილტვებისთვის ეს მდგომარეობა სახიფათოა, მაგრამ როგორც უფროს ექთანს, ხშირად უწევს საკუთარი შიშის დათრგუნვა.

"ხშირად მეუბნებიან, რომ არ უნდა წავიდე სამსახურში, მაგრამ ახლა პანდემიაა, ამიტომ მიწევს, დავივიწყო ყველაფერი და შევასრულო ჩემი მოვალეობა... თითოეული ცვლის შემდეგ ვფიქრობ პაციენტებზე, რომლებიც იმ დღეს გარდაიცვალნენ."