კორონავირუსი და ჰოლივუდი - კვირის პალიტრა

კორონავირუსი და ჰოლივუდი

კორონავირუსმა ჰოლივუდსაც დაატყო თავისი კვალი. ისევე, როგორ მთელი მსოფლიო, ჰოლივუდის მსახიობებიც სახლში არიან გამოკეტილი. ბევრი მათგანი თავის მივიწყებულ ინსტაგრამგვერდს მიუბრუნდა და გამომწერთა გახალისებას პირდაპირი ვიდეოჩართვებით, ფოტოებით და სხვადასხვა აქტივობით ცდილობს, ბევრი კი, გაგიკვირდებათ და, სასოწარკვეთას მიეცა და დამწუხრებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. "კვირის პალიტრის" მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე სახალისო ფოტოისტორიას იზოლაციაში მყოფი ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან.

ნაომი კემპბელი

იზოლაციაში არ იწყენს ყველა დროის წარმატებული მოდელი, 49 წლის ნაომი კემპბელი, რომელიც კარანტინამდე ავრცელებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა, რომ პანდემიის შესაბამისად აღჭურვილი დადიოდა, ახლა კი ჟურნალისტობა გადაწყვიტა და მის "იუთუბის" გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ გადაცემა No Filter with Naomi, სადაც ის იწვევს სხვადასხვა ცნობილ ადამიანს და გულახდილად საუბრობენ. გადაცემაში უკვე მიიღეს მონაწილეობა სინდი კროუფორდმა, შერონ სტოუნმა, ქრისტი ტარლინგტონმა, მარკ ჯეიკობსმა და ა.შ.

ნაომი კვლავ აგრძელებს სამოდელო კარიერას. გამოცემა Vogue-მა 2019 წლის 10 საუკეთესოდ ჩაცმული ქალი დაასახელა. სიის სათავეში ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელია. 2020 წლის 27 იანვარს მან ბრიტანელი დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სუპერმოდელმა ვივიენ ვესტვუდთან პირველად 33 წლის წინ ითანამშრომლა და მას შემდეგ ხშირად გამოდიოდა დიზაინერის ჩვენებებზე, თუმცა კამპანიაში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

"მჯერა, რომ ცხოვრებაში რაღაცები მაშინ ხდება, როცა საჭიროა. 33 წელი დამჭირდა, რათა ვესტვუდის კამპანიაში მიმეღო მონაწილეობა და მიხარია, რომ ამას ჩემი ცხოვრების 49-ე წელიწადს ვაკეთებ. ყველაფერი უნდა მოხდეს მაშინ, როცა უნდა მოხდეს" - თქვა ნაომი კემპბელმა.

ბოლო დროს ჰოლივუდის პროდიუსერებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო არაერთი ფილმის პრემიერა...

არნოლდ შვარცენეგერი

იზოლაციაში არ იწყენს 72 წლის არნოლდ შვარცენეგერი. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ველოსიპედზე "ამხედრებულს" ამშვენებს პირბადე წარწერით We’ll Be Back (ჩვენ დავბრუნდებით). ეს არის ინტერპრეტაცია მსახიობის სავიზიტო ბარათად ქცეული ფრაზისა - I ’ll Be Back, რომელიც შვარცენეგერმა პირველად წარმოთქვა ფილმში "ტერმინატორი". პირბადეების გაყიდვით შემოსული თანხა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს მოხმარდება. შვარცენეგერი კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს. მან საქველმოქმედო ორგანიზაციაში მილიონი დოლარი გადარიცხა. მსახიობი აქტიურობს სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, რომელთა მთავარი გმირები არიან მისი პონი, სახელად "ვისკი" და ვირი "ლულუ". ყოფილი გუბერნატორი იზოლაციაში დროის დიდ ნაწილს სწორედ მათთან ატარებს. სახლში გამოკეტილ შვარცენეგერს თავისი ფეხსაცმლის კარადის დალაგებაც გადაუწყვეტია. ვიდეოში, რომელიც მსახიობმა თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ის ქალიშვილთან ერთად "კაზაჩოკების" კოლექციას ასუფთავებს.

ალეკ ბოლდუინი

62 წლის მსახიობი ალეკ ბოლდუინი მეექვსე შვილს ელოდება. ამის შესახებ მისი მეუღლე ჰილარი თავის ინსტაგრამზე წერს და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს. ჰოლივუდის მსახიობი ხშირად აქვეყნებს პატარა ბოლდუინებთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებს, თუმცა ბოლოდროინდელ ფოტოებში კარგად ჩანს იზოლაციით შეწუხებული მისი სახეს. კალიფორნიაში ცხოვრობს მისი და კიმ ბესინგერის ქალიშვილიც - 24 წლის ირლანდია, რომელიც წარმატებული მოდელია. ირლანდია სოციალურ ქსელში ხშირად წერს, რომ კორონავირუსის გამო ცუდ ხასიათზეა, რამდენიმე დღის წინ კი განაცხადა, რომ იპოვა გზა, როგორ ებრძოლოს დეპრესიულ განწყობას - მან თავისი სახლის ფასადი ფერადად შეღება და ამბობს, რომ ხელსაქმე მართლაც შველის სტრესს.

ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო

ჰოლივუდის მსახიობების უმეტესობა პრეზიდენტ ტრამპს პროტესტს უცხადებს. მათ შორის არიან ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნიროც. ისინი ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს წამოწყებულ კამპანიებში მონაწილეობენ. სულ ახლახან ლეონარდო დიკაპრიომ თავის ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო რობერტ დე ნიროსთან ერთად, სადაც ისინი ფანებს მოუწოდებენ, თანხა გადარიცხონ საქველმოქმედო ფონდში, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს საკვებით მოამარაგებს. ფანების წახალისების მიზნით, ისინი ყველას, ვინც მცირედს მაინც გაიღებს ამ ფონდისთვის, ჰპირდებიან, რომ რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმში Killers of the Flower Moon, უმნიშვნელო როლს ან გადაღებებზე დასწრების უფლებას მისცემენ.

"თუ ოდესმე გინდოდათ გცოდნოდათ, როგორია დიდებულ მარტინ სკორსეზესთან, რობერტ დე ნიროსთან და ჩემთან ერთად გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ამის გაგების შანსი გეძლევათ", - განაცხადა ლეონარდო დიკაპრიომ.

მიშელ პფაიფერი

61 წლის მსახიობი მიშელ პფაიფერი იზოლაციის დაწყებისას აქტიურად ამხნევებდა თავის გამომწერებს, ამერიკელ ექიმებსა და ინფიცირებულებს. მან თავისი სუნამოს ხაზის - Henry Rose-ის დაბადების დღეც კი ონლაინ აღნიშნა, თუმცა, თუ მის ინსტაგრამგვერდს გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ მოიწყინა და დასევდიანდა. პფაიფერი, ძირითადად, უმაკიაჟოდ იღებს ფოტოებს და მშვენივრადაც გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზის მოყვარული მსახიობის ფოტოებს უამრავი მოწონება მოჰყვა.