თენგიზ ცერცვაძე: "ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემა" - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე: "ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემა"

კორონავირუსთან კოაბიტაცია მოგვიწევსო, ბრძანებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. ჩვენი ინტერვიუც კორონავირუსსა და მასთან კოაბიტაციას ეხება.

- უნდა მოვახერხოთ ეპიდემიის ზრდის შეჩერება. გარკვეული სტაბილურობა მიღწეულია, მაგრამ არ ვიცით, ეს შედეგი მდგრადია თუ არა. შეიძლება კიდევ მოიმატოს შემთხვევებმა, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს იქნება რამდენიმე ათეული დღეში და არავითარ შემთხვევაში - ასეული. ეს არის მიზანი!

როგორც ჩანს, კორონავირუსის ინფექცია მთლიანად არ გაქრება, ასეთი პირი უჩანს... რა ვქნათ? საგანგებო მდგომარეობა უსასრულოდ გავაგრძელოთ? მე ვხედავ ასეთ პერსპექტივას - პანდემიის პიკი გადაივლის და იმედი მაქვს, საქართველოში ეს პიკი არ იქნება ძალიან ციცაბო, დაავადებულთა რიცხვი არ მიაღწევს დრამატულ ნიშნულს, რომელსაც ჩვენი კლინიკური სექტორი ვეღარ გაუმკლავდება, მაგრამ პიკის შემდეგაც იქნება ამ ვირუსის ახალი შემთხვევები და ჩვენ მოგვიწევს ამ პირობებში ცხოვრება, საქმიანობა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ეკონომიკის ამუშავება და კორონავირუსის ინფექციის გაქრობას ვერ დაველოდებით. ამას ვგულისხმობ კორონავირუსთან კოაბიტაციაში.

მაგალითად, საქართველოში დღემდე არაერთი შემთხვევა გვხვდება ტუბერკულოზის, რომელიც გადამდები ინფექციური დაავადებაა, არანაკლებ საშიში, ვიდრე კორონავირუსის ინფექცია. ადრე, როცა ტუბერკულოზის საპასუხო ღონისძიებები არ გვქონდა, წელიწადში 5-6 ათასი ახალი შემთხვევა აღინიშნებოდა, დღეისთვის კი ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევა გვაქვს და აღარ აღვიქვამთ განსაკუთრებულად მტკივნეულად, რადგან ვიცით, რომ ტუბერკულოზის ცენტრი არსებობს, იმკურნალებენ და კარგად გახდებიან...

საქართველოს კოვიდთან ბრძოლის უპრეცედენტოდ კარგი შედეგები აქვს. ევროპის 53 ქვეყნიდან ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო 49-ე ადგილზეა. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს: ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანსა და მონტენეგროს. საქართველოს ბრძოლა კოვიდის წინააღმდეგ და გამოცდილება წარმატებულია როგორც სახელმწიფო მიერ მიღებული ზომების, ასევე - სამედიცინო თვალსაზრისით. ეს გამოცდილება უნდა შევინარჩუნოთ. ექიმებისა და კლინიკების ნაწილი ისევ იქნება ორიენტირებული კოვიდ 19-ზე და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ, როგორც ტუბერკულოზის დროს ხდება. ამას არ უნდა მოჰყვეს კარანტინი, რაიონის ჩაკეტვა და სხვა განსაკუთრებული ზომები. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან კოაბიტაცია, მაგრამ ეს რომ ახლავე გავაკეთოთ, სადავეები გაგვექცევა და ხვალ გვექნება არა 400, არამედ 4000 და მეტი შემთხვევა. ამისთვის პირობები უნდა მომზადდეს, ჩვენ ინფიცირების შემთხვევები ერთეულებამდე უნდა შევამციროთ.

შეზღუდვებმა გვასწავლა, რომ ამ ვირუსს არ უნდა გავუთამამდეთ. ყველგან შეიძლება შეგვხვდეს კოვიდით დაავადებული, ამიტომ ისევ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, მაგალითად, უნდა ვიაროთ ნიღბით, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, შეხვედრისას ერთმანეთის გადაკოცნას და ა.შ. ასე მესახება მე პოსტპანდემიური პერიოდი.

- როდის იქნება პიკის პერიოდი?

- ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მე მგონია, თვის ბოლო დღეებიდან დაიწყება. მერე იქნება პლატო - სამი კვირის განმავლობაში ერთი დონე შენარჩუნდება, მერე კი ინფიცირებულთა მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.

- ინფიცირებულების დაახლოებით რა მაქსიმალურ რაოდენობას ელოდებით?

- თუ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ, ვფიქრობ, 1000-ს არ ავცდებით. ეს - უკეთეს შემთხვევაში...

- ცუდი სცენარიც რომ წარმოვიდგინოთ? ხომ ითქვა, რომ მზად ვართ, გვაქვს A,B და C გეგმაც კი ყველანაირი სიტუაციისთვის... - თუ ყოველდღიურად იქნება არა 20-30, არამედ 50-100-ზე მეტი ინფიცირებული, დაგვჭირდება არაორდინალური ზომების მიღება - დამატებითი საწოლების მობილიზება, სხვა პროფილის ექიმების ჩართვა და ა.შ., ანუ გათამაშდება ის სცენარი, რაც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ეს არის ცუდი სცენარი, რომელიც არ უნდა დავუშვათ.

- გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა მკურნალობის მეთოდებსა და სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით. სწორად მიმდინარეობს თუ არა მკურნალობის პროცესი? - ჩვენ თითოეულ პაციენტს ვმკურნალობთ ინდივიდუალურად, იმ პროტოკოლზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, თუმცა პროტოკოლი არ არის დოგმა და მკურნალობას ვარგებთ კონკრეტული პაციენტს. რაც შეეხება დავას, ეს ეხება მხოლოდ პრეპარატ "პლაქვენილს" - უნდა იყოს თუ არა ეს მედიკამენტი პროტოკოლში და სწორად ვიყენებთ თუ არა მას. ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება ასეთია - ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემა.

პირველი კითხვა: უნდა იყოს თუ არა "პლაქვენილი" გამოყენებული გაიდლაინში?! "პლაქვენილი" არ არის იდეალური მედიკამენტი. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის სასარგებლოა ამ დაავადების სამკურნალოდ, ზოგი კვლევით კი ის ეფექტიანი არ არის და დიდი სარგებლობა ვერ მოაქვს, მაგრამ ზუსტად ასეთივე ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ქვეყნდება ყველა სხვა პრეპარატთან დაკავშირებითაც. ჯერ არ გამოჩენილა მედიკამენტი, რომლის მაღალეფექტიანობა ერთმნიშვნელოვნად დაედასტურებინოს რომელიმე კვლევას ან ორგანიზაციას. ასეთ სიტუაციაში რაღაც ხომ უნდა ავირჩიოთ?! მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 15-16 მედიკამენტის გამოკვლევა მიმდინარეობს და არცერთ მათგანზე ცალსახად დადებითი პასუხი არ არის. ჩვენს პროტოკოლში წერია, რომ ოფიციალურად დადასტურებული ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი ჯერ არ არსებობს და ყველა ის მედიკამენტი, რომლებსაც იყენებენ, მათ შორის "პლაქვენილიც", ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამცირებს ლეტალობას, მაგრამ არ არის განკურნების გარანტი. ჩვენ ავირჩიეთ "პლაქვენილი" და მიგვაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით.

ყველზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, უმაღლესი ინსტანცია, რომელიც არსებობს მსოფლიოში იმის გადასაწყვეტად, რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების დროს უნდა იყოს ან არ იყოს რეკომენდებული, არის ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA). ამ ორგანიზაციამ 28 მარტს განაცხადა, რომ საკვლევი მედიკამენტებიდან არცერთი არ არის სრულყოფილი, იდეალურის ძიება გრძელდება, მაგრამ ისინი რეკომენდაციას უწევენ "პლაქვენილს". 28 მარტიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და FDA-ს ჯერ არ შეუცვლია ეს გადაწყვეტილება. ხვალ თუ გადაწყვეტილება შეიცვლება, ჩვენც შევიტანთ პროტოკოლში იმ მედიკამენტს, რომელსაც მისცემენ რეკომენდაციას.

UpToDate არის ავტორიტეტული პლატფორმა, სადაც იწერება ბოლო მონაცემები, რომელი დაავადების დროს რომელი მედიკამენტია რეკომენდებული და იქაც ყველაზე უკეთესი რეკომენდაცია აქვს "პლაქვენილს", რომელზეც წერია, რომ უნდა გამოიყენონ კოვიდით დაავადებული მძიმე ან დამძიმების რისკის მქონე პაციენტების მკურნალობისას. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის სამი უნივერსიტეტი იწყებს მასშტაბურ, ძვირად ღირებულ კვლევას, რომლის მიზანია დაადგინონ "პლაქვენილის" არა სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის გამოყენების ეფექტიანობა, ანუ მისცემენ ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ კოვიდინფიცირებულებთან და დააკვირდებიან, იცავს თუ არა ეს პრეპარატი ჯანმრთელ ადამიანს ავადმყოფთან კონტაქტის შემთხვევაში. შვეიცარია ამდენ ფულს გაიღებდა ამ კვლევაში, "პლაქვენილს" რომ არ ენდობოდეს?! ამიტომ ჩვენ გვქონდა ყველა საფუძველი და ვიყავით მართალი, როცა გაიდლაინში საბაზისო პრეპარატად "პლაქვენილი" ავირჩიეთ, თუმცა არ ვამბობთ, რომ იდეალურია.

ვისთან უნდა გამოვიყენოთ "პლაქვენილი"? აი, აქ გამოჩნდა ჩვენი ოპონენტების მიზანი და მათ 100%-იანი ტყუილი იკადრეს. ერთ-ერთმა პირდაპირ განაცხადა, საქართველოში არამიზნობრივად იყენებენ "პლაქვენილს" და ამით საფრთხეში აგდებენ ადამიანებსო. თითქოს ჩვენი პროტოკოლი გულისხმობს, რომ პრეპარატი მივცეთ უსიმპტომო ავადმყოფებს, თითქოს მას იყენებენ პროფილაქტიკისთვის და თურმე კარანტინში მყოფებსაც კი "პლაქვენილს" ვასმევთ. ეს არის ტყუილი! საკმარისია აიღოთ ჩვენი გაიდლაინი და ნახავთ, რომ გარკვევით გვიწერია: "უსიმპტომო ავადმყოფებს "პლაქვენილი" არ უნდა დაენიშნოთ"! ასევე კატეგორიულად მიუღებელია "პლაქვენილის" გამოყენება პროფილაქტიკისთვის - ესეც გარკვევით წერია! "პლაქვენილი" უნდა დაენიშნოთ მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს!

- ნამდვილად თქვა ტრამპმა, რომ ამერიკაში "პლაქვენილმა" მოლოდინი ვერ გაამართლა?

- მე ვიცი, რომ ტრამპმა 19 მარტს ყველას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ "პლაქვენილის" გამოყენებაო და 3 აპრილსაც იგივე გაიმეორა, მაგრამ ტრამპი მაინც არის ადმინისტრატორი. ამ შემთხვევაში ტრამპმა რა თქვა, მეორეხარისხოვანია, მთავარია, რას ამბობს FDA. ის არის მედიკამენტებისთვის ტრამპიც და ღმერთიც.

- საზოგადოება ფიქრობს, რომ თქვენი საქმიანობისთვის პოლიტიკურ ელფერის მიცემას ცდილობენ. მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემაც გამოაქვეყნეს სტატუსი, რომ მათი სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუკგვერდები. - ყველაფერი ნათელია! რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი?! ითმინეს, ითმინეს კოვიდთან ბრძოლაში ჩვენი წარმატებული შედეგები და რომ დაინახეს, გავიდა დრო, კატარსტროფა არ ხდება, არ წალეკა ქვეყანა ამ დაავადებამ, გარდაცვლილთა რიცხვი მინიმალურია და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწორად მკურნალობას ადასტურებს, ვეღარ გაუძლეს... ავადმყოფების რაოდენობა შეიძლება სხვა ფაქტორებითაც განსაზღვრო, მაგალითად, სახელმწიფო ვერტიკალის ღონისძიებებით, მაგრამ გარდაცვლილთა სიმცირე უშუალო შედეგია მენეჯმენტის და სწორი მკურნალობის. ზოგჯერ გვეუბნებიან, რადგან თქვენ, აშშ, საფრანგეთი ან იტალია მოსახლეობის რაოდენობით განსხვავდებით, თქვენი შედეგების შედარებაც არ შეიძლებაო, მაგრამ არსებობს მარტივი მეთოდი - გარდაცვლილთა რაოდენობა იყოფა იმდენ მილიონზე, რამდენიც არის ქვეყნის მოსახლეობა და მიიღება მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი. საქართველოში კორონავირუსის შედეგად მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რიცხვი არის 1,25, ანუ ოთხი მილიონი საქართველოს მოქალაქიდან ხუთია გარდაცვლილი. აშშ-ში 328 მილიონიდან 50 372 გარდაცვლილია, ანუ 153 ადამიანი მილიონზე. მაშასადამე, ამერიკას ყოველ მილიონ მოსახლეზე ჰყავს 150-ჯერ მეტი გარდაცვლილი, ვიდრე საქართველოს. ასეთივე ან უარესი შეფარდება აქვთ საფრანგეთს, ესპანეთს იტალიას... აი, ეს ვერ აიტანეს! გამოდის, რომ ქართული მედიცინა და ქართველი ექიმები კარგები ყოფილან და ეს არ უნდათ მათ, ვინც კრიჭაში ჩაგვიდგა და სწყინთ, რომ ასეთი კარგი მაჩვენებლები აქვს საქართველოს. ალბათ, კმაყოფილი იქნებოდნენ, ცუდი მაჩვენებლები რომ გვქონოდა. მათ სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ!

- ისევ გაისმის ვარაუდი, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, რასაც აქვეყნებენ... - იმდენი ინსტიტუტია ჩართული, ჯანმოთი დაწყებული და იმდენი ვინმე ამოწმებს, რომ ტყუილი გამორიცხულია. შესაძლებელია, ვიღაცები არ იყვნენ გამოკვლეული და მათ შორის იყვნენ ინფიცირებულებიც. აი, მხოლოდ ამის ხარჯზე შეიძლება იყოს დაავადებულთა რაოდენობა მეტი. ეს ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ არა - განგებ. შეიძლება თქვენ გვერდით იყოს ადამიანი, რომელიც დაავადებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოვლენილი.

- უსიმპტომოებს გულისხმობთ? - დიახ. ეს ყველგან ასეა და ამის ხარჯზე შეიძლება სხვაობა იყოს, მაგრამ გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელს ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს. თუ ავადმყოფთა რაოდენობა მეტია და მხოლოდ ხუთი გარდაიცვალა, ეს უკეთესი მაჩვენებელია.

- გასულ კვირას მარნეულში მიმდინარე პროცესები იმოქმედებს ამ სიტუაციაზე? - ძალიან ცუდია, რაც მოხდა. რასაც მივაღწიეთ, წყალში არ უნდა ჩავყაროთ. სამწუხაროდ, ვეჭვობ, რომ ეს არა შემთხვევითი, არამედ ვიღაცის ინსპირირებული იყო.

- თქვენი ვარაუდით როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ ვაქცინას ან პრეპარატს? - შექმნილია რამდენიმე ანტივირუსული ვაქცინის ვარიანტი. მათ გამოცდას უნდა ერთი წელი ან 8-10 თვე მაინც, ანუ

წლის ბოლომდე ვაქცინის გამოყენება გამორიცხულია. პრეპარატი შეიძლება მანამდე შეიქმნას, მაგრამ ჯერ ვერცერთმა ვერ გაამართლა. მაგალითად, "პლაქვენილზე" ამყარებდნენ იმედებ-ს და ბოლომდე არ გაამართლა. უფრო დიდ იმედს ამყარებდნენ "რემედესივირზე", მაგრამ ახლა გამოქვეყნდა ცნობები, რომ ვერც "რემდესივირმა" გაამართლა.

იხილეთ ასევე: რას ითვალისწინებს შვეიცარიაში დაწყებული პლაქვენილის კვლევა - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე?