როგორ შეიძლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებულის გამოვლენა - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებულის გამოვლენა

კორონავირუსი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთი ფაქტები ბევრ კითხვას აჩენს, ხშირად კი პანიკის საფუძველიც ხდება. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან სწორედ ასიმპტომურ პაციენტებზე ვისაუბრებთ.

- სრულიად უსიმპტომო პაციენტი ძალიან ბევრი არ არის. შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად, ყელის ტკივილი, ერთეული ხველა ან ყნოსვის დაკარგვა. ასეთ დროს აუცილებელია სატელეფონო კონსულტაცია და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობა. ადამიანმა თვითონ არ უნდა გადაწყვიტოს, რომ არაფერი სჭირს. ნებისმიერი უმნიშვნელო სიმპტომის შემთხვევაშიც უნდა იყოს იზოლირებული, დარჩეს სახლში, მაგრამ მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს ექიმთან.

ეს გამკაცრებული ღონისძიებები - სოციალური დისტანცირება, ფიზიკური იზოლაცია, პირბადის გამოყენება, სახლში დარჩენა - სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს, ან აქვს მსუბუქი სიმპტომები და არის ვირუსის მატარებელი, თავისუფლად არ დადიოდეს საზოგადოებაში და უნებურად არ იქცეს კორონავირუსის გამავრცელებლად. ამიტომ არის შეზღუდული მიმოსვლაც. როცა ეს შეზღუდვები აღარ იქნება, თვეების და შეიძლება ერთი წლის განმავლობაშიც ჩვენ მაინც მოგვიწევს თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან, ამიტომ ყველა წესი უნდა დავიცვათ.

- შეიძლება ერთ ადამიანთან ეს დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობდეს, მაგრამ ვისაც გადასდებს, იმან მძიმედ გადაიტანოს? - რა თქმა უნდა. ერთ ადამიანთან დაავადების მსუბუქად მიმდინარეობა არ ნიშნავს, რომ ვისაც გადასდებს, ისიც მსუბუქად გადაიტანს. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებული ბევრ ფაქტორზეა - ასაკზე, ქრონიკულ დაავადებებზე, იმუნიტეტზე...

- ცნობილია, დაავადებულთა დაახლოებით რამდენი პროცენტია ასიმპტომური? - სხვადასხვა სტატისტიკა არსებობს. თავიდან მიიჩნეოდა, რომ უსიმპტომოა დაავადებულთა1-2%, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს ახალი ვირუსია და კვლევები გრძელდება... ახლა სხვადასხვა ქვეყნის კვლევების მიხედვით ეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა და 2%-დან 10-15%-მდე მერყეობს. ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს.