რა პრობლემებს წააწყდნენ ფერმერები საგანგებო რეჟიმის დროს - კვირის პალიტრა

რა პრობლემებს წააწყდნენ ფერმერები საგანგებო რეჟიმის დროს

"მიწას თუ ფასი არ დაედება, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება"

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა ბევრი ადამიანი დააზარალა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც საგანგებო მდგომარეობის, ქალაქების ჩაკეტვის, აგრარული ბაზრების დახურვისა და მიმოსვლის შეზღუდვის გამო სათბურებში მოყვანილი მოსავალი უფუჭდებათ. ამის გამო მარნეულში აქციებიც გაიმართა. შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ერთი დისტრიბუტორი შედიოდა მარნეულში და ფასსაც ის აწესებდა. ამის შემდეგ მარნეულში დისტრიბუციის სხვა მანქანებიც შევიდა და ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა ფერმერს დაეხმარება პროდუქციის გაყიდვაში. როგორც ჩანს, ასეთივე პრობლემებია სხვა რეგიონებშიც...

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი: - ანტიკრიზისული პროგრამა შეგვიძლია განვიხილოთ ორი - ეკონომიკური და სოციალური - მიმართულებით.

აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლებამ სოციალური მიმართულებით იმუშავა, თუმცა საკმარისია თუ არა, ეს ცალკე განხილვის თემაა. რაც შეეხება ეკონომიკურს, სამწუხაროდ, ამ მხრივ განსაკუთრებული და კონკრეტული არაფერი თქმულა. ეკონომიკური პროგრამა არ იყო სრულად წარმოდგენილი. თუნდაც ტურიზმის სფეროში, გადასახადების მკვეთრი კლება უნდა მომხდარიყო და არა - გადავადება.

გასაგებია, რომ კორონავირუსმა გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ მთავრობამ ზედმეტი ჩარევით და ზედმეტი შეზღუდვით ეს კრიზისი უფრო გაამწვავა.

- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთებულიყო?

- ბიზნესი ასე არ უნდა შეზღუდულიყო. მაქსიმალური დისტანცირებით უნდა ემუშავათ, რომ ნაკლები დარტყმა მიეღო ეკონომიკასაც და დასაქმებულსაც. დღეს რაც უნდა სოციალურ დახმარებებზე ვილაპარაკოთ, ბიუჯეტი ვერ აუვა შესაბამისი შემოსავლით ყველა ადამიანის დაკმაყოფილებას. თუ არ ამუშავდა ეკონომიკა და ადამიანები არ დასაქმდნენ, არაფერი გამოვა.

რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, დახმარება მისაღებია და ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო, თუმცა 200 ლარი არის კი საკმარისი დღევანდელ პირობებში? ეს თანხა ხომ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია!.. ხშირად ერთი დასაქმებული არჩენს მთელ ოჯახს და მათ თუ არ მიეცათ მუშაობის უფლება, სოციალური პრობლემები იფეთქებს. რაც მთავარია, არაფერი თქმულა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, არ უხსენებიათ, როგორ შემცირდება სამთავრობო ხარჯები, არადა აქედან რომ დაზოგილიყო ფული და განაწილებულიყო სოციალურ პრობლემებზე, კარგი იქნებოდა. საპენსიო სისტემის შეჩერებაზეც არაფერი უთქვამთ. დროებით მაინც უნდა შეჩერებულიყო ეს საკითხი, რადგან დამსაქმებლებს შენატანის გადახდა უწევთ და ეს მათთვის დიდი ტვირთია.

- სოფლის მეურნეობის დღევანდელ პოტენციალზე რის თქმა შეიძლება? - შეზღუდვების გამო ბევრი დაზარალდა. ფუჭდება პროდუქცია, რადგან ბაზარზე ვერ გააქვთ და ამით მომხმარებელიც ზარალდება. ამ მხრივ შეზღუდვები არ უნდა ყოფილიყო. ეს გაუმართლებელია. დისტანციის დაცვით უნდა შეძლებოდათ პროდუქტის ბაზარზე გატანა და გაყიდვა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების 60-70% დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა და ამ ფონზე გვეუბნებიან, მიწები დაამუშავეთო. ეს მცდარი მიდგომაა. უპირველესად სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა საკუთრება.

სოფლის მეურნეობის სუბსიდირება გულისხმობს ერთჯერად დახმარებას. შესაძლოა სუბსიდირებამ კონკრეტულ დროს შედეგი გამოიღოს, მაგრამ მისთვის, ვინც მიწას ამუშავებს, მთავარი კაპიტალის ღირებულების ზრდაა.

მიწას დღეს ძალიან დაბალი ფასი აქვს. მაღალი ფასი რომ ჰქონდეს, ადამიანები შეძლებდნენ ფინანსების მოზიდვას და სოფლის მეურნეობაც განვითარდებოდა. მიწას თუ ფასი არ დაედება, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკა და ტექნოლოგიები. დღეს 100 ადამიანი ასრულებს სამუშაოს, მაგრამ თუ ტექნოლოგიები გაჩნდება, ნაკლები დანახარჯით მეტი პროდუქტი შეიქმნება.

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ვერ გამიგია, რატომ უნდა შემოიტანო უცხოეთიდან კარტოფილი, სიმინდი, კომბოსტო, ხორბალი და კიდევ ბევრი რამ, რისი მოყვანაც აქ შეგიძლია! მთავარია ისიც, რომ ერთი კომპანია არ იყოს მონოპოლისტი. წარმატებისთვის კონკურენტული გარემო აუცილებელია.