"ჩემი სოფლის გამგებელმა უნდა გადაწყვიტოს პრობლემა, თბილისიდან კი არ უნდა მართონ!" - კვირის პალიტრა

"ჩემი სოფლის გამგებელმა უნდა გადაწყვიტოს პრობლემა, თბილისიდან კი არ უნდა მართონ!"

"მყიდველი სახლში არ მოდის, მე კი ტრანსპორტით სადმე წასვლის უფლება არ მაქვს"

მახმად ისმაილოვი ლაგოდეხში, სოფელ კაბალში ცხოვრობს:

- ექვსი სათბური მაქვს. დავკრიფე მოსავალი და გასაყიდად გავამზადე, მაგრამ 21 აპრილის საღამოს გავიგეთ, რომ მანქანების მოძრაობა ისევ აკრძალულია. მოკრეფილი კიტრი ეზოში, ფარდულში მაქვს შენახული, თუმცა მყიდველი სახლში არ მოდის, მე კი ტრანსპორტით სადმე წასვლის უფლება არ მაქვს. რა ვქნა, სად წავიღო ერთი ტონა მოკრეფილი კიტრი? არც საშვს გვაძლევენ, რომ წავიდეთ და კახეთის სოფლებში ქუჩა-ქუჩა გავყიდოთ ბოსტნეული, - წუხს ისმაილოვი.

"სოფელში დისტრიბუციის მანქანები უკვე შემოვიდნენ"

რაფიკ იუსუპოვიც სოფელ კაბალიდანა, ფერმერი ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდა და სოფელში დისტრიბუციის მანქანები შედიან.

- აღდგომის დღეებში გაგვიჭირდა, რადგან მანქანებით სიარულის უფლებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ ახლა პრობლემა მოგვარდა - სოფელში დისტრიბუტორები შემოდიან და ერთ ჯერზე 500-700 კილოს ვყიდი.

2-3 ტონა კიტრს აქ არავინ კრეფს. ვინც ასე ამბობს, ტყუის. ვისაც 10 ჰექტარი აქვს, ისინი კიტრსა და პამიდორს არ თესავენ, უფრო საზამთრო, მზესუმზირა, ხორბალი და სხვა რაღაცები მოჰყავთ.

აღდგომისთვის ყველა ვაჭარმა მოიმარაგა კიტრი და მერე რამდენიმე დღე გასაღება ჭირდა, ახლა კი ყველაფერი კარგად არის. ბევრს თვითონ გაჰქონდა გასაყიდად და ისინი არიან შეწუხებული - შენს მოყვანილს შენ თვითონ უკეთესად გაყიდი, მაგრამ ალბათ ესეც მალე გამოსწორდება. მერე პომიდვრის მოსავალი იქნება, მერე - ბადრიჯანი, მწვანილი... რაც მოგვყავს, მარტო კახეთის ბაზარს თუ ეყოფა. ძალიან კარგია, დილით და საღამოს მანქანებით სიარულის უფლება რომ მოგვცეს. შეგვიძლია ნაკვეთებში წასვლა და მიწის დამუშავება.

"დასავლეთ საქართველოში ძალიან ვაგვიანებთ, აქ შედარებით თბილა და მიწის დროზე დამუშავებაა საჭირო"

იუზა გიგაშვილი ფერმერია, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი. იმერეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ პრობლემები შეექმნა:

- შექმნილი ვითარება გასაგებია, მაგრამ ფერმერებისთვის სხვანაირი წესი უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა მათთვის მიმოსვლის შეზღუდვა - ამან ძალიან დაგვაზარალა. მიწას ახლა თუ არ დაამუშავებ, დაგვიანდება. ჩემს სახელზე 17 ჰექტარი მიწაა რეგისტრირებული. რამდენიმე მეწარმე გავერთიანდით - 72 ჰექტარზე მაყვლის მოყვანა გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ევროპაში გავიტანოთ. ახლა მიმოსვლა არ შეიძლება, არადა დრო არ ითმენს. მიწა მოხნულია, ხარჯი გაწეულია და ვეღარაფერს ვაკეთებთ. ნერგები თბილისში გვქონდა შეკვეთილი, უნდა ჩამოგვეტანა. ამ საქმისთვის დაფინანსებაც გამოყოფილია პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ამისთვის დოკუმენტების მოგვარება იყო საჭირო, იუსტიციის სახლი კი დაკეტილია... 27 აპრილს ერთი დღითაც რომ გაახანგრძლივონ მიმოსვლის შეზღუდვა, რაც ხარჯი გავწიეთ, წყალში ჩაიყრება.

მეტი ყურადღებაა საჭირო. ფერმერთა ასოციაციას მაინც უნდა მისცენ უფლება, რომ თუნდაც გადაადგილების საკითხი მოაგვაროს. ხალხი საათობით უშედეგოდ რეკავს 144-ში... მეფუტკრეებსაც ჰქონდათ პრობლემა ფუტკრის გადაყვანასთან დაკავშირებით. დავუკავშირდი ბატონ თენგიზ კალანდაძეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ აღდგომის დღეებში ხუთი დღე საერთოდ გაყინეს ყველაფერი. საშვის გაცემის წესი უნდა შეიცვალოს - ადგილობრივ თვითმართველობას, ჩემი სოფლის გამგებელს რომ ავუხსნი სიტუაციას, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხი, თბილისიდან კი არ უნდა მართონ!

ინდმეწარმე ვარ და ინდმეწარმეობის საბუთსაც ვადა გაუვიდა. რომ დავრეკე შესაბამის სამსახურში, მითხრეს, ახალს ვერ ვარეგისტრირებთ შექმნილი ვითარების გამოო. ამით ხომ ვზარალდები? დისტანციურად ხომ შეიძლება ვადის გახანგრძლივება, ან ყოველ წელს საბუთის გაახლება რა საჭიროა? ახლა ჩემი კომპანიონები ზოგი გეგუთშია გამოკეტილი, ზოგი - ქუთაისში. მიწებიც სხვადასხვა ადგილას გვაქვს - გეგუთში, ბაღდათში, წყალტუბოს რაიონში...

ხელისუფლება დიდ ინვესტიციას დებს ამ საქმეში, მაგრამ თანხა უნდა მისცე საქმის მცოდნე ადამიანს, ვისაც მუშაობა შეუძლია.

რაც შეხება პრობლემებს, ფერმერებს დისტრიბუცია უჭირთ. მათ ხარჯზე ფულს ვაჭრები, მაღაზიების მფლობელები შოულობენ. თუ პროდუქტი მაღაზიათა ქსელში შეიტანე, გეუბნებიან, კიდევ მოიტანე და ფულს ერთიანად მოგცემო. ასე გროვდება დიდი თანხა, რომლის ამოღების მექანიზმი არ არსებობს, ან წლობით უნდა ირბინო სასამართლოში. თან შპს-ებს, ძირითადად, ნაქირავები აქვთ შენობები. დააგროვებენ გადასახდელ დიდ თანხას, მერე გააუქმებენ ამ შპს-ს და რომ მიდიხარ, იქ პეტრეს მაგივრად პავლე დაგხვდება. შენს ფულს როგორ აიღებ?! ამას მიხედვა სჭირდება. მცირე მეწარმეობა ასეთი ვაჭრებისგან უნდა დააზღვიოს ხელისუფლებამ. სხვანაირად სოფლის მეურნეობა არ განვითარდება.

ბანკებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. ვითომ სამთვიანი შეღავათი დააწესეს, თუმცა ეს შეღავათი არ არის - სამი თვის შემდეგ უფრო მეტის გადახდა მიწევს. უნდა მისცე ხალხს საშუალება, თავისი მანქანით გაიტანოს პროდუქტი გასაყიდად. რატომ უნდა შევიდეს რეგიონებში მაინცდამაინც "ჯიბე", რომელიც როგორც უნდა, ისე აწესებს ფასებს?!

მთავარია 27 აპრილს ყველაფერი ამუშავდეს. დასავლეთ საქართველოში ძალიან ვაგვიანებთ, რადგან აქ შედარებით თბილა და მიწის დროზე დამუშავებაა საჭირო. გასაგებია, რომ ერთდროულად ვერ მოგვარდება ყველაფერი, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ხომ უნდა მოგვარდეს?! ახლა ფერმერებს სჭირდება დახმარება და მათ შეუზღუდავად უნდა შეეძლოთ მიმოსვლა, რადგან როცა ამხელა მიწას ამუშავებ, ორი საათი არ გეყოფა.