"მონიკა ბელუჩის ჩემი პიჯაკი ისე მოეწონა, ვაჩუქე" - კვირის პალიტრა

"მონიკა ბელუჩის ჩემი პიჯაკი ისე მოეწონა, ვაჩუქე"

"გლამურული ქალი ხშირად არის ჩემი კოლექციის თემა. კოლექციაზე მუშაობის დროს ჩემთვის მთავარია, სამოსი გამორჩეული იყოს ახალი დეტალით ან ფერით. მნიშვნელოვანია, ისე მიხვდე დიზაინერის ხელწერას, რომ სახელს და გვარს არც დახედო... ჩემი სტილი უფრო კლასიკურია. კლასიკა უძლებს დროს. ახლა ვერ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ეპიდემიის შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული. ცხოვრება გაგრძელდება, თუმცა სხვა ფორმატით. რაღაც ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყება მოდაშიც, ადამიანთა ცხოვრებაშიც..."

ქეთი ჩხიკვაძე წარმატებული ქართველი დიზაინერია. მისი კოლექციები, დიდი ხანია, პარიზისა და ნიუ-იორკის მოდის შოურუმებს ამშვენებს. დიზაინერისთვის დამახასიათებელი ხელწერა - თავისუფალი და ელეგანტური სტილის სინთეზი როგორც ქუსლიან, ასევე სპორტულ ფეხსაცმელთან შეგიძლიათ მოირგოთ. ქეთის გამორჩეული სტილი იტალიელი მსახიობის - მონიკა ბელუჩისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ეპიდემიის დროს ქართველებს განსაკუთრებით გაგვიხარდა ჟურნალ "ჰარპერ ბაზარის" აპრილის ყდაზე ქეთი ჩხიკვაძის პიჯაკში გამოწყობილი მონიკა ბელუჩის დანახვა.

როდის შეხვდა ქართველი დიზაინერი იტალიელ მსახიობს და რით მოხიბლა ქეთის პიჯაკმა მონიკა ბელუჩი? ამ კითხვებზე ქეთი ჩხიკვაძე გვიპასუხებს.

"როგორც უნდა შეიცვალოს სამყარო, ქალს ყოველთვის მოუნდება, თავი მიმზიდველად იგრძნოს"

- მონიკა ბელუჩის ფოტოსესია იყო პარიზში, რამდენიმე თვის წინ. ფოტოების ნაწილი ჟურნალ "ვოგის" იტალიურ გამოცემაში დაიბეჭდა, ნაწილი კი ყაზახეთის "ვოგის" ყდაზე მოხვდა. მონიკასაც სხვადასხვა ბრენდი უნდა აერჩია. წარმოდგენილი იყო "დიორი", "შანელი", "ბოტეგა ვენეტა" და მათთან ერთად - ჩემი კოლექციაც. მონიკა ბელუჩის ჩემი პიჯაკი ისე მოეწონა, ვაჩუქე. ჩემი მეგობარი ჟურნალისტია და მან, როგორც ასისტენტი, მონიკას გადაღებებზე წამიყვანა. ფოტოსესიის დროს ჩემი კოლექცია გამოვიყენეთ. მაშინ ნახა მონიკამ და მოეწონა. ძალიან თავისუფალი და უშუალო ადამიანია. ახლახან ფრანგმა მსახიობმა ოლგა კურილენკომაც მოირგო ჩემი სამოსი. ერთ ი წელია, პარიზში ვარ და ვაგრძელებ საქმიანობას. აქ უფრო რთულია თავის დამკვიდრება. შენს ქვეყანაში მაინც გიცნობენ, პარიზში კი არავინ ხარ, თითქოს თავიდან იწყებ, თუმცა აქ მეტი შანსი გაქვს. თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ გადაღებაზე ვერ მოვხვდებოდი. როცა საფრანგეთში ცხოვრობ, მოდის პარიზულ რიტმს უწყობ ფეხს. აქ მოდის ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია...

საქართველოში სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დავამთავრე. მერე ყაზახეთში წავედი საცხოვრებლად. მალე იქ მოდის კვირეული დაიწყო, მაგრამ მანამდე მე ჩემი მაღაზია გავხსენი და მოდის კვირეულიდან მიწვევაც მივიღე. ათი სეზონის განმავლობაში ვმონაწილეობდი მოდის კვირეულებში. იქვე შევქმენი ბრენდი. მერე საქართველოში დავბრუნდი, ახლა კი პარიზში ვარ. გლამურული ქალი ხშირად არის ჩემი კოლექციის თემა. კოლექციაზე მუშაობის დროს ჩემთვის მთავარია, სამოსი გამორჩეული იყოს ახალი დეტალით ან ფერით. მნიშვნელოვანია, ისე მიხვდე დიზაინერის ხელწერას, რომ სახელს და გვარს არც დახედო. არის მახასიათებლები, რომელთაც სხვადასხვა კოლექციაში ვიმეორებ. 15 წელია, ამ სფეროში ვარ. ყველაზე რთული ბიზნესისა და იდეების მართვაა. ძალიან დამღლელი პროცესია, რომ ვიღაცამ შეგამჩნიოს, დაგაფასონ, როგორც დიზაინერი, მაგრამ როცა შენი საქმე გიყვარს, ძალა გემატება და მოტივაციაც ჩნდება. დღეს ამ სფეროში ყველაზე აღიარებული დემნა გვასალიაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს, როგორი იქნება მისი კოლექცია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი სახელი აქვს. ვაღიარებ, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი. სხვა სახლების კოლექციებიდან ყოველთვის ველოდები"ივ სენ ლორანის ჩვენებას. ჩემი სტილი უფრო კლასიკურია. კლასიკა უძლებს დროს.

ახლა ვერ ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს ეპიდემიის შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის სამყაროს დასასრული. ცხოვრება გაგრძელდება, თუმცა სხვა ფორმატით. რაღაც ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყება მოდაშიც, ადამიანთა ცხოვრებაშიც. როგორი იქნება ეს ახალი ეტაპი, ჯერ არავინ იცის. მე ჩვეულებრივად განვაგრძობ მუშაობას, ახალ კოლექციას ვქმნი. რა ფორმატით უნდა წარვადგინო ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან - მათ ისევ მოუნდებათ გარეთ გასვლა, ჩაცმა და თანდათან ყველაფერი აღდგება. შეიცვლება ბიზნესის მასშტაბიც. მხოლოდ დროა საჭირო. დღევანდელ პროცესებს ჩემს კოლექციაზე გავლენა არ მოუხდენია. მივყვები თემატიკას. გაამართლებს თუ არა, არ ვიცი. მე ვქმნი ლამაზ, კომფორტულ ტანსაცმელს. ასეთი ტანსაცმლით ქალი არის ლამაზი და თავდაჯერებული. როგორც უნდა შეიცვალოს სამყარო, ქალს ყოველთვის მოუნდება, თავი მიმზიდველად იგრძნოს. 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის თემა პლანეტებია. ეს არის ღილებად წარმოდგენილი პლანეტები, კოსმოსი და სამყარო. ცოტა უცნაურია - კოლექცია კორონავირუსამდე დიდი ხნით ადრე შეიქმნა, თუმცა აშკარად დაემთხვა ადამიანისა და სამყაროს თემას, დღევანდელ პროცესებს, ახალ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ახალ კოლექციაში არის კუბოკრული ქსოვილისა და ხავერდის სინთეზი; აქ ჩანს რომანტიკა, სიყვარული, პლანეტების ურთიერთდამოკიდებულება. ეს კოლექცია მარტის დასაწყისში პარიზში შოურუმში წარვადგინე, მაგრამ კორონავირუსის გამო სხვა ღონისძიებები გადაიდო. ახლა ველოდები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მომავალში როგორ წარვადგინო.