"რაღაცნაირად აირია სამყარო, ამიტომ ღმერთმა პანდემიის სახით განსაცდელი გამოგვიგზავნა, რომ დავფიქრდეთ. ფიქრისთვის დრო მოგვცა..." - კვირის პალიტრა

"რაღაცნაირად აირია სამყარო, ამიტომ ღმერთმა პანდემიის სახით განსაცდელი გამოგვიგზავნა, რომ დავფიქრდეთ. ფიქრისთვის დრო მოგვცა..."

გიორგი ნაკაშიძე: "არ არსებობს ცუდი, კარგი მხარე რომ არ ჰქონდეს..."

როგორია მსახიობ გიორგი ნაკაშიძის ფიქრები და შეგრძნებები თვითიზოლაციის დროს, ამას ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- თეატრში არის სტანისლავსკის ცნება - "შემოთავაზებული გარემოება". ყველა პიესას აქვს თავის "შემოთავაზებული გარემოება". ვთქვათ, თუ სიუჟეტი ვითარდება პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგიდასთან რომ დასხდებიან პერსონაჟები, საჭმელი ცოტა უნდა ედოთ. პანდემიასთან დაკავშირებულ სიუჟეტში, ალბათ, ნიღბებით დასხდებიან...

ერთი იტალიელი ქალი ამბობდა, დაკეტილ რესტორანს კი გავხსნი, მაგრამ როგორ მოვემსახურო კლიენტს სოციალური დისტანციის დაცვითო და მივხვდი, რომ შეიძლება გამოიგონონ გრძელი მისატანი მაგიდები, რომელზეც შეკვეთას დაალაგებენ და კლიენტს ორი მეტრის დისტანციით მიუგორებენ. ანუ ახლა ჩვენ, სტანისლავსკის მიხედვით, ღმერთმა შემოგვთავაზა "შემოთავაზებული გარემოება", რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ავლენს ადამიანის ბუნებას. ალბერ კამიუს "შავი ჭირი" მახსენდება... საჭიროა კატალიზატორი, რაღაც გამაღიზიანებელი, რაც ადამიანის თვისებებს ავლენს. რომეო და ჯულიეტაც" შავი ჭირის პანდემიის ფონზე მიმდინარეობს...

იზოლაციის პირველივე დღიდან ჩემთვის მოვიგონე გმირი - ბატონი ჰიგი, ჰიგიენის მიხედვით, სახლში ყველა ნივთი გადმოვალაგე, გადავახარისხე... მოკლედ, მაგარი დიასახლისი და სისუფთავის სუპერდამცველი გამხადა ამ კორონავირუსმა. სულიერად არ ვეცემი, ვკითხულობ, ბევრ ფილმს ვუყურებ - ძველ ფილმებს, რაღაცებს ხელახლა ვაფასებ. აი, ასე ვცხოვრობ...

- ადამიანური ფასეულობები, პრიორიტეტები თუ გადაფასდა თქვენთვის? - გადაფასდა. მაგალითად, ფული ჩემთვის ღმერთი არასდროს ყოფილა და არც იქნება. საჭიროა, ოღონდ იმისთვის, რომ კომფორტი შექმნა შენთვის, როგორც არტისტისთვის და ოჯახის წევრებისთვის.

ძალიან მიყვარს საქართველოს ყველა მოქალაქე. აქამდე მთელი საქართველო თბილისში იყო ჩამოსული ლუკმაპურის საშოვნელად, ახლა კი ძალიან ბევრი სოფელს დაუბრუნდა, მიწის დამუშავება დაიწყო... მოკლედ, არ არსებობს ცუდი, კარგი მხარე რომ არ ჰქონდეს...

მანქანებით სიარულის აკრძალვის გამო ჰაერი ისე გაიწმინდა, დილაობით ხმაური და გამონაბოლქვი კი აღარ მაღვიძებს, არამედ - ჩიტების ჭიკჭიკი.

მგონია, რაღაცნაირად აირია სამყარო, ამიტომ ღმერთმა პანდემიის სახით განსაცდელი გამოგვიგზავნა, რომ დავფიქრდეთ. ფიქრისთვის დრო მოგვცა... ზოგჯერ ადამიანი უნდა გაჩერდე!.. მეტისმეტად აჩქარებულები ვიყავით და ღმერთმა დრო გააჩერა.

- ჩვენი ერთ-ერთი საუბარი მახსენდება. ამბობდით, ადამიანის სიხარბეს ზღვარი არ აქვს - ხუთი მანქანა რომ აქვს, ათი უნდა, ათი რომ აქვს, რაკეტა უნდებაო. პანდემიის დროს მანქანიანიც, უმანქანოც, რაკეტიანიც და ურაკეტოც ერთნაირ პირობებში აღმოვჩნდით... - ამ მდგომარეობამ გაათანაბრა ცხოვრებისგან გათამამებულიც და ის ადამიანიც, ვინც რწმენით ცხოვრობდა, გასაჭირიც იცოდა და თმენაც. მე ერთი მანქანა მყავდა და დავუტოვე ჩემს მეუღლეს - მე როგორ შემერგებოდა, როცა ჩემი შვილი მისაყვან-მოსაყვანი იყო... საინტერესო დროში ვცხოვრობთ, მაგრამ გული მტკივა ჩემს პატარა საქართველოზე. არ გვაქვს ამდენი რესურსი. ალბათ, გაკოტრდება მაღაზიები, რესტორნები, უკვე გაკოტრდა სილამაზის სალონები... ხალხი თვითდასაქმებული იყო, ახლა ვეღარაფერს ყიდიან. ეს ძალიან მტკივნეულია, თუმცა ჯერჯერობით სხვა გამოსავალიც არ ჩანს. ნურავის ეგონება, რომ ადამიანები სახლში მშვიდად სხედან. სულაც არ ვარ მშვიდად. არის ასეთი გამოთქმა: "Камерный синдром" - იმის გამო, რომ ადამიანები საკანში ენერგიას ვერ ხარჯავენ, აქეთ-იქით დადიან. როგორც კი იწყება კომენდანტის საათი, მეც ეს სინდრომი მეწყება და დავდივარ ოთახში აქეთ-იქით. ზოგჯერ არც წიგნი მეკითხება, არც სხვა რამის კეთება მინდა და ფიქრები ამიტანს..

ახლა, ძირითადად, ანდაზებს ვკითხულობ, დიდ წიგნებს გულს ვერ ვუდებ. "თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო" - აი, ეს დაემართა მსოფლიოს.

- იზოლაციაში მარტო ხართ? - მარტო ვარ. ინტერნეტით ვეხმიანები ჩემიანებს, ვინც მიყვარს და ვისი დანახვაც მინდა. მენატრება დედაჩემი, მაგრამ ასაკოვანია და ვერ მივდივარ.

- საზოგადოებას რა ევალება? - საზოგადოებას ევალება, დაიცვას ის წესები, რომელთაც სახელმწიფო და სამედიცინო სისტემა გვთავაზობს. ახლა პოლიტიკური დაპირისპირების დრო არ არის. დღეს მსოფლიოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ღმერთმა უწყის, რა მოხდება, ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ ის, რასაც პროფესიონალები გვირჩევენ.

- როგორ აფასებთ მთავრობის მოქმედებას პანდემიასთან ბრძოლაში? - არ ვარ უკმაყოფილო. ისეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კომუნალურ გადასახადებზე სამი თვით დახმარება ცოტა არ არის და მადლობის მეტი რა გვეთქმის. ექიმები წელში წყდებიან, ადეკვატურად მოქმედებს პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო. ჯერჯერობით ყველაფერს კარგად უძღვებიან.