"ზაზამ ტესტისთვის NBA-ს ექიმს დაურეკა, იმას უთქვამს, ჩემთვისაც არ მაქვსო"
"ზაზამ ტესტისთვის NBA-ს ექიმს დაურეკა, იმას უთქვამს, ჩემთვისაც არ მაქვსო"
"თავიდან სათანადოდ აღჭურვილი გარეთ მხოლოდ პურისთვის გავდიოდი, ახლა სახლში დავიწყე პურის გამოცხობა"

იზოლაციაში გატარებულ ყოველდღიურობაზე "კვირის პალიტრას" მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი ესაუბრება.

- კერძო სახლში ვცხოვრობთ და ამ მხრივ მე და ჩემს მუღლეს ძალიან გაგვიმართლა. ცოლ-ქმარი რისკჯგუფში ვართ, რადგან ორივე 65 წლის გავხდით, ამიტომ ჩემი რძალი, შვილი და შვილიშვილები ცალკე არიან. ჩვენ ეზოში ხან ვრგავთ, ხან ვსხლავთ, ვუყურებთ ფილმებს, სპექტაკლებს... ორივე ძირძველი "ნახალოვკელი" ვართ. მეზობლები ერთმანეთთან არ დავდივართ, მაგრამ გვაქვს გადაძახილი,
მოკითხვა... საღამოობით მე და ჩემი მეუღლე ხან ფეხით ვსეირნობთ, ხანაც ჩამოვსხდებით და ათას რამეს ვიხსენებთ.

- თქვენი ქალიშვილი თიკა ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. როგორ არიან ისინი?
- ისინიც იზოლაციაში არიან. ზაზას ახლა მეტი დრო აქვს შვილებთან ურთიერთობისთვის. დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების განათლებას, თვალს ადევნებს მათ ონლაინგაკვეთილებს, ავარჯიშებს
- იქ ეზოც აქვთ და სტადიონიც. თიკა კი ოჯახის შეფმზარეულია - ძალიან გემრიელ საჭმელებს ამზადებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი შემაშინა - თვალები დამიწითლდა, სიცხე მაქვს და ვახველებო. კარგს რატომ ვიფიქრებდი, მით უმეტეს - ამ დროს. ოჯახის ექიმს უთქვამს, ტესტი არ გვაქვს, გადი თვითიზოლაციაში და თუ გართულდება სიტუაცია, დამირეკეო. ეს სან-ფრანცისკოში ხდება! ზაზა იძულებული გახდა, NBA-ს გუნდის ექიმისთვის დაერეკა, მაგრამ მას უთქვამს, რომ დამჭირდეს ჩემთვისაც არ მაქვსო.


ვინ არ შეაწუხა ზაზამ და ორი დღის შემდეგ იშოვა ტესტი. მადლობა ღმერთს, ყველაფრის მიზეზი ალერგიული ფონი აღმოჩნდა და ამოვისუნთქეთ. მოკლედ, ასე ვართ - თიკა ჩვენზე წუხს, ჩვენ - მათზე.

- მეორე შვილი ნიუ-იორკშია, არა?
- დიახ და იქაც ასეთივე სიტუაციაა. ეუბნებიან, სახლში იყავით თვითიზოლაციაში, სუნთქვა თუ გაგირთულდებათ, მაშინ დაგვირეკეთო.
ამ ფონზე ისეთი იმედის თვალით შევცქერი ჩვენს ექიმებს!.. ყველა გასაოცარია!

ამდენი გამოჯანმრთელებული გვყავს ამ პატარა ქვეყანაში და იქნებ მართლაც მალე გადავიტანოთ ეს მდგომარეობა, თორემ ამდენ ხანს გაჩერება ძალიან ძნელია. ხალხი როგორ გაუძლებს ამას, საკითხავია - ყველას ხომ არ აქვს მყარი ფსიქიკა და მოთმინების უნარი?! თუმცა ასეთი დინამიკა რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა შევასრულოთ ექიმების მოთხოვნები. ახალგაზრდებიც უნდა გაგვიფრთხილდნენ, რომ არ შემოგვიტანონ ვირუსი. ჩემი შვილი სულ მაკონტროლებს, რომ გარეთ არ გავიდე.

- მაღაზიაშიც არ გადიხართ?
- თავიდან მხოლოდ პურისთვის გავდიოდი, სათანადოდ აღჭურვილი. ფულს რომ მოვკიდებდი ხელს, მაშინვე სპირტით ვამუშავებდი... ახლა სახლში დავიწყე პურის გამოცხობა. ისე, რაც ნაკლებ პურს შევჭამ, მით უკეთესია.
70-იან წლებში ქოლერას მოვესწარი. მე-11 კლასში ვიყავი. მახსოვს, დასასვენებლად ვიყავი და სოფელში ჩავრჩი, მაგრამ მაშინ ცხოვრების რიტმი ძალიან მალე აღდგა, რადგან ვაქცინა იყო, აცრები ტარდებოდა...

ჩერნობილის ამბავიც მახსოვს, რომელიც საბჭოთა მესვეურებმა დიდხანს ჩქმალეს... იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ძირითადად - ჩაის მკრეფავები. როგორც ჩანს, ჩვენამდეც მოაღწია რადიაციულმა ფონმა, ყველაზე მეტ რადიაციას კი ჩაი იღებს. სოფელი გვქონდა ხონის რაიონში. იქ ერთი ქუჩა იყო და ამ ქუჩის მცხოვრები 50 წლამდე ასაკის ბევრი ახალგაზრდა ქალი - ძირითადად, მეჩაიეები - მკერდის კიბოთი გარდაიცვალა.

რაც შეეხება დღევანდელობას, ახლა ყველა უნდა გავერთიანდეთ უხილავი მტრის წინააღმდეგ.
შეიძლება ჯერ ვერც ვაცნობიერებთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რა მოხდება ამის შემდეგ, როგორ შეიცვლება სამყარო...

დარწმუნებული ვარ, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსამდე იყო.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა