რა კავშირი აქვს კოვიდ 19-ს დამწვრობასთან - კვირის პალიტრა

რა კავშირი აქვს კოვიდ 19-ს დამწვრობასთან

გუგა ქაშიბაძე: "ადუღებული წყალი არ დალიოთ!"

კორონავირუსის შემოტევასთან ერთად თბილისის დამწვრობის ცენტრში ავადმყოფთა რაოდენობამ იმატა. იკითხავთ, რა კავშირი აქვს კოვიდ 19-ს დამწვრობასთანო... დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძეს ჩვენც ამავე კითხვით მივმართეთ.

- ირიბად, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა დამწვრობის ცენტრი და კორონავირუსი მაინც დაუკავშირა ერთმანეთს. გავრცელდა აზრი თუ მითი, რომ ცხელი წყლის დალევა იდეალურია კორონავირუსის პრევენციისთვის, ამას კი მოჰყვა ის, რომ სამი პაციენტი მივიღეთ ტუჩებისა და ენის დამწვრობით. ათამდე პაციენტმა იმავე მიზეზით, ოღონდ შედარებით ნაკლები დამწვრობის გამო, ჩვენგან სატელეფონო კონსულტაცია მიიღო. ამის შემდეგ იძულებული გავხდი და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პოსტი, ადუღებული წყალი არ დალიოთ-მეთქი.

იყო შემთხვევა, როცა სპირტით კარგად დამუშავებული ხელებით სიგარეტს მოუკიდეს და, ბუნებრივია, ხელები დაიწვეს. ბედად, ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.

მაგრამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება ასეთი ამბები. ირანში, მაგალითად, ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარის დალევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა.

- ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა მოსახლეობა თქვენს გაფრთხილებას... - უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გახშირებულია დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით - ბავშვების. ალბათ, იმიტომ, რომ იშვიათად გაჰყავთ გარეთ, აღარ დადიან სკოლაში, საბავშვო ბაღებში, ასეთ პირობებში კი აქტიური ბავშვებისთვის სამზარეულო სახიფათო ზონად იქცა. მოგვემატა დაგვიანებული მომართვის შემთხვევებიც. ცდილობენ, დარჩნენ სახლში და ფიქრობენ, რომ თვითონ გაუმკლავდებიან დამწვრობას, თუმცა ბოლოს მაინც კლინიკაში მოდიან.