"ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღე ვუყურებდი, ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელიც თემქაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღე ვუყურებდი, ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა" - ვინ იყო ბიჭი, რომელიც თემქაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

29 აპრილის საღამოს თემქაზე, 143-ე სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი "გლოვოს" კურიერს დაეჯახა.

ადგილობრივების თქმით, ტრაგედია კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მოხდა.

თავადაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა შსს-ს ინფორმაციის, ის ადგილზე დახვდა სამართალდამცავებს და მისი ვინაობა შესაბამისად, ცნობილია. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის გონზე იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

"29 აპრილს საღამოს, კომენდატის საათამდე მოხდა თემქაზე ეს შემთხვევა. მსუბუქი მანქანა დაეჯახა სკუტერს, დაშავებული ახალგაზრდა ცოცხალი იყო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. საქმეზე ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარებულია და ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გაირკევა ვისი ბრალეულიბა იყო. ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა, ის კონტაქტზეა სამართალდამცავებთან. საქმეზე გამოძიება გრძელდება", - განგვიცხადეს შს სამინისტროში.

მომხდარზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ელა ლიონიძე:

"გუშინ, კომენდანტის საათის ამოწურვას 15 წუთი რომ აკლდა, "გლოვოს" კურიერს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, ჰოდა ეგ კურიერი, მე რომ სამსახურში ყოველ დღე ვუყურებდი, ის მომღიმარი ბიჭი აღმოჩნდა... დიტო, ჩვენს წინ ფეხსაცმელებს კერავდა, რა უნდა გეთხოვა, რომ არ დაგხმარებოდა... სულ მომღიმარი იყო და მის მოყოლილ სასაცილო ისტორებზე გადაბჟირებები გვჭირდა ხოლმე... 33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია და არც შვილი... ბოლოს სკუტერი იყიდა. ამ კორონას გამო მსოფლიო რო გაჩერდა, ფეხსაცმელებიც გაჩერდა და "გლოვოში" დაიწყო მუშაობა, ხოდა, იმიტომ რომ ვიღაცას სახლში მიესწრო, იმიტომ რომ ის ვიღაც ჯარიმას გადარჩენოდა და კიდევ ბევრი საჯანდაბე იმიტომ ჰქონდა ეტყობა იმ ვიღაცას, გზაზე ასე რომ მიატოვა და გაიქცა, სამსახურში როცა დავბრუნდები, ეს ბევრ იმიტოს შეწირული ბიჭი იქ ვეღარ დამხვდება და ვეღარ გამიღიმებს... გამკაცრებული წესები ალბათ საჭიროა, მაგრამ ის ხანდახან უფრო მეტ სიცოცხლეს იწირავს... თუ ერთი გადაარჩინე, მაგრამ ამით ბევრს ავნე, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ წესს?" წყარო