რა ვითარებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირები საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ,- აღნიშნულის შესახებ "ინტერპერსნიუსს" საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განუცხადა.

როგორც მეშველიანი განმარტავს, მუშევანში, სადაც გუშინ ადგილობრივები სამართალდამცავებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავები მუშაობენ და სიტუაციას სწავლობენ. დეპუტატის თქმითვე, გუშინ მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

გოგი მეშველიანის განცხადებითვე, კორონავირუსით დაინფიცირებული პირები საავადმყოფოში გადაყვანაზე თანახმა იყვნენ და სწორედ ეს პროცედურა მიმდინარეობდა, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გარეშე პირების მხრიდან ჩარევა მოხდა.

"აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სათანადო ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარდეს, რომ ინფიცირებული ადამიანების კლინიკაში მკურნალობასთან დაკავშირებით ის ე.წ. მიუღებლობა გავანეიტრალოთ. ალბათ, შუადღის შემდეგ გვექნება ხელშესახები შედეგები. ინფიცირებული ადამიანები ჯერჯერობით გადაყვანილი არ არიან, თავიანთ ოჯახში იმყოფებიან. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ბუნებრივია, სამართალდამცავები მუშაობენ, დეტალებში ერკვევიან და თავად გააკეთებენ კომენტარს, რა მიმართულებით წავა სიტუაცია.

პრაქტიკულად, ოჯახთან ყველა ის პირობა, რაც მათ ჰქონდათ, შეთანხმებული იყო, უკვე მანქანაში ჩასხდომისა და ტრანსპორტირების დაწყება მიმდინარეობდა, როცა არაფხიზელ მგდომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ჩარევა მოხდა და სიტუაცია პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. რაც მთავარია, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, სიტუაცია სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა, გარკვეული ზიანი ავტომანქანებს აქვთ, რასაც ექსპერტები შეაფასებენ და სამართალდამცავები იმოქმედებენ. შეიძლება ითქვას, რომ არა ქუჩიდან იმ ახალგაზრდების ჩარევა, ის ოჯახი გუშინვე იქნებოდა კლინიკაში ტრანსპორტირებული. რამდენადაც ვიცი, დაპირისპირებაში მონაწილე პირები ოჯახის წევრები არ არიან. სიმართლე გითხრათ, არ მინახავს პოლიციის მანქანებისთვის ქვა რომ ესროლათ, რამდენადაც ვიცი, მოქალაქეების, ადგილზე წარმომადგენლის მანქანებია დაზიანებული", - აცხადებს მეშველიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.

"ინტერპრესნიუსი"