"როცა იცი, რომ შენს თანამემამულეს შია, გავიწყდება კორონაც, შიშიც და გარბიხარ, რომ დაეხმარო"
"როცა იცი, რომ შენს თანამემამულეს შია, გავიწყდება კორონაც, შიშიც და გარბიხარ, რომ დაეხმარო"
"ჩვენს დიასპორას დიდი რესურსები არ გააჩნია, მაგრამ მაინც ვახერხებთ, რომ ამ გაჭირვებაში 100 ადამიანი დავაპუროთ.... მაქვს დიდი სია, ვტვირთავ მანქანას და მისამართების მიხედვით დავდივარ. თუ შორს ვარ წასასვლელი, ქალაქის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მხვდებიან, დატვირთვაში მეხმარებიან და გარეუბნებშიც დამყვებიან"

"კვირის პალიტრა" ესპანეთში მცხოვრებ მანანა გოგოლაძეს დაუკავშირდა. ქალბატონი მანანა ალიკანტეს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელია. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, მსოფლიო პანდემიის ფონზე განვითარებული მოვლენებია.

- რა ხდება ესპანეთში? როგორ ებრძვის ქვეყანა პანდემიას?

- 28 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში სულ 210 733 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან გარდაცვლილია 23 822, გამოჯანმრთელებული კი - 102 773. ამ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს ესპანეთში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ვინაიდან როგორც დაინფიცირების, ასევე გარდაცვალების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო, ამბობენ, რომ ეს კარგია.

44 დღეა ქვეყანაში მხოლოდ
მარკეტები და აფთიაქები მუშაობს. 26 აპრილიდან ნება დაგვრთეს, 14 წლამდე ასაკის ბავშვები ერთი საათით ჰაერზე გავიყვანოთ საცხოვრებელი ადგილიდან ერთი კილომეტრის მანძილზე.

მე ამ ქვეყნისგან უფრო მეტ მზადყოფნას ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათთვის მოულოდნელი იყო. მიუხედავად იტალიის მაგალითისა, ვერ გათვალეს საფრთხე, რომელიც ელოდათ და პირველივე კვირა ფატალური შემთხვევებით დაიწყო. იყო პანიკა, შიში, საავადმყოფოებში არ იყო ადგილები, სასუნთქი აპარატები...

ყველას გვაფრთხილებდნენ, რომ არ მივსულიყავით არც ექიმთან, არც პოლიკლინიკაში, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებებში. მხოლოდ ტელეფონით დავკავშირებოდით ექიმებს. სამი კვირის შემდეგ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ესპანეთის სამედიცინო სისტემა ვეღარ უმკლავდებოდა პრობლემებს. რეანიმაციულ განყოფილებებში ავადმყოფების მიღებაც არჩევით დაიწყეს - თუ ორი მძიმე პაციენტი ჰყავდა ექიმს, მას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გადაერჩინა და გაეკეთებინა სუნთქვის აპარატი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასაკი თამაშობდა. სამწუხაროა, რომ ესპანეთში ამ პანდემიით გარდაცვლილთა 65% მოხუცია.

- თქვენ ალიკანტეს ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ბრძანდებით. რა სირთულეებს წააწყდით პანდემიის გამო?
- ახლა ესპანელებსაც კი ძალიან უჭირთ და წარმოიდგინეთ, ემიგრანტები რა დღეში არიან... სამშობლოდან შორს ხარ, შემოსავლის წყარო აღარ გაქვს, პანდემიაა და შეიძლება დაინფიცირდე, თანაც ენა არ იცი და ექიმთან ვერ მიხვალ - ამ ყველაფერს გაძლება ხომ უნდა?! ამასთან, ღმერთმა დაიფაროს და, გარდაცვალების შემდეგ დაგწვავენ, ან საერთო სასაფლაოზე დაგმარხავენ უცნობი ჯარისკაცივით...

ემიგრანტები ორ კატეგორიად ვიყოფით: ძველი და ახალი ჩამოსულები. ძველებს აქვთ ცხოვრების უფლება და მუშაობენ, ახალი ჩამოსულები კი, ორი-სამი წლის წინ ეგრეთ წოდებული "ჩაბარების" ბუმი რომ იყო, ის ნაკადია. მათ ჰქონდათ სოციალური დახმარება, მაგრამ მისი ამოწურვის შემდეგ ბედის ანაბრად დარჩნენ. არ აქვთ სამსახური, არც სახსარი, რომ თავი ირჩინონ. ვის გინდა უთხრა, რომ ვიღაც, სრულიად უცნობი ამ პანდემიის დროს შინ წაიყვანოს?! ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყო ჩამოსული ორი პატარა ბავშვით, რომლებიც წითელი ჯვრის შენობასთან კარავში ცხოვრობდნენ. სანამ სოციალური დახმარების პროგრამამდე მიხვალ, ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი. თავდაპირველად პოლიციამ წერილობით უნდა დაგიდასტუროს, რომ თავშესაფარს ითხოვ. ამ სტატუსის მიღების შემდეგ ხვდები ­ე. წ.­ პროგრამაში, მაგრამ ამ ახალგაზრდებს პოლიციამ გადაუვადა დოკუმენტის გაცემა და ამ დროს საყოველთაო კარანტინიც გამოცხადდა. კარავში დაძინების უფლებაც აღარ ჰქონდათ - პოლიცია დააჯარიმებდა და ბავშვებსაც ჩამოართმევდა.­ ერთმა კეთილმა ოჯახმა, რომელსაც თვითონაც არანაკლებ უჭირს, შეიფარა იმ პირობით, რომ ერთ კვირაში მივიდოდნენ პოლიციაში, აიღებდნენ საჭირო საბუთს და წითელი ჯვარი დაეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი კვირა 44 დღედ გადაიქცა და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არავინ იცის...


ჩვენი ორგანიზაცია არის ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის წევრი და მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ასეთივე ორგანიზაციებთან. როცა ეს პრობლემა მოედო მსოფლიოს, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ამერიკაში მცხოვრებმა ინა ასანიძემ შექმნა კრიზისცენტრი იტალიასა და ესპანეთში მყოფი ქართველების დასახმარებლად. თავდაპირველად ყველაზე მეტი დახმარება იტალიაში მყოფ ქართველებს სჭირდებოდათ და რესურსები, ძირითადად, მათ მოხმარდათ. ამ კრიზისცენტრიდან ჩვენმა დიასპორამაც მიიღო დახმარება ესპანეთში უსახსროდ დარჩენილი თანამემამულეებისთვის.

არსებობს კრიზისცენტრი ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც გვერდით უდგას ჩვენს დიასპორას და ეხმარება ამ რეგიონში მცხოვრებ ქართველებს. აუცილებლად უნდა ვახსენო საქართველოს საკონსულო ბარსელონაში, მათი დაუღალავი შრომა და ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე.

ჩვენს დიასპორას დიდი რესურსები არ გააჩნია, მაგრამ მაინც ვახერხებთ, რომ ამ გაჭირვებაში 100 ადამიანი დავაპუროთ. დიასპორის სახელით მივმართე ადგილობრივ მთავრობას და სოციალურ სამსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ დახმარება. გადავეცი სია, მისამართები და კარანტინის პირველივე კვირიდან დავიწყეთ დახმარება. არის ორგანიზაციები, რომელთაც თვითონ მიაქვთ დახმარება, მაგრამ მეტწილად მე მიწევს მისვლა. დღეგამოშვებით მირეკავენ, რომ ასაღებია ხორცი, ბოსტნეული, რძე, პამპერსი... მაქვს დიდი სია, ვტვირთავ მანქანას და მისამართების მიხედვით დავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ საშვი მაქვს, შორს მანქანით წასვლის უფლებას არ მაძლევენ, ამიტომ ქალაქის საპატრულო პოლიციას მოველაპარაკეთ და როცა დახმარების ასაღებად მივდივარ, დატვირთვაში მეხმარებიან და გარეუბნებშიც დამყვებიან.

- ხომ შეიძლება თქვენც დაინფიცირდეთ...
- რა თქმა უნდა და უარესიც - შეიძლება ოჯახის წევრებს გადავდო, მაგრამ როცა იცი, რომ აქვე სადღაც შენს თანამემამულეს შია, გავიწყდება კორონაც, შიშიც და გარბიხარ, რომ დაეხმარო, ვისაც უჭირს. ჩემთვის ეს ომია, ბრძოლაა და მართალია, ჩემი სამშობლოდან შორს ვარ, მაგრამ აქედან ვემსახურები საქართველოს.
ამ მძიმე ვითარებაში მფარველ ანგელოზად მოგვევლინა ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი ლალი ენდელაძე, რომელიც ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობს ექიმად. მან ტელეფონით დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ მისი ტელეფონის ნომერი არ გამოგვიქვეყნებია, ვინაიდან მოსვენებას არ მისცემდნენ. ამის ნაცვლად გავაკეთეთ წრედი - მირეკავენ მე, მე ვურეკავ ლალი ექიმს, ლალი ექიმი კი დაფარული ნომრით ურეკავს ავადმყოფს...

პირბადეების დეფიციტი რომ შეიქმნა, ჩემმა მეგობარმა ლელა გიორგბერიძემ, რომელიც საქორწილო კაბების ატელიეში მუშაობს, დამირეკა და მკითხა, ჩვენს ქართველებს პირბადეები თუ მაინც აქვთო. არ აქვთ-მეთქი, ვუპასუხე. საქორწილო კაბებს ქვემოდან მარლასავით ნაჭერს ვუდებთ, რომელიც სუნთქავს.­ ჰოდა, ამ ნაჭრით ქართველებს პირბადეები შეუკერა.

- როგორია ესპანეთიდან დანახული პანდემიასთან მებრძოლი საქართველო?
- ყოველდღიურად ვუკავშირდები ნათესავ-მეგობრებს საქართველოში და დღეს არ მეგულება ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ასე ზრუნავდეს თითოეულ მოქალაქეზე. არ ვამბობ, რომ ხალხს არ პატრონობენ, მაგრამ აქ იგრძნობა, რომ ციფრებამდე ვართ დასული, საქართველოში კი თითოეული სიცოცხლე ძვირფასია. მეამაყება თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს ამ უხილავ მტერთან ბრძოლაშია ჩაბმული. ჩვენ კი, დავრჩეთ სახლში საკუთარი თავისა და გვერდით მყოფთა გადასარჩენად!
ბარბარე ზეიკიძე
08 მაისი 2020 15:36
ქბ.მანანა გოგოლაძეზე ძალიან ბევრი საქებარი სიტყვები შემიძლია ვთქვა .ერთ ანდაზას მოვიშველიებ ,,თუ გული გულობსო ქადა ორი ხელით იჭმევაო "
ხო და მანანას გულიც გულობს და არ ეპუება ,,პანდემიას"
მიხარია რომ ვიცნობ მას და მის გამზრდელს ქბ.იოანა მაყვალა კობიძეს ❤❤❤

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა