"ის, რაც დაფარული იყო და სადღაც შენახული, ახლა იწყებს გამომჟღავნებას" - კვირის პალიტრა

"ის, რაც დაფარული იყო და სადღაც შენახული, ახლა იწყებს გამომჟღავნებას"

"ალბათ, ასეთი რამ უნდა მომხდარიყო, რომ დაგვეფასებინა ის, რაც გვქონდა... როგორც ჩანს, სამყაროსაც იმუნიტეტი აქვს. სწორედ ამ იმუნიტეტით დედამიწამ თავიც გადაირჩინა და გარკვეულწილად ჩვენც გადაგვარჩინა... ჩვენმა პლანეტამ შეგვაჩერა და მოგვცა შანსი, გავიაზროთ, როგორ ვცხოვრობთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, დავუბრუნდებით ისევ საწყის წერტილს და მერე, კაცმა არ იცის, რა მოხდება"

როგორია ნიკა თავაძის ყოველდღიურობა პანდემიის დროს, ვისთან ერთად არის იზოლაციაში, რაზე დააფიქრა და რა აღმოაჩენინა ამ დღეებმა ცნობილ მსახიობს, ამას ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- როგორ ხართ იზოლაციაში?

- როგორც ყველა - ვართ სახლში და შეძლებისდაგვარად რაღაცებს ვაკეთებთ.

- მარტო თქვენ და მეუღლე ხართ იზოლაციაში? - არა, ოთხნი ვართ: ჩემი შვილი, მეუღლე ნატო მურვანიძე, ქალბატონი მაკა მახარაძე - ნატოს დედა და მე. თუ რამე აკრძალვა არსებობს, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, ამიტომ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა მითითება, მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ყოველდღე მუშაობას და სხვა რეჟიმს მიჩვეულმა აბსოლუტურად შეცვალო ცხოვრების წესი. თუმცა ბევრი სიახლეც ჩნდება ამ პირობებში. თავიდან ყოველთვის რთულია ახალ წესებთან შეგუება, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები ჩნდება, ფიქრობ, სასარგებლოც კია ეს ყველაფერი. რაც მანამდე არ გაგიკეთებია, იმას აკეთებ.

- მაგალითად? - შენი ინტერესის სფეროებს უღრმავდები უფრო საფუძვლიანად, სწავლობ სიახლეებს, კითხულობ ამა თუ იმ ლიტერატურას... მერე ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს, ან ამით ვიცხოვროთ კიდევ ერთხანს, ამიტომ გაჩერებას და ლოდინს ჯობს, შეეგუო და მოერგო სიტუაციას. თუ პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდა, შეიძლება ეს უარყოფითად აისახოს ადამიანის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე და საქმიანობაზეც, ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, რა მდგომარეობაში ვართ. მე მგონი, უბრალოდ ახალი რაღაცები უნდა აღმოვაჩინოთ, უპირველესად - საკუთარ თავში. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი მაყურებლის გარეშე არ შეიძლება, რამდენიმე ისეთი იდეა გამიჩნდა, შეიძლება ძალიან საინტერესო გამოგვივიდეს. ვნახოთ - ვფიქრობთ, ვამუშავებთ ამ იდეას და მომავალში, ალბათ, განვახორციელებთ კიდეც. ჯერ არ მინდა გავამხილო...

- ამას წინათ ერთ მსახიობს ვესაუბრე და თქვა, წარმომიდგენია, რა პერიოდი დასჭირდება იმას, რომ თეატრში მოსულმა მაყურებელმა ორი საათი გიყუროს, თან სპექტაკლის მსვლელობისას იმაზე არ იფიქროს, რომ შეიძლება ამ დახურულ სივრცეში ვირუსები დაფრინავდესო. ჩანს, თქვენც ბევრს ფიქრობთ ამაზე... - ჩვენს სამეფო უბნის თეატრს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. 1993 წლიდან დანგრეულ და გაპარტახებულ შენობაში დავიწყეთ მუშაობა და, ალბათ, იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა, როგორ უნდა გადავირჩინოთ თავი. ძალიან გვიხარია, რომ დღეს სამეფო უბნის თეატრს თავისი ადგილიც აქვს, სახელიც და მაყურებელიც ჰყავს. ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს. ახლაც ასეთივე სიტუაციაა. ვფიქრობ, აბსოლუტურად სხვა რაკურსით შეიძლება წარმოვადგინოთ ჩვენი სპექტაკლები, რომლებიც არანაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე ადრე იყო.

- იზოლაციის პერიოდში ადამიანებმა საკუთარ თავში ახალი გატაცებები და ნიჭი აღმოაჩინეს... - რთულ სიტუაციებში ადამიანი გამოსავალს ეძებს და პოულობს კიდეც. ის, რაც დაფარული იყო და სადღაც შენახული, ახლა იწყებს გამომჟღავნებას. მე, მაგალითად, ბევრი ადამიანი აღმოვაჩინე, ვისაც არ ვიცნობდი, მათ შესახებ არაფერი ვიცოდი, ან ვიცოდი და მათთან ურთიერთობის დრო არ მქონდა. საოცარი მხატვრები, მუსიკოსები აღმოვაჩინე, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრების ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნება დაიწყეს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი გვყავს...

მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს ახლანდელ კრიტიკულ მდგომარეობას. ჩვენთვის ეს უხილავია, მაგრამ მეცნიერები, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, დასაბუთებულად ხსნიან, რა მდგომარეობამდე იყო მისული დედამიწა - ეს ლამის კატასტროფა იყო და როგორც ჩანს, სამყაროსაც იმუნიტეტი აქვს. სწორედ ამ იმუნიტეტით დედამიწამ თავიც გადაირჩინა და გარკვეულწილად ჩვენც გადაგვარჩინა. დღეს გასული ვიყავი. ავლაბრიდან მომიწია წამოსვლამ და მთაწმინდას რომ გავხედე, ასე გამოკვეთილი ეს მთა არასდროს მინახავს. ჰაერია გაწმენდილი, მე კი მეგონა, მხედველობა გამიუმჯობესდა - საოცარი კონტურები და ფერები შევნიშნე. ბევრი კარგი რამ ხდება, თუმცა ამას, სამწუხაროდ, ადამიანთა გარდაცვალება ახლავს.

ნიკა თავაძე მშობლებთან ერთად

- ადამიანებს შორის ურთიერთობაც შეიცვალა. სულ ვჩიოდით, რომ ვირტუალური ურთიერთობები ხდება პრიორიტეტული და უცებ შინ რომ გამოვიკეტეთ, მივხვდით, რაოდენ მნიშვნელოვანია და როგორ გვინდა ცოცხალი ურთიერთობა. თქვენც გქონდათ ასეთი განცდა? - დიახ. რაღაცები, რაც მანამდე უჩვეულო, ელემენტარული და ნორმალური იყო, რაზეც მანამდე არც გვიფიქრია, დღეს უაღრესად ფასეული გახდა. კოლეგებთან, ნათესავებთან ვირტუალური ურთიერთობა ხშირად გვაქვს, მაგრამ ყველა ვაღიარებთ, რომ რეპეტიციები, ელემენტარული ურთიერთობა მოგვენატრა. ალბათ, ასეთი რამ უნდა მომხდარიყო, რომ დაგვეფასებინა ის, რაც გვქონდა.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო? - ვფიქრობ, რომ ადამიანი ძალიან სწრაფად ეგუება რაღაცებს, ბევრი რამ ავიწყდება კიდეც, მაგრამ თუ ჩვენ დასკვნები არ გამოვიტანეთ, არ დავფიქრდით, რატომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, არ გავაცნობიერეთ, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს უფლება, იარსებოს ისე, როგორც ბუნებამ დაუწესა და არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არაფერი შეიცვლება და პასუხი მომავალშიც მოგვეთხოვება. ჩვენმა პლანეტამ შეგვაჩერა და მოგვცა შანსი, გავიაზროთ, როგორ ვცხოვრობთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, დავუბრუნდებით ისევ საწყის წერტილს და მერე, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

- ალბათ, ბევრჯერ გინატრიათ, გქონოდათ დრო, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფილიყავით, გესაუბრათ, გემხიარულათ... ახლა სწორედ ეს დროა... როგორ ცხოვრობთ ოთხი ადამიანი? - დღე იწყება ვარჯიშით. რადგან დიდ დროს გაჯეტებთან ვატარებთ, შევატყვეთ, რომ კისრის პრობლემები დაგვეწყო, ამიტომ ქალბატონმა მაკამ, ჩემმა სიდედრმა, შემოგვთავაზა კისრის ვარჯიში, რომელიც იოგას სისტემას ეფუძნება. შევიკრიბებით ხოლმე, დავსხდებით და ვვარჯიშობთ. შუადღეს სადილად ვიკრიბებით, საღამოობით კი სპექტაკლებს ვუყურებთ. მთელი მსოფლიოს თეატრები გვთავაზობენ ონლაინსპექტაკლებს. შედიხარ ცნობილი თეატრის, ოპერის თუ საბალეტო დასის ვებგვერდზე და შეგიძლია უყურო არაჩვეულებრივ სპექტაკლს. დარჩენილი დრო, ძირითადად, კითხვაში გადის.

- პროდუქტის მოსამარაგებლად ვინ დადის? - ზოგჯერ - მე და ნატო, მაგრამ ძირითადად მაინც მე დავდივარ, რადგან ვცდილობ, დანარჩენები სახლიდან არ გავიყვანო.

- ადამიანები ბედნიერების ან მძიმე განსაცდელისას ბევრს ფიქრობენ დედაზე... - რა თქმა უნდა და მეც მათ შორის ვარ... განსაკუთრებით აღდგომის დღეებში ვართ ხოლმე ფიქრებით ახლოს იმ ადამიანებთან, ვინც დავკარგეთ... დედა სულ ჩემთან არის, სულ გვაქვს ურთიერთობა, სულ თან დამყვება... ყოველთვის ვფიქრობ, ამა თუ იმ მომენტში როგორ მოიქცეოდა, რას იფიქრებდა, რას მეტყოდა...

- ახლა რას გეტყოდათ? - იზა იყო იუმორით დაჯილდოებული, თან - ძალიან ძლიერი. არ მახსოვს, ეწუწუნა რამეზე ან პრეტენზია გამოეთქვა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სირთულეებთან ბრძოლაში გაატარა და ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა სიტუაციებიდან. ახლაც ადამიანების ტკივილი მისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა. სხვის ტკივილს ძალიან განიცდიდა, გულთან მიჰქონდა ყველას გაჭირვება. მახსოვს, ხშირად მოჰყავდა სახლში ადამიანები, რომელთაც არ ვიცნობდი და ისინი თვეობით ცხოვრობდნენ ხოლმე ჩვენთან. 18 წლის ვიყავი. ერთხელ შემოვდივარ სახლში და დაახლოებით 25 წლის გოგონა მხვდება. გვიანობამდე ისაუბრეს, მერე ლოგინი გაუშალა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა... ბოლოს ვკითხე, დედა, ეს გოგო ვინ არის-მეთქი. სახლი არ აქვს, უჭირს და იყოს, რა, ჩვენთანო... მოკლედ, ამ გოგოს გათხოვებასაც მოვესწარით და ძალიანაც დავახლოვდით. ხშირად მახსენდება, განსაკუთრებით - რთულ სიტუაციებში, როგორი ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდა სირთულეების მიმართ. გვინდა დოკუმენტური ფილმი გადავიღოთ დედაზე...

- თქვენ რას ეტყოდით ახლა მას, ამ პანდემიის დროს? - ვეტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩემთან ერთად არის, მაინც ძალიან მენატრება.