"ძალიან რთულია, ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ და აღარ იცი, რა აკეთო" - კვირის პალიტრა

"ძალიან რთულია, ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ და აღარ იცი, რა აკეთო"

"რაც თავი მახსოვს, სულ ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, ახლა კი, ვირტუალურ სივრცეში გვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა"

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს საქართველოში კარგად იცნობენ. მსახიობს საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება აქვს, თუმცა, კოვიდ-19-ის გამო შექმნილმა სიტუაციამ მისი დღის რეჟიმი ძირეულად შეცვალა. აჩიკო იზოლაციის დღეებს თავის მშვენიერ მეუღლესთან - ნუცა ქავთარაძესთან ერთად ატარებს და ძალიან განიცდის, რომ მეგობრებს ხშირად ვეღარ ნახულობს. როგორ უმკლავდება მდგომარეობას, რომელსაც ხალხში ხუმრობით "კორონა-დეპრესიას" უწოდებენ, - ამის შესახებ თავად გვიამბობს:

- აჩიკო, როგორ შეეგუეთ იზოლაციას და სრულიად ახალ მდგომარეობას თქვენს ცხოვრებაში?

- ამ მდგომარეობასთან შეგუება ყველას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ყველაზე მეტად - აქტიურ, შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანებს. როცა ძალიან ბევრი საქმე გაქვს, როცა სულ სადღაც გეჩქარება, ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძებ და აღარ იცი, რა აკეთო, ბუნებრივია, ეს ძალიან რთულია.

თანაც, ბოლო ხანებში ძალიან დაკავებული ვიყავი - ტელევიზია, თეატრი, ერთი გადაცემა, მეორე გადაცემა და უცბად, ეს ყველაფერი გაჩერდა! ამ სიტუაციაში ალბათ უნდა იფიქრო, რომ შინ დარჩენა ყველაზე საიმედო და სწორი გზაა. ალბათ ნებისმიერი ადამიანის სურვილია, საკუთარ თავსაც გაუფრთხილდეს და ყველაზე საყვარელ, ახლობელ ადამიანებსაც, განსაკუთრებით, უფროს თაობას.

- კარანტინს და იზოლაციას ყველა განსხვავებულად უმკლავდება: ცნობილმა მომღერლებმა და მსახიობებმა სახალისო ვიდეოები ჩაწერეს, ვიღაცამ წიგნის კითხვა დაიწყო, არის ხალხი, ვინც "ონლაინ-ქეიფებსაც" კი მართავს, თქვენ როგორ ერთობით? - რაც შეეხება თავის შექცევას, ამ სიტუაციაში არჩევანი დიდი არ არის, მაგრამ კარგი წიგნის წაკითხვა, ფილმის ნახვა, ოჯახის საქმეებში აქტიურად ჩართვა - საკმაოდ კარგი გამოსავალია. ამასთანავე, ძალიან მიშველა იმან, რომ ძაღლი მყავს, რომელიც დღეში სამჯერ მაინც უნდა გავასეირნო. მიუხედავად ამისა, ჩაკეტილობა და მეგობრების გარეშე ყოფნა ჩემთვის მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. მე ასეთ ცხოვრებას შეჩვეული არ ვარ, რაც თავი მახსოვს, სულ ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, ახლა კი, ვირტუალურ სივრცეში გვიწევს ერთმანეთთან ურთიერთობა, რაც ძალიან მიჭირს.

ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელი ამ სიტუაციას კარგად მოერგო, მაგალითად, მასწავლებლები და ლექტორები - ისინი ონლაინ-გაკვეთილებს, ან ლექციებს ატარებენ, სამწუხაროდ, ეს გზა ვერც ერთ ჩემს სამსახურს ვერ მოერგო: როცა მსახიობი ხარ და თან, მეტყველების კულტურას ასწავლი, შენი საქმე ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას მოითხოვს.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი ძალიან ბევრი ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა, თქვენი მეუღლე როგორ ეგუება ამ მდგომარეობას? - ძალიან კარგად: ის ტელევიზიაში მუშაობს და ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავით. ერთად ყოფნისთვის დრო თითქმის არ გვრჩებოდა და ეს დანაკლისი ახლა ავინაზღაურეთ. ამბობენ, იზოლაციის გამო ბევრ წყვილს შორის კონფლიქტი დაიწყოო, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება - ერთად ყოველთვის ძალიან კარგად ვართ. მიუხედავად ამისა, მაინც ერთი სული გვაქვს, სახლიდან როდის გავალთ და ჩვენს ძველ ცხოვრებას დავიბრუნებთ. მთავარია, ეს უჩვეულო განსაცდელი გადავიტანოთ და მჯერა, რომ ამას ორივე ერთად შევძლებთ.

- ძალიან ბევრი გააღიზიანა იმ აკრძალვებმა და რეგულაციებმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობას მოჰყვა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? - ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც საქართველოში ამოქმედდა, ცოტა ალოგიკურად მიმაჩნია. კომენდანტის საათის შემოღებამ კი, 1990-იანი წლები და ჩემი ბავშვობა გამახსენა. ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია: როგორ? - თუ ეს ვირუსი საღამოს 9 საათამდე არ ვრცელდება, 9 საათის მერე ხდება გადამდები?

- თუმცა, ყველაზე დიდი უკმაყოფილება და პროტესტი ჯარიმებმა გამოიწვია... - ბუნებრივია, ამხელა ჯარიმებს ხალხის პროტესტი მოჰყვებოდა, რადგან ადამიანი, რომელმაც სამსახური დაკარგა, 3 ათას ლარს ვერაფრით გადაიხდის. კი ბატონო, ჯობია სახლში დავრჩეთ და არ დავჯარიმდეთ, მაგრამ ცხელი ხაზი ისე ხომ უნდა მუშაობდეს, როგორც საჭიროა? 144-ში დარეკვას აზრი არა აქვს - დამჭირდა და მე თვითონ დავრწმუნდი. რაღაც რომ გამიჭირდეს, სადმე ხომ უნდა დავრეკო, რომ არ დამაჯარიმონ? - მოკლედ, ამ სიტუაციაში ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარია. მესმის, რომ ასეთ დროს ადვილი არ არის ყველაფრის წინასწარ გათვლა - ასე რომ, შეცდომები გარდაუვალი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგიერთ რეგულაციას უნდა გადახედონ, რადგან ეს საჭირო და აუცილებელია.

- თქვენ თუ გეშინიათ ამ ვირუსისა? - უფრო რიდი მაქვს, ვიდრე პანიკური შიში. ამბობენ, თანდათან ამ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთო. ჯერჯერობით კი, ისე უნდა ვიყოთ, როგორც ვართ, მანამ, სანამ ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს და მინიმუმამდე არ შემცირდება.

- და ბოლოს, რას გააკეთებთ, როცა ეს შეზღუდვები მოიხსნება და ყველა ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებს? - პირველ რიგში, მეგობრებს მოვინახულებ, რადგან ყველა ძალიან მენატრება. იმედი მაქვს, რომ თეატრშიც ძველებურად განვაგრძობ საქმიანობას, ჯერჯერობით კი, მხოლოდ ტელევიზიაში ვარ კვირაში ორჯერ და ეკრანიდან ვცდილობ, ჩემი ხალხი გავამხნევო და მდგომარეობა როგორმე შევუმსუბუქო.

ხათუნა ჩიგოგიძე