რას გვიწინასწარმეტყველებდნენ დღევანდელ ჟამიანობაზე მთის ქადაგები - კვირის პალიტრა

რას გვიწინასწარმეტყველებდნენ დღევანდელ ჟამიანობაზე მთის ქადაგები

კობა არაბული: "ნოეს კიდობნიდან ქართულ მედიცინამდე... ხედავ, როგორ ვიარეთ?"

ჩვენამდე მოღწეული კაცობრიობის ცნობიერება არაერთხელ შეგვახსენებს ისეთ განსაცდელს, როგორიც დღეს გვჭირს. გავა დრო და მომავალი თაობებიც ისაუბრებენ დღევანდელ ჟამიანობაზე, რომელმაც ადამიანს კიდევ ერთხელ შეურყია წარმოდგენა, რომ უძლეველია, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, რომელიც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და დაგაფიქრებს, რომ სამყაროს ადამიანი კი არა, სულ სხვა ძალა მართავს.

მწერალი და ეთნოკულტურის მკვლევარი კობა არაბული მთაში დაიბადა, ხევსურეთში, სადაც სამყაროს ბიბლიური ცოდნა, წესები და თვით ჟამიანობის ისტორიაც თითქმის ხელუხლებლად ინახებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ის ამ მისტიკური ცოდნის იმ უკანასკნელ წარმომადგენელსაც კი შეხვედრია, რომელთაც მთაში ქადაგებს ეძახდნენ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, მთას "ქადაგთა ინსტიტუტი" უძველესი კოლხური მთვარის ტაძრებიდან ჰქონდა შემორჩენილი და მთიელთა მორალისთვის უდიდესი დატვირთვა ჰქონდა.

რას გვიწინასწარმეტყველებდნენ დღევანდელ ჟამიანობაზე ამ უძველესი ინსტიტუტის წარმომადგენლები და როგორც ცხოვრობს დღეს ჩვენი საზოგადოება, კობა არაბული გვესაუბრება.

- ჩემ თვალწინ დადგა მისტიკურჟამიანობა, რისი მაგალითიც ხევსურეთის ანატორიდან მაქვს; იქ ხომ მთელი სოფელი ამოწყდა. სოფელი, რომელიც დღეს გამოდგება იმის მაგალითად, რამხელა მორალი და სამართალი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც სასწაული ჩაიდინეს, რომ ეპიდემია არ გავრცელებულიყო. ახალი ჟამიანობის დადგომაზე კი თავად მსმენია ხევსურეთის უკანასკნელი ქადაგისგან, ალდია არაბულისგან, რომელსაც მთელი ხევსურეთი უდიდეს პატივს სცემდა. მხოლოდ ორჯერ მოვასწარი მისი მოსმენა, ბოლოს უკვე 70-იან წლებში, სტუდენტმა. ახლა აღარ მოვყვები, რა განვიცადე ამ ქადაგებისას მისი ცქერისას. მეჩვენებოდა, რომ ზეცასთან ჰქონდა კავშირი, მიყურებდა თავისი უცნაური უნაბისფერი თვალებით და ტანში მცრიდა. ბოლოს რატომღაც პირადად მე მომიახლოვდა და დამელაპარაკა. რაც მითხრა, ზოგი რამ ჩავიწერე და მალევე მეცნო, ზოგი კი ჯერაც საიდუმლოა:

ალდიამ მიწისძვრა და საბჭოთა კავშირის დანგრევა იწინასწარმეტყველა. თქვა, ეს სახელმწიფო იმ კაცის დროს დაინგრევა, შუბლზე შავი ნიშანი რომ ექნებაო. აქედან ორივე მოხდა, მე კი გორბაჩოვის შუბლზე შავი ლაქის დანახვამ პირველად ალდიას ნათქვამი გამახსენა. ალდიამ თქვა ისიც, რაც დღეს უფრო და უფრო ხშირად მახსენდება: სხვა დრო ჩამოდგება, რაღაც ძალის გამო დაეცემა ისეთი ჟამიანობა, რომელიც ხალხს სახლში გააჩერებს, თითქოს მოძრაობა აეკრძალებათ. თუმცა ასეც უნდა იყოს, უნდა გაჩერდნენ, ელოდონ და ილოცონ, სანამ შინიდან გასვლის დრო არ დადგებაო. ჟამიანობისას წამალს დაუწყებენ ძებნას და დიდხანს ვერ იპოვიანო... მე, სხვათა შორის, ამ ამბებზე მაშინვე ვწერდი, ჯერ კიდევ 30 წლის წინ...

- ქადაგთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ცხადია, ქადაგად ის ადამიანი სახელდებოდა, რომელსაც სხვებზე უკეთ ჰქონდა მომავლის განჭვრეტის ნიჭი. ამბობენ, ამ ნიჭით ხევისბერ-ხუცესებიც იყვნენ დაჯილდოებულებიო. - საუკუნეების განმავლობაში ქადაგნიც და ხევისბრებიც იმ ხატის ნაკრძალებში ქადაგებდნენ, სადაც შესვლა არავის შეეძლო. ხალხი გალავანს გარეთ შემოეჯარებოდა და ისე უსმენდა ქადაგებას. ან რა გასაკვირია, ჟამიანობა დამდგარიყო - როდესაც ადამიანი ივიწყებს, რომ ადამიანად არის შექმნილი და არა ღმერთად, ფიქრობს, რომ განგებაზე მეტი შეუძლია, მას განგება კარგს რატომღა მიანიჭებს?! ამის მაგალითები განა პირველად გვაქვს, ბიბლიიდან მოყოლებული სულ გვქონდა კაცობრიობას.

როდესაც არქეოლოგებმა ვულკანით დანთქმული რომაული ქალაქი პომპეი აღმოაჩინეს, თვით მეცნიერებიც შეაცბუნა კედლებზე შერჩენილმა ფრესკებმა - არ არსებობს იმაზე დიდი უკეთურობა, რასაც ადამიანი წარმოიდგენს და რაც პომპეის ფრესკებზე არ ყოფილიყო ასახული. და როდის ფიქრობს ადამიანი რას სჩადის? მაშინ, როდესაც განსაცდელი დაუდგება... ამ დროს უნდა დაფიქრდეს, რა მოუტანა სულის დამძიმებამ, მატერიალური გაუმაძღრობისკენ ლტოლვამ, რას შეეჭიდა, და თუ ამას შეძლებს, მაშინ სიკეთის მოპოვებასაც შეძლებს...

ალდიაზე, კიდევ ერთი რამ მინდა გავიხსენო. 1986 წლის ზამთარში ჩემს სოფელს ზვავი დაეცა და ხალხი დაღუპა. მითხრეს, შენი დედ-მამაც არ ჩანს, თქვენი სახლიც ზვავმა დაფარაო. გულგახეთქილმა როგორც იქნა ავაღწიე სოფლამდე და ვეღარ ვიცანი იქაურობა. აღარ იყო. მთათოვლი გადამხობოდა თავზე. აღარც სახლები ეტყობოდა არემარეს აღარც ხეობა, თქვენ წარმოიდგინეთ, ასე ცოცხალ-მკვდარს მამაჩემი შემომეყარა ცოცხალი და საღ-სალამათი. მე და დედაშენი სახლის პირველ სართულზე ვიყავით, ზვავი რომ დაგვეცა, ვერ აგიწერ, როგორ გადავრჩი, მაგრამ გონს რომ მოვედით, განგების ძალით, ფანჯარასა და თოვლს შუა ჭუჭრუტანა დავლანდე და იმ ჭუჭრუტანიდან დღე-ნახევარი ვყვიროდი, ცოცხლად დარჩენილების იმედითო. მერე, ჩემი მშობლები კი ამოუყვანიათ, მაგრამ სამი კაცის კვალს ვეღარ მიაგნეს. იმ სამიდან ორი დედა-შვილი იყო, ჩემი ძმაკაცი დათო, ვაჟკაცი ბიჭი დამარხულიყო თოვლში. ქანგაწყვეტამდე ეძებდა თურმე სოფელი. ან სად უნდა მიეგნოთ, როცა სახლებიც აღარ ჩანდა... მამამ, დარდით დახოცილებს უეცრად ალდიას ძმა წამოგვადგა თავზე, ალდიას გამოეგზავნა, წუხელ დათო დამესიზმრა და მითხრა, სულ სხვა ადგილას მეძებენ, უთხარი, რომ ამა და ამ ადგილას ვარ დამარხულიო. მივედით, ის ადგილი გავთხარეთ და დათოც ვნახეთო. მამამ მითხრა, მე რომ თავად არ მენახა ალდიას გამოგზავნილი ძმა, იმას კიდევ, ის ადგილი არ ეჩვენებინა, სხვის ნაამბობს ვერ დავიჯერებდი ვერაფრითო.

ერთ ქადაგზეც უნდა ვთქვა, ალდიას წინარე ქადაგზე, თარხანათ გაგა ჭინჭარაულზე. ხევსურებს სწორედ მან უქადაგა, დრო მოვა, მე დამწვავენ, თქვენ კი აქედან აიყრებით და წახვალთ, დაცარიელდება აქაურობა, გაუკაცრიელდება ჩვენი მიწა-წყალი, მაგრამ იმასაც ვხედავ, დრო მოვა, ისევ უკან მოედინებით, მაგრამ არც სახლი დაგხვდებათ, არც საჭმელი, ისევ თავიდან მოგიხდებათ ყველაფერზე ზრუნვაო... მერე თარხან-გაგა მართლაც რუსმა ბოლშევიკებმა დაწვეს 1922 წელს ურჩობისთვის, ხევსურთა თემიც მართლა აიყარა ხევსურეთიდან. სოფლები დაცარიელდა. ახლა, ჩემი ფიქრით, ამ ხალხიდან ბევრი ნელ-ნელა დაბრუნდება სოფელში. მეც რამდენი ხანია ვწერ, თუ ვინმეს პატარა ნაკვეთი გაგაჩნიათ, გადით და დათეს-დახანით, დაუმუშავებელს ნუ დატოვებთ, შეიძლება ძალიან გაჭირდეს და მიწა დაგეხმარებათ-მეთქი.

- ეს აშკარად გამოჩნდა. ყველამ არა, მაგრამ ბევრმა დაამუშავა მიტოვებული მიწა იმ საფრთხის გამო, რომ შესაძლოა მსოფლიოს გაჩერებამ ეკონომიკაც გააჩეროს. - კი, მიწამ დაიძახა. ამას წინათ კახეთიდან შემეხმიანა ხალხი, იქნებ როგორმე გაგვიხმიანო, რომ კახეთში ტრაქტორებია დაზიანებული, მიწების მოხვნას ვერ მოვასწრებთ, სახელმწიფომ ტექნიკა უნდა მოგვაშველოსო. ცამდე მართალია ეს ხალხი.

ახლა სოფელს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ გაჭირვებამ მართლა არ გვაჯობოს. განა ცოტა გვქონდა ისეთი დრო, ხევსურები ხმლის ქარქაშობას რომ ვეძახდით? ბევრჯერ გამიგია ხევსურეთში, ხმლის ქარქაშობის დრო დადგებაო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხორბალი იმდენად ცოტა იქნება, ხმლის ქარქაშით აიწონება და გაიზომებაო. განა ქარქაშში რა ხორბალი უნდა ჩაეტიოს, ალბათ, ნახევარი ჭიქა! მაგრამ ფასი იმ ხმლის ქარქაშში ჩატეულ ხორბალსაც ექნებაო, ამას ამბობდნენ. ჩვენ ასეთი დრო არაერთხელ გვქონდა, 90-იან წლებშიც, და მიწამ გადაგვარჩინა...

- თუმცა ბევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხისთვის საარსებო თანხის მიცემა დაენანა, ამ თანხით ან რა მიწა უნდა მოვხნათ, ან თავი როგორ უნდა გავიტანოთო. - მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობამ ხალხი მოატყუა, ბევრი თავად დაიტოვა და ხალხს მცირე მისცა. ამის არ მჯერა. პანდემიამ ის დამანახვა, რომ გამოჩნდა კაცი, რომელმაც იცის ხალხზე ზრუნვა. კომპლექსი არა მაქვს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს კაცი გახარიაა. იცით, რით არის ის საინტერესო? იმით, რომ მამაციც არის და განათლებულიც. როგორც წესი, ეს თვისებები ერთად სახელმწიფო მოხელეებში ნაკლებად არის, თანაც ამ კაცს უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა. თუმცა ვერ ვხედავ, რომ მისი ოპონენტები ქვეყნის სიყვარულს ან ქვეყნის წარმატებას ხალისით ხვდებოდნენ. ექიმებს დაუწყეს ლანძღვა - გენერლებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან არ გადიან! მეჩვენება, რომ დღეს ვიღაცას უფრო ის უხარია, ოღონდაც ხელისუფლებას რაიმე შეეშალოს, რაც გინდა, ის მოხდეს, თუნდაც მეტი მიცვალებული გვყავდეს... ამას რა ჰქვია, ვერ ვხვდები, ამ ქვეყანაში ხომ ყველანი ერთნაირად გავიზარდეთ და დავიბადეთ, წესით, ერთნაირადაც უნდა გვიყვარდეს. ამ დროს ზოგიერთი ქვეყანაზე კარგის თქმასაც არ გაცლის - რას ჰქვია, რა გაქვს სხვაზე უკეთესი, სხვას რითი სჯობიხარ, რით ხარ განსაკუთრებულიო! შეიძლება არ ვჯობივარ, მაგრამ მინდა, რაც საუკეთესო მაქვს, ის გავიხსენო, და ამას რატომ მიშლი, რა გინდა?!

თავად უცხოელები წერენ აღტაცებით ჩვენს კულტურაზე და გაკვირვებული გვეკითხებიან, თქვენ რატომ არ იღებთ ხმასო! მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ევროპელი ხალხი კავკასიურისგან წარმოიქმნა და მე რატომ მაჩუმებ მაინცდამაინც?! გერმანელ ანთროპოლოგ ბლუმენბახს 200 თავის ქალა ედო წინ და მხოლოდ ქართველის სილამაზესა და სიმეტრიულობას რომ აღმერთებდა და სულ ამაზე ლაპარაკობდა, მაინცდამაინც მე რატომ არ უნდა ვილაპარაკო!

- ოღონდ იმ ნაკლთან ერთად, რაც გვაქვს. - კი, ნაკლიც გვაქვს, თან ბევრი, მაგრამ მე ის ნაკლი მხვდება გულზე, რომ ჩვენს ქვეყანას ვლანძღავთ. გვავიწყდება, რომ იმ ერის შვილები ვართ, რომელმაც უძველეს ცივილიზაციას დაუდო სათავე; რომელმაც ანატორში ჟამიანობა საკუთარ სასაფლაოზე საკუთარი ფეხით წასვლით აღკვეთა; რომლის ექიმები სასწაულს შედეგებს აღწევენ ჟამიანობასთან ბრძოლაში. რას ვიფიქრებდი, თუ ამხელა ევროპა-ამერიკას კორონავირუსი ასე შეაშინებდა! ჩვენ კი მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ დავდექით.

არავინ ვიცით, რა მოგველის, რადგან ყველა ერთად ერთ სამყაროში ვცხოვრობთ. ამაზეც ისევ ქადაგის ნათქვამს გავიხსენებ - როდესაც განკითხვის დღე დადგება, ისე არ იქნება, მარტო არამი განადგურდეს, არამს ალალიც გადაჰყვებაო. ამიტომ მგონია, რომ მართლა ბევრი უნდა ვილოცოთ გადარჩენისთვის, მერე კი საქმეც მოვა. ლოცვას დიდი ძალა აქვს, ჩვენი სავედრებელი კი საუკუნეების წიაღიდან მოდის. ახლა ამაზეც უნდა ვთქვა - ჯერ კიდევ ცოცხალს მივუსწარი კარატის ჯვრის ყმას, ბრძენ ლიქოკელს, რომელიც ხევსურულ ჰამაკში მწოლიარე დამიხვდა, ვეღარ დავდივარ, ჩემი ძვლები ჭრიალებსო. იცით, რა მომითხრო?

ნოეს კიდობანს წარღვნისას ფსკერი გაეხვრიტა, გველმა ეს დაინახა და ნახვრეტი თავისი ტანით დაუცოო. მერე ნაპირს რომ მოადგნენ, თავად შუბანის სალოცავში წავიდა (სოფელი ლიქოკის თემში), ილოცა, თავი მოირჩინა, ტყავი მიწაზე დააგდო და წავიდა. თუმცა, გზაზე რასაც კუდი მიჰკრა-მოჰკრა, ყველგან სვია ამოვიდაო. სვიას, მოგეხსენებათ, მთის ლუდში ვხარშავთ, უძველესი სამკურნალო მცენარეა. ეს ლეგენდა მეცნიერებს რომ მოვუყევი, იცით, რა მითხრეს? იცი, მაგ ლეგენდით რამდენი საიდუმლო გაამხილე: ნოეს კიდობნის, სვიისა და გველის ტყავისო. ხევსურებმა იციან, რომ ცნობილი მკურნალი მგელიკა ლიქოკელი, რომელმაც 500-მდე ტრეპანაცია ჩაატარა, თეთრი და წითელი გველების ტყავის ნაფშვენებით მკურნალობდა დაავადებულებს. ხედავ, როგორ ვიარეთ? ნოეს კიდობნიდან ქართულ მედიცინამდე, უსასრულო გზებზე. ახლა როგორ დავიჯერო, რომ ეს გზა იმიტომ გამოვიარეთ, აღარ გავაგრძელოთ და დავმთავრდეთ? ეს ხომ არასოდეს იქნება!