"როგორ მიხარია და რა ბედნიერი ვარ, ჩემმა ქვეყანამ მასტერკლასი რომ ჩაუტარა მსოფლიოს?" - კვირის პალიტრა

"როგორ მიხარია და რა ბედნიერი ვარ, ჩემმა ქვეყანამ მასტერკლასი რომ ჩაუტარა მსოფლიოს?"

"ეს აპოკალიფსი არ არის, ესაა განსაწმენდელი შენი სულისთვის, გაფრთხილებაა ჩვენთვის"

"ახლა აღარ სცალია პოეზიას ფრენისთვის, მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს", - ეს სტრიქონები ადრე დაწერა პოეზიის ხევისბრად მონათლულმა. ახლა, როცა საყოველთაო ეპიდემიამ "მცირე მიწური დედამიწა" გააჩერა და მისი წინასწარმეტყველებასავით ნათქვამი ახდა, "შეუცნობელი მერმისის შიშის" მიუხედავად, პოეტი მაინც "მგლისფერი ვერკვლის ციხესავით" ხვდება ადამიანთა ცხოვრებაში უხილავი მტრის შემოჭრას, ბებერ მიწას შემორჩენილი მგზავრი ზურგით იჭერს მარადისობას და კვლავ იმეორებს: "თავს მოვიკლავდი ახლავე, რომ არ მჯეროდეს ხვალისა". სახალხო პოეტი ტარიელ ხარხელაური ცოტა ხნით "მარტოობას" მოვწყვიტეთ და კითხვებზე პასუხებიც ხვალის იმედიანი მივიღეთ:

- ჩვენთან სოფელში, სიმონიანთხევში ახლა ალუჩა და ტყემალი გაყვავდა და ვაშლიც ემზადება ყვავილობისთვის.

- მარტო ხართ სოფელში? - მარტო. მეუღლე რაიონში მუშაობს, მეც მარტოობას მიჩვეული ვარ. მიყვარს, როცა მეხმაურებიან, სიცოცხლე მემატება, ყველა მაბედნიერებს, ვინც ყურადღებას მაქცევს.

- ამბობდით, ჯერ გლეხი ვარ, მერე კალმის კაციო და პროდუქტიც მომარაგებული გექნებათ... - სანამ კალამს მოვკიდებდი ხელს, პაპაჩემმა თოხი, ბარი და მიწაზე მუშაობა მასწავლა. რაც მჭირდება, ყველაფერი ჩემით მოვიყვანე, სახლიდან გასვლა არც მიხდება. ის კი არა, რომ გაჭირდეს, ხორბალიც ჩემი მაქვს, ნახევარი ტონა.

როცა ჩვენთვის მოულოდნელი და უცნაური რაღაც გაჩნდება, აპოკალიფსს ვუწოდებთ. ეს აპოკალიფსი არ არის, ესაა განსაწმენდელი შენი სულისთვის, გაფრთხილებაა ჩვენთვის.

პანდემიამ მთელ მსოფლიოს გაულაწუნა და დაგვანახა, რომ იმ ქვეყნებს, თავიანთი ძლიერებით თავი ზესახელმწიფოები რომ ჰგონიათ, რომლებიც გკარნახობდნენ, როგორ უნდა იცხოვრო, თურმე არ არიან ზესახელმწიფოები.

როგორ მიხარია და რა ბედნიერი ვარ, ჩემმა ქვეყანამ, საზოგადოებამაც მასტერკლასი რომ ჩაუტარა მსოფლიოს? განგებამ ზესახელმწიფოები გააფრთხილა, შენ არა ხარ ვიღაცაზე მეტიო. როცა ჩვენ რუსულ აგრესიას ვუჩიოდით, ვიღაცა ამ ქვეყნებიდან აღშფოთდებოდა და ამით კმაყოფილდებოდნენ. დღეს ამ გალაწუნებით შენ მიგახვედრა, რომ არა ხარ უძლეველი და მე რომ პატარა სახელმწიფო ვარ, მეც უნდა ჩამთვალო რაღაცის ღირსად.

მთასა და ბუნებასთან ხომ გაქვს, შვილო, ურთიერთობა? აბა, დააკვირდი, ყვავილები ზოგან ბევრია, ზოგან ცოტა. ზოგან ერთი-ორია, მაგრამ ის ერთი იმ ბევრზე ბევრად ლამაზია, არა? მე რომ ქართველი ვარ, ჩემი თვითმყოფადობით მსოფლიოს და სამყაროს ვუხდები და ჩემი მაღლიდან ყურება არავის გამოადგება. ყველა პატარა ქვეყანას ვგულისხმობ, მარტო საქართველოს არა. ვფიქრობ, მიდგომები უნდა შეიცვალოს. უნდა დაფიქრდნენ, ახლა სხვა გზა არ არის. მუდამ ასეთი შემოლაწუნებებით ღმერთსაც მოჰბეზრდები.

- იზოლაციაში ყველაზე მეტად რამ დაგაფიქრათ, ამასობაში კალამთან ბევრჯერ მიხვედით? - ამ დროს შენშიც უფალი მორიგეობს, გაწვდის ინფორმაციას და გკარნახობს, რაზე გაამახვილო ყურადღება. თუმცა ერთმა ჩემმა ლექსმა საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია (პრემიერისადმი მიძღვნილ ლექსს ვგულისხმობ). ლექსს კარგი წამკითხველი სჭირდება. მე ყოველთვის, ნებისმიერ დროს მინდა ჩემი ხელისუფალი იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის. ეს ლექსი მამაშვილური რჩევა-დარიგებაა, ხოტბა ხომ არა? ვიღაცას ეგონა, იმდენად ბრიყვი ვარ, რომ გიორგი ბრწყინვალესა და დავით აღმაშენებლის სახელს ასე ჰაიჰარად ვხმარობ. ან ჩვენი სანიმუშო ექიმები არ არიან ლექსის ღირსნი? ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ჯარისკაცები და სხვები არ არიან ლექსის ღირსნი? მეტირება ხოლმე, როცა ახალგაზრდა ექიმი, რატიანი იხვეწება, დარჩით სახლში, 2 თვეა შვილები არ მინახავსო.

- ძალიან გატკინეს გული? - იცით, რაზე მეტკინა, გული? იმაზე, რომ სამშობლოს მიმართ ჩემს სიყვარულში შეიტანეს ეჭვი, პოეზიაზე არაა ლაპარაკი - ჩემზე ბევრად უკეთესები ყოფილან, არიან და იქნებიან. ჩემი ბიჭი, ბექა რომ დაიბადა, ლექსი მივუძღვენი: "არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამო, შვილო,/ ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია!" ახლაც იმას ვიტყვი, მაქვს ამისი უფლება. ლექსს რომ დამიწუნებენ, ეს კიდევაც მსიამოვნებს იმიტომ, რომ ბრძოლის ჟინსა და სურვილს მაძლევს.

- "არის გაურკვევლობა, შიში აპოკალიფსის, ეს ჯერ მოსალოდნელი შორეული ძვრებია"... ამას როცა წერდით, დღევანდელობას წინასწარმეტყველებდით? - მამაშვილობას გეფიცები, თუ რამეს ვგრძნობდი, როცა ამას ვწერდი. მერე, როცა ამას ფურცელზე გადაიტან და კითხულობ, არის რაღაც მინიშნებები. სწორად თუ არ ვიცხოვრებთ, ჩვენი ცხოვრების წესი თუ არ შევცვალეთ, კიდევ უარესი მოგველის.

- განსაცდელი, რომელშიც არა მარტო ჩვენი სამშობლო, მთელი მსოფლიო მოექცა, გაგვაბოროტებს თუ გაგვაკეთილშობილებს? მოვიშლით ზიზღისა და სიძულვილის ენით საუბარს? - რაც ბოლო დღეებში ჩვენთან ხდება, იმაზე მიგვანიშნებს, რომ კიდევ მოგვიწევს ამასთან ბრძოლა. საზოგადოება ხომ ებრძვის ამას, მარტო შენ რატომ გიჭირს ეს? სხვაზე ფიქრი და ზრუნვა უნდა შევძლოთ. შვილი დამეღუპა და ეკლესიაში როცა შევდივარ უფალთან, მას ჩემზე არ ვესაუბრები, ჩემი ტკივილისთვის მისთვის საყვედური არასდროს მითქვამს. უნდა მიეჩვიო და კაცმა სხვაზე ფიქრი ისწავლო.

- ხშირად გვესმის, რომ ამიერიდან სამყარო შეიცვლება, წამოიწევს ახალი პრიორიტეტებიც, თუნდაც სოფლის აღორძინების აუცილებლობა. როგორ ფიქრობთ, ამხელა პაუზის შემდეგ ქართველი მიწას დაუბრუნდება? - მიწასა და სოფელთან ქართველმა ახლაც თუ არ გამონახა საერთო ენა, მაშინ ჩვენი საშველი აღარ არის. შენი მიწის გარეშე ვერ შეძლებ ცხოვრებას. როცა ამბობ, პური ჩვენი არსობისაო, ეს პური უნდა მოიპოვო, არ უნდა იყო სხვაზე დამოკიდებული. განა არ უნდა გქონდეს 2-3 თვეზე გათვლილი პროდუქტის მარაგი? ცხონებული პაპაჩემი გამახსენდა. ამბარი გვქონდა, სადაც პაპა ხორბალს ინახავდა. ერთ თვალში ინახავდა გასასესხებელ ხორბალს, ვინმე გაჭირვებულისთვის რომ მიეცა, და მეორეში - მეორე წლის საკმარს. ასეთი უნდა იყოს ხელისუფლებაც. ერთხელ მეზობელი მოვიდა და პაპას ხორბალი სთხოვა. მანაც აუწონა და გაატანა. მეზობელმა უთხრა, შემოდგომაზე ჩაგაბარებო. შემოდგომა მოვიდა, მაგრამ არ მოუტანა. პაპამ ის ამბარი ისევ ისე, ცარიელი დატოვა. გაზაფხულზე მეზობელი ისევ მოადგა პაპას და უთხრა, შენთან შერცხვენილი ვარ და ახლაც დამეხმარეო. პაპამ მიუგო, ამოიღე და წაიღეო. ისიც მივიდა, ჩახედა ამბარს და ცარიელიაო, უთხრა. რომ მოგეტანა, ცარიელი ხომ არ დაგხვდებოდა და ხომ მიიღებდი ისევო, უპასუხა პაპამ. ჩვენ გლეხზე ვთქვით უარი, სოფელს ზურგი ვაქციეთ და ამით ქვეყანას ვაქციეთ ზურგი. გლეხი გავხადეთ სალანძღავ, დასაცინ სიტყვად, პროვინციალიზმად გავხადეთ გლეხიც და სამშობლოს სიყვარულიც.

ჩემთვის ვფიქრობდი, რატომ არაა კახეთში ვირუსის არც ერთი შემთხვევა-მეთქი. იცით, რატომ? კახეთმა ქვეყნისა და მიწის მსახურებაზე არ თქვა უარი. კახეთში დაუმუშავებელი მიწა ყველაზე ნაკლებია. არც თიანეთში არაა არც ერთი კაცი ვირუსით დაავადებული.

- მიწის ენა კარგად გესმით, რაზე გესაუბრებათ ან ესაუბრებით მას? - მე ისეთი მასწავლებელი მყავდა პაპის სახით...

მიწა ჩემთვის ისეთივეა, როგორიც ფურცელი და კალამი. როცა ვხნავ, ვთესავ ან ვთიბავ, მიწას ჩვეულებრივ ვესაუბრები, როგორც ფურცელთან ვსაუბრობ. ხანდახან ლექსებსაც ვუკითხავ მიწას...

ყველაზე ძალიან მაშინ ვიტანჯები, როცა გარეთ ვერ გავდივარ და მიწასა და ბუნებასთან არა მაქვს ურთიერთობა, როცა თოხი ან ბარი არ მიჭირავს. მარტო წიგნი გონებას ვერ ასაზრდოებს. ამას ჩემს მაგალითზე გეუბნებით.

- რას ურჩევით ხელისუფლებას, როგორ გაიაროს ბეწვის ხიდზე და ამ რთულ გამოწვევას ღირსეულად როგორ გაართვას თავი? - პიკის მერე ხელისუფლებას ბევრი ჭკუის დამრიგებელი და მასწავლებელი გამოუჩნდება. მანაც დაუჯეროს იმას და ესწავლებინოს იმას, ვისაც ამისი უფლება აქვს. ხალხი, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს იცავს, ერთ დროს "ჩარეცხილი" თაობაა. ყური დაუგდონ ამ თაობას. ყველაზე მეტად იცით, რაზე ვწუხვარ? ჩვენი მეხსიერების არეალია ძალიან ვიწრო. როგორც კი რაიმე შვებას იგრძნობ, მაშინვე ივიწყებ, რა მოხდა წინადღეს. წინადღე უნდა იყოს შენი დღევანდელი დღის გაკვეთილი. დღეს ხელისუფლება ვერაფერს გიშველის, ჩვენ ყველამ ერთნაირად უნდა გავწიოთ უღელი.

75 წლის ვხდები და ღამით, როცა ვწვები, ჯერ ჩემებურ ლოცვას წავიკითხავ და მერე ანალიზს ვაკეთებ, როგორ ვიცხოვრე, შეეფერებოდა თუ არა დღევანდელი დღე ჩემს ქვეყანას? ღირსი ვიყავი ჩემი ქვეყნის მსახურებისა? ხომ არაფერი გამომეპარა, ხომ არაფერი შემეშალა. მეორე დღეს კი ვცდილობ ის შეცდომა აღარ გავიმეორო. თითოეულმა ჩვენგანმა, დღეის მერე მაინც, საღამოს რომ დავწვებით, დღევანდელი დღის ანალიზი გავაკეთოთ ხვალინდელი დღისთვის, რომ ჩვენს შვილებს წუთისოფლის წამოსაყვედრებელი არ გაუხდეთ მამაშენმა ან პაპაშენმა ვერ იცხოვრა კარგადო. წუთისოფელი არაფერს გაპატიებს...

- "თავს მოვიკლავდი ახლავე, რომ არ მჯეროდეს ხვალისაო"... ანუ ოპტიმისტიც ხართ... - არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე, რაც ჩვენი სამკაულია, რაც სხვა ქვეყნებისგან გამოგვარჩევს. წარმოიდგინე, გახვიდე გარეთ და არემარე სულ ერთი ფერი იყოს. ერთფეროვნებაში არის სიცოცხლე სასიამოვნო? ნახეთ, როგორ არის განაწილებული მსოფლიო სხვადასხვა ეროვნების და კულტურის ხალხი არსებობს და ეს სხვადასხვა კულტურაა დღევანდელი მსოფლიოს სიმდიდრე. მარტო ერთი ქვეყნის კულტურა არ არის გადამრჩენი წუთისოფლისა, მსოფლიოს კულტურამ უნდა გადაარჩინოს სამყარო. ამასთან, ყველა ერი და ქვეყანა თანასწორი უნდა იყოს.

- ბევრი წუხს იმაზე, რომ პანდემიამ ერთმანეთს დაგვაშორა, ყველაზე მთავარი - ადამიანებთან ურთიერთობა წაგვართვაო... - ამ კორონავირუსმა კი არ დაგვაშორა, პირიქით, გაგვაერთიანა. ძაღლებს ერთი კარგი თვისება აქვთ - ხომ ერთმანეთს ჭამენ, მაგრამ როგორც კი მგელი გამოჩნდება, ყველანი ერთად მიდიან მასზე. ეს, ალბათ, ცუდი შედარებაა, ცუდად გამომივიდა, მაგრამ ეს უნდა ვისწავლოთ, ყველაფერზე ერთად უნდა მივიდეთ - საქმეზეც და სამშობლოსაც ერთად უნდა ვუშველოთ.

- "საქართველო განა მარტო ლამაზი მთებია"... კიდევ რა არის საქართველო, სამშობლო თქვენთვის? - რა არის და, "სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე". ჩემთვის სამშობლო ესაა. როგორც უფლისთვის, სამშობლოსთვის ცხოვრებაც უნდა ვისწავლოთ.

იხილეთ ასევე: "სიძულვილი ჩემთვის უცხოა. ჩემი შვილის მკვლელიც არ მძულს..."

დახურეთ ზეცა!

ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ... მოსწიეთ მთვარე,

მოსაყრელად დამიდგით მუხლის

და თქვენ, ქარებო,

ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,

რომ ჩემმა გმინვამ

გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.

სულნო შეშლილნო,

ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,

რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით

იგრძნოს სამყარომ...

გადამიტანეთ -

მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,

მიწას ცხელ მკერდზე

სიყვარულად გამოაყაროს.

ტარიელ ხარხელაური