"ეს ბიოლოგიური ტერორიზმია" - კვირის პალიტრა

"ეს ბიოლოგიური ტერორიზმია"

"ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა ეთიოპიელი მაღალჩინოსნის მხარდაჭერა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვალში იქნება ჩინეთთან და არც არის გამორიცხული ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ"

ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების გზები დასავლური საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. ერთი ვერსიით, ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია, რომლის პათოგენიც ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ საკითხის შესწავლისას აშშ-ის სპეცსამსახურები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ "კოვიდ-19" ხელოვნურად არ შეუქმნიათ. სპეცსამსახურები განაგრძობენ ვირუსის გავრცელების გზების შესწავლას, რათა დადგინდეს, ხომ არ გავრცელდა ვირუსი ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის გამო ან ხომ არ იყო ეს გამოწვეული უხანის ლაბორატორიაში ინციდენტით?.. აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვს გამოძიება დაინტერესდეს ეპიდემიის გავრცელების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობითაც.

ავტორიტეტულმა ჰონკონგურმა გამოცემა South China Morning Post-მა მოიპოვა ჩინეთის მთავრობის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ახალი ვირუსი გასული წლის 17 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა 31 დეკემბრამდე ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებიათ და შესაბამისად, არც მსოფლიოს ჰქონდა ინფორმაცია "კოვიდ-19"-ის შესახებ. ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის თანამშრომელი, ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალი, 2019 წლის 17 ნოემბერს გამოვლინდა. შესაბამისად, როგორც ჩინეთის ხელისუფლება ირწმუნება, "კოვიდ-19" უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში არ გავრცელებულა... ეს და სხვადასხვა საეჭვო გარემოება ბადებს კითხვებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერი არიან კაცობრიობის წინაშე როგორც ჩინეთი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რას ემსახურებოდა ვირუსის დამალვა და საერთოდ, საფუძვლიანია თუ არა ეს ეჭვი, ამის გარკვევას "კვირის პალიტრა" შეეცადა.

"ტედროს გებრეისუსის დაგვიანებულმა მოქმედებამ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა"

მამუკა კოტეტიშვილი, მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი: - არსებული ვერსიით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი დაინფიცირდა და შემდეგ ვირუსი მოსახლეობაშიც გავრცელდა. ერთი მოსაზრებით, ჩინეთს სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ვირუსებთან ბრძოლაში ამერიკას არ ჩამორჩება და ვაქცინის მონოპოლისტი გამხდარიყო, "სველი ბაზრიდან" ვირუსის გავრცელების თემა კი ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა "შემოაგდეს", ამისთვის შეცვალეს მონაცემები, გაანადგურეს ანგარიშები და დაინფიცირებულ ტერიტორიებს დეზინფექცია ჩაუტარეს.

- რამდენად სარწმუნოა ეს ვერსია? - აშკარაა, რომ საქმე სუფთად არ არის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. სი-ენ-ენისა და კიდევ რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის პუბლიკაციის თანახმად, ჩინეთის მთავრობამ მეცნიერებს ამ ვირუსის წარმოშობაზე სამეცნიერო კვლევების განახლებაც კი აუკრძალა - ანუ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვირუსის მიმართ ასეთი ცხოველი ინტერესია, ჩინეთში ამ პათოგენის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება იზღუდება. ამის გამო სხვა ქვეყნების მეცნიერებს კვლევისთვის გზა მოჭრილი აქვთ. ასეთი დამოკიდებულება არაერთ ეჭვს აჩენს, მათ შორის, ამყარებს ზემოხსენებულ ვერსიასაც.

- მსოფლიოში ჯანმოს როლზეც არაერთი კითხვა და ეჭვი ჩნდება. რამდენად საფუძვლიანია თუნდაც ამერიკის მოსაზრება, თითქოს ეს ორგანიზაცია თავიდანვე ჩინეთის თანამონაწილე იყო? - როდესაც მტკიცებულებები არ არის, ძნელია დაბეჯითებით რამის თქმა, თუმცა ლოგიკური ეჭვი არსებობს. ვადევნებდი თვალს მოვლენებს ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, რაც შემდგომ პანდემიაში გადაიზარდა, და ძალიან მიკვირდა, რას ელოდებოდა ჯანმო, რომელსაც ადეკვატური ღონისძიებები არ გაუტარებია. მან ძალიან დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. სულ ცოტა, ორი კვირით მაინც დააგვიანა ჯანმომ ვითარების ადეკვატურად შეფასება, ამასობაში კი ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე... შესაბამისად, უამრავ ქვეყანაში დაგვიანდა ადეკვატური პრევენციული ზომების მიღება - მაგალითად, საზღვრების ჩაკეტვა, ინფიცირებულთა საზღვარზე აღრიცხვა და ა.შ.

არ ვიცი მიზეზები, მაგრამ ტედროს გებრეისუსის დაგვიანებულმა მოქმედებამ მსოფლიო ძალიან დააზარალა. ვეთანხმები ამერიკას, რომ ის ადანაშაულებს ჯანმოს მსოფლიოში არსებულ კრიზისში. ჯერ არ არის დადგენილი, ეს შეცდომით მოხდა თუ შეგნებულად, მაგრამ აშკარაა, ჩინეთმა და ჯანმომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს.

- ქვეყნები, სადაც უმძიმესი ვითარებაა, თუნდაც ამერიკა ან ევროპის სხვადასხვა სახელმწიფო, შეზღუდვებს ხსნიან, ჯანმოს გენდირექტორი კი ამბობს, ყველაფერი ცუდი წინ არისო. - მან იმდენი შეცდომა დაუშვა, შესაძლოა ახლა ძალიან შეშინებულია, რომ ვითარების შემსუბუქებით უარესი შედეგი არ მიიღოს. ეს არ არის კრიტიკით ან გაბრაზებით გადასატარებელი თემა - როდესაც ადამიანს მსოფლიოს, კაცობრიობის წინაშე ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. ადამიანების სიცოცხლით თამაში დანაშაულია.

ყველა ქვეყანამ თავისებურად შეაფასა კრიზისი და შესაბამისად მოქმედებს. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ამ დავიდარაბაში ქართული ჯანდაცვის სისტემა ბრწყინვალედ ართმევს თავს საქმეს.

"დიდი ალბათობით მათ შეცდომა მოუვიდათ..."

სხვადასხვა მოსაზრებას შორის გავრცელებულია ახალი ვირუსის სამხედრო მიზნით გამოყენების თეორიაც. უსაფრთხოების ებრაელი სპეციალისტის დენი შოხამის თქმით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ზოგიერთი ლაბორატორია შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს. ამის შესახებ მან ჭასჰინგტონ თიმეს-თან ისაუბრა.

ბესიკ ალადაშვილი, სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის თავმჯდომარე, გადამდგარი პოლკოვნიკი: - ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, სპეციალურად "გაწვრთნილი" ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და მათი გავრცელების ტექნოლოგიათა ერთობლიობაა და გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალება, ბირთვული თუ ქიმიური იარაღი. ის შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერების, მღრღნელების ნაკბენიდან და ა.შ. ამ უხილავ, უსუნო და ფარულ იარაღს შეუძლია მილიონობით ადამიანის დაავადება.

დაავადების პირველი შემთხვევები ჩინეთში ოფიციალურად თვენახევრის დაგვიანებთ დაფიქსირდა, არადა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა... ვირუსის სწრაფად გავრცელებამ და ლეტალური შემთხვევების მაღალმა პროცენტმა გააჩინა ეჭვი ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, სინამდვილეში კი რასთან გვაქვს საქმე? - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია და არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით "გაიპარა" თუ მიზანმიმართულად "გამოშვებულია". "კოვიდ-19"-ის წინასწარგანზრახვით გავრცელება ორ შემთხვევაში იყო შესაძლებელი: თუ ამ საერთაშორისო დანაშაულის ორგანიზატორი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციაა ან ამის უკან რომელიმე მარგინალური ქვეყნის ხელისუფლება დგას.

ვფიქრობ, ამის უკან ტერორისტული ორგანიზაციები არ დგანან, რადგან ბიოლოგიური იარაღი ისეთი "ჯინია", თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს გარანტია, ამომშვებთანაც არ მივიდეს. ამასთან, ტერორისტული ორგანიზაციის მიზანია შიშის დათესვა, შანტაჟი და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამისთვის კი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას უნდა აეღო, რაც ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება ბიოლოგიურ იარაღს, მის შექმნაზე ყველა ის ქვეყანა მუშაობს, ვისაც ამის ფინანსური რესურსები აქვს. პარალელურად, მუშაობენ ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის საშუალებებზეც. ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც. რამდენად სრულყოფილი და საიმედოა ამ პროცესების მართვა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საზოგადოების უსაფრთხოება. რომელიმე სახელმწიფოს მიერ წინასწარგანზრახვით ვირუსის გავრცელება არარეალური მგონია. ვფიქრობ, საქმე უფრო შემთხვევითობასთან გვაქვს.

- რაც ნიშნავს, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან "გამოიქცა"? - დიდი ალბათობით მათ შეცდომა მოუვიდათ.

- რას ემსახურებოდა მისი დამალვა? - მსოფლიოს საზოგადოებრიობის უარყოფით რეაქციას, რაც მაინც გარდაუვალი შეიქნა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავად ჩინეთის ხელისუფლებამაც ვერ გათვალა შედეგი. ის დაძაბულობა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ჩინეთს შორის დაიწყო, ამ ბოლოს დროს უფრო გამწვავდა. ახლახან აშშ-ის სპეცსამსასურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვირუსი ხელოვნურად არ არის წარმოქმნილი, მაგრამ მის წარმოშობასა და გავრცელების გზების გამოკვლევას განაგრძობენ, რაც ჩინეთის ხელისუფლების გამო არ არის ადვილი. ჩინეთი ყველას დევნის, ვინც მოსახლეობის გაფრთხილება სცადა, მათ შორის იყო ექიმი ლი ვენლიანი, რომელსაც ხელი მოაწერინეს აღიარებაზე, თითქოს დეზინფორმაციასა და ჭორებს ავრცელებდა. მალე ის ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 14 მარტს დაიკარგა ჟენ ჭიციენი, პოპულარული ჩინელი ბლოგერი, რომელიც ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდა. ეს მიანიშნებს, რომ საიდუმლო არსებობს, თანაც არაერთი.

თუმცა გავიხსენოთ ქართული ანდაზა, კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო. ამის ცნობილი მაგალითია ჩერნობილი და საბჭოთა რეჟიმი, როდესაც მათ რამდენიმე დღის განმავლობაში გაასაიდუმლოეს აფეთქების ფაქტი, რამაც შემდეგ უმძიმესი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო. ახლა ბევრად უარეს რეალობასთან გვაქვს საქმე.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე ყოველდღიურად აკრიტიკებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორგანიზაცია ჩინეთს კვალის დაფარვაში ეხმარებოდა. - ბოლო 15-20 წელია აფრიკაში ჩინეთმა მყარად მოიკიდა ფეხი. ფაქტობრივად, მან ინვესტიციებით გაუსწრო საბჭოთა კავშირს, შესაბამისად, პოლიტიკური ბერკეტები აქვს. განვითარებადი ქვეყნები ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის არჩევნის გაკეთებისას ჩინეთს უჭერენ მხარს, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან გულუხვი იყო მათთან. ეს ოფიციალური მონაცემებია, ხოლო არაოფიციალურად, ალბათ, უფრო მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. შესაბამისად, ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა ეთიოპიელი მაღალჩინოსნის მხარდაჭერა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ვალში იქნება ჩინეთთან და არც არის გამორიცხული ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ჯანმოს მუშაობა დიდი გამჭვირვალობით არ გამოირჩევა. კორუფცია, ლობიზმი და სუბიექტივიზმი მათი თანამდევია. გავიხსენოთ ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის საქმე, რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს რუსეთი და ყატარი, ჩემი აზრით, ამაში კორუფციამ ითამაშა დიდი როლი.

- ბოლო დღეებია ჯანმოს დირექტორი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ჯერ ყველაფერი, მათ შორის, ყველაზე უარესი, წინ არის, მაშინ, როდესაც ევროპის წამყვანი ქვეყნები შეზღუდვების მოხსნად აპირებენ. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გებრეისუსი ვითარების გამწვავებას ცდილობს. - დღევანდელი მდგომარეობა უნდა გახდეს ახალი რეალობის ათვლის წერტილი: რამდენად პასუხობენ საერთაშორისო ორგანიზაციები (მათ შორის ჯანმო) ახალ საფრთხეებს? რამდენად ეფექტიანია მათი მუშაობა? რამდენად გამჭვირვალე და ობიექტურია მათი გადაწყვეტილებები... ჩემი აზრით, კარდინალური რეფორმები გაეროდან უნდა დაიწყოს. ეს სტრუქტურა წინა საუკუნეში ჩარჩა.E ეს ეხება სხვა საერთაშორისოO ორგანიზაციებსაც, მათ შორის ჯანმოს.