"იმ ეტაპზე ვართ, როცა ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმთან მიახლოებულ მდგომარეობას" - კვირის პალიტრა

"იმ ეტაპზე ვართ, როცა ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმთან მიახლოებულ მდგომარეობას"

"რუსეთში შემთხვევების რაოდენობა იმატებს და სიტუაცია რთულდება. სომხეთსაც მძიმე მდგომარეობა აქვს, აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც. ამ ფონზე საქართველო ოაზისად ჩანს. მაგრამ საფრთხე, რომ ეპიდემია გავრცელდეს და სწრაფად იქცეს ეპიდაფეთქებად, ყოველთვის არსებობს"

კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევით სიახლეებზე, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და პროგნოზზე "კვირის პალიტრას" ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ესაუბრება.

- კორონავირუსის კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს. რა გამოავლინა ახალმა კვლევებმა?

- სიახლე ის არის, რომ უფრო იოლი აღმოჩნდა კორონავირუსის გავრცელება, ვიდრე გვეგონა - აქამდე ფიქრობდნენ, რომ ვირუსი ცხვირიდან ან პირიდან ღრმად უნდა ჩასულიყო ფილტვებში, ოღონდ მანამდე რამდენიმე დღე ყელში, ხორხში გაჩერებულიყო და გამრავლებულიყო, ახალმა კვლევამ კი დაადგინა, რომ ყველაფერი ცხვირიდან იწყება. ცხვირის ლორწოვანი მოფენილია ვირუსისთვის ხელსაყრელი რეცეპტორებით, ამიტომ შესუნთქვის შემდეგ ის გამრავლებას ცხვირიდანვე იწყებს. აი, რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა პირბადის სწორად გამოყენებას! ის კარგად უნდა მოვირგოთ ცხვირზე, რომ გვერდებიდან ჰაერი არ შეიპაროს.

- ათასნაირი პირბადე იყიდება. ზოგმა თვითონ დაიწყო ჭრელ-ჭრელი პირბადეების შეკერვა. ყველანაირი იცავს ვირუსისგან?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქსოვილისგან არის შეკერილი. სამედიცინო პირბადე იმით არის კარგი, რომ რამდენიმე ფენისგან შედგება და ეს ფენები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ერთჯერადი სამედიცინო პირბადე რომ ავიღოთ, ფერადი მხრიდან ოდნავ ჩავაღრმაოთ და კოვზით წყალი ჩავასხათ, მეორე მხარეს არ გავა, რადგან მას წყალდამჭერი ფენა აქვს. პირბადის ფუნქცია ლორწოს წვეთების შეკავებაა, რადგან სწორედ ამ წვეთებშია მოქცეული ვირუსული ინფექცია. თუ პირბადე ინფიცირებულ პაციენტს უკეთია, ის მის ლორწოს, ორთქლსა და დამაინფიცირებელ წვეთებს შიგნითა ზედაპირზევე აჩერებს, წყალდამჭერი ფენა კი გარეთ არ უშვებს.

- ანუ სიფრიფანა პირბადის გაკეთებას სჯობს, პირბადის გარეშე ვიაროთ?

- პირბადის გაკეთებას, თუნდაც ის ჩვეულებრივი ნაჭრის იყოს, მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი პირბადე გვერდით მყოფი ინფიცირებულის ხველის ან დაცემინებისას წარმოქმნილი წვეთებისგან ნაწილობრივ დაგვიცავს. დაცემინება არის ფილტვებიდან წნევით ამოშვებული ჰაერი, რომელთან ერთად ამოსულ წვეთებს მექანიკური ენერგია ენიჭება (ზუსტად ისე, როგორც ტყვიას ანიჭებს ენერგიას დენთი), დიდ მანძილზე მიფრინავს და ორ მეტრამდე რადიუსში იფრქვევა... როდესაც დაავადებულ ადამიანს თუნდაც ჩვეულებრივი ქსოვილის პირბადე უკეთია, დაცემინების დროს წვეთების მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოაღწევს გარეთ, თანაც - ნაკლები სიჩქარით, თუმცა, ცხადია, კარგი ხარისხის სამედიცინო პირბადე უფრო ძლიერ ბარიერს უქმნის ვირუსს.

- რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავრეცხოთ მრავალჯერადი პირბადე და როგორ? - კორონავირუსის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს საპონი და ცხიმის დამშლელი ნივთიერებები, ამიტომ უნდა ვიბანოთ ხელები ხშირად. მრავალჯერადი პირბადე 60 გრადუსზე მაინც უნდა გაირეცხოს, მერე კი გაუთოვდეს. ასეთი მეთოდით დამუშავებული პირბადე სრულიად უსაფრთხოა, თუმცა რადგან მრავალჯერადი ჰქვია, არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა გამოვიყენოთ. ალბათ, 5-6 გარეცხვას გაუძლებს - გააჩნია ქსოვილს, მერე კი უნდა გამოვცვალოთ.

- როგორ შევამოწმოთ, კარგად გვიცავს თუ არა ჩვენი პირბადე? - ყველაზე იოლია წყლით შემოწმება. კარგმა სამედიცინო პირბადემ ხუთი წუთი მაინც წყალი არ უნდა გაატაროს. თუ წყალს არ ატარებს, ვირუსის შემცველ წვეთებსაც კარგად შეაკავებს. შემოწმების კიდევ ერთი მარტივი მეთოდია, როცა პირბადე გიკეთია, ასანთს ან სანთებელას თუ შეუბერავ, ვერ უნდა ჩააქრო.

- როგორია დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში? - ბოლო დროს გახშირდა დაინფიცირების შემთხვევები ინგლისში, ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში; იტალიაში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა; გერმანია სტაბილურობას ინარჩუნებს; აშშ-ში კი ისევ რთული სიტუაციაა - ცდილობენ ინფექციის კონტროლს, მაგრამ დაავადებული მაინც ძალიან ბევრია, იმატებს გარდაცვლილთა რაოდენობაც და ჯერჯერობით პირი არ უჩანს ვითარების გაუმჯობესებას. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, რუსეთში შემთხვევების რაოდენობა იმატებს და სიტუაცია რთულდება. მათი პრემიერიც დაინფიცირებულია. სომხეთსაც მძიმე მდგომარეობა აქვს, აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც. ამ ფონზე საქართველო ოაზისად ჩანს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. საფრთხე, რომ ეპიდემია გავრცელდეს და სწრაფად იქცეს ეპიდაფეთქებად, ყოველთვის არსებობს.

- ახლა როგორი მდგომარეობა გვაქვს - გორაკზე ავდივართ, პიკს მივაღწიეთ თუ პლატოზე ვდგავართ?

- მოსახლეობას სიტყვა პიკის ძალიან ეშინია. პიკი არის მხოლოდ შემთხვევათა მაქსიმუმი - ეს არის და ეს. წარმოვიდგინოთ შემთხვევების განაწილება X და Y ღერძებზე. X ღერძზე აღვნიშნავთ დროს, Y ღერძზე - დაავადების შემთხვევებს. რომელ რიცხვშიც შემთხვევათა ყველაზე მეტი რაოდენობა გვექნება, მაშინ იქნება პიკი, ანუ პიკი არის ამ მრუდის ყველაზე მაღალი წერტილი.

დაახლოებით აპრილის მეორე ნახევარში დღეში 30 და 35 შემთხვევა გვქონდა. ეს პერიოდი შეიძლება პიკად ჩაითვალოს. ახლა მდგომარეობა სტაბილური უნდა გახდეს, თუმცა თუ სხვა ქვეყნების ეპიდემიის მრუდებს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ პიკის შემდეგ იწყება ე.წ. პლატო - თანაბარი გავრცელება. ყოველდღიური მონაცემები პიკის მაჩვენებელს უახლოვდება - არის ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ - მაგალითად, სამხრეთ კორეამ, ახალმა ზელანდიამ და ჩინეთმაც კი - შეძლო შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრად, თითქმის ერთეულ შემთხვევებამდე შემცირება.

- საქართველოში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმთან მიახლოებულ მდგომარეობას. ჩვენი მთავრობა უკვე ტურიზმზეც კი ალაპარაკდა.

ახლა ყველაფერი კარგი სცენარის შესაბამისად ხდება. ამ სცენარს თუ შევინარჩუნებთ - რისი იმედიც მაქვს და რასაც აქამდე კარგად ვახერხებდით - მართლაც შეიძლება მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 50%-ზე მეტით აღდგეს ქვეყნის ცხოვრება და ეკონომიკამაც დაიწყოს ფუნქციონირება, ხალხი გააქტიურდეს, დაავადება დაგვემორჩილოს და მისი კონტროლი შევძლოთ. ამჟამად პასიურ მდგომარეობაში ვართ და ამით ვაჩერებთ დაავადებას, მაგრამ თუ შევძლებთ, აქტიურები ვიყოთ და ასე შევაჩეროთ დაავადება, ეს იქნება საუკეთესო სცენარი. საბედნიეროდ, სწორედ აქეთ მივდივართ. უარეს შემთხვევაში შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს დაავადებულთა რაოდენობა. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, სამწუხაროდ, მკაცრი კარანტინის რეჟიმში მოგვიწევს დაბრუნება, რაც არავის გვინდა.

- ანუ ისევ პირბადეებით, დისტანციის დაცვით, მაგრამ აქტიურად უნდა ვიაროთ ეკონომიკის განვითარებისკენ? - დიახ. და როცა გავაქტიურდებით, ისევ უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ხანდაზმულმა ადამიანებმა და მათ, ვისაც აქვს დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების ან ქრონიკული დაავადება.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეპიდემია ფართოდ არ გავრცელდა, რაც მხოლოდ მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის დამსახურება არ არის. ხალხი დარჩა სახლში და გააკეთა ყველაფერი, რაც ვთხოვეთ. სწორედ ამიტომ გვაქვს კარგი შედეგი ჩვენს მეზობლებთან და ჩვენსავით პატარა ქვეყნებთან შედარებითაც კი.

ზოგი ჩემი კოლეგა შემედავება - საქართველოში არ ტარდება მასობრივი ტესტირება და რეალური მონაცემები არ გვაქვსო, მაგრამ ჩვენზე მეტი ტესტირება არც სხვა ქვენებს ჩაუტარებიათ. მაგალითად, ჩვენ 12 ათასამდე ადამიანს ჩავუტარეთ ტესტირება, სომხეთმა - ჩვენზე ათასით მეტს, მათი ინფიცირებულთა რაოდენობა კი ჩვენსას 5-ჯერ აღემატება. ჩვენც ვიკვლევთ სამიზნე ჯგუფებს და ისინიც.

ეპიდემიოლოგიაში მასობრივ ტესტირებას იწყებენ მაშინ, როცა დაავადება ძალიან არის გავრცელებული. როცა გავრცელება მასშტაბური არ არის, მაშინ სამიზნე ჯგუფების კვლევა და ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარებაა საჭირო. ეპიდემიოლოგიური კვლევებისას, კი ბატონო, უნდა გამოვიყენოთ ტესტები, გამოვიკვლიოთ მოსახლეობის კონკრეტული ჯგუფები. ახალი გადაწყვეტილებით, სამიზნე ჯგუფებს დაემატა სამედიცინო პერსონალი (განსაკუთრებით ისინი, ვინც ინფიცირებულებთან მუშაობენ - მათი გამოკვლევა ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო გახდა), გადამზიდი ავტომობილების მძღოლები, ცოტა ხანში შეიძლება დაემატოს ჯარი და ა.შ. რაც მთავარია, გრძელდება სიმპტომური კვლევა, რაც გულისხმობს ყველა იმ ადამიანის კვლევას, ვისაც აქვს მომატებული ტემპერატურა ან ფილტვების ანთება.

- საკარანტინე ზომების დიდხანს შენარჩუნება შეიძლება გახდეს დაავადების გაქრობის საფუძველი? - არა. ხალხიც აღარ გაჩერდება შინ. უკვე აგორდა პროტესტის ტალღა.

ახლახან ლგბტ თემის წარმომადგენელმა თავის დაწვა სცადა - თვითდასაქმებული ვარ და არაფრის საშუალება აღარ მაქვს, ქვეყანა კი ყურადღებას ვერ მაქცევსო. ძლივს გადაარჩინა პატრულმა. ქვეყანაში კი თვითდასაქმებული ბევრია. დღეს ძალიან უჭირს ეკონომიკას, განსაკუთრებით, სოფლებში. ისეთი პერიოდია, ახლა თუ არ დათესე, შემოდგომაზე ვერაფერს მოიმკი.

- ვირუსის სეზონურობაზე რას ფიქრობთ? - იმედი მაქვს, ამ ვირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ გაზაფხული ჯერ ვერ მოღონიერდა, ულტრაიისფერი სხივების რაოდენობამ ჯერ ისე ვერ მოიმატა, რომ ვირუსის განადგურება შეძლოს.