"ვფიქრობ, კორონავირუსის მეორე ტალღა ნაკლებ საზიანო იქნება, ამ დროს შეიძლება ვაქცინაც კი გვქონდეს" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, კორონავირუსის მეორე ტალღა ნაკლებ საზიანო იქნება, ამ დროს შეიძლება ვაქცინაც კი გვქონდეს"

"აქამდე გვქონდა ჩინეთის მონაცემები და ვიცოდით, რომ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის დაავადება 14 დღე გრძელდებოდა, მძიმე შემთხვევებში კი - ექვს კვირამდე, მაგრამ ახლა ავადმყოფობის მიმდინარეობა ძალიან გახანგრძლივდა და საშუალო სიმძიმის შემთხვევაც კი შეიძლება 50 დღემდე გაგრძელდეს..."

"კოვიდ-19"-ის ახალ გამოვლინებებზე ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი გვესაუბრება.

- საწყის სტადიაზე ვიცოდით, რომ "კოვიდ-19" სასუნთქ სისტემას აზიანებდა, თუმცა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამას ზოგჯერ ახლავს კოაგულოპათია ანუ სისხლის შედედების დარღვევა. ჩვენი ჰემატოლოგი ძალიან მალე მიხვდა ამას - როცა მიკროსკოპში ინფიცირებულის ნაცხს ათვალიერებდა, პათოლოგიას თავიდანვე მიაქცია ყურადღება. ჩვენ კლინიკაში გვყავდა პაციენტი, რომელსაც "კოვიდ-19"-ის ფონზე თრომბოზი განუვითარდა.

- თუ შეიძლება ტერმინი კოაგულოპათია უკეთ განგვიმარტეთ. - სისხლის შედედების შედეგად თრომბი წარმოიქნება და შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი. ეს არის "კოვიდ-19"-ის შედარებით ახალი გამოვლინება. ასევე აღმოჩნდა კოაგულაციაზე დამოკიდებული ნევროლოგიური გართულებებიც, მაგალითად, ინსულტი.

- ავადმყოფობა რამდენ ხანს გრძელდება? - აქამდე გვქონდა ჩინეთის მონაცემები და ვიცოდით, რომ საშუალო და მსუბუქი სიმძიმის დაავადება 14 დღე გრძელდებოდა, მძიმე შემთხვევებში კი - ექვს კვირამდე, მაგრამ ახლა ავადმყოფობის მიმდინარეობა ძალიან გახანგრძლივდა და საშუალო სიმძიმის შემთხვევაც კი შეიძლება 50 დღემდე გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევამ გვიჩვენოს, რომ ის კვლავ არის ვირუსის მატარებელი, ანუ თეორიულად მაინც იყოს ვირუსის გადამდები. ამის გამო ავადმყოფის კლინიკაში ყოფნა ხანგრძლივდება.

- ახალი დაკვირვებით, შეიძლება თუ არა კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება? - დიახ, შეიძლება. ერთი თვის წინ იაპონიაში ხელმეორედ დაავადების ერთი შემთხვევა აღმოჩნდა. ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, ტესტმა ორჯერ აჩვენა უარყოფითი პასუხი, გაეწერა საავადმყოფოდან და გადავიდა კარანტინში, 14 დღის შემდეგ კი ტესტირების პასუხი ისევ დადებითი აღმოჩნდა.

- აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდესო. - რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც ახასიათებს სეზონურობა, თუმცა ვფიქრობ, კორონავირუსის მეორე ტალღა ნაკლებ საზიანო იქნება, რადგან ადამიანები უფრო მომზადებული შეხვდებიან. ამ დროს შეიძლება მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც კი გვქონდეს.