"ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა... ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო" - რას წერს რუსუდან შარაძე? - კვირის პალიტრა

"ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა... ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო" - რას წერს რუსუდან შარაძე?

ქართველმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემა "ჰოროსკოპში" კორონავირუსული პანდემიის გამომწვევ "მიზეზებთან" დაკავშირებით საკუთარი ხედვა შემოგვთავაზა და მაყურებელს აპოკალიფსური სცენარი დაუხატა, რომელშიც მთავარ როლებს ყველასთვის ცნობილი მილიარდერები ბილ გეითსი და ილონ მასკი თამაშობენ.

"ეს ორი პიროვნება დაუახლოვდა ერთმანეთს, პირი შეკრეს და მოილაპარაკეს გარკვეულ გეგმებზე. ეს გეგმები 2015 წელს გასაჯაროვდა, როდესაც ბილ გეითსს ჰქონდა გამოსვლები და მან არაერთხელ აღნიშნა ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, მოითხოვდა ამას გამუდმებით. ბილ გეითსი არის მთავარი დამფინანსებელი საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა, რომელსაც აშშ-მა ახლა დაფინანსება შეუწყვიტა. სამაგიეროდ, ორი იმდენი მისცა ბილ გეთსმა. ეჭვები ჩნდება, რატომ არის ბილ გეითსი ამ ორგანიზაციის წინსვლით დაინტერესებული, ჩვენზე ზრუნავს თუ საკუთარ თავზე... ერთი სიტყვით ეს ორი პიროვნება წყვეტს სამყაროს ბედს..." - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ილონ მასკს აქვს პროექტი "სკაილინკი", მას აქვს ასევე ფირმა "სფეის 10", რომელიც ამზადებს ამ თანამგზავრებს და მათ უზარმაზარი რაოდენობით გაამგზავრებს კოსმოსში. ასევე იწყება მსოფლიო მასშტაბით მათი მიმღებების, პატარა რადიოსადგურების დადგმა და ხდება კოსმოსის დაპყრობა...

ცაგარელმა 5G ინტერნეტის შესახებაც ისაუბრა და ბილ გეითსი და ილონ მასკი სამომავლოდ პანდემიებისა და დაავადებების გამოწვევაში დაადანაშაულა, რათა მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიხოცოს, ვაქცინაციების მეშვეობით კი გადარჩენილების, "ჩიპიზაცია" და "რობოტიზაცია" განხორციელდეს. მიხეილ ცაგარელის თეორიის თანახმად, ამ ყველაფრის მიზანი ყველა რელიგიის მოსპობა და ახალი რელიგიის შექმნაა, რასაც ახალი ჰოლოგრამული და ლაზერული ტექნოლოგიების საშუალებით განახორციელებენ და ადამიანებს საბოლოოდ დაიმორჩილებენ.

გადაცემას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ თეორიებს და ეთანხმებიან კიდეც ასტროლოგს, თუმცა საზოგადოების დიდი უმრავლესობა იუმორითა და მწვავე კრიტიკითაა განწყობილი. ზოგიერთები მიხეილ ცაგარელის დაკავებასა და დაკითხვასაც ითხოვენ.

მიხეილ ცაგარელის გამოსვლას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსუდან შარაძეც, რომელიც წერს:

"ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს. სხვადასხვა იყო ტექნოლოგიები, მიზანი ყოველთვის ერთი - ტყუილ-მართლის ერთმანეთში იმგვარად აზელვა და გადაზელვა, რომ მერე სიმართლეც არავინ დაიჯეროს, იდეა ძირშივე მოისპოს, ბრბოს ერთმა ნაწილმა იხარხაროს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამ შარლატანებს ღმერთის ხმად მიიჩნევდეს.

არ ვიცი, მის ბოდვაში, რა არის მართალი და რა ტყუილი, არც ის ვიცი, ვინ დაავალა, რომ ერთი საათი ამტკიცებდეს, მილიონობით კაცი გაწყდებითო და ბოლოში მიაკნავლოს, რომ ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია - ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა. არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია "კავკასიი" გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს და თავის ახალ იმიჯზე არ ზრუნავს. და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს და აშინებენ გაწყვეტით? თან ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო, არა - ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გადაცემაში, როგორც ასტროლოგი არ საუბრობს. აბა, ბოდიში და ვინ ჩემი ფეხია?", - წერს რუსუდან შარაძე.

წყარო