"არც შეზღუდვის დაწესების შემდეგ გვიფიქრია ქორწინება გადაგვედო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ამბავი ასე გახმაურდებოდა"
"არც შეზღუდვის დაწესების შემდეგ გვიფიქრია ქორწინება გადაგვედო... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ამბავი ასე გახმაურდებოდა"
"ფატა მეზობელმა მათხოვა. გვირგვინისთვის ყვავილები დეიდამ მოგვიტანა და მეჯვარემ დამიწნა. მაკიაჟი რძალმა გამიკეთა, ვარცხნილობა კი - მე თვითონ"

ქეთევან კვირკველიამ და ნიკა ჟღენტმა 26 აპრილს ჯვარი დიღმის მასივის ერთ-ერთ ეკლესიაში, სახლთან ახლოს დაიწერეს. მათი სიყვარულის ისტორია სამი წლის ასაკიდან დაიწყო. ბაღში ერთად დადიოდნენ, მერე კლასელები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ბოლოს კი ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს. წყვილი დანიშნული იყო, ჯვრისწერის თარიღიც კარგა ხნით ადრე ჰქონდათ დათქმული და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გ
ამო ამ მნიშვნელოვან მოვლენას ვერ გადადებდნენ, სწორედ ამიტომ ეკლესიისკენ ველოსიპედებით გაემართნენ. ქუჩაში გამვლელები აჩერებდნენ და ფოტოებს უღებდნენ.

- ქეთი, თქვენი სიყვარულის ამბავი გვიამბე...

- ნიკა საბავშვო ბაღში გავიცანი. ბაღის შემდეგ ერთ კლასში აღმოვჩნდით, საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მერე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და ახლა უკვე ცოლ-ქმარი ვართ.

ბაღში კონცერტებსა და სხვადასხვა დადგმაში მთავარ როლებს რატომღაც სულ ჩვენ გვაძლევდნენ. ჩვენი ბაღის მასწავლებელი, რომელიც ძალიან გვიყვარდა, საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა. ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი ფოტოები და ვიდეოები "ფეისბუკით" რომ გავრცელდა, თვითონ გვიპოვა, დაგვიკავშირდა და ძალიან გაგვახარა. ნიკამ გაიხსენა, რომ როცა ჩემს ოჯახს ცოტა ხნით საცხოვრებლად ოზურგეთში დაბრუნებამ მოუწია, ავად გახდა - სიცხე და ისეთი სიმპტომები ჰქონდა, ე.წ. ბატონები ეგონათ.

- ჩხუბობდით ხოლმე თუ ყოველთვის საუკეთესო მეგობრები იყავით?
- არ მახსენდება, ოდესმე გვეჩხუბა. მახსოვს, ხშირად მჩქმეტდა. მეზობლები არ ვყოფილვართ, თუმცა ახლოს ვცხოვრობდით და ეზოშიც სულ ერთად ვიყავით. ორივე ვცდილობდით, არ შეგვტყობოდა, ერთმანეთი რომ გვიყვარდა და საუკეთესო მეგობრების როლი კარგად გვეთამაშა. ერთხანს როლში ისე შევიჭერი, ვიღაც გოგოებს ვაცნობდი, ვურიგებდი, მერე კი ძალიან კმაყოფილი ვრჩებოდი, რომ არავინ მოსწონდა.

- უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდით?
- ნიკამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აირჩია, მე - ტურიზმი. ორივე 26 წლის ვართ. ახლა ნიკა აგრონომია, საოჯახო ბიზნესს უძღვება, მე კი ტურისტულ კომპანიაში " ვმუშაობ.

- ხელი როგორ გთხოვა?
- 23 თებერვალს, ჩემს დაბადების დღეზე, რაჭაში წამიყვანა. ძალიან ლამაზად მოწყობილ კარავი ჰქონდა ნაქირავები, მეგობრებიც გვახლდნენ და ხელიც იქ მთხოვა.

- ჯვრისწერა როგორ დაგეგმეთ? ვინ მოიფიქრა ეკლესიაში ველოსიპედებით მისვლა?
- ჯვრისწერა რომ დავგეგმეთ - მაშინ მანქანებით მიმოსვლა არ იყო აკრძალული, თუმცა არც შეზღუდვის დაწესების შემდეგ გვიფიქრია ქორწინება გადაგვედო. ვფიქრობდით, რომ ფეხითაც წავიდოდით ეკლესიაში, მაგრამ ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე ცარიელ ქუჩებში ველოსიპედებით სასეირნოდ, რომ გავედით, ხუმრობა-ხუმრობაში, ეს იდეაც გაჩნდა...

- ყველაფერი დაკეტილია, შენ კი მაკიაჟი, ვარცხნილობა, ფატა - არაფერი გაკლდა...
- ფატა ჩემმა მეზობელმა და მეგობარმა მათხოვა. გვირგვინისთვის ყვავილები დეიდამ მოგვიტანა და ჩემმა მეჯვარემ დამიწნა. მაკიაჟი რძალმა გამიკეთა, ვარცხნილობა კი - მე თვითონ. აი, თეთრი კაბა არ მქონდა. ყიდვა ან შეკერვა გამორიცხული იყო, ამიტომ ვფიქრობდი, რა მქონდა ისეთი, რომ სიტუაციასაც მოხდენოდა და ველოსიპედზე დაჯდომაც შემძლებოდა. ჰოდა, გამახსენდა, რომ შარშან თუ შარშანწინ ჭრელი კაბა ვიყიდე...

- ოდესმე თუ წარმოიდგენდი, რომ ასეთი ქორწილი გექნებოდათ?
- ძალიან მიყვარს, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები განსხვავებულად ხდება, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ჯვრისწერის დროს მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა იქნებოდა; მით უფრო ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი ამბავი ასე გახმაურდებოდა. ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა, გვიღიმოდა და ფოტოებს გვიღებდა. როდესაც ჩვენი ამბავი გახმაურდა, ბევრმა "ფეისბუკით" მიპოვა და გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა გამომიგზავნა, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.

ჩემი ფავორიტი კომენტარები ამოწერილიც კი მაქვს და რამდენიმეს გაგიზიარებთ: "სამებამდე თუ გაქაჩა, მოიყვანს"; "ღმერთო, ასეც ნუ შემაყვარებ"; "გოგოს რაღაც ძაან ეჩქარება"; "ასე არ ჯობს, პრობლემების და ვალების გარეშე?!".

ეკლესიაში ოჯახებიც გვახლდნენ, თუმცა სტუმრები არ გვყოლია. ჯვრისწერის შემდეგ კი ველოსიპედებით სასეირნოდ მხოლოდ მე, ნიკა და მისი მეჯვარე თორნიკე ლალიაშვილი წავედით.

იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ქორწილსა და თაფლობის თვესაც დავგეგმავთ.


ნათია სიბაშვილი

13 მაისი 2020 23:31
გილოცავთ დაქორწინებას, ოჯახის შექმნას. გისურვებთ ბედნიერებას, ულევ სიხარულს და ოცნებების ასრულებას.
ავთანდილ დიასამიძე, პროფესორი.
Avto shubitidze
13 მაისი 2020 21:52
Ertmanetistvis gachenilebi. Gilocavt bednier ojahur chovrebas gisurvebt da rac mtavaria mravalshvilianobas :)
Gaiharet!

რუბრიკის სხვა სიახლეები